ფრანჩესკო IV (მოდენა)
ფრანჩესკო IV (იტალ. Francesco IV; დ. 6 ოქტომბერი, 1779, მილანი, მილანის საჰერცოგო — გ. 21 იანვარი, 1846, მოდენა, მოდენის საჰერცოგო) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი 1814-1846 წლებში. ასევე მირანდოლასა და მასას ჰერცოგი და კარარას პრინცი, ავსტრია-ესტეს ერცჰერცოგი, უნგრეთისა და ბოჰემიის სამეფო პრინცი და ოქროს საწმისის ორდენის კავალერი.
ფრანჩესკო IV | |
---|---|
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 14 ივლისი, 1814 |
მმართ. დასასრული: | 21 იანვარი, 1846 |
წინამორბედი: | ერკოლე III |
მემკვიდრე: | ფრანჩესკო V |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ოქტომბერი, 1779 |
დაბ. ადგილი: | მილანი, მილანის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 21 იანვარი, 1846, (66 წლის) |
გარდ. ადგილი: | მოდენა, მოდენის საჰერცოგო |
მეუღლე: |
მარია ბეატრიჩე სავოიელი (ქ. 1812 - გარდ. 1840) |
შვილები: |
მარია ტერეზა, შამბორის გრაფინია ფრანჩესკო V, მოდენის ჰერცოგი ფერდინანდი მარია ბეატრიქსი, მონტისონის გრაფინია |
სრული სახელი: | ფრანჩესკო ჯუზეპე კარლო ამბროჯიო სტანისლაო |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ესტეები |
მამა: | ფერდინანდ კარლი, ავსტრია-ესტეს ერცჰერცოგი |
დედა: | მარია ბეატრიჩე დ’ესტე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფრანჩესკო დაიბადა 1779 წლის 6 ოქტომბერს მილანში. იგი იყო ერცჰერცოგი ფერდინანდ კარლისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია ბეატრიჩე დ'ესტეს უფროსი ვაჟი. მამამისი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას უმცროსი ვაჟი და მაშასადამე ძმა იოზეფ II-ის, ლეოპოლდ II-ის, ასევე საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტასი და ორი სიცილიის დედოფალ მარია კაროლინასი.
ფრანჩესკოს მრავალი დედმამიშვილიდან აღსანიშნავია: სარდინიის დედოფალი მარია ტერეზა, ბავარიის დედოფალი მარია ლეოპოლდინა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ლუდოვიკა.
მისი ახალგაზრდობა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, ნაპოლეონის ომების პერიოდს დაემთხვა, რის გამოც მის ოჯახს გამუდმებით უწევდა ერთი სამეფო კარიდან მეორეზე გადასვლა. დევნილობის პერიოდში, 1812 წელს ფრანჩესკომ ცოლად შეირთო თავისი დის, მარია ტერეზიას უფროსი ასული — მარია ბეატრიჩე სავოიელი, რომელთანაც მყარი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდა, მიუხედავად ახლო ნათესაური კავშირისა.
1814 წლის 14 ივლისს ვენის კონგრესმა ფრანჩესკოს ოჯახს დაუბრუნა დაკარგული წოდება და იგი მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგად გამოაცხადეს ფრანჩესკო IV-ის სახელით. ცნობილია, რომ ფრანგების მმართველობის პერიოდში თავისუფლებას მიჩვეული იტალიელები ვეღარ ეგუებოდნენ ძველი, ტირანული რეჟიმის აღდგენას, რის გამოც მოდენაში აჯანყებები გახშირდა, რის გამოც მალევე მას ოჯახთან ერთად ვენაში გაქცევამ მოუწია, საიდანაც იგი მხოლოდ 1831 წელს, ავსტრიული ჯარების დახმარებით დაბრუნდა.
უკვე ხანში შესულმა ფრანჩესკომ 1840 წელს მძიმედ გადაიტანა საყვარელი მეუღლის გარდაცვალება, რის გამოც დაეწყო ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა. იგი 1846 წლის 21 იანვარს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდენაში, რის შემდეგაც ტახტს მისი ვაჟი, ფრანჩესკო V იკავებს, რომელიც მოდენის უკანასკნელი ჰერცოგი აღმოჩნდა, რადგან მისი მმართველობისას განხორციელდა რისორჯიმენტო.
შვილები
რედაქტირებაფრანჩესკოს თავის მეუღლესთან სულ ოთხი შვილი ჰყავდა:
- მარია ტერეზა (1817-1886), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილს, შამბორის გრაფ ანრი დე ბურბონს, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
- ფრანჩესკო V (1819-1875), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი. ცოლად შეირთო ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ის ასული ადელგუნდა ბავარიელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
- ფერდინანდ კარლ ვიქტორი (1821-1849), ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ბავარიის დედოფალი მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე;
- მარია ბეატრიქსი (1824-1906), ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე კარლოს IV-ის შვილიშვილს, მონტისონის გრაფ ხუან დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Constantin von Wurzbach: Franz IV. Joseph Karl Ambros Stanislaus, Erzherzog von Oesterreich, Herzog von Modena, Massa und Carrara. Nr. 96. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 6. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1860, S. 225 f. (Digitalisat).
- Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern. Wien 1982.
- Imre Gonda, Emil Niederhauser: Die Habsburger. Wien 1983.