მარია ლუდოვიკა დ’ჰაბსბურგ-ესტე
მარია ლუდოვიკა დ’ჰაბსბურგ-ესტე (იტალ. Maria Ludovica d'Ausburgo-Este, გერმ. Maria Ludovika von Österreich-Este; დ. 14 დეკემბერი, 1787 — გ. 7 აპრილი, 1816) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის ესტეს შტოს წარმომადგენელი. ერცჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მარია ბეატრიჩე რიკარდა დ’ესტეს ასული. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1808-16 და ლომბარდო-ვენეციის დედოფალი 1815-16 წლებში როგორც იმპერატორ ფრანც II-ის მესამე მეუღლე.
მარია ლუდოვიკა დ’ჰაბსბურგ-ესტე | |
---|---|
ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა | |
მმართ. დასაწყისი: | 6 იანვარი, 1808 |
მმართ. დასასრული: | 7 აპრილი, 1816 |
წინამორბედი: | მარია ტერეზა სიცილიელი |
მემკვიდრე: | კაროლინა ავგუსტა ბავარიელი |
ლომბარდო-ვენეციის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ივნისი, 1815 |
მმართ. დასასრული: | 7 აპრილი, 1816 |
წინამორბედი: | სამეფო შეიქმნა |
მემკვიდრე: | კაროლინა ავგუსტა ბავარიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 დეკემბერი, 1787 |
დაბ. ადგილი: | მონცა, მილანის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 7 აპრილი, 1816, (28 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერონა, ლომბარდო-ვენეციის სამეფო |
მეუღლე: | ფრანც I, ავსტრიის იმპერატორი |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ესტეები |
მამა: | ფერდინანდ I, ავსტრია-ესტეს ერცჰერცოგი |
დედა: | მარია ბეატრიჩე დ’ესტე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ლუდოვიკა დაიბადა 1787 წლის 14 დეკემბერს ქალაქ მონცაში, მილანის საჰერცოგოში. იგი იყო ერცჰერცოგ ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, მარია ბეატრიჩე რიკარდა დ’ესტეს ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I შტეფანი და ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზია იყვნენ. მისმა ბავშვობამ მთლიანად ნაპოლეონის ომების პერიოდში განვლო, როდესაც 1796 წელს ფრანგების ჩრდილო იტალიაში შეჭრის გამო ისინი ქვეყნიდან გააძევეს. ამის გამო მისი ოჯახი ავსტრიაში გაიქცა, სადაც იმპერატორ ფრანც II-ს მარია ლუდოვიკას დედა შეუყვარდა.
1806 წელს ნაპოლეონმა საღვთო რომის იმპერია დაშალა, რის გამოც ბიძამისს, ფრანც II-ს მხოლოდ ავსტრია-უნგრეთის იმპერატორობაღა შერჩა. ამ ამბიდან სულ ორ წელიწადში, 1808 წელს დაიღუპა იმპერატრიცა მარია ტერეზა სიცილიელი, რის გამოც უკვე მეორედ დაქვრივებულმა ფრანცმა ამავე წლის 6 იანვარს თავისზე ბევრად უმცროს მარია ლუდოვიკაზე იქორწინა, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორს წინა ცოლებთან უკვე არაერთი მემკივდრე ჰყავდა. მათი ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა.
