ვილჰელმ I (ვიურტემბერგი)
ვილჰელმ I (გერმ. Wilhelm I.; დ. 27 სექტემბერი, 1781, ლიუბენი, პრუსიის სამეფო — გ. 25 ივნისი, 1864, შტუტგარტი, ვიურტემბერგის სამეფო) — ვიურტემბერგელთა დინასტიის წარმომადგენელი. ვიურტემბერგის მეფე 1816 წლიდან გარდაცვალებამდე. მისი გამეფების თარიღი დაემთხვა ევროპის „უზაფხულო წელიწადს“. იგი იყო ვიურტემბერგის პირველი მეფის, ფრიდრიხ I-ის უფროსი ვაჟი. მის დროს განხორციელდა 1848 წლის ვიურტემბერგის რევოლუცია, რასაც მოჰყვა ფრანკფურტის კონსტიტუციის ამოქმედება.
ვილჰელმ I | |
---|---|
ვიურტემბერგის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 30 ოქტომბერი, 1816 |
მმართ. დასასრული: | 25 ივნისი, 1864 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ I |
მემკვიდრე: | კარლ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 სექტემბერი, 1781 |
დაბ. ადგილი: | ლუბინი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 25 ივნისი, 1864, (82 წლის) |
გარდ. ადგილი: | შტუტგარტი, გერმანია |
მეუღლე: |
კაროლინა ავგუსტა ბავარიელი (ქ. 1808 - განქ. 1814) ეკატერინე პავლეს ასული (ქ. 1816 - გარდ. 1819) პაულინა ვიურტემბერგელი (ქ. 1820) |
შვილები: |
სოფია, ნიდერლანდების დედოფალი კათარინა, ვიურტემბერგის პრინცესა კარლ I, ვიურტემბერგის მეფე ავგუსტა, საქსენ-ვაიმარ-აიზენახის პრინცესა |
დინასტია: | ვიურტემბერგელები |
მამა: | ფრიდრიხ I, ვიურტემბერგის მეფე |
დედა: | ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებავილჰელმი დაიბადა 1781 წლის 27 სექტემბერს ლიუბენში, პრუსიის სამეფოში, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე. იგი იყო პრინც ფრიდრიხ ვიურტემბერგელისა და მისი პირველი ცოლის, პრინცესა ავგუსტა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის უფროსი ვაჟი. 1797 წელს მამამისი ვიურტემბერგის ჰერცოგი გახდა, რითაც იგი ტახტის პირველ მემკვიდრედ იქცა.
1800 წლიდან ავსტრიის საიმპერატორო არმიაში მოხალისედ მსახურობდა, 1806-1812 წლებში კი შტუტგარტში დასახლდა. აქ იგი მიხვდა, რომ მემკვიდრეობით გაკოტრებულ სახელმწიფოს მიიღებდა, რის გამოც ცოლთან, ეკატერინე პავლოვნასთან ერთად თავიდანვე დაიწყო ზრუნვა სამომავლო რეფორმების მოფიქრებაზე. მისი მმართველობის პირველი წლები მთლიანად ისეთი რეფორმების გატარებას უნდა მოხმარებოდა, რომლებიც დაბალი ფენის ხალხს ყოფას შეუმსუბუქებდა.
მეფობა
რედაქტირება„აგრარის მეფე“
რედაქტირება1816 წლის 30 ოქტომბერს მამის გარდაცვალების შემდეგ ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I გახდა. ეს წელი ევროპის ისტორიაში განსაკუთრებული სიცივით გამოირჩევა და ცნობილია, როგორც „უზაფხულო წელიწადი“, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ვიურტემბერგის მდგომარეობა. ამას მოჰყვა 1817 წლის უმოსავლობაც, რამაც ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე მიიყვანა. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმს ყოველთვის ჰქონდა პირადი ინტერესი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიმართ. იგი აქტიურად უწყობდა ხელს სოფლებში პირუტყვის მოშენებას, ფერმერებს კი დიდი ნაკვეთები დაუმტკიცა მემკვიდრეობით, რითაც მათი მუშაობა წაახალისა. მისი მმართველობის პერიოდში აყვავდა განადგურებული ვიურტემბერგული სოფლის მეურნეობა, რაც მრავალი ცხოველის მოშენებასა და ფერმების მომრავლებაში გამოიხატა.
1818 წლის 20 ნოემბერს ვილჰელმმა დააარსა ჰოენჰაიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც მოგვიანებით უნივერსტიტეტად გადაკეთდა. იმავე წლის 28 სექტემბერს მან სოფლის მეურნეობის ყოველწლიური ფესტივალი დააარსა, რომელიც კანშტატში დღემდე აღინიშნება.
მეფე ვილჰელმის ბრძანებით ვიურტემბერგში საზღვარგარეთიდან ჩაიყვანეს უამრავი ფუტკარი და ცხვარი. ასევე ცდილობდა, რომ ცხენებისათვის არაბული ტიპის სადგომები შეექმნა. მისი რეფორმების დამსახურებით გაუმჯობესდა ვაზის კულტურა და მეღვინეობაც. 1828 წელს დაფუძნდა მევენახეთა ასოციაცია, 1854 წელს კი მეღვინეების კონსორციუმი. მისივე ბრძანებით გაშენდა მრავალი ბაღი, რომლებშიც სპეციალურად მხოლოდ ეგზოტიკური მცენარეები ირვებოდა.
