გრიგოლ VII (პაპი)
გრიგოლ VII (ლათ. Gregorius PP. VII; ერისკაცობაში ჰილდებრანდ სოვანელი; დ. 1020 — გ. 25 მაისი, 1085, სალერნო) — რომის პაპი 1073–1085 წლებში. ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორი პაპი, რომლის რეფორმებმაც დასავლეთის ეკლესია ხელახლა გააქტიურეს და მისი უწინდელი დომინანტურობა აღადგინეს. გრიგოლ VII ცნობილია მასსა და საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ IV-ს შორის არსებული კონფლიქტის გამო.
გრიგოლ VII იყო კლიუნისტური მოძრაობის მიმდევარი. დიდი გავლენა მოიპოვა პაპ ნიკოლოზ II-ის კარზე. მისი მეცადინეობით პაპმა შეიძინა ძლიერი მოკავშირენი: სამხრეთ იტალიის ნორმანთა მბრძანებელი რობერტ გუისკარი, რომელმაც თავი პაპის ვასალად აღიარა, და ტოსკანის მარკგრაფი გოტფრიდი, კავშირი დაამყარა მილანელ მწვალებლებთან. 1059 წლის აპრილში რომის საეკლესიო კრებამ პაპების არჩევნების რეფორმა მოახდინა: ამიერიდან პაპს კარდინალი ირჩევდა. ჰილდებრანდის გავლენით პაპად არჩეულ ალექსანდრე II-ის მმართველობაში დაკანონდა სამღვდელოების უცოლობა - ცელიბატი.
პაპად არჩევის შემდეგ გრიგილ VII-მ მიზნად დაისახა კლიუნიური რეფორმის გატარება და პაპობის თეოკრატიის დამყარება. დაგმო სიმონია, აკრძალა საერო ინვესტიტურა. ამ ღონისძიებებმა, რომელთა მიზანი იყო ეკლესიის სრული გათავისუფლება საერო ხელისუფლების გავლენისაგან, ჰაინრიხ IV-ის მხრივ დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია.. დაიწყო ინვესტიტურისათვის ბრძოლა. 1076 წელს გერმანიის საეკლესიო კრებამ ვორმსში გრიგოლ VII ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა, საპასუხოდ გრიგოლ VII-მ ეკლესიიდან განკვეთა მეფე ვორმსის კრების მონაწილე გერმანელი ეპისკოპოსებითურთ და გაათავისუფლა გერმენელი ქვეშევრდომები მეფისადმი ერთგულების ფიცისაგან. გერმანელ მთავართა განდგომამ და გერმანელი სამღვდელოების დიდი ნაწილის პაპის მხარეზე გადასვლამ აიძულა ჰაინრიხ IV კაპიტულაციაზე წასულიყო (1077 წელი). ციხესიმაგრე კანოსის ბჭესთან, სადაც პაპი იმყოფებოდა, მეფე სამ დღეს ითხოვდა შენდობას, გრიგოლმა განკვეთა მოხსნა მეფეს, მაგრამ მალე ბრძოლა განახლდა. პაპის მომხრეებმა ანტიმეფედ დასვეს რუდოლფ შვაბიელი (1077-1080 წწ.) და გრიგოლ VII-მ 1080 წელს ხელმეორედ შეაჩვენა მეფე. საპასუხოდ ჰაინრიხ IV-მ გაილაშქრა გრიგოლ VII-ის წინააღმდეგ (1081 წ.), შეიჭრა რომში და 1084 წელს აიძულა რომაელები პაპად ეცნოთ (ანტიპაპი) კლიმენტ III, რომლისგანაც მიიღო იმპერატორად გვირგვინკურთხევა. გრიგოლ VII თავის მომხრეებითურთ რომის წმინდა ანგელოზის ციხეში გამაგრდა. პაპის დასახმარებლად მიხმობილმა რობერტ გუისკარმა აიძულა ჰაინრიხ IV გასცლოდა რომს, მაგრამ ნორმანების მიერ რომის აოხრებამ და ამით გამოწვეულმა სახალხო გულისწყრომამ აიძულა გრიგოლ VII დაეტოვებინა რომი და გაჰყოლოდა რობერტ გუისკარს სალერნოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 268.
წინამორბედი: ალექსანდრე II |
რომის პაპი 1073 — 1085 |
შემდეგი: ვიქტორ III |