კაროლინა ავგუსტა ბავარიელი

კაროლინა ავგუსტა ბავარიელი (გერმ. Karoline Auguste von Bayern; დ. 8 თებერვალი, 1792 — გ. 9 თებერვალი, 1873) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის ასული. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1816-35 წლებში როგორც ფრანც I-ის მეოთხე ცოლი.

კაროლინა ავგუსტა ბავარიელი
ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 29 ოქტომბერი, 1816
მმართ. დასასრული: 2 მარტი, 1835
წინამორბედი: მარია ლუდოვიკა დ’ჰაბსბურგ-ესტე
მემკვიდრე: მარია ანა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 თებერვალი, 1792
დაბ. ადგილი: მანჰაიმი, კურპფალცი
გარდ. თარიღი: 9 თებერვალი, 1873, (81 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია-უნგრეთი
მეუღლე: ვილჰელმი, ვიუტემბერგის კრონპრინცი
(ქ. 1808 - განქ. 1814)
ფრანც I, ავსტრიის იმპერატორი
(ქ. 1816 - გარდ. 1835)
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: მაქსიმილიან I, ბავარიის მეფე
დედა: ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კაროლინა დაიბადა 1792 წლის 8 თებერვალს მანჰაიმში. იგი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის ასული.

1808 წლის 8 ივნისს, მიუნხენში იგი ცოლად გაჰყვა ვიუტემბერგის კრონპრინც ვილჰელმს, რითაც იგი ვიუტემბერგის კრონპრინცესა გახდა, თუმცა კაროლინას უშვილობის გამო ისინი 1814 წლის 31 აგვისტოს განქორწინდნენ.

მისი პირველი ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკა იყო, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ბავარია-ვიუტემბერგის ალიანსის შექმნა ნაპოლეონის წინააღმდეგ. ქორწინებაში ყოფნისას იგი დიდ დროს უთმობდა თავის ძმასთან, ლუდვიგთან წერილების წერას, ასევე აქტიურად სწავლობდა იტალიურსა და ინგლისურს. წყვილი ერთად ძალიან უბედური იყო, მათი ქორწინების ანულირება კი პაპმა პიუს VII-მ მოახდინა. ვინაიდან მათ ბავშვები არ ჰყავდათ, პაპმა მიიჩნია, რომ ქორწინება კონსუმირებული არ იყო, ამიტომაც ანულირება ადვილად მოახდინა.

განქორწინების შემდეგ მალევე დაიწყო მისი მეორე საქორწინო მოლაპარაკებები. თავდაპირველად იგი დანიშნული იყო ტოსკანის დაქვრივებულ დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ზე, თუმცა მასთან ნიშნობა ჩაიშალა და კაროლინა ავგუსტა ავსტრია-უნგრეთის სამჯერ დაქვრივებული იმპერატორის, ფრანც I-ის საცოლე გახდა.

1816 წლის 29 ოქტომბერს ფრანცი და კაროლინა ავგუსტა დაქორწინდნენ. იგი იმპერატორის მეოთხე მეუღლე გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანცი მასზე 24 წლით უფროსი კაცი იყო და წინა ცოლებისგან ცამეტი შვილი ჰყავდა, რის გამოც თუკი კაროლინასგან შვილები არ ეყოლებოდა, ეს პრობლემა არ იყო. კაროლინას არც მეორე ქორწინებაში გაუმართლა, რადგან მას იმპერატორი არაფრად აგდებდა და ვინაიდან დიდი სილამაზითაც არასდროს გამოირჩეოდა ყურადღებასაც ვერ იქცევდა, მეტიც სიცოცხლის ბოლომდე ფრანცი მას არასწორ სახელს ეძახდა — კარლოტას, რაც კაროლინას ძალიან აღიზიანებდა და ყოველთვის უსწორებდა, მაგრამ ამაოდ.

ამ ქორწინებამ 20 წელს გასტანა, სანამ 1835 წელს ფრანცი არ გარდაიცვალა. ტახტზე კაროლინას გერი ფერდინანდ I ავიდა, რომელმაც დედინაცვალი დიდი თვიური პენსიით უზრუნველყო. კაროლინა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დიდად მფარველობდა ხელოვნებას. აგრეთვე ძალიან დაუახლოვდა თავის ნახევარ-დას, სოფიას, რომელიც მის გერზე იყო დაქორწინებული. სწორედ სოფია გახდა შემდეგში ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფისა და მექსიკის იმპერატორ მაქსიმილიანის დედა. ის ასევე ახლოს იყო თავის ნახევარ-ძმისწულთან, იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელთან. კაროლინა გარდაიცვალა 1873 წლის 9 თებერვალს, 81 წლის ასაკში, ვენაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Friedrich Weissensteiner: Frauen auf Habsburgs Thron – die österreichischen Kaiserinnen, Kaiserin Karoline Auguste, S. 74–77
  • Friedrich Weissensteiner: Frauen auf Habsburgs Thron – die österreichischen Kaiserinnen, Kaiserin Karoline Auguste, S. 77–80
  • Anton Klipp: Preßburg. Neue Ansichten zu einer alten Stadt. Karpatendeutsches Kulturwerk, Karlsruhe 2010, ISBN 978-3-927020-15-3, S. 59.
  • Die Kinderbewahranstalt. In: Karl Hofbauer: Die Rossau und das Fischerdörfchen am oberen Werd. Zweite, verbesserte Auflage. Dirnböck, Wien 1866, S. 105 f.