როგორც ახალ იმპერატრიცას, მას დიდი გავლენა ჰქონდა ავსტრიის პოლიტიკაზე. მარია ლუდოვიკა იმპერატორ ნაპოლეონის მოსისხლე მტრად იქცა, რომელიც თავის ქმარს ფრანგების წინააღმდეგ მიმართულ ყველა კოალიციაში ჩაბმისკენ უბიძგებდა. ასევე მისი გავლენით დაინიშნა პრინცი კლემენს ვენეცელ ლოთარ მეტერნიხი ავსტრიის საგარეო მინისტრად. თავისი ანტი-ფრანგული შეხედულებების გამო, ნებისმიერ დინასტიურ ქორწინებას აპროტესტებდა. მას ნამდვილად დიდი გავლენა ჰქონდა ქმარზე და მაშასადამე პოლიტიკაზეც, სადაც საოცარ ნიჭს ამჟღავნებდა, რის გამოც პრუსიის ელჩი მას გენიოსსაც კი უწოდებდა. მარია ლუდოვიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მან მალე თავისი ქმრის წინა ცოლი, იმპერატრიცა მარია ტერეზაც კი დაჩრდილა, რომელიც ხალხს ასევე ძალიან უყვარდა. პრესბურგში მისი კორონაციის დროს, ის უნგრელებს იმდენად მოეწონათ, რომ პატივისცემის ნიშნად მთელი ხარჯები მათ დაფარეს. მოგვიანებით, აქ დაზოგილი თანხებით მარია ლუდოვიკამ ესპანელების აჯანყება დააფინანსა ფრანგების წინააღმდეგ, რამაც გაამართლა და დაამხეს ბონაპარტების მონარქია.
იგი მეტად კონსერვატიული შეხედულებებით ხასიათდებოდა, რომელიც გლეხებისადმი თბილი დამოკიდებულებით გამოიხატებოდა. იმპერატრიცა ასევე დიდად პატრიოტი და გულჩვილი ქალი იყო. ცნობილია, რომ როდესაც შეიტყო, თუ როგორ გაუსწორდნენ ფრანგი სამხედროები ესპანელ გლეხებს უეცრად ტირილი აუტყდა. სწორედ ამის გამო, იგი აქტიურად აფინანსებდა ნებისმიერ ფრანგულ-ესპანურ-იტალიურ დაჯგუფებებს, რომლებიც ნაპოლეონის წინააღმდეგ იყო მიმართული. მარია ლუდოვიკა ასევე აქტიურად გამოდიოდა თავისი გერის, ერცჰერცოგინია მარია ლუიზასა და ნაპოლეონის ქორწინების წინააღმდეგ 1809 წელს. 1812 წელს მან უარი განაცხადა ნაპოლეონის ბრძანებით მოწვეულ გერმანელი დიდებულების ასამბლეის გამასპინძლებაზე, რომელთაც რუსეთში ლაშქრობის პრობლემები უნდა გადაეჭრათ.
1814-15 წლებში, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ სწორედ მისი ხელშეწყობითა და მასპინძლობით ჩატარდა ვენის კონგრესი, რომელმაც ევროპა ძველ საზღვრებში დააბრუნა. 1815 წლის ბოლოს იგი მშობლიურ იტალიაში სამოგზაუროდ გაემართა, თუმცა ვერონაში ტუბერკულოზით დაავადდა და 1816 წლის 7 აპრილს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ ფრანცმა კიდევ ერთხელ იქორწინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Musulin, Stella (1975). Vienna in the Age of Metternich: From Napoleon to Revolution, 1805–1848. Westview Press. p. 56. ISBN 9780891585015.
- Langsam, Walter Consuelo (1930). The Napoleonic Wars and German Nationalism in Austria, Issue 324. Columbia University Press. p. 34.
- Herold, J. Christopher (2016). Napoleon. New Word City. ISBN 9781612308623.
- Bayerische Akademie der Wissenschaften. Historische Kommission (1990). Neue deutsche Biographie: Maly-Melanchthon. Duncker & Humblot. p. 192. ISBN 9783428001811.
- Esdaile, Charles J. (2014). Wars of Napoleon,The. Routledge. p. 30. ISBN 9781317899181.
- Englund, Steven (May 11, 2010). Napoleon: A Political Life. Simon and Schuster. ISBN 9781439131077.
- Dwyer, Philip (2013). Citizen Emperor: Napoleon in Power 1799–1815. Bloomsbury Publishing. ISBN 9781408837818.
- Brigitte Hamann: Die Habsburger. 1988, p. 333f.
- Mommsen, Katharina (2014). Goethe and the Poets of Arabia. Boydell & Brewer. p. 262. ISBN 9781571139085.