ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი

ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Frederike Luise von Hessen-Darmstadt; დ. 16 ოქტომბერი, 1751 — გ. 25 თებერვალი, 1805) — ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა. პრუსიის დედოფალი 1786-1797 წლებში. როგორც ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის მეორე მეუღლე. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინა პრუსიელის დედა.

ფრედერიკა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი
პრუსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 აგვისტო, 1786
მმართ. დასასრული: 16 ნოემბერი, 1797
წინამორბედი: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი
მემკვიდრე: ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ოქტომბერი, 1751
გარდ. თარიღი: 25 თებერვალი, 1805, (53 წლის)
მეუღლე: ფრიდრიხ ვილჰელმ II, პრუსიის მეფე
შვილები: ფრიდრიხ ვილჰელმ III, პრუსიის მეფე
ვილჰელმინა, ნიდერლანდების დედოფალი
ავგუსტა, ჰესენის კურფიურსტი
მამა: ლუდვიგ IX, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი
დედა: კაროლინა ცვაიბრიუხენელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფრედერიკა ლუიზა დაიბადა 1751 წლის 16 ოქტომბერს პრენცლაუში. იგი იყო ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ IX-ისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია კაროლინა ცვაიბრიუხენელის ქალიშვილი. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია ვილჰელმინა ლუიზა, რუსეთის დიდ მთავარ პავლე პეტროვიჩის მეუღლე, იმპერატრიცა ეკატერინე II-ის რძალი.

მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი ლუდვიგ VIII და მისი ცოლი შარლოტა ჰანაუ-ლიხტენბერგელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ცვაიბრიუხენის პფალცგრაფი კრისტიან III და მისი მეუღლე, პრინცესა კაროლინა ნასაუ-საარბრიუხენელი.

1769 წლის 14 ივნისს ფრედერიკა ლუიზა ცოლად გაჰყვა კრონპრინც ფრიდრიხ ვილჰელმ პრუსიელს, მეფე ფრიდრიხ II დიდის ძმისწულს. აღსანიშნავია, რომ ეს ქორწინება ფრიდრიხ ვილჰელმის პირველ ცოლთან, ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელთან განქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში შედგა.

 
ფრედერიკა თავის ქმართან და შვილებთან ერთად 1777 წელს

1786 წლის 17 აგვისტოს, ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის გამეფების შემდეგ, ფრედერიკა ლუიზა პრუსიის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ იგი ამ თანამდებობაზე მომდევნო თერთმეტი წლის განმავლობაში იყო. მეფე-დედოფლის ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა, რის გამოც ფრიდრიხს საყვარლები ჰყავდა. 1787 წელს მან მალულად იქორწინა იულია ფონ ვაისზე, რომელიც 1789 წელს გარდაიცვალა, 1790 წელს კი იგი მეორედ, მალულად დაქორწინდა სოფია ფონ დოინჰოფზე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იყო. დედოფალი ფრედერიკა არასოდეს მიიჩნეოდა ლამაზ ქალად, რის გადაფარვასაც იგი თავისი ექსტრავაგანტური სტილით ცდილობდა.

როგორც ცნობილია, დედოფალს ღამ-ღამობით პანიკის შეტევები ემართებოდა, რადგან იგი მოჩვენებებს ხედავდა ხოლმე. ამის გამო მან მთელი ცხოვრების სტილი შეიცვალა: დღისით ეძინა და ღამით ეღვიძა, რამაც მისი ფსიქიკა კიდევ უფრო შეარყია, რაც უკვე მის ქმედებებზეც აისახებოდა.

1788 წელს მან სამეფო კარი დატოვა და ქალაქ ფრაინვალალდში გადასახლდა. დედოფლის აქ დასახლებამ გამოაცოცხლა ქალაქის ეკონომიკა და კულტურული ცხოვრება. აქ მან თავისი სასახლე აიშენა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. 1797 წლის 16 ნოემბერს იგი დაქვრივდა, ტახტი კი მისმა ვაჟმა ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ დაიკავა. 1799 წელს მან დევიდ გილს თავისი მეორე საზაფხულო სასახლე დააპროექტებინა და ააშენებინა.

იგი 1805 წლის 25 თებერვალს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს მისი განსვენებული მეუღლის გვერდით.

  1. ფრიდრიხ ვილჰელმ III (1770-1840), პრუსიის მეფე 1797-1840 წლებში. ცოლად შეირთო ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ I და რუსეთის იმპერატრიცა შარლოტა პრუსიელი;
  2. კრისტინა (1772-1773), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ლუდვიგ კარლი (1773-1796), ცოლად შეირთო ფრედერიკა მეკლენბურგ-შტრელიცელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  4. ვილჰელმინა (1774-1837), ცოლად გაჰყვა ნიდერლანდების მეფე, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგსა და ლიმბურგის ჰერცოგ ვილემ I-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი მეფე ვილემ II;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (1777);
  6. ავგუსტა (1780-1841), ცოლად გაჰყვა ჰესენის კურფიურსტ ვილჰელმ II-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  7. ჰაინრიხი (1781-1846), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  8. ვილჰელმი (1783-1851), ცოლად შეირთო ლანდგრაფინია მარია ანა ჰესენ-ჰომბურგელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, მათ შორის ბავარიის დედოფალი მარია პრუსიელი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Christine von Brühl: Anmut im märkischen Sand. Die Frauen der Hohenzollern. Aufbau, Berlin 2015, ISBN 978-3-351-03597-6, S. 212–232.
  • Karin Feuerstein-Praßer: Die preußischen Königinnen. Piper, München/Zürich 2008, ISBN 978-3-492-25295-9, S. 226–243.