ნატალია ალექსანდრეს ასული

ნატალია ალექსანდრეს ასული (რუს. Наталья Алексеевна), დაბადების სახელია ვილჰელმინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტი (გერმ. Wilhelmine Louise von Hessen-Darmstadt; დ. 25 ივნისი, 1755, ბრანდენბურგი, პრუსიის სამეფო — გ. 26 აპრილი, 1776, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია) — გერმანელი არისტოკრატი, ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის რძალი, იმპერატორ პავლე I-ის პირველი ცოლი.

ნატალია ალექსანდრეს ასული
წოდებები
რუსეთის იმპერატრიცა
ჰესენ-დარმშტადტის პრინცესა
დაიბადა 25 ივნისი, 1755
ბრანდენბურგი, გერმანია
გარდაიცვალა 26 აპრილი, 1776, (20 წლის)
სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მეუღლე(ები) პავლე პეტროვიჩი, რუსეთის ცარევიჩი
მამა ლუდვიგ IX, ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფი
დედა კაროლინა ცვაიბრიუხენელი
რელიგია ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვილჰელმინა ლუიზა დაიბადა 1755 წლის 25 ივნისს პონცლაუში, ბრანდენბურგში. იგი იყო ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლუდვიგ IX-ისა და მისი მეუღლის, პფალცგრაფინია კაროლინა ცვაიბრიუხენელის მეექვსე შვილი და მეოთხე ქალიშვილი. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია პრუსიის დედოფალი ფრედერიკა ლუიზა და ბადენის პრინცესა ამალია.

იგი საკმაოდ მკაცრი მეთოდებით იზრდებოდა. დედამისი, რომელიც მთელ გერმანიაში იყო სახელგანთქმული თავისი ერუდიციით, ცდილობდა, რომ ქალიშვილებისათვის საუკეთესო განათლება მიეცა, რათა შემდგომში არ გასჭირვებოდა მათი სარფიანად გათხოვება. მან თავის შვილებს მასწავლებლებად ისეთი ფილოსოფოს-განმანათლებლები დაუქირავა, როგორებიც არიან: იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე და იოჰან გოტფრიდ ჰერდერი.

 
ნატალია ალექსანდროვნა 1776 წელს

1772 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ თავისი ერთადერთი ვაჟის, ცარევიჩ პავლე პეტროვიჩისათვის საცოლის ძიება დაიწყო. ვინაიდან ეკატერინე თავად გერმანელი იყო, გადაწყვიტა, რომ თავისი ვაჟიც გერმანელ ქალზე უნდა დაექორწინებინა, გერმანიაში კი ნამდვილად არ იყო გასათხოვარი პრინცესების დეფიციტი, მეტიც, აქ ევროპაში ყველაზე დიდი არჩევანი იყო საპატარძლოებისა, რის გამოც ნახევარი ევროპის მონარქებს სწორედ გერმანელი ქალები ჰყავდათ ცოლებად. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ეკატერინემ არჩევანი ორ გოგონაზე: ვილჰელმინა ლუიზა ფონ ჰესენ-დარმშტადტსა და სოფია დოროთეა ვიურტემბერგელზე შეაჩერა. ვინაიდან თავად ვერ გადაწყვიტა, ბრძანა ორივე პრინცესის პორტრეტი შეექმნათ და რუსეთში ჩაეტანათ, სადაც გარეგნობის მიხედვით უკვე მისი ვაჟი შეარჩევდა. საბოლოოდ არჩევანი სწორედ ვილჰელმინა ლუიზაზე შეაჩერეს.

აღსანიშნავია, რომ 1769 წლიდან მოყოლებული, მისი და, პრინცესა ფრედერიკა ლუიზა ცოლად ჰყავდა პრუსიის ტახტის მემკვიდრე ფრიდრიხ ვილჰელმს, მეფე ფრიდრიხ II დიდის ძმისწულს. ეკატერინეზე სწორედ ამ ფაქტმა იქონია დიდი გავლენა, რადგან ვილჰელმინა ლუიზას რეკომენდაცია თავად ფრიდრიხ დიდმა გაუწია თავისი რძლის გავლენით, რუსებს კი პრუსიასთან დაახლოვება სურდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტიც კი იყო მისი არჩევისას, რადგან როგორც ცნობილია, პავლე პეტროვიჩს პორტრეტებიდან სოფია დოროთეა უფრო მეტად მოეწონა.

1773 ივლისში იგი დიდი ამალით ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, სადაც ერთ თვეში, 15 აგვისტოს მართლმადიდებლად მონათლეს და ნატალია ალექსანდრეს ასული უწოდეს. ამავე წლის 1773 წლის 29 სექტემბერს შედგა ნატალიასა და პავლეს ქორწინება, რითაც იგი რუსეთის ცარევნა, ანუ მომავალი იმპერატრიცა გახდა.

მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან ნატალიას საერთოდ არ მოსწონდა თავისი ქმარი და მეტიც, სამეფო ოჯახის წევრებთან თითქმის საერთოდ არ კონტაქტობდა. იგი მხოლოდ თავის მეგობრებთან უერთიერთობდა, რომლებიც მას გერმანიიდან ჩაჰყვნენ. ისიც ცნობილია, რომ მას საერთოდ არ ადარდებდა გახდებოდა თუ არა იმპერატრიცა.

1776 წლის 10 აპრილს ნატალიამ მკვდარი ბავშვი გააჩინა. მშობიარობა ძალიან გართულდა, რასაც შემდგომში ციებ-ცხელება მოჰყვა, რითაც იგი 26 აპრილის დილის 05:00 საათზე გარდაიცვალა პეტერბურგში, 20 წლის ასაკში. ამის შემდეგ პავლემ ცოლად სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი შეირთო, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა.

ლიტერატურა

რედაქტირება