ადელგუნდა ბავარიელი

ადელგუნდა ბავარიელი (გერმ. Adelgunde von Bayern, იტალ. Adelgonda di Baviera; დ. 19 მარტი, 1823, ვიურცბურგი, ბავარია, გერმანია — გ. 28 ოქტომბერი, 1914, მიუნხენი, ბავარია, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელის ასული. მოდენისა და რეჯიოს უკანასკნელი ჰერცოგინია 1846-1859 წლებში როგორც ფრანჩესკო V-ის მეუღლე.

ადელგუნდა ბავარიელი
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 21 იანვარი, 1846
მმართ. დასასრული: 11 ივნისი, 1859
წინამორბედი: მარია ბეატრიჩე სავოიელი
მემკვიდრე: საჰერცოგო გააუქმა რისორჯიმენტომ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 მარტი, 1823
დაბ. ადგილი: ვიურცბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 1914, (91 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: ფრანჩესკო V, მოდენის ჰერცოგი
(ქ. 1842 - გარდ. 1875)
შვილები: ანა ბეატრიჩე
სრული სახელი: ადელგუნდა ავგუსტა შარლოტა კაროლინა ელიზაბეთ ამალია მარია სოფია ლუიზა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ლუდვიგ I, ბავარიის მეფე
დედა: ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადელგუნდა დაიბადა 1823 წლის 19 მარტს ვიურცბურგში. იგი იყო ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელის მეექვსე შვილი და მესამე ქალიშვილი. მისი დედმამიშვილები იყვნენ: ბავარიის მეფე მაქსიმილიან II, ჰესენის დიდი ჰერცოგინია მატილდა, საბერძნეთის მეფე ოტონი და ბავარიის რეგენტი ლუიტპოლდი.

1842 წლის 20 მარტს მიუნხენში იგი დააქორწინეს ერცჰერცოგ ფრანჩესკო დე ჰაბსბურგ-ესტეზე (1819-1875), მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და ჰერცოგინია მარია ბეატრიჩე სავოიელის უფროს ვაჟზე. 1846 წელს მისი მამამთილი გარდაიცვალა, ჰერცოგი მისი ქმარი, ფრანჩესკო V გახდა, რითაც ადელგუნდა მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინიად გვევლინება.

1848 წლის ოქტომბერში მან თავიანთი ერთადერთი შვილი, პრინცესა ანა ბეატრიჩე გააჩინა, რომელიც სულ რამდენიმე თვეში, 1849 წლის ივლისში გარდაიცვალა.

1859 წლის 11 ივნისს, იტალიის გაერთიანების დროს მოდენისა და რეჯიოს საჰერცოგოც გაერთიანებაში მოყვა, რის გამოც ადელგუნდამ და ფრანჩესკომ დაკარგეს ტახტი და თავი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ს შეაფარეს ვენაში. 1864 წელს ისინი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობდნენ, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ავსტრიაში.

1875 წელს ფრანჩესკო გარდაიცვალა, თუმცა ადელგუნდა მეორედ აღარ გათხოვილა. დაქვრივების შემდეგ მან სამუდამოდ დატოვა ავსტრია და მშობლიურ ბავარიაში, მიუნხენის სამეფო კარზე დაბრუნდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1914 წლის 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო მავზოლეუმში, ქმრის გვერდით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Karl Möckl: Adelgunde, Herzogin von Modena. In: Brigitte Hamann (Hrsg.): Die Habsburger. Ein biographisches Lexikon. Ueberreuter, Wien 1988, ISBN 3-8000-3247-3, S. 27.