კონფედერაცია — ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთი კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად რჩებიან. კონფედერაცია თვითონაც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც სუბიექტი და აქვს საერთაშორისო სამართალსუბიექტის ნიშნები, მაგრამ შეზღუდული სახით. კონფედერაციის ჩამოყალიბება ფორმდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც კონფედერაციას გადაეცემა უფლებამოსილება გარკვეულ სფეროებში. ჩვეულებრივ, ეს სფეროებია:

შესაძლოა მათ განეკუთვნებოდეს აგრეთვე საფინანსო პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ იმის გამო, რომ კონფედერაციის წევრი სახელმწიფოები სუვერენიტეტს ინარჩუნებენ, გადაწყვეტილებები მისთვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებშიც მისი ყველა სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში მიიღება.

გერმანიის კონფედერაციის მონარქების შეხვედრა ფრანკფურტში, 1863 წელი

კონფედერაციის წევრ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ასევე ურთიერთობა და ძალაუფლების გადანაწილება წევრ სახელმწიფოებსა და კონფედერაციის ცენტრალურ მთავრობას შორის განსხვავებულია. ზოგიერთი კონფედერაცია, თავისი ორგანიზების ფორმით, ძალიან ჰგავს საერთაშორისო ორგანიზაციებს. არსებობს ასევე კონფედერაციები, რომლებიც ფედერალურ სისტემებს მოგვაგონებს. ვინაიდან წევრი სახელმწიფოები ინარჩუნებენ თავიანთ სუვერენულობას, მათ აქვთ კონფედერაციული კავშირიდან გამოყოფის უფლება.

კონფედერაციის ორგანოები იქმნება იმის მიხედვით, თუ რა კომპეტენცია განუსაზღვრეს სუბიექტმა სახელმწიფოებმა, თუმცა კონფედერაციის ცენტრალური ორგანოები სრული სახით მაინც არ ემსგავსება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, რადგან მათი გადაწყვეტილებების განხორციელება დამოკიდებულია სუბიექტების ნებაზე, რომლებსაც შეუძლიათ უარი განაცხადონ კონფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციაზე.

ფედერალური სისტემისგან განსხვავებით, კონფედერაციის ცენტრალური ხელისუფლება, როგორც წესი, ბევრად სუსტია. კონფედერაციის მთავრობის მიერ, