მარია პრუსიელი (1825-1889)
მარია პრუსიელი (გერმ. Marie von Preußen; დ. 15 ოქტომბერი, 1825, ბერლინი, პრუსია — გ. 17 მაისი, 1889, ჰოენშვანგაუ, ბავარია) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი, პრუსიის პრინცესა დაბადებით. ბავარიის დედოფალი 1848-1864 წლებში როგორც მაქსიმილიან II-ის მეუღლე. ბავარიის ორი მეფის: ლუდვიგ II-ისა და ოტოს დედა.
მარია პრუსიელი | |
---|---|
ბავარიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 მარტი, 1848 |
მმართ. დასასრული: | 10 მარტი, 1864 |
წინამორბედი: | ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელი |
მემკვიდრე: | მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ოქტომბერი, 1825 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი, პრუსია |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 1889, (63 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰოენშვანგაუ, ბავარია |
მეუღლე: | მაქსიმილიან II, ბავარიის მეფე |
შვილები: |
ლუდვიგ II, ბავარიის მეფე ოტო I, ბავარიის მეფე |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | პრინცი ვილჰელმ პრუსიელი |
დედა: | მარია ანა ჰესენ-ჰომბურგელი |
რელიგია: |
ჯერ ლუთერანიზმი შემდეგ კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია დაიბადა 1825 წლის 15 ოქტომბერს ბერლინში. იგი იყო პრინც ვილჰელმ პრუსიელისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია ანა ჰესენ-ჰომბურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. მამამისი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ისა და დედოფალ ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელის ვაჟი იყო, რის გამოც მარიას ბიძად ერგებოდა მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III, ხოლო მამიდად ნიდერლანდების დედოფალი ვილჰელმინა პრუსიელი.
თავდაპირველად სერიოზულად განიხილებოდა მარიას მითხოვება საქსენ-კობურგ-გოთას მთავარ ერნესტ II-სთვის, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ვიქტორიას ქმრის, პრინცი ალბერტის უფროსი ძმა იყო, თუმცა საქორწინო მოლაპარაკებები ჩაიშალა.
1842 წლის 12 ოქტომბერს მარია ცოლად შერთეს ბავარიის კრონპრინც მაქსიმილიანს, მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰილდბურგჰაუზენელის ვაჟს. საქმეს მხოლოდ ის ართულებდა, რომ მარია ლუთერანი იყო, ბავარია კი კათოლიკური ქვეყანა, თუმცა მარიას დედამთილიც და დედამთილის დედამთილიც პროტესტანტები იყვნენ, რის გამოც ისიც არ დაავალდებულეს რწმენის შეცვლით.
1848 წლის რევოლუციის დროს მისი მამამთილი, მეფე ლუდვიგი ტახტიდან გადადგა, რა დროსაც ტახტზე მაქსიმილიან II ავიდა, რითაც მარია ბავარიის ახალი დედოფალი გახდა. მან მალევე დააარსა ბავარიული წითელი ჯვარი და მისი მმართველიც გახდა.
1864 წლის 10 მარტს მაქსიმილიან II სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 52 წლის ასაკში, რის გამოც ტახტი მათმა ვაჟმა, ლუდვიგ II-მ დაიკავა. მოგვიანებით, 1874 წლის 12 ოქტომბერს მარია თავისი ნებით მოინათლა კათოლიკედ.
დაქვრივებული მარია სამეფო კარისგან შორს, ნიმფენბურგის სასახლეში გადავიდა, ზაფხულობით კი ჰოენშვანგაუს სასახლეში ისვენებდა ხოლმე, ფიურსენთან ახლოს. ეს სასახლე მისი ქმრის მიერ იყო აგებული გოთიკურ სტილში და ალპებში მდებარეობს. აქ მარია თავის შვილებთან ერთად სიამოვნებით დადიოდა ხოლმე მთებზე სალაშქროდ. მარიამ თავისი უკანასკნელი პოლიტიკური როლი მაშინ შეასრულა, როდესაც ბავარიული მთავრობა მის ვაჟს, ოტოს ბრალს სდებდა შეთქმულების მოწყობის მცდელობაში და მისი სიკვდილით დასჯას აპირებდნენ, რაც მარიამ ლუდვიგს ძლივს გადააფიქრებინა. მისთვის საშინელი დარტყმა იყო 1888 წელს მისი ვაჟის ლუდვიგ II-ის გარდაცვალება, რის შემდეგაც თავად მარიაც მალევე, 1889 წლის 17 მაისს, ჰოენშვანგაუს სასახლეში გარდაიცვალა, 63 წლის ასაკში.
იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მიუნხენში, განსვენებული მეუღლის გვერდით.
შვილები
რედაქტირება- ლუდვიგ II (1846-1888), ბავარიის მეფე 1864-1888 წლებში. ჰომოსექსუალური მიდრეკილებების გამო ცოლი არ შეურთავს, რის გამოც გარდაიცვალა უშვილო;
- ოტო I (1848-1916), ბავარიის მეფე 1886-1913 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
ლიტერატურა
რედაქტირება- Martha Schad: Bayerns Königinnen (= Piper 4598). Durchgesehene Taschenbuchausgabe, Neuausgabe. Piper, München 2005, ISBN 3-492-24598-6.
- Manfred Berger: Marie Friederike Franziska Hedwig. In: Biographisch-Bibliographisches Kirchenlexikon (BBKL). Band 24, Bautz, Nordhausen 2005, ISBN 3-88309-247-9, Sp. 1048–1054.