საფრანგეთის რევოლუცია
საფრანგეთის რევოლუცია (ფრანგ. Révolution française; 1789—1799) — გარდამტეხი პერიოდი საფრანგეთის, ევროპისა და დასავლეთის ცივილიზაციის ისტორიაში. ამ პერიოდში საფრანგეთში რესპუბლიკალიზმი შეცვალა აბსოლუტური მონარქია, ხოლო ქვეყნის კათოლიკური ეკლესია იძულებული გახდა რადიკალური რესტრუქტურიზაცია გაეტარებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი რესპუბლიკის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მომდევნო 75 წლის განმავლობაში საფრანგეთი მრავალგზის გადახრილა რესპუბლიკას, იმპერიასა და მონარქიას შორის, ეს რევოლუცია საყოველთაოდ მიღებულია როგორც გარდამავალი მომენტი დასავლური დემოკრატიის ისტორიაში — აბსოლუტიზმისა და არისტოკრატიის ხანიდან მოქალაქეობრიობის, როგორც დომინანტური პოლიტიკური ძალის, ეპოქაში.
საფრანგეთის რევოლუცია | |
---|---|
ბასტილიის აღება, 14 ივლისი, 1789 | |
მონაწილეები | საფრანგეთის საზოგადოება |
მდებარეობა | საფრანგეთი |
თარიღი | 1789—1799 |
შედეგი | საფრანგეთის მონარქიის შეცვლა რადიკალური დემოკრატიული მონარქიით. |
საფრანგეთის რევოლუციის წყალობით ქვეყანაში ძველი მონარქიული რეჟიმი დაემხო და „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა“ გამოცხადდა. საფრანგეთმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამისათვის სისხლიანი და ტანჯული გზა განვლო.
1792 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პირველი რესპუბლიკა შეიქმნა. ახალდაბადებულ რესპუბლიკას მაშინვე უამრავი მტერი გამოუჩნდა. სხვა იმპერიები შიშობდნენ, რომ მონარქიას საფრთხე მათთანაც დაემუქრებოდა და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა (რუსეთის ჩათვლით) ანტიფრანგულ კოალიციაში შევიდა.
რესპუბლიკას სათავეში იაკობინური კაბინეტი ჩაუდგა. იაკობინთა ლიდერმა მაქსიმილიან რობესპიერმა მოახერხა ქვეყნის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება ევროპულ-მონარქიულ სახელმწიფოთა ინტერვენციაზე. მისმა რეფორმებმა გააძლიერა ქვეყანა და საფრანგეთს მილიონიანი არმია დაუტოვა. მათ დროს დაწინაურდა ნიჭიერი სამხედრო სტრატეგოსი ნაპოლეონ ბონაპარტი. ბონაპარტი გახდა რობერსპიერის მისიის გამგრძელებელი. მან დაამხო იაკობინელთა შემდგომ დამყარებული თერმიდორული მმართველობა და რობერსპიერის მიერ მობილიზირებული მილიტარისტული რესურსი წარმატებით გამოიყენა.
საფრანგეთის რევოლუციის შეფასებები არაერთგვაროვანია. ვიწრო გაგებით, რევოლუციაში იგულისხმება 1789–1799 წლების მოვლენები, ფართო გაგებით მას ნაპოლეონ ბონაპარტის მმართველობის პერიოდსაც მიაკუთვნებენ (1799–1815).
არაერთმნიშვნელოვანია ასევე საკუთრივ რევოლუციური პროცესის შეფასებები. ხშირად აღნიშნავენ, რომ რევოლუციამ მოიტანა როგორც თავისუფლება, ისე ტერორიც, დასაბამი მისცა არა მხოლოდ დემოკრატიულ ეროვნულ სახელმწიფოს, არამედ წარმოშვა სახელმწიფოს ტოტალიტარული ფორმაც იაკობინელთა მმართველობის ფაზაში (1793–1794). დავის საგანია ისიც, თუ როგორ უნდა მივუდგეთ საფრანგეთის დიდ რევოლუციას — როგორც ერთიან რევოლუციურ პროცესს, ერთ რევოლუციას, თუ საქმე გვაქვს რამდენიმე რევოლუციასთან.
წინაპირობები
რედაქტირებაისტორიული მოდელირების მიმდევრები რევოლუციის მიზეზებად ძველი რეჟიმის მახასიათებლების ამ მოდელებთან მსგავსებას აღნიშნავენ. ეკონომიკურ ფაქტორთა შორის იყო მასიური საკვების დეფიციტი და შიმშილობა, გამოწვეული მზარდი პურის ფასებით (ოთხფუნტიანი პურისთვის ნორმალური 8 სუდან 12 სუმდე 1789 წლისთვის),[1] რამაც დაავადებათა და სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია პერიოდში, რომელიც რევოლუციას უშუალოდ წინ უძღოდა. შიმშილობა ევროპის სხვა რეგიონებსაც მოედო, რასაც ხელს უწყობდა საკვები პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობა. (ბოლოდროინდელი კვლევა გავრცელებულ შიმშილობას ასევე მიაწერს ისლანდიაში 1783 წელს მომხდარი ლაკის ამოფრქვევით გამოწვეულ ელ-ნინიოს,[2] ან მცირე გამყინვარებით გამოწვეული ცივი კლიმატით, რასაც თან დაერთო საფრანგეთში კარტოფილის, როგორც ძირითადი საკვები პროდუქტის, შემოღების დაგვიანება.)[3]
მეორე მიზეზი იყო ლუი XV-ის მიერ წარმოებული მრავალი ომი, რამაც საფრანგეთი ფინანსური კრახის პირას მიიყვანა. ასევე ლუი XVI ამერიკის რევოლუციის პერიოდში მხარს კოლონისტებს უჭერდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მთავრობის ფინანსური მდგომარეობა. ეროვნული ვალი ორ მილიარდ ლივრს გაუტოლდა. ომის მიერ გამოწვეულ სოციალურ ტვირთს შეადგენდა უზარმაზარი ვალი, გამწვავებული მონარქიის სამხედრო დანაკარგებით და უნიათობით, ომის ვეტერანთათვის სოციალური მხარდაჭერის უქონლობის ფონზე. არაეფექტურსა და მოძველებულ ფინანსურ სისტემას აღარ ძალუძდა ეროვნული ვალის მართვა, რასაც მძიმე ტვირთად უკიდურესად არათანასწორი საგადასახადო სისტემაც ერთვოდა თან.
კიდევ ერთი მიზეზი იყო არისტოკრატიის უზომო ფლანგვა და უყაირათობა, განსაკუთრებით ლუი XVI-ისა და მარია ანტუანეტის კარზე ვერსალში, მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილის შიმშილობისა. მაღალი უმუშევრობა და მაღალი პურის ფასები ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარების საშუალებას არ იძლეოდა. რომის კათოლიკური ეკლესია, ქვეყნის უდიდესი მიწათმფლობელი, იღებდა მოსავალზე გადასახადს, ცნობილს როგორც საეკლესიო მეათედი. ამ გადასახადს ორმაგი ეფექტი ჰქონდა. ერთი მხრივ, ის ამცირებდა მთავრობის შემოსავლებს, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო აუარესებდა გლეხობის დუხჭირ მდგომარეობას. შინა ვაჭრობა მინიმუმამდე იყო დასული, ხოლო საბაჟო ბარიერები საგარეო ვაჭრობას უკიდურესად ართულებდა.[4]
არსებობდა რამდენიმე სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორიც, რომელთა დიდი ნაწილი განმანათლებლობის იდეალების წინა პლანზე წამოწევის შედეგი იყო. მათ შორის იყო სამეფო აბსოლუტიზმის მზარდი არაპოპულარობა; პროფესიონალ და ვაჭართა კლასში საზოგადოებრივ ცხოვრებაში არისტოკრატიის პრივილეგიებისა და დომინირებისადმი უკმაყოფილება, რასაც მხარს უჭერდა ძირეული სოციალური ცვლილებები ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში; გლეხობის, ჯამაგირის მუშებისა და წვრილი ბურჟუაზიის უკმაყოფილება არისტოკრატიის ტრადიციული სენიორიული პრივილეგიების მიმართ; მომძლავრებული ანტიკლერიკალიზმი და რელიგიის თავისუფლების მოთხოვნები, ასევე მზარდი პროტესტანტული უმცირესობების ინსტიტუტების გავლენა; რესპუბლიკანიზმი; და მეფის მიერ ჟაკ ნეკერისა და ხალხის წარმომადგენელი სხვა ფინანსური მრჩევლების დათხოვნა.[5]
ძველი რეჟიმი
რედაქტირებალუი XIV-ის მიერ შექმნილი სახელმწიფო სისტემა მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარებული სხვადასხვა პროცესის ზემოქმედებით თანდათანობით კნინდებოდა. XVIII საუკუნის 80–იანი წლების მიწურულს შეუძლებელი აღმოჩნდა მისი შენარჩუნება. 1789 წელს დაწყებულმა „დიდმა რევოლუციამ“ ბოლო მოუღო აბსოლუტისტურ სახელმწიფო სისტემას, რომელსაც თავის დროზე რევოლუციონერებმა „ძველი რეჟიმი“ უწოდეს. „ძველი რეჟიმის“ აღსასრული და, შესაბამისად, საფრანგეთის რევოლუცია, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, დააჩქარა პოლიტიკური აზროვნების წესზე განმანათლებლობისა და ამერიკული რევოლუციის ზემოქმედებამ.[6]
კრიზისი და აგონია
რედაქტირებაძველი რეჟიმი საზოგადოებრივი წყობით წოდებრივი სახელმწიფო იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოება დაყოფილი იყო სამ არათანასწორუფლებიან წოდებად. პირველი (სასულიერო წოდება — კლერუსი, დაახლოებით 130 ათასი ადამიანი, შეადგენდა მოსახლეობის 0,5 %–ს) და მეორე (თავადაზნაურობა, დაახლოებით 350 ათასი ადამიანი, შეადგენდა მოსახლეობის 1 %–ზე მეტს) პრივილეგირებული წოდებები იყო, მოსახლეობის დაახლოებით 98 % კი (27 მილიონზე მეტი ადამიანი) ქმნიდა თითქმის სრულიად უუფლებო მესამე წოდებას. ეს წოდება თავისთავად არ იყო ერთგვაროვანი და აერთიანებდა ქალაქის მსხვილი, საშუალო თუ მცირე შემოსავლის მქონე ბურჟუაზიას, გლეხობას, ქალაქის ღარიბ ფენებს და ასევე სოციალური სტატუსის არმქონე ჯგუფებს, მაგალითად მაწანწალებსა და მათხოვრებს. სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორია შეადგენდა მესამე წოდების 40%–ს.
XVIII საუკუნის მიწურულს საფრანგეთი აგრარული ქვეყანა იყო. მოსახლეობის დაახლოებით 85 % სოფლად ცხოვრობდა. ბურჟუაზია მესამე წოდების ყველაზე მცირერიცხოვან, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე გავლენიან ნაწილს შეადგენდა. ბურჟუაზიას განეკუთვნებოდნენ მესამე წოდების უმაღლესი რანგები — ბანკირები, ე. წ. გამომსყიდბელები, მსხვილი ვაჭრები, მანუფაქტურის მფლობელები, ადვოკატები, ექიმები, ჟურნალისტები და მაღალი მოხელეები.
მესამე წოდების მსგავსად, არც პირველი ორი პრივილეგირებული წოდება იყო ერთგვაროვანი. მაღალი სასულიერო და დაბალ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირებისას (შედარებისთვის, სტრასბურგის არქიეპისკოპოსის წლიური შემოსავალი შეადგენდა 1 მილიონ ლივრზე მეტს, უბრალო აბატისა — საშუალოდ 1000 ლივრამდე). კლერუსი ძირითად შემოსავალს მიწათმფლობელობიდან იღებდა, როგორც გადასახადებისაგან თავისუფალ წოდებას, მხოლოდ ნებაყოფლობითი „შენაწირის“ სახით თუ შეჰქონდა უმნიშვნელო თანხები სახელმწიფო ხაზინაში. მეორე წოდებაშიც არსებობდა თავადაზნაურული საგვარეულოების წარმომადგენლებისგან შემდგარი, ტიტულების მატარებელი ზედაფენა ე. წ. „დაშნის აზნაურები“, რომლებიც საგადასახადო პრივილეგიის გარდა, მათი ღირსების შესაბამისი უამრავი ტრადიციული ფეოდალური პრივილეგიითაც სარგებლობდნენ. მეორე წოდების ქვედა ფენას შეადგენდნენ ე. წ. „მანტიის აზნაურები“ — მდიდარი ბურჟუაზიიდან გამოსული სამოხელეო თავადაზნაურობა. ძველი რეჟიმის უზარმაზარ ბიუროკრატიულ აპარატში თითქმის ყველა თანამდებობა იყიდებოდა. მესამე წოდების მდიდარი წარმომადგენლები ყიდულობდნენ მაღალ თანამდებობებს და ამასთან ერთად, იღებდნენ სათავადაზნაურო პრივილეგიას — გადასახადებისგან გათავისუფლებასა და თავადის ტიტულსაც კი. XVIII საუკუნეში ამ გზით საფრანგეთში 50 ათასამდე ბურჟუა გააზნაურდა.
ფინანსური კრახი
რედაქტირება1788 წელს მეფე ლუი XVI-ის (1774–1793) ფინანსების გენერალურმა კონტროლიორმა ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რითაც პირველად აბსოლუტიზმის ისტორიაში საჯარო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამასთან ერთად გამოაშკარავდა, რომ სახელმწიფო გაკოტრების ზღვარზე იდგა.
„ძველი რეჟიმის“ ფინანსური გაკოტრება სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობამ განაპირობა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ხარჯები იყო: უამრავმა ომმა, რომელშიც ლუი XIV-ს დროიდან მოყოლებული, ჩაბმული აღმოჩნდა ევროპის ჰეგემონობის სურვილით შეპყრობილი საფრანგეთი (ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701–1714), ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის (1740–1748), შვიდწლიანი ომი (1756–1763)), ასევე ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სამხედრო მხარდაჭერამ დააცარიელა სახელმწიფო ხაზინა.
გაუმართლებლად დიდი თანხები იხარჯებოდა აგრეთვე სამეფო კარისა და სამეფო ოჯახის ზღვარს გადასული ფუფუნებისა და სიამოვნების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მეფე–მზის მემკვიდრის, ლუი XV-ის დროს, რაც აისახა კიდეც მის დევიზში: „ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულა“.
მაგრამ აბსოლუტური სახელმწიფოს ფინანსური კრახის უმთავრესი მიზეზი თავად აბსოლუტიზმის სისტემა იყო, მისი წოდებრივი მოწყობითა და აქედან გამომდინარე, უსამართლო, თანაც სრულიად არაეფექტური საგადასახადო პოლიტიკით.
უკედურესად მწვავე კრიზისულ ვითარებაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიზისიდან გამოსვლისა და ზოგადად სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტის გზას 170–წლიანი პაუზის შემდეგ გენერალური შტატების ამოქმედებაში ხედავდნენ. ამ ძველი, შუა საუკუნეების ეპოქის სათათბირო ინსტიტუტზე დიდ იმედს ამყარებდა სამივე წოდება, ოღონდ განსხვავებული მოსაზრებით: პირველი ორი მოელოდა მეფის ძალაუფლების შეზღუდვას და საკუთარიგავლენის გაძლიერებას, ბურჟუაზია — პოლიტიკური უფლებების მოპოვებას, გლეხობა — ფეოდალური წნეხისგან გათავისუფლებას.
ძველი რეჟიმის აგონია ვითარდებოდა ბუნებრივი კატასტროფებით დამძიმებული სამეურნეო კრიზის ფონზე. ქვეყანაში გახშირდა ამბოხებები. ლუი XVI საზოგადოების ნებას დაჰყვა და გენერალური შტატების 1789 წლის მაისისათვის მოწვევას დათანხმდა.
დასაწყისი
რედაქტირებაგენერალური შტატები
რედაქტირებაგენერალური შტატების შეკრება ვერსალში დებატებით დაიწყო. სადავო კენჭისყრისა და სხდომათა ჩატარების წესი გახდა. ძველი ტრადიციით წოდებები ცალ–ცალკე თათბირობდნენ, გადაწყვეტილების მიღებისას კი თითოეულ წოდებას მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა. მესამე წოდების წარმომადგენლებმა ამ ტრადიციული წესის ნაცვლად სამივე წოდების საერთო სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება მოითხოვეს. რადგან აშკარა გახდა, რომ მეფე მესამე წოდებისათვის დათმობას არ აპირებდა და ძველი წესის დაცვას დაბეჯითებით მოითხოვდა, დეპუტატმა სიეიესმა ამ საკითხის გადასაწყვეტად გენერალური შტატების ყველა წევრი, განურჩევლად წოდებრივი კუთვნილებისა, საერთო სხდომაზე მიიწვია. ამ სხდომაზე, რომელიც 1789 წლის 17 ივნისს გაიმართა, მესამე წოდებას პირველი ორი წოდების ზოგიერთი წარმომადგენელიც შეუერთდა. კრებამ დადგინა, რომ ის მოსახლეობის, სულ მცირე, 96%–ს მაინც წარმოადგენდა და შესაბამისად, უფლებამოსილი იყო ელაპარაკა ერის სახელით. ამდენად, შეკრებილებმა თავი „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადეს. ეს იყო გადამწყვეტი რევოლუციური აქტი, რითაც წოდებათა წარმომადგენლები გაემიჯნენ ძველ სახელმწიფოებრივ წყობას და პირველი ნაბიჯი გადადგეს „ხალხის სუვერენიტეტისა“ და „საერთო ნების“ პრინციპების დასამკვიდრებლად. სულ მალე „ეროვნულ კრებას“ პირველი წოდების უმრავლესობა და ლიბერალურად განწყობილი თავადაზნაურობის ნაწილი შეუერთდა.
ძველი რეჟიმი სრულიად უსუსური ხრიკებით ცდილობდა რევოლუციური პროცესების შეჩერებას. 20 ივნისს დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაკეტილი დახვდათ. მათ ახლომდებარე „საბურთაო დარბაზში“ გადაინაცვლეს და ფიცი დადეს, არ დაშლილიყვნენ, სანამ ერს ახალ კონსტიტუციას არ მისცემდნენ. 9 ივლისს წარმომადგენლებმა ერთხმად გამოაცხადეს თავი „დამფუძნებელ (საკონსტიტუციო) კრებად“. მეფე იძულებული გახდა ეღიარებინა ახლადშექმნილი საკანონმდებლო ორგანო.
ძველი რეჟიმის ეს უკანდახევა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. მეფე „დამფუძნებელი კრების“ შექმნისთანავე ფიქრობდა გენერალური შტატების ძალით დაშლას, მაგრამ მაშინ თავი შეიკავა. 11 ივლისს კი დამატებითი, ძირითადად დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცებისაგან შემდგარი შეიარაღებული ძალები აამოქმედა პარიზსა და ვერსალში. გარდა ამისა, დაითხოვა (მეორედ) ლიბერალურად განწყობილი მინისტრი ნეკერი.
ბასტილიის აღება
რედაქტირებაძველი რეჟიმის ამ ნაბიჯებში პარიზელებმა სამეფო კარის კონტრრევოლუციური შეთქმულების საფრთხე დაინახეს და იარაღს მოჰკიდეს ხელი. შეიქმნა ასევე სამოქალაქო მილიცია, რომელიც შემდგომში ნაციონალურ გვარდიად ჩამოყალიბდა. 14 ივლისს შეიარაღებული ხალხის მასამ იერიში მიიტანა ბასტილიის ციხეზე და აიღო აბსოლუტიზმის სიმბოლოდ ქცეული სახელმწიფოს ეს მთავარი საბყრობილე. თავდაპირველად, ციხის აღება დაგეგმილი არც იყო, მაგრამ ციხის კომენდანტმა ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა ციხის აღება. ლუი XVI-ის დროს ბასტილიას ცუდი სახელიღა ჰქონდა შემორჩენილი. ეს იყო საკმაოდ სუსტად დაცული ციხე, პატიმრობის შერბილებული პირობებით და არა უწინდებურად პირქუში, შიშისმომგვრელი და აუღებელი ციხესიმაგრე.
17 ივლისს მეფე ლუი XVI იძულებული გახდა პარიზში ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. პარიზის ახალმა ქალაქის თავმა „ერისა და გვირგვინის ერთობის“ ნიშნად მას სამფეროვანი კოკარდა გადასცა (ლურჯი და წითელი პარიზისა და თეთრი სამეფო გვარის (ბურბონების) ფერი იყო. ლურჯი, თეთრი და წითელი შემდგომში სამფეროვანი ეროვნული დროშის ფერებად აირჩიეს).
„დიდი შიში“
რედაქტირებაივლისში პარიზში განვითარებული მოვლენების ზეგავლენით მასობრივი მღელვარება დაიწყო პროვინციებშიც. გლეხები არბევდნენ, წვავდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივი ბატონების მამულებსა და სასახლეებს, ინაწილებდნენ მათ მიწებსა და ტყეებს. ყოფილი ყმების მრისხანე შურისძიებამ „დიდი შიში“ აღძრა თავადაზნაურობაში. დიდგვაროვნები მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან.
საყოველთაო პანიკამ მოიცვა სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც. ხალხს ქვეყნის გარედან (ავსტრიის, პრუსიისა და ინგლისის) შეიარაღებული ინტერვენციის ეშინოდა. ამიტომ ყველგან იქმნებოდა მოხალისეთა შეიარაღებული რაზმები.
პარიზელების რევოლუციური მაგალითი მისაბაძ ნიმუშად იქცა ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქების მოსახლეობისთვისაც (სტრასბურგი, ტრუა, ამიენი, რუანი და სხვ.). აქაც შეიარაღებული მოქალაქეები არბევდნენ ციხეებსა და ქალაქის გამგეობის შენობებს. ქმნიდნენ მუნიციპალური მმართველობის ახალ არჩევით ორგანოებს. ამდენად, ეს უკანასკნელი მოვლენები „მუნიციპალური რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი.
ეროვნული კრება 1789–1791
რედაქტირებაპარიზსა და პროვინციებში 1789 წლის ივლის-აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე მყისიერი რეაგირება მოახდინა ეროვნულმა კრებამ. „დიდი შიშის“ დროს საკუთრების მასობრივმა ხელყოფამ უშუალოდ შელახა ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი სამივე წოდების მსხვილ მესაკუთრეთა ინტერესები. სოფლად შექმნილი მდგომარეობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების მიზნით ეროვნულმა კრებამ 4–5 აგვისტოს ღამის სხდომაზე ფეოდალური პრივილეგიები გაუქმებულად გამოაცხადა. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით საფრანგეთში ბოლო მოეღო ფეოდალურ სისტემას და საფუძველი ჩაეყარა ყველა ფრანგის თანასწორუფლებიანობას კანონის წინაშე. მაგრამ 4–5 აგვისტოს გადაწყვეტილება არ ყოფილა და არ აძლევდა გლეხობას დამშვიდებისა და კმაყოფილების საფუძველს, რადგან გლეხს ფეოდალური ვალდებულებებისაგან მხოლოდ გარკვეული გამოსასყიდის ფასად ათავისუფლებდა. ფეოდალური წნეხისგან გლეხობის სრული და უსასყიდლო გათავისუფლება მხოლოდ მოგვიანებით, 1793 წლის ივლისში, რიგით მესამე რევოლუციური პარლამენტის – კონვენტის დადგენილებით მოხდა.
1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი „ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია“, რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას. დეკლარაცია გაჟღენთილი იყო განმანათლებლობის სულისკვეთებით და შესაბამისად, ამკვიდრებდა ადამიანის ბუნებრივი უფლებების პატივისცემის, ძალაუფლების დაყოფის, „საერთო ნებისა“ და „სახალხო სუვერენიტეტის“, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპებს. საფრანგეთის რევოლუციის დროს შემუშავებული ეს დეკლარაცია თანამედროვე დემოკრატიისათვის ფუძემდებლური დოკუმენტია. „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის“ ძირითადი იდეები მოკლედ და ყველასთვის გასაგები ფორმით გამოიხატა რევოლუციის მთავარ ლოზონგში – „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.
დამფუძნებელი კრების 1789 წლის აგვისტოს დადგენილებებმა ლუი XVI-ის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. არლის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში მეფე ირწმუნებოდა, რომ არ დაუშვებდა „მისი სამღვდელოებისა“ და „მისი თავადაზნაურობის“ ამგვარ შევიწროებას. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ 1789 წლის სექტემბერში მეფეს სუსპენსიური (შეჩერების ძალის მქონე) ვეტოს უფლება მიანიჭა. მართალია, ამიერიდან მეფე ვერაფერს ვეღარ აკრძალავდა, მაგრამ შეძლებდა ნებისმიერი საკანონმდებლო პროცესის შეფერხებას.
პარიზის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო მოვლენების ამგვარი განვითარებით. პარიზელთა უკმაყოფილება იზრდებოდა ქალაქის სურსათით მომარაგების გაუარესებასთან ერთად. უბრალო ხალხისათვის მათი უკიდურესი გაჭირვების თავიდათავი საძულველი სამეფო კარი იყო. 1789 წლის ოქტომბრის დასაწყისში სახელდახელოს შეიარაღებული (ჯოხებით, ცულებით და ა.შ.) 6 ათასი პარიზელი ქალი, ძირითადად ბაზრის მოვაჭრეები, ვერსალისაკენ დაიძრნენ. ისინი მეფისგან პურს ითხოვდნენ. სამეფო გვარდიამ ვერ შეძლო მათი შეჩერება. ხალხმა მეფე იძულებით გამოიყვანა პარიზში ტიულრის სასახლეში. ხალხის მასების ზეწოლით მეფემ ცნო დამფუძნებელი კრების მიერ იმ დროისათვის მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
პარიზში გადავიდა დამფუძნებელი კრებაც და იქ განაგრძო საქმიანობა. ვითარების გამოსწორების მიზნით, უპირველეს ყოვლისა კი სახელმწიფო ვალის დასაფარავად, კრებამ ჯერ (1789 წლის 2 ნოემბერს) საეკლესიო მიწები გამოაცხადა ნაციონალიზებულად ანუ სახელმწიფო საკუთრებათ, მოგვიანებით კი (იმავე წლის დეკემბერში) ყოფილი საეკლესიო ქონების სავარაუდო გასაყიდი ღირებულების (400 მლნ ლივრი) შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ობლიგაციების ე.წ. ასიგნატების გამოშვება დაადგინა. ასიგნატები მალე ერთგვარ ქაღალდის ფულად იქცა და ასევე სწრაფად გაუფასურდა.
საეკლესიო ქონების ნაციონალიზაციას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის განმსაზღვრელი დეკრეტები მოჰყვა. ამ დეკრეტებით დამფუძნებელმა კრებამ დააწესა „სამღვდელოების სამოქალაქო მოწყობა“. კათოლიციზმი რჩებოდა სახელმწიფო რელიგიად, მაგრამ ამიერიდან საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია ექვემდებარებოდა არა ვატიკანს, არამედ ფრანგულ სახელმწიფოს. სკოლა წყდებოდა ეკლესიას და სამოქალაქო გამგებლობაში გადადიოდა. სასულიერო პირებს ამომრჩევლები ირჩევდნენ, ხელფასს კი მათ სახელმწიფო უხდიდა. სამღვდელოებას კონსტიტუციაზე უნდა დაედო ფიცი. დადგენილება „სამღვდელოების სამოქალაქო მოწყობის“ შესახებ ღვთისმსახურთ ფაქტობრივად უთანაბრებდა არჩევით თანამდებობებზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებს.
1791 წლის კონსტიტუცია
რედაქტირება„საბურთაო დარბაზში“ დადებული ფიცის ერთგული დამფუძნებელი კრების საკანონმდებლო საქმიანობის მთავარი მიზანი კონსტიტუციის შემუშავება იყო. დამფუძნებელი კრების დეპუტატთა უმრავლესობა სახელმწიფოებრივი წყობის კონსტიტუციური მონარქიის ფორმას ემხრობოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე (1791 წლის ივნისში) მეფემ და დედოფალმა ქვეყნიდან გაქცევა სცადეს, ხალხში და რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მონარქიის დამხობისა და რესპუბლიკის დამყარების მომხრეთა ხმები.
დამფუძნებელი კრების კონსტიტუციური მონარქიის მომხრე უმრავლესობამ ე.წ. „ვარენის კრიზის“ (მსახურის სამოსში გადაცმული მეფე და დედოფალი ქალაქ ვარენთან ამოიცნეს და დააკავეს) განსამუხტავად მეფის ოჯახის სამარცხვინო გაქცევა „მეფის მოტაცების“ ცრუ ვერსიით შენიღბა და დააჩქარა კონსტიტუციის მიღება.[7] 1791 წლის 13 სექტემბერს მეფის მიერ ხელმოწერილი და დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა.
1791 წლის კონსტიტუციით განისაზღვრა ახალი საარჩევნო წესიც.
ახალი რევოლუციური პოლიტიკური კულტურა
რედაქტირებასაფრანგეთის რევოლუციის პროცესში ყალიბდებოდა სრულიად ახალი პოლიტიკური კულტურა. ახალი რევოლუციური ფასეულობები ღრმად აღწევდა ფრანგების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოფითი ნივთებიც კი რევოლუციურ სულისკვეთებას გამოხატავდნენ. პოლიტიკური ცხოვრებისა თუ პოლიტიკით ცხოვრების ფრანგული სტილი სწრაფად ვრცელდებოდა ევროპის დანარჩენ ქვეყნებში.
სწორედ საფრანგეთის რევოლუციის წლებში ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა ხალხის ფართო მასების, მაგალითად, პარიზელი სანკიულოტების სახით, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი გარდატეხის პროცესში და ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
პირველი რესპუბლიკა
რედაქტირებასაკანონმდებლო კრება
რედაქტირება1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება, რომელსაც ამჯერად საკანონმდებლო კრება ეწოდა.
ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ფეიანები შეადგენდნენ. თავდაპირველად ისინი, პოლიტიკურად მერყევ დეპუტატთა დიდ ნაწილთან ერთად, უპირატესობას ფლობდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყო დეპუტატთა მცირე ჯგუფი, რომელთა უმრავლესობაც ბრისოს გარშემო ერთიანდებოდა. მოგვიანებით ამ ჯგუფს ჟირონდისტები უწოდეს (ეს დეპუტატები ძირითადად დეპარტამენტ ჟირონდიდან იყვნენ). ჟირონდისტები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის დამყარების აზრისკენ. უკიდურეს მემარცხენე პოზიციას იკავებდა რობესპიერის მომხრე იაკობინელთა მეტად მცირერიცხოვანი ჯგუფი (თავად რობესპიერი საკანონმდებლო კრებაში ვერ მოხვდა თავის დროზე, მისივე წინადადების შესაბამისად მიღებული კანონის გამო, რომელიც კრძალავდა დამფუძნებელი კრების ყოფილი დეპუტატების არჩევას ახალ საკანონმდებლო ორგანოში). ამ დეპუტატებს „მონტანიარებს“ უწოდებდნენ, რადგან ისინი ჩვეულებრივ, საკანონმდებლო კრების დარბაზში ამფითეატრის ბოლო იარუსის სკამებზე ისხდნენ.
რევოლუცია და ომი
რედაქტირებასაფრანგეთში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს როგორც ფრანგი ემიგრანტი თავადაზნაურობა (მათ შორის იყო ლუი XVI-ის ძმები, მათი თავშეყრის ადგილი იყო გერმანული ქალაქი კობლენცი), აგრეთვე ევროპელი მონარქები. მათ ერთად დაიწყეს ინტერვენციისათვის მზადება.
1791 წლის აგვისტოში ავსტრიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის ერთობლივ განცხადებაში („პილნიცის დეკლარაცია“) უკვე აშკარად გაისმა ფრანგი მონარქის უფლებების აღდგენის მიზნით სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა.
შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ჟირონდისტებმა და გააჩაღეს პროპაგანდა „მსოფლიოს წამყვან ერად“ ქცეული ფრანგების მხრიდან სხვა ერებისათვის თავისუფლების მომტანი რევოლუციური ომების წარმოების სასარგებლოდ. საყოველთაო საომარ ეიფორიას მხოლოდ ერთეულები გაემიჯნენ. მათ შორის რობესპიერიც, რომელმაც საკუთარი პოზიცია მოკლე ფრაზით გამოხატა: „არავის უყვარს შეიარაღებული მისიონერები“.
1792 წლის 20 აპრილს ლუი XVI–მ და საკანონმდებლო კრებამ ომი გამოუცხადეს ავსტრიის იმპერატორს. მაგრამ საფრანგეთის არმია არ იყო მზად ომისათვის. ცნობები საფრანგეთის ჯარების მიერ ზედიზედ განცდილი მარცხის შესახებ ნათელს ხდიდა საფრთხეს, რომელიც ქვეყანასა და მის დედაქალაქს ემუქრებოდა.
1792 წლის 11 ივლისს საკანონმდებლო კრებამ მიმართა თანამოქალაქეებს მოხალისეთა მასობრივი მობილიზაციის მოწოდებით. „სახელმწიფო საფრთხეშია“ – აცხადებდა საკანონმდებლო კრების მიერ გამოშვებული შესაბამისი დეკრეტი.
საფრანგეთის ყოველ დეპარტამენტში (1791 წლის კონსტიტუციით ტრადიციული პროვინციების ნაცვლად ქვეყანა 83 ახალ ადმინისტრაციულ ერთეულად – დეპარტამენტად დაიყო) იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები. რუჟე დე ლილის „რაინის არმიის სიმღერას“, რომელსაც ფრინტზე მიმავალი მარსელელი მოხალისეები მღეროდნენ, მალე მთელი ქვეყანა მღეროდა. „მარსელიოზად“ წოდებული ეს სიმღერა, დღეს საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნია.
მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ენთუზიაზმი არ იყო საკმარისი. ამასობაში ქვეყანაში სურსათის ნაკლებობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ინფლაციამ ასიგნატების 40%–იანი გაუფასურება გამოიწვია.
პარიზში სამხედრო მობილიზაციის პერიოდში გააქტიურდნენ კომუნის სექციები (პარიზი 48 ასეთ სექციად იყო დაყოფილი). 3 აგვისტოს პარიზამდე მიაღწია ცნობამ ინტერვენტთა ჯარების მთავარსარდლის, ბრაუნშვაიგის ჰერცოგის მანიფესტის (1792 წლის 25 ივლისი) შესახებ, რომელშიც ჰერცოგი სამეფო ოჯახის ხელშეუხებლობის დარღვევის შემთხვევაში პარიზს „სრული განადგურებით“ ემუქრებოდა.
ხალხმა ამ მანიფესტის უკან მეფის „ღალატი“ დაინახა. პარიზში სექციების კრებამ საყოველთაო შეიარაღება და მეფის ტახტიდან ჩამოგდება მოითხოვა. პარიზელი სანკიულოტების ეს მოთხოვნები მნიშვნელოვანწილად მათი მძიმე ყოფით იყო განპირობებული, რაშიც ისინი მეფესა და ეროვნულ კრებას ადანაშაულებდნენ.
მეორე დღეს (10 აგვისტოს) პარიზელმა სანკიულოტებმა იერიში მიიტანეს ტუილრის სასახლეზე და დაატყვევეს მეფე და მისი ოჯახი.
ქუჩის ზეწოლით საკანონმდებლო კრებამ ცენზისგან თავისუფალი ახალი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. შეიქმნა ახალი მთავრობა – „დროებითი აღმასრულებელი საბჭო“, რომელიც კომუნაზე იყო დამოკიდებული. ძირითადად ჟირონდისტებისაგან შემდგარ ამ მთავრობაში შევიდა ერთადერთი მონტანიარი – დანტონი (დაიკავა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა). მთავრობის დეკრეტმა დაადგინა ახალი საკანონმდებლო ორგანოს – ეროვნული კონვენტის არჩევნების წესი, რომელიც ხმის უფლებას ანიჭებდა ყველა მამაკაცს 21 წლის ასაკიდან. პირველად ისტორიაში შემოიღეს საყოველთაო საარჩევნო უფლება (მამაკაცებისთვის). მაგრამ საარჩევნო სისტემა კვლავინდებურად ორსაფეხურიანი იყო.
1792 წლის 21 სექტემბერს, ფრანგული რევოლუციური არმიის მიერ ვალმისთან მოპოვებული პირველი გამარჯვების მეორე დღეს, შეიკრიბა ახალი წესით არჩეული ნაციონალური კონვენტი, რომელმაც საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან და 1792 წლის 21 სექტემბერი „ახალი ხანის“ ათვლის თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად გამოცხადდა (შეიცვალა თვეების სახელწოდებებიც).
კონვენტში ერთ დროს ერთიან მემარცხენე პოზიციაზე მდგარი ჟირონდისტები და იაკობინელები საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩნდნენ. 200 ჟირონდისტი დეპუტატი ახალ მემარჯვენე ძალად, 120 იაკობინელი კი მემარცხენე „მთის“ პარტიად ჩამოყალიბდა. „მთასა“ და „ჟირონდას“ შორის აღმოჩნდა მერყევი ცენტრი, რომელიც კონვენტის უმრავლესობას შეადგენდა. დეპუტატთა ამ ჯგუფს „ჭაობი“ ეწოდა.
ძირითადი სამუშაო კომიტეტებს დაეკისრათ. წამყვან როლს „ეროვნული ხსნის კომიტეტი“ ასრულებდა. 1793 წელს ამ კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლება აიღო ხელში. ამასთანავე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა უსაფრთხობის კომიტეტმა, რომელიც პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდა. კონვენტს უამრავი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი: რესპუბლიკური კონსტიტუციის შემუშავება, რევოლუციური ომების წარმოება, ქვეყნის შიგნით ამბოხებების, განსაკუთრებით კი კონტრრევოლუციის მთავარ კერაში – ვანდეაში მეფისა და ეკლესიის მომხრე გლეხობის წინააღმდეგობის დაძლევა, პარიზის მოსახლეობის სურსათით მომარაგება და მეფისა და მისი ოჯახის ბედის გადაწყვეტა.
ყველა ეს საკითხი ჟირონდისტებსა და იაკობინელებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა, მათ შორის ლუი XVI-ის გასამართლების პროცესის. კონვენტის უმრავლესობა მეფეს დამნაშავედ მიიჩნევდა კონტრრევოლუციურ ძალებთან კონტაქტის გამო, მაგრამ სადავი იყო სასჯელის ზომა. ჟირონდისტებს უცხოეთის მკაცრი რეაქციის ეშინოდათ და არ სურდათ სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენება მეფის მიმართ. ამას ემატებოდა ისიც, რომ კონსტიტუციის მიხედვით, მეფე ხელშეუხებელი იყო. მეფის გასამართლებაზე დავას ერთმა შემთხვევამ დაუსვა წერტილი. ტიულრის სასახლეში აღმოაჩინეს საიდუმლო სეიფი, რომელშიც ლუის გადამალული დოკუმენტები ინახებოდა. ამ დოკუმენტებით აღმოჩნდა, რომ ლუი XVI-ს კავშირი ჰქონდა ემიგრაციაში მყოფ ძმებთან. ასევე აღმოჩნდა, რომ მეფესთან საიდუმლო კავშირს ამყარებდნენ მირაბო და ლაფაიეტიც. ჟიროდინისტებს აღარ შეეძლოთ მეფის დაცვა. 1793 წლის 16 იანვარს კონვენტში კენჭისყრა გაიმართა. 721-დან ლუის სიკვდილით დასჯას მხარი 387-მა დეპუტატმა დაუჭირა. თავისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებასა და ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაში მხილებულ ლუი XVI-ს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 1793 წლის 21 იანვარს მეფეს თავი მოკვეთეს ახლად გამოგონებული მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც, თავის დროზე, თავად ლუი XVI-მ გასცა პატენტი. ამოქმედდა რევოლუციური რეპრესიების აღმასრულებელი მთავარი მანქანა. გილიოტინა, რომელსაც იაკობინელებმა „თანასწორობის ნამგალი“ შეარქვეს, კიდევ დიდხანს არ გაჩერებულა. 1793 წლის მარტში კონვენტმა შექმნა საგანგებო სასამართლო ორგანო – რევოლუციური ტრიბუნალი, რომელიც უწყვეტად ამარაგებდა ეშაფოტს რეპრესიების მორიგი მსხვერპლით.
იაკობინელები ხელისუფლებაში
რედაქტირებამას შემდეგ, რაც ჟირონდისტებმა მეფის სიკვდილით დასჯას მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვნად შეირყა მათ მიმართ სანკიულოტების ნდობა. ჟირონდისტების პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდა 1793 წლის გაზაფხულზე ფრანგული არმიის წარუმატებლობების, პარიზში სურსათით მომარაგების გაუარესებისა და ვანდეაში როიალისტების (მეფის მომხრეების) წინააღმდეგობის გაძლიერების ზეგავლენით.
პარიზელი სანკიულოტები კონვენტისაგან, უპირველეს ყოვლისა, პურზე ფასის მაქსიმუმის დაწესებას მოითხოვდნენ. ჟირონდისტები კი ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგი იყვნენ.
1793 წლის 2 ივნისს 8 ათასი შეიარაღებული მოქალაქე და გვარდიელი (მათ არსენალში იყო 100 ქვემეხიც) კონვენტში შეიჭრა და დააპატიმრა 29 წამყვანი ჟირონდისტი დეპუტატი. ძალაუფლება „მთის“ პარტიის ხელში გადავიდა. ბევრმა ჟირონდისტმა პროვინციებს შეაფარა თავი და იქ ქმნიდა ოპოზიციურ მოძრაობას.
იაკობინელთა ახალი ხელისუფლება სანკიულოტების ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. 1793 წლის 24 ივნისს კონვენტმა მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუცია, რომელიც იცავდა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს. აღმასრულებელი ხელისუფლება („აღმასრულებელი საბჭო“) პარლამენტს ექვემდებარებოდა. აგვისტოში კონსტიტუცია დასამტკიცებლად ხალხს გადაეცა. იაკობინელებმა ადამიანის უფლებების დეკლარაცია სოციალური უფლებებით, კერძოდ შრომისა და განათლების უფლების მინიჭებით, განავრცეს. თუმცა, ამავე დროს ძალაში რჩებოდა დამფუძნებელი კრების მიერ (1791 წლის ივნისი) მიღებული კანონი გაფიცვებისა და მუშების პროფესიულ გაერთიანებათა შექმნის აკრძალვის შესახებ. კონსტიტუცია ძალაში უნდა შესულიყო რევოლუციური ომის დასრულების შემდეგ. ამდენად, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია არც კი ამოქმედებულა.
იაკობინელთა საკანონმდებლო საქმიანობა არ აკმაყოფილებდა სანკიულოტებს. ისინი ემხრობოდნენ უკიდურესად რადიკალურ ჯგუფს ე.წ. „ცოფიანებს“ და იზიარებდნენ ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერის, ყოფილი მღვდლის ჟაკ რუს იდეებს; სახელდობრ, ყველა სახის საქონელზე მყარი ფასების (ფასის მაქსიმუმის) დაწესებას, ხალხის გაჭირვების ხარჯზე გამდიდრებული გადამყიდველებისა და ზოგადად „ხალხისა და რევოლუციის მტრების“ – მდიდრებით სიკვდილით დასჯას, მათი ქონების კონფისკაციასა და თანაბრად განაწილებას ღარიბთა შორის. სანკიულოტები უკმაყოფილონი იყვნენ „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის“ საქმინობითაც, რომელსაც დანტონი ხელმძღვანელობდა. იაკობინელები დაჰყვნენ პოლიტიკურად რადიკალიზებული მასების მოთხოვნებს, დანტონი და დანტინისტები დაითხოვეს „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტიდან“ და თავად დაიკავეს მათი ადგილები (1793 წლის ივლისში კომიტეტს რობესპიერი ჩაუდგა სათავეში), მოგვიანებით კი (იმავე წლის სექტემბერში) მიიღეს „კანონი დიდი მაქსიმუმის“ შესახებ. კანონმა განსაზღვრა როგორც მაქსიმალური მტკიცე ფასი ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტზე, ისე ხელფასის მაქსიმუმიც. დაწესებული მაქსიმუმის დამრღვევთათვის პატიმრობა იყო გათვალისწინებული.
„დიდი ტერორი“
რედაქტირებასანკიულოტების უშუალო ზეწოლის შედეგი იყო ისიც, რომ 1793 წლის სექტემბერში იაკობინელებმა „დღის წესრიგში დააყენეს ტერორი“. რობესპიერის განმარტებით, თავისუფლების დაცვა მხოლოდ ძალის მეშვეობით იყო შესაძლებელი. დადგა „დიდი ტერორის“ ხანა. დიქტატორული ძალმომრეობა ამიერიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
სექტემბერშივე იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი „არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ“, რომელიც ადგენდა საეჭვო პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. „საზოგადოებრივი წესრიგის მტრების“ გამოვლენა და დაპატიმრება „საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის“ ქვემდებარე „უშიშროების კომიტეტს“ დაევალა. დასმენა „რევოლუციურ სიქველედ“ გამოცხადდა. 16 ოქტომბერს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს დედოფალ მარი ანტუანეტის.[8] სიკვდილით დასაჯეს ასევე ივნისში დაპატიმრებული ჟირონდისტები. 1793 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დააპატიმრეს დაახლოებით 3 ათასი პირი, 1794 წლის ზაფხულამდე კი მთელი ქვეყნის მასშაბით სიკვდილით დაისაჯა სავარაუდოდ 35 ათასი ადამიანი. „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო.
1794 წლის თებერვალ–მარტში მიღებული კანონები (ვანტოზის დეკრეტები) „რევოლუციის მტრების“ ქონების კონფისკაციასა და მის ღარიბთა შორის დანაწილებას მოითხოვდა.
1794 წლისთვის რობესპიერისა და მისი უახლოესი გარემოცვის დიქტატურას შეუტიეს როგორც მარცხნიდან – ებერტის გარშემო გაერთიანებულმა „ულტრარევოლუციონერ“ იაკობინელთა ჯგუფმა, ისე მარჯვნიდან – დანტონმა და მისმა თანამოაზრე „ზომიერებმა“. ებერტისტები დიქტატურისა და ტერორის გამკაცრებას მოითხოვდნენ, დანტონისტები კი პირიქით, რობესპიერს პოლიტიკის შერბილებისა და ზომიერებისაკენ მოუწოდებდნენ.
ამ შემოტევების პასუხად დიქტატურამ 1794 წლის მარტსა და აპრილში გილიოტინაზე აიყვანა ჯერ ებერტი და ებერტისტები, ორი კვირის შემდეგ კი დანტონი და მისი „ზომიერები“. 1794 წლის ივნისში სიკვდილით დასჯის პროცედურის დასაჩქარებლად რობესპიერმა შეიმუშავა და გამოსცა კანონი რევოლუციური ტრიბუნალის რეორგანიზაციის შესახებ. კანონით უქმდებოდა ბრალდებულთა წინასწარი დაკითხვა და დამცველის ინსტიტუტი. იაკობინელების ტერორს ბოლო არ უჩანდა.
კონვენტის კულუარებში „ჭაობი“ რობესპიერის ტირანიაზე ალაპარაკდა და რობესპიერისა და მისი ჯგუფის მოწინააღმდეგეთა იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ტერორს გადაურჩა, გადაწყვიტა წერტილი დაესვა ტირანიისათვის. 1794 წლის 27 ივლისს (9 თერმიდორს) დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები. მეორე დღეს მათ გილიოტინაზე დაასრულეს სიცოცხლე. შურისძიება სასტიკი იყო. გილიოტინირებულ იქნა რობესპიერის ჯგუფის ორი წევრის, რობესპიერის უმცროსი ძმისა და ლებას ცხედრებიც კი (ორივემ დაპატიმრებისას მოიკლა თავი).
იაკობინელები დაისაჯნენ მათ მიერვე ერთი თვით ადრე დაკანონებული წესით – გამოძიებისა და გასამართლების გარეშე.
რესპუბლიკიდან იმპერიამდე
რედაქტირებასაფრანგეთის დირექტორია
რედაქტირებარობესპიერის დიქტატურის აღსასრულის შემდეგ ძალაუფლება კონვენტის „ცენტრის“ ზომიერი პოლიტიკური ძალების ხელში გადავიდა. ამჯერად კანონმდებლობას საკუთრივ უმრავლესობა განსაზღვრავდა და არა იაკობინელებისა თუ ჟირონდისტების ცალკეული ფრაქციები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში რეალურად უმცირესობას წარმოადგენდნენ.
1795 წელს ზომიერმა „ცენტრმა“ ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. კანონი უბრუნდებოდა საარჩევნო უფლების ცენზით (ასაკობრივი, ქონებრივი) შეზღუდვას, მაგრამ ამავე დროს, ითვალისწინებდა ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის ფორმას, როგორიცაა პლებისციტი. კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი იყო. აღმასრულებელი ხელისუფლება კონცენტრირებული იყო ხუთკაციანი „დირექტორიის“ ხელში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა – „უხუცესთა საბჭო“ ირჩევდა.
უახლოესი რევოლუციური წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სანკიულოტების ძალადობისა და იაკობინელთა ტერორის გათვალისწინებით, კონსტიტუცია პირველად, მოქალაქეთა უფლებებთან ერთად, მათ მოვალეობებსაც განსაზღვრავდა, კანონისა და საკუთრების ხელშეუხებლობის პატივისცემას მოითხოვდა.
თერმიდორიანული (რობესპიერის დიქტატურა ახალი კალენდრით 9 თერმიდორს (27 ივლისი) დაემხო, ამიტომ ახალი შემადგენლობის მქონე კონვენტს თერმიდორიანული ეწოდა) კონვენტისა და დირექტორიის მმართველობის დროს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მხრიდან მეურნეობის რეგულირებაზე და გააუქმეს რობესპიერისეული „დიდი მაქსიმუმი“, დამძიმდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. პურის ფასი მკვეთრად გაიზარდა, ასიგნატები საბოლოოდ გაუფასურდა. 1795 წლის ზაფხულამდე მშიერთა არაერთი ამბოხება მოხდა. სანკიულოტები „პურსა და 1793 წლის კონსტიტუციას“ მოითხოვდნენ.
თერმიდორიანელთა ხელისუფლებას სხვადასხვა მხრიდან უტევდნენ. 1795 წლის შემოდგომაზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ მონარქისტებს, 1796 წლის მაისში კი, შეთქმულება მოაწყვეს უკიდურესად მემარცხენე ეგალიტარისტ ბაბეფის მომხრეებმა.
1795–1796 წლების შემოტევებისაგან რესპუბლიკიდან ხსნა თერმიდორიანელთა ხელისუფლებამ მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური არმიის დახმარებით შეძლო. საშინაო პრობლემების გადაჭრაში არმიის მონაწილეობამ, მის მიერ რევოლუციის გარე მტრებთან ფრონტზე მოპოვებულ წარმატებებთან ერთად, განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინა არმიას. სამოქალაქო სულისკვეთებას თანდათანობით „დიდი ერის“ სამხედრო გამარჯვებების სულისკვეთება ცვლიდან.
სამოქალაქო ხელისუფლება სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა სამხედრო ძალაზე სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ფინანსური კრიზისის დაძლევის საკითხებში. ქაღალდის ფულის სრული გაუფასურების პირობებში, დირექტორიას ოქროსა და ვერცხლის ფული და სხვა მატერიალური რესურსები ესაჭიროებოდა. ხაზინის შევსების მნიშვნელოვანი წყარო სამხედრო კონტრიბუციები შეიძლება გამხდარიყო. მათი მოპოვება მხოლოდ არმიას შეეძლო.
დირექტორია, მისი მერყევი პოლიტიკით, ვერ უმკლავდებოდა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას. ყოფილი „ჭაობის“ შიგნით მწიფდებოდა აზრი რევოლუციისათვის წერტილის დასმისა და მყარი, ქმედითი ხელისუფლების დამყარების შესახებ. „საჭიროა ერთი თავი და ერთი მახვილი, რომელიც ამ თავს დაემორჩილება“ – ასე გამოხატა „ჭაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და დირექტორიის წევრმა სიეიესმა თერმიდორიანელთა ერთი ნაწილის ახალი მისწრაფება.
რადგან ლეგალურად კონსტიტუციის გადასინჯვა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ შეიძლებოდა, ძლიერი და სტაბილური მმართველობის სისტემის შექმნის მომხრეებმა დაიწყეს მზადება სახელმწიფო გადატრიალებისათვის. შეირჩა „ერთი მახვილის“ როლის შემსრულებელიც. არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა კორსიკელ არტილერიის გენერალზე ნაპოლეონ ბონაპარტზე. სწორედ მისი წყალობით შეძლო თავის დროზე დირექტორიამ მონარქისტული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ალაგმვა. გაწეული სამსახურისათვის ჯილდოდ ნაპოლეონმა იტალიაში მოქმედი ფრანგული არმიის მთავარსარდლობა მიიღო.
მისმა პირველმა დამოუკიდებელმა კამპანიამ ნაპოლეონს მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება მოუტანა და სახელი გაუთქვა. მცირე ძალებით (სულ 38 ათასი ჯარისკაცი, რაც რიცხობრივად თითქმის ორჯერ ნაკლები იყო მოწინააღმდეგე ავსტრიისა და პიემონტის ჯარზე) მან შეძლო საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეკრული კოალიციის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის – ავსტრიის ჯარების დამარცხება და აიძულა ავსტრიის იმპერატორი ფრანც II, ზავი დაედო მასთან (კამპოფორმიოს ზავი, 1799). ავსტრია კარგავდა ტერიტორიებს იტალიაში (ვენეციის გარდა) და აღიარებდა იქ შექმნილ ფრანგული რესპუბლიკის „შვილობილ რესპუბლიკებს“.
მაგრამ წარუმატებლად დასრულდა ნაპოლეონის ეგვიპტის კამპანია, რომელიც დირექტორიამ წამოიწყო კიდევ ერთი მოწინააღმდეგის – ინგლისისათვის დარტყმის მისაყენებლად. ეგვიპტის დაკავებით საფრანგეთის მთავრობა ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის დაწესებას, ინგლისისათვის კოლონიებისაკენ მიმავალი გზის მოჭრას და საკუთარი კოლონიური სამფლობელოების გაფართოებას ვარაუდობდა.
ნაპოლეონის არმიამ, მართალია, გაიმარჯვა ხმელეთზე (1798 წლის 21 ივლისს ნაპოლეონის ჯარმა გაანადგურა მამლუქები პირამიდებთან ბრძოლაში და დაიკავა კაირო), მაგრამ დამარცხდა ინგლისელებთან საზღვაო ბრძოლაში აბუკირთან (1798 წლის 1 აგვისტოს ინგლისის საზღვაო ესკადრამ ადმირალ ნელსონის მეთაურობით გაანადგურა ფრანგული სამხედრო ხომალდები).
18 ბრიუმერის გადატრიალება
რედაქტირება1799 წლის ოქტომბერში ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია ეგვიპტეში და დაბრუნდა პარიზში, სადაც ჩაერთო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში. 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერი) გეგმა განხორციელდა. ძალაუფლება ფორმალურად სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“ – ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა.
ახალმა კონსტიტუციამ პირველი კონსული თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვა. ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, ყოფილმა იაკობინელმა, რევოლუციონერმა და რესპუბლიკელმა პირველმა კონსულმა განაცხადა: „მოქალაქენო, რევოლუცია დასრულდა!“. საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია მთავრობის კანონპროექტების დამტკიცებით შემოიფარგლა. თვით წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობასაც პრაქტიკულად ნაპოლეონი ადგენდა (ახალი საარჩევნო წესის თანახმად, ხალხის მიერ არჩეულ ამომრჩევლებს მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ. წარდგენილი კანდიდატებიდან დეპუტატებს სენატი ირჩევდა. სენატი, თავის მხრივ, სამუდამოდ დანიშნული პირებისაგან შედგებოდა). მოსამართლეებს, მოხელეებსა და ოფიცრებს ასევე პირადად პირველი კონსული ნიშნავდა. მაგრამ ნაპოლეონისთვის, როგორც ყოფილი იაკობინელისთვის, მაინც მნიშვნელოვანი იყო ხალხის უშუალო მხარდაჭერა. ამიტომ შენარჩუნდა პლებისციტის ინსტიტუტი. სწორედ ამ სახალხო რეფერენდუმმა 1802 წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის „სამუდამო პირველ კონსულად“ დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი „ფრანგების იმპერატორად“ კურთხევას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 233-255, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007.
- შემეცნების სამყარო, საფრანგეთის რევოლუცია, გვ. 169.
- კ. ანთაძე, ახალი ისტორია, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, გვ. 87-96, „კონა“, თბილისი, 2007.
- მსოფლიოს ისტორია, გვ. 300-308, „პალიტრა L“, 2016.
ინგლისურენოვანი:
- Hibbert, Christopher (1980). The Days of the French Revolution. New York: Quill, William Morrow. ISBN 0-688-03704-6.
სქოლიო
რედაქტირებაპორტალი „საფრანგეთი“ | |
საფრანგეთის რევოლუცია ვიკისაწყობში |
- ↑ Hibbert. გვ. 96.
- ↑ ბოლოდროინდელი კვლევა ელ-ნინიოს სტატისტიკაზე მიანიშნებს იმაზე, რომ 1788-89 წლების სავალალო მოსავალი ევროპაში ელ-ნინიოს ეფექტით იყო გამოწვეული 1789 და 1793 წლებს შორის. რიჩარდ ჰ. გრუვი, „1789–93 წლების ელ-ნინიოს გლობალური შედეგი“, Nature 393 (1998), 318–319.
- ↑ Little Ice age: Big Chill. History Channel.
- ↑ Encyclopedia Britannica - Traite. ციტირების თარიღი: 2008-10-16.
- ↑ Doyle 1989, pp.73–74
- ↑ საფრანგეთის ფინანსური კრიზისი: 1783–1788. ციტირების თარიღი: 2008-10-26.
- ↑ http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Gazetteer/Places/Europe/France/_Texts/CROROY/Fuite_de_Varennes*.html
- ↑ მარი ანტუანეტი სიკვდილით დასჯის თარიღი. ციტირების თარიღი: 2008-10-15.
წინამორბედი: ძველი რეჟიმი |
საფრანგეთის რევოლუცია 1789–1792 |
შემდეგი: პირველი რესპუბლიკა |