რელიგიური ტოლერანტობა
რედაქტირება1819 წლის 27 აგვისტოს ვილჰელმმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც პიეტისტების დევნა შეწყდა. მათ უფლება მიეცათ თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი რელიგიური რიტუალები და მეტიც, მათ პრივილეგიებიც მიანიჭა, მაგალითად: გაათავისუფლა გადასახადებისგან, გაათავისუფლა სამხედრო სამსახურისგან, მიეცათ სასამართლო პროცესზე ფიცზე უარის თქმის უფლება და ა.შ. ამით მან მოახერხა შეეჩერებინა გერმანელი პიეტისტების მასობრივი გადინება რუსეთსა და ამერიკაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ლუთერანულ, როგორც დომინანტურ ეკლესიასთან კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად შემდგომში მას მოუხდა ლუთერანებთანაც წასულიყო დათმობაზე.
უკანასკნელი წლები და გარდაცვალება
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ვილჰელმის მმართველობა დადებითად ხასიათდება, ვინაიდან მის დროს ქვეყანა გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან, აღორძინდა სოფლის მეურნეობა და შეწყდა რელიგიური ნიშნით დევნა, 1848 წელს, როდესაც ევროპას რევოლუციურმა ტალღამ გადაუარა, ვიურტემბერგიც არ ყოფილა გამონაკლისი და აქ რევოლუციამ მალევე იფეთქა. განსხვავებით ბევრი მონარქისაგან, ვილჰელმი ტახტიდან არ გადამდგარა, თუმცა მოსახლეობასთან დათმობებზე წავიდა, რასაც 1849 წელს მოჰყვა ფრანკფურტის კონსტიტუციის ამოქმედება.
ვილჰელმ I გარდაიცვალა 1864 წლის 25 ივნისს შტუტგარტში, 82 წლის ასაკში, რის შემდეგაც ტახტს მისი ვაჟი, კარლ I იკავებს.
ქორწინებები და შვილები
რედაქტირება1808 წლის 8 ივნისს მიუნხენში ვილჰელმმა ცოლად შეირთო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და ავგუსტა ვილჰელმინა ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი, პრინცესა კაროლინა ავგუსტა ბავარიელი (1792-1873), რომელსაც 1814 წელს გაეყარა. მოგვიანებით იგი ცოლად ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ს გაჰყვა.
1816 წლის 24 იანვარს სანქტ-პეტერბურგში იგი მეორედ დაქორწინდა რუსეთის დიდ მთავარ ეკატერინე პავლოვნა რომანოვაზე (1788-1819), თავისი მამიდის, მარია ფიოდოროვნასა და პავლე I-ის ასულზე, რომელიც ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის და იყო. წყვილს სულ ორი შვილი შეეძინა:
- მარია ფრედერიკა (1816-1887), ცოლად გაჰყვა ნაიპერგის გრაფ ალფრედს;
- სოფია (1818-1877), ცოლად გაჰყვა ნიდერლანდების მეფესა და ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ვილემ III-ს;
დაქვრივების გამო 1820 წლის 15 აპრილს შტუტგარტში ვილჰელმი მესამედ დაქორწინდა თავის ბიძაშვილ პაულინა ვიურტემბერგელზე (1800-1873), ჰერცოგ ლუდვიგ ვიურტემბერგელისა და პრინცესა ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელის ასულზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:
- კათარინა ფრედერიკა (1821-1898), ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის პრინც ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ II;
- კარლ I (1823-1891), ვიურტემბერგის მეფე. ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ასული ოლღა ნიკოლაევნა რომანოვა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ავგუსტა (1826-1898), ცოლად გაჰყვა საქსენ-ვაიმარ-აიზენახის პრინც ჰერმანს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Constantin von Wurzbach : Württemberg, Wilhelm Friedrich Karl King, Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Volume 58. L C Zamarski, Vienna, 1889, p. 246
- Eugen Schneider: Wilhelm I. Friedrich Karl, König von Württemberg, Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Volume 43, Duncker & Humblot, Leipzig 1898, p. 209–213.
- Johannes Grauer: Wilhelm I., König von Württemberg. Ein Bild seines Lebens und seiner Zeit. Schwabenverlag, Stuttgart 1960.
- Otto–Heinrich Elias: König Wilhelm I. (1816–1864). Robert Uhland (ed.) 900 Jahre Haus Württemberg. Kohlhammer, Stuttgart 1984, ISBN 3-17-008536-0.
- Eberhard Fritz: Die Verbesserung des Weinbaus in Württemberg unter König Wilhelm I. (1816–1864). Tübingen 1994, ISBN 3-87407-179-0.
- Eberhard Fritz: König Wilhelm und Königin Katharina von Württemberg. Studien zur höfischen Repräsentation im Spiegel der Hofdiarien. Zeitschrift für Württembergische Landesgeschichte. 54/1995, p. 157–177.
- Otto-Heinrich Elias: 6.0.19. Wilhelm I. Sönke Lorenz, Dieter Mertens, Volker Press (ed.): Das Haus Württemberg. Ein biographisches Lexikon. Kohlhammer, Stuttgart 1997, ISBN 3-17-013605-4, p. 302–306.
- Paul Sauer: Reformer auf dem Königsthron. Wilhelm I. von Württemberg. Stuttgart 1997, ISBN 3-421-05084-8.
- Jürgen Hagel: Cannstatt und seine Geschichte. Herausgegeben von Pro Alt-Cannstatt e. V., Silberburg-Verlag, Tübingen 2002, ISBN 3-87407-529-X.
- Gunter Haug: In stürmischen Zeiten - die Jugendjahre König Wilhelms I. von Württemberg ; historischer Roman. DRW-Verlag, Leinfelden-Echterdingen 2003, ISBN 3-87181-530-6.