ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი

ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი (გერმ. Anna Maria Franziska von Sachsen-Lauenburg, იტალ. Anna Maria Francesca di Sassonia-Lauenburg; დ. 13 ივნისი, 1673 — გ. 15 ოქტომბერი, 1741) — ასკანიების დინასტიის წარმომადგენელი. საქსენ-ლაუენბურგის ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრე, რომელიც 1689-დან 1728 წლამდე მისმა ბიძაშვილმა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგმა გეორგ ვილჰელმმა დაიკავა ძალით და აკონტროლებდა ამ ტერიტორიებს, ანა მარია ფრანცისკას ოჯახი კი ბოჰემიაში გაიქცა.

ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 31 ოქტომბერი, 1723
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1737
წინამორბედი: მარგარიტა ლუიზა ორლეანელი
მემკვიდრე: მარია ტერეზია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ივნისი, 1673
დაბ. ადგილი: საქსენ-ლაუენბურგი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 15 ოქტომბერი, 1741, (69 წლის)
გარდ. ადგილი: ბოჰემია, ჰაბსბურგთა მონარქია
მეუღლე: ფილიპ ვილჰელმი, ნოიბურგის პფალცგრაფი
(ქ. 1690 - გარდ. 1693)
ჯან გასტონე, ტოსკანის ჰერცოგი
(ქ. 1697 - გარდ. 1737)
შვილები: მარია ანა, ნოიბურგის პფალცგრაფინია
დინასტია: ასკანიები
მამა: იულიუს ფრანცი, საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგი
დედა: ჰედვიგ კურპფალცელი
რელიგია: კათოლიციზმი

თავდაპირველად იგი ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ცოლის ძმას, რომელიც მალევე დაიღუპა, ამიტომაც მან მეორედ იქორწინა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ჯან გასტონეზე. მათი უშვილობის გამო, 1737 წელს, ჯან გასტონეს გარდაცვალებასთან ერთად შეწყდა მედიჩის დინასტია. მიუხედავად გათხოვებისა, ანა მარია ფრანცისკა კვლავ ბოჰემიაში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ანა მარია ფრანცისკა (მარჯვნივ) თავის დასთან, ბადენ-ბადენის მარკგრაფინია სიბილასთან (მარცხნივ) ერთად

ანა მარია ფრანცისკა დაიბადა 1673 წლის 13 ივნისს, ჩრდილო გერმანულ საქსენ-ლაუენბურგის საჰერცოგოში, დანიის საზღვართან. იგი იყო საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ იულიუს ფრანცისა და მისი ცოლის, ჰედვიგ კურპფალცელის ასული. დედამისი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მარია ანა სულ ცხრა წლის იყო.

1689 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახს მთელი საჰერცოგო მისმა შორეულმა ბიძაშვილმა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგმა წაართვა, რის გამოც ისინი პატარა მამულში გადავიდნენ. რადგანაც მას ძმა არ ჰყავდა და ამასთან უფროსი ასული იყო, გერმანული კანონების თანახმად, ანა მარიას შეეძლო საჰერცოგოს მმართველი გამხდარიყო, მისმა ბიძაშვილმა კი მისი ტერიტორიები უკანონოდ მიითვისა. ამის გამო, იგი თავის მამიდასთან ერთად ასაჩივრებდა ამ ყოველივეს. ამ ქალების ასეთი დამცირება ვერ აიტანა მეზობელი ლუნენბურგ-ცელიეს პრინცმა, რომელიც თავის ჯარებთან ერთად შევიდა საქსენ-ლაუენბურგში და ბრაუნშვაიგელებს იგი ჰერცოგინიად გამოაცხადებინათ, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

მარია ანას ემხრობოდნენ დანიის მეფე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი და ასე შემდეგ. საბოლოოდ, 1693 წლის 9 ოქტომბერს გადაწყდა კონფლიქტი, რა დროსაც უარყვეს ანა მარიასა და მისი დის უფლებები ტახტზე.

ასეთი უსამართლო განაჩენი იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა გამოიტანა, რომელიც ანა მარიას მომხრე ლუნენბურგ-ცელიეს პრინცს არ გაჩუმების შემთხვევაში დაპატიმრებითაც დაემუქრა. მხოლოდ 1728 წელს, იმპერატორმა კარლ VI-მ, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის გავლენით უარყო მამამისის უსამართლო ქმედება და ანა მარია ფრანცისკას კვლავ დაუბრუნა საქსენ-ლაუენბურგის ტახტი.

პირველი ქორწინება და შვილები

რედაქტირება
 
ანა მარიას პირველი ქმარი, პფალცგრაფი ფილიპ ვილჰელმი

1690 წლის 29 ოქტომბერს, როდნიცის სასახლეში, ბოჰემიაში შედგა ანა მარია ფრანცისკასა და საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მესამე ცოლის, დედოფალ ელეონორ მაგდალინა ნოიბურგელის უმცროსი ძმის, ნოიბურგის პფალცგრაფ ფილიპ ვილჰელმის ქორწინება. იგი მამამისის, პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმის უფროსი ვაჟი და თანამმართველი იყო. მათ ხანმოკლე ქორწინებაში, სულ ორი ასული შეეძინათ:

  1. ლეოპოლდინა ელეონორა (1691-1693), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. მარია ანა (1693-1751), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II-ის მეექვსე ვაჟს, პრინც ფერდინანდ მარია ბავარიელს, რომელთანაც ორი ვაჟი და ერთი ასული შეეძინა.

ფილიპ ვილჰელმ ნოიბურგელი, 1693 წლის 5 აპრილს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა და ანა მარია ფრანცისკა ქვრივად დატოვა.

მეორე ქორწინება

რედაქტირება
 
მარია ანას მეორე ქმარი, ჰერცოგი ჯან გასტონე

ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო III მედიჩი, თავისი უმცროსი ვაჟის, პრინცი ჯან გასტონესათვის საცოლეს ეძებდა, ეს საქმე კი მან თავის ასულს, ანა მარია ლუიზას დაავალა, რომელიც ანა მარია ფრანცისკას განსვენებული ქმრის ძმის მეორე ცოლი იყო. ვინაიდან ანა მარია ლუიზას უფროს ძმას, ფერდინანდოს უნაყოფობის პრობლემა ჰქონდა, მედიჩებს სურდათ გარანტია ჰქონოდათ, რომ მათი მეორე რძალი მაინც იქნებოდა ნაყოფიერი (რადგან უშვილობა ფერდინანდოს ცოლს ბრალდებოდა). რადგანაც ანა მარია ფრანცისკას პირველი ქმრისგან ჰყავდა შვილები, იგი სხვა კაცისგანაც თავისუფლად შეძლებდა გაჩენას, ამიტომაც სარძლოდ მან სწორედ ის აარჩია. ამრიგად, 1697 წლის 2 ივლისს, პლოშკოვიცის სასახლეში, ბოჰემიაში ანა მარია ფრანცისკასა და ჯან გასტონეს ჯვარი დასწერა დიუსელდორფის ეპისკოპოსმა.

ახლად დაქორწინებულებმა თაფლობის თვე ბოჰემიაშივე გაატარეს. აქ, ანა მარია აღწერილია როგორც „შემაშფოთებლად მსუქანი“. აღსანიშნავია, რომ ანა მარია დომინირებდა თავის სუსტ ქმარზე, რომელიც ალკოჰოლიკი იყო. აღსანიშნავია, რომ პრაღაში გატარებული რვა თვის შემდეგ, ჯან გასტონე სრულიად გადასხვაფერებული დაბრუნდა ტოსკანაში. ცნობილია, რომ მათ უბედური ქორწინება ჰქონდათ. ანა მარიას მუდმივად ეშინოდა ჯან გასტონეც „მედიჩივით“ არ მოქცეულიყო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კვლავდნენ თავიანთ ცოლებს.

 
პლოშკოვიცის სასახლე, ანა მარია ფრანცისკას ბოჰემიური რეზიდენციან

აგრეთვე ცნობილია, რომ ანა მარია არაფრით მიჰყვებოდა მას ტოსკანაში და არც არასდროს გაჰყოლია. მას ჩასვლა ჯერ კოზიმო III-მ უბრძანა, საბოლოოდ კი პაპმა კლემენტ XI-მ სთხოვა პრაღის არქიეპისკოპოსს იგი იტალიაში ჩასვლაზე დაეყოლიებინა. არქიეპისკოპოსმაც ვერაფერი გააწყო, ასევე განაცხადა, რომ მასთან ჯან გასტონე „აბსოლუტურად უძლური“ იყო. საბოლოოდ, ტოსკანაში მხოლოდ 1708 წელს. ჯან გასტონე მის გარეშე დაბრუნდა. 1713 წელს გარდაიცვალა ჯან გასტონეს უფროსი ძმა, ფერდინანდო, რომელიც უშვილო იყო. მართალია მემკვიდრე ჯან გასტონე გახდა, თუმცა ჰერცოგ კოზიმოს სურდა ტახტი მის ასულს, ანა მარია ლუიზას დარჩენოდა, თუმცა ამას ვერ მიაღწია, ამდენად ტოსკანის დიდი პრინცესა ანა მარია ფრანცისკა გახდა.

დარჩენილი წლები

რედაქტირება

ჯან გასტონე 1723 წელს ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა, რის გამოც ანა მარია ფრანცისკა ტოსკანის დიდ ჰერცოგინიად მოგვევლინა. ანა მარიას ქმარი კვლავ ფლორენციაში ცხოვრობდა და არასდროს ნახულობდა თავის ბოჰემიაში მყოფ მეუღლეს. როგორც ცნობილია, ანა მარია დიდ დროს უთმობდა თავისი თავლის ცხენების მოვლა-პატრონობას და სულაც არ აღელვებდა თავისი უიღბლო ქორწინება. 1737 წელს ჯან გასტონე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც შეწყდა მედიჩების დინასტია, ამიტომაც ტოსკანას ფრანც ლოთარინგიელი დაეპატრონა. თავად ანა მარია ფრანცისკამ უკანასკნელი წლები პლოშლოვიცისა და ცაკუპის სასახლეებში გაატარა, ბოჰემიაში. იგი სწორედ აქ, 1741 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა, 69 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება