ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი

ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი (გერმ. Therese von Sachsen-Hildburghausen; დ. 8 ივლისი, 1792, ჰილდბურგჰაუზენი, გერმანია — გ. 26 ოქტომბერი, 1854, მიუნხენი, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის დედოფალი 1825-1848 წლებში როგორც ლუდვიგ I-ის მეუღლე. ბავარიის მეფე მაქსიმილიან II-ისა და საბერძნეთის მეფე ოტონის დედა.

ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი
ბავარიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 13 ოქტომბერი, 1825
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1848
წინამორბედი: კაროლინა ბადენელი
მემკვიდრე: მარია პრუსიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 ივლისი, 1792
დაბ. ადგილი: ჰილდბურგჰაუზენი, გერმანია
გარდ. თარიღი: 26 ოქტომბერი, 1854, (62 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: ლუდვიგ I, ბავარიის მეფე
შვილები: მაქსიმილიან II, ბავარიის მეფე
ოტონი, საბერძნეთის მეფე
სრული სახელი: ტერეზა შარლოტა ლუიზა
დინასტია: ვეტინები
მამა: ფრიდრიხი, საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგი
დედა: შარლოტა გეორგინა მეკლენბურგ-შტრელიცელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
დედოფალი ტერეზა

ტერეზა დაიბადა 1792 წლის 8 ივლისს ჰილდბურგჰაუზენში. იგი იყო საქსენ-ალტენბურგის ჰერცოგ ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, პრინცესა შარლოტა გეორგინა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. იგი მათთვის თორმეტიდან მეექვსე შვილი და მეოთხე ქალიშვილი იყო ხუთიდან.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი თავის მეუღლეს, დედოფალ ჟოზეფინ დე ბოარნეს გასცილდა და მემკვიდრის გასაჩენად ხელახლა დაქორწინება გადაწყვიტა, 1809 წელს ტერეზა იმ მრავალი ევროპელი პრინცესის სიაში იყო, რომლებიც მის საცოლეებად მოიაზრებოდნენ. საბოლოოდ, 1810 ნაპოლეონმა ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატორ ფრანც II-ისა და მისი მესამე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის უფროსი ქალიშვილი მარია ლუიზა ავსტრიელი შეირთო ცოლად, რომელიც აგრეთვე იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ის ცოლის, მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის და. ეს მოვლენა ისტორიაში „ავსტრიული ქორწინების“ სახელითაა ცნობილი.

ამ ამბიდან მალევე, 1810 წლის 12 ოქტომბერს ტერეზა მიუნხენში ცოლად შერთეს კრონპრინც ლუდვიგს, ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი, განსვენებული მეუღლის უფროს ვაჟს. მათი ქორწილი სპეციალურად დაამთხვიეს ოქტობერფესტს, ყოველწლიურ ბავარიულ დღესასწაულს.

1825 წლის 13 ოქტომბერს, მაქსიმილიან I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლუდვიგ I-მა დაიკავა, რითაც ტერეზა ბავარიის რიგით მეორე დედოფალი გახდა ისტორიაში, თავისი ქმრის დედინაცვლის, დედოფალ კაროლინა ბადენელის შემდეგ. მეფე-დედოფალს წინამორბედთა მსგავსად ცხრა შვილი შეეძინა.

ლუდვიგის მრავალრიცხოვანმა რომანებმა ერთობ დააზარალა ტერეზა, თუმცა იგი მაინც ბოლომდე ითმენდა სიტუაციას. 1831 წელს დედოფალმა პროტესტის ნიშნად დატოვა დედაქალაქი და მკაცრი უარი განაცხადა მანამდე დაბრუნებაზე, სანამ ლუდვიგი თავის საყვარელს არ გააძევებდა სამეფო კარიდან. აღსანიშნავია, რომ ყველაფრის მიუხედავად, მეფე მაინც დიდ პატივს სცემდა მას, რის გამოც ტერეზას გარკვეული გავლენა ჰქონდა ბავარიის მართვაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლუდვიგი საყვარლებთან ერთად დადიოდა სამოგზაუროდ.

ტერეზა ბავარიელთათვის ერთობ პოპულარული პოლიტიკური ფიგურა იყო. იგი მათთვის დედოფლის, ცოლისა და დედის იდეალურ განსახიერებას წარმოადგენდა. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ იგი აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას, ობოლთა და ღარიბთა დასახმარებლად. მისი პოპულარობა განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, რაც ლუდვიგმა აღვირახსნილ ლოლა მონტეცთან გააბა რომანი.

1848 წელს, ევროპის სახელმწიფოთა გვერდით, ბავარიაშიც განხორციელდა რევოლუცია, რა დროსაც ლუდვიგ I ტახტიდან თავისი ვაჟის, მაქსიმილიან II-ის სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან. ამის გამო ტერეზას გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა ბავარიაში, თუმცა ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა, რადგან იგი 1854 წლის 26 ოქტომბერს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა მიუნხენში.

შვილები რედაქტირება

  1. მაქსიმილიან II (1811-1864), ბავარიის მეფე 1848-1864 წლებში. ცოლად შეირთო მარია პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ლუდვიგ II;
  2. მატილდა (1813-1862), ცოლად გაჰყვა რაინისა და ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ III-ს, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
  3. ოტონი (1815-1867), საბერძნეთის მეფე 1832-1862 წლებში. ცოლად შეირთო ამალია ოლდენბურგელი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
  4. თეოდელინდა (1816-1817), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლუიტპოლდი (1821-1912), ბავარიის რეგენტი 1886-1912 წლებში. ცოლად შეირთო ავგუსტა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის მომავალი მეფე ლუდვიგ III;
  6. ადელგუნდა (1823-1914), ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო V-ს, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;
  7. ჰილდეგარდა (1825-1864), ცოლად გაჰყვა ტეშენის ჰერცოგ ალბერტ ავსტრიელს, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  8. ალექსანდრა (1826-1875), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  9. ადალბერტი (1828-1875), ცოლად შეირთო ინფანტა ამალია ესპანელი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carolin Philipps: Therese von Bayern. Eine Königin zwischen Liebe, Pflicht und Widerstand. Piper, München 2015, ISBN 978-3-492-30444-3.
  • Hans Rall: Führer durch die Fürstengrüfte mit Verzeichnis aller Wittelsbacher Grablegen und Grabstätten. Wittelsbacher Lebensbilder von Kaiser Ludwig bis zur Gegenwart. Wittelsbacher Ausgleichsfonds, München 1979.
  • Hans Rall, Marga Rall: Die Wittelsbacher. Von Otto I. bis Elisabeth I. Sonderausgabe. Tosa Verlag, Wien 1994, ISBN 3-85001-485-1.
  • Martha Schad: Bayerns Königinnen (= Piper 4598). Durchgesehene Taschenbuchausgabe, Neuausgabe. Piper, München 2005, ISBN 3-492-24598-6.
  • Martha Schad: Bayerns Königshaus. Die Familiengeschichte der Wittelsbacher in Bildern. Pustet, Regensburg 1994, ISBN 3-7917-1396-5.
  • Norbert Klaus Fuchs: Das Heldburger Land–ein historischer Reiseführer; Verlag Rockstuhl, Bad Langensalza 2013, ISBN 978-3-86777-349-2.
  • Egon Cäsar Conte Corti: Ludwig I. von Bayern. 7. neu bebilderte, gekürzte Auflage. Bruckmann, München 1979.
  • Heinz Gollwitzer: Ludwig I. von Bayern. Königtum im Vormärz. Eine politische Biographie. Süddeutscher Verlag, München 1986, ISBN 3-7991-6287-9.