ანრი დე ბურბონი

საფრანგეთის მეფე

ანრი დე ბურბონი (ფრანგ. Henri de Bourbon; დ. 29 სექტემბერი, 1820 — გ. 24 აგვისტო, 1883) — ბურბონთა დინასტიის ფრანგული შტოს უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე 1830 წლის 2-დან 9 აგვისტომდე ანრი V-ის სახელით. ივლისის რევოლუციის გზით იგი დაამხო მისმა გარე ბიძაშვილმა ლუი ფილიპ ორლეანელმა. 1844 წლიდან გარდაცვალებამდე იგი ითვლებოდა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრედ და ბურბონთა დინასტიის მეთაურად.

ანრი დე ბურბონი
საფრანგეთის მეფე (დაამხეს)
ანრი V-ის სახელით
მმართ. დასაწყისი: 2 აგვისტო, 1830
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო, 1830
წინამორბედი: ლუი XIX
მემკვიდრე: ლუი ფილიპ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 სექტემბერი, 1820
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 24 აგვისტო, 1883, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ლანცენკიღხენი, ავსტრია
დაკრძ. ადგილი: ნოვა-გორიცა, სლოვენია
მეუღლე: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
სრული სახელი: ანრი შარლ ფერდინანდ მარი დიოდონ დ'არტუა
დინასტია: ბურბონები
მამა: შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი
დედა: მარია კაროლინა სიცილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ის უფროსი ასულის, მარია კაროლინა სიცილიელის ვაჟი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანრი დაიბადა 1820 წლის 29 სექტემბერს პარიზში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ X-ის უმცროსი ვაჟის, ბერის ჰერცოგ შარლ ფერდინანდისა და მისი მეუღლის, სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ის უფროსი ასულის, მარია კაროლინა სიცილიელის მეოთხე შვილი და ერთადერთი ვაჟი. აღსანიშნავია, რომ ბონაპარტისტებმა ანრის მამა მის დაბადებამდე ხუთი თვით ადრე მოკლეს პარიზის ოპერასთან. მისი დაბადებით ბურბონთა დინასტიის ფრანგული განშტოება შეწყვეტას გადაურჩა, რადგან მას ძმა არ ჰყავდა, არც ბიძაშვილები, მისი ბიძა ლუი ანტუანი კი უშვილო კაცი იყო. ამიტომაც მისი დაბადებას ყველა ღვთიურ სასწაულად მიიჩნევდა. 1821 წლის 1 მაისს იგი კათოლიკედ მონათლეს, რა დროსაც მას შამბორის ციხესიმაგრე და ასევე შამბორის გრაფობა უბოძეს.

1830 წლის 2 აგვისტოს საფრანგეთში ივლისის რევოლუციის შედეგად მეფე შარლ X ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის ლუი XIX-ის (იგივე ლუი ანტუანი) სასარგებლოდ, რომელიც გამეფებიდან ოც წუთში დაამხეს. ამგვარ პირობებში ტახტთან ყველაზე ახლოს ათი წლის ანრი იყო, რომელიც საფრანგეთის მეფე ანრი V-დ გამოცხადდა. ტახტზე ასვლიდან სულ რაღაც შვიდ დღეში, 9 აგვისტოს ანრის მმართველობა მისმა გარე ბიძაშვილმა ლუი ფილიპ ორლეანელმა დაამხო და თავად გამეფდა. ამის გამო შარლ X-მ თავის ოჯახთან ერთად საფრანგეთი დატოვა და შოტლანდიაში გაიქცა. შოტლანდიას დედამისი, მარია კაროლინა სიცილიელი ვერაფრით შეეგუა, რის გამოც შვილებთან ერთად მან მალევე დატოვა იქაურობა და მშობლიურ ნეაპოლში დასახლდა, სადაც იგი მეორედ გათხოვდა. 1841 წელს ევროპაში მოგზაურობისას ანრი ცხენიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. ამ დროს მოტეხილობა კარგად არ შეუხორცდა, რის გამოც იგი მთელი დარჩენილი ცხოვრება კოჭლობდა. ამის შემდეგ იგი ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც ჯერ გორიცაში, შემდეგ კი ლანცენკიღხენში დასახლდა.

1836 წელს შარლ X-ის, ხოლო 1844 წელს მისი ვაჟის ლუი ანტუანის უძეოდ გარდაცვალების შემდეგ, ანრი საფრანგეთის ტახტის პირველი მემკვიდრე ხდება. ჯერ ივლისის მონარქიის დროს (1830-1848), შემდეგ მეორე რესპუბლიკის პერიოდში (1848-1852), ხოლო შემდეგ ნაპოლეონ III-ის მმართველობისას იგი ტახტისათვის თავდაუზოგავად იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ 1873 წელს იგი ორლეანელებმა დაამარცხეს, რის შედეგაც საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობა მან სამუდამოდ დაკარგა.

1846 წელს ანრიმ ცოლად შეირთო მოდენას ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ისა და მარია ბეატრიჩე სავოიელის უფროსი ასული მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე. ხანგრძლივი ქორწინების მიუხედავად, წყვილს შვილი არ ჰყოლიათ. 1873 წელს საფრანგეთში ნაპოლეონ III-ის დამხობის შემდეგ იგი ტახტთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ამ დროს მონარქია სამუდამოდ გაუქმდა, რამაც მას ყველა უფლება წაართვა ტახტზე. 1874 წელს კი საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საფრანგეთი ოფიციალურად გამოაცხადა რესპუბლიკად.

საბოლოოდ, ანრი გარდაიცვალა 1883 წელს, 62 წლის ასაკში, ავსტრიის ქალაქ ლანცენკიღხენში, თუმცა იგი ნოვა-გორიცაში დაკრძალეს, მისი ნათესავების გვერდით, თანამედროვე სლოვენიის ტერიტორიაზე.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Daniel de Montplaisir, Le Comte de Chambord, dernier roi de France, 2008, 735 p. (ISBN 978-2-262-02146-7).
  • Henri comte de Chambord, Journal (1846-1883) Carnets inédits, texte établi et annoté par Philippe Delorme, Paris, François-Xavier de Guibert, 2009, 815 p. (ISBN 2-7554-0345-4)
  • Georges Poisson, Le Comte de Chambord Henri V, Paris, Pygmalion, 2009, 355 p.-8 pl.
  • Alfred Colling, La Prodigieuse Histoire de la Bourse, 1949.
  • Sous la direction d'Emmanuel de Waresquiel, Les lys et la République. Henri, comte de Chambord, 1820-1883, Taillandier, 2015, 272 p. (ISBN 979-1021010758)
  • Léo Imbert, Le Catholicisme social, In Hoc Signo Vinces, de la Restauration à la Première guerre mondiale, Persecptives Libres, 2017, 696 p.