1356 წლის ოქროს ბულა (ლათ. Bulla Aurea) — საღვთო რომის იმპერიის საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიიღო იმპერიის რაიხსტაგმა 1356 წელს. ყველაზე ცნობილი იმ დოკუმენტებიდან, რომელთაც ეწოდებოდა „ოქროს ბულა“. დოკუმენტის ლათინურ ენაზე შედგენილი ტექსტი დამტკიცდა იმპერატორ კარლ IV ლუქსემბურგის მიერ. ოქროს ბულის მოქმედებები შეწყდა იმპერიის არსებობის დასასრულთან ერთად (1806 წელი).

კარლ IV გამოსცემს ოქროს ბულას.

კარლ IV ყველაზე მეტად დაკავებული იყო ჩეხეთის სამეფოში თავისი ძალაუფლების გამტკიცებითა და პირადი სამფლობელოების გაფართოებით. მან განამტკიცა იმპერიის პოლიტიკური დაშლა, როდესაც 1356 წელს გამოსცა „ოქროს ბულა“. ბულა აღიარებდა მთავრების სრულ სუვერენიტეტს თავიანთ სამფლობელოებში, კანონიერს ხდიდა ფეოდალებს შორის ომს, კრძალავდა ქალაქთა კავშირების შექმნას.

ბულა რეგლამენტირებდა შვიდი საიმპერიო კურფიურსტის კოლეგიის (მაინცის, ტრირისა და კელნის არქიეპისკოპოსები, ჩეხეთის მეფე, რაინის პფალცგრაფი, საქსონიის ჰერცოგი და ბრანდენბურგის მარკგრაფი) მიერ გერმანიის მეფის (იმპერატორის) არჩევას და განსაზღვრავდა ამ კურფიურსტების უფლებებს. რაიხსტაგში წამყვანი როლი ჰქონდა მაინცის არქიეპისკოპოსს. გარდა ამისა, ბულა კრძალავდა საკურფიურსტოების ტერიტორიების გაყოფას. ამავე დოკუმენტით მტკიცდებოთა კურფიურსტების უფლება საკუთარი მონეტების განუსაზღვრელი რაოდენობით მოჭრაზე.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება