ლუდვიგ I (გერმ. Ludwig I; დ. 25 აგვისტო, 1786, სტრასბურგი, საფრანგეთი — გ. 29 თებერვალი, 1868, ნიცა, საფრანგეთი) — ვიტელსბახთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე 1825-1848 წლებში. მეფე მაქსიმილიან I-ის უფროსი ვაჟი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან II-ისა და საბერძნეთის მეფე ოტონის მამა. ტახტიდან გადადგა 1848 წლის რევოლუციის შედეგად.

ლუდვიგ I
ბავარიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 13 ოქტომბერი, 1825
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1848
წინამორბედი: მაქსიმილიან I
მემკვიდრე: მაქსიმილიან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აგვისტო, 1786
დაბ. ადგილი: სტრასბურგი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 29 თებერვალი, 1868, (81 წლის)
გარდ. ადგილი: ნიცა, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი
შვილები: მაქსიმილიან II, ბავარიის მეფე
მატილდა, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
ოტო I, საბერძნეთის მეფე
ლუიტპოლდი, ბავარიის რეგენტი
ადელგუნდა, მოდენის ჰერცოგინია
ჰილდეგარდა, ავსტრიის ერცჰერცოგინია
ალექსანდრა
ადალბერტი
სრული სახელი: ლუდვიგ კარლ ავგუსტი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე
დედა: ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუდვიგი დაიბადა 1786 წლის 25 აგვისტოს სტრასბურგში. იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი ცოლის, ლანდგრაფინია ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის უფროსი ვაჟი. იგი ღრმა ბავშვობიდანვე ავლენდა ინტერესს ხელოვნებისადმი, რის გამოც, როდესაც წამოიზარდა იგი მშობლებმა იტალიაში გააგზავნეს სამოგზაუროდ. აქ იგი მალევე დაუახლოვდა ნაპოლეონ ბონაპარტს და მასთან ერთად რამდენიმე ბრძოლაც გადაიხადა, მაგრამ 1813 წელს მხარე შეიცვალა.

1810 წელს მან ცოლად შეირთო გერმანელი პრინცესა ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი. მათი ქორწილი ერთობ პომპეზური იყო და დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ეს ზეიმი ითვლება ბავარიული ოქტობერფესტის დაარსებად.

1825 წლის 13 ოქტომბერს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლუდვიგ I-მა დაიკავა. 1833 წელს მან მხარი დაუჭირა გერმანიის კონფედერაციის შექმნას. მმართველობის პირველივე წლებში მან ახალი კონსტიტუცია შემოიღო და შეეცადა, რომ ბავარიაში აბსოლუტიზმი დაემყარებინა. მის ამ მცდელობას საშინელი შედეგი მოჰყვა და როდესაც 1848 წელს ევროპაში რევოლუციურმა სულმა იფეთქა, არეულობამ სწრაფად შეაღწია ბავარიაშიც.

1848 წლის 20 მარტს, რევოლუციონერთა გავლენით ლუდვიგ I ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, მაქსიმილიან II-ის სასარგებლოდ. ამის შემდეგ იგი საფრანგეთში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ მისი ცოლი მას არ გაჰყოლია და იგი ბავარიაში დარჩა. ლუდვიგ I გარდაიცვალა 1868 წლის 29 თებერვალს ნიცაში, 81 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მიუნხენში, ბავარიაში.

პირადი ცხოვრება და შვილები

რედაქტირება

მეფე ლუდვიგის პირადი ცხოვრება საკმაოდ სკანდალური იყო, რაც მისი მრავალი საყვარლის ყოლით იყო განპირობებული. ლუდვიგის საყვარლებს შორის არიან: ინგლისელი ქალბატონი ჯეინ დიგბი, იტალიელი არისტოკრატი მარიანა ფლორენცი და ასევე იტალიელი დიდებული ლოლა მონტეცი. ყოველ მათგანთან ურთიერთობა ახალ სკანდალს იწვევდა, თუმცა მეფეს უკანონო შვილები არ ჰყოლია.

1810 წლის 12 ოქტომბერს მიუნხენში ლუდვიგმა ცოლად შეირთო პრინცესა ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი (1792-1854), რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი:

  1. მაქსიმილიან II (1811-1864), ბავარიის მეფე 1848-1864 წლებში. ცოლად შეირთო მარია პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ლუდვიგ II;
  2. მატილდა (1813-1862), ცოლად გაჰყვა რაინისა და ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ III-ს, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  3. ოტონი (1815-1867), საბერძნეთის მეფე 1832-1862 წლებში. ცოლად შეირთო ამალია ოლდენბურგელი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
  4. თეოდელინდა (1816-1817), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლუიტპოლდი (1821-1912), ბავარიის რეგენტი 1886-1912 წლებში. ცოლად შეირთო ავგუსტა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ლუდვიგ III;
  6. ადელგუნდა (1823-1914), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო V-ს, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;
  7. ჰილდეგარდა (1825-1864), ცოლად გაჰყვა ტეშენის ჰერცოგ ალბერტ ავსტრიელს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  8. ალექსანდრა (1826-1875), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  9. ადალბერტი (1828-1875), ცოლად შეირთო ინფანტა ამალია ესპანელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Heinz Gollwitzer: Ludwig I. von Bayern. Königtum im Vormärz. Eine politische Biographie. Süddeutscher Verlag, München 1986, ISBN 3-7991-6287-9.
  • Hubert Glaser: Ludwig I. von Bayern: Lebensgang und Leitbilder. In: Die Sehnsucht eines Königs. Ludwig I. von Bayern (1786–1868), die Romantik und Schloss Runkelstein. Hrsg. von der Stadt Bozen. Bozen 2003, S. 119–140.
  • Andreas Kraus: Ludwig I. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 15, Duncker & Humblot, Berlin 1987, ISBN 3-428-00196-6, S. 367–374 (Digitalisat).
  • Hannelore Putz: Für Königtum und Kunst. Die Kunstförderung König Ludwigs I. von Bayern. Beck, München 2013, ISBN 978-3-406-10779-5.
  • Rudolf Reiser: König und Dame. Ludwig I. und seine 30 Mätressen. Buchendorfer Verlag, München 1999, ISBN 3-934036-05-8.
  • Rudolf Reiser: Ohne Bacchus friert Venus. König Ludwig I. in Anekdoten. Buchendorfer Verlag, München 2001, ISBN 3-934036-48-1.
  • Golo Mann: Ludwig I. König von Bayern. Oreos, Schaftlach 1989, ISBN 3-923657-27-7.
  • Winfried Nerdinger (Hrsg.): Romantik und Restauration, Architektur in Bayern zur Zeit Ludwigs I. 1825–1848. Hugendubel, München 1987, ISBN 3-88034-309-8.
  • Karl Theodor von Heigel: Ludwig I. König von Baiern. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 19, Duncker & Humblot, Leipzig 1884, S. 517–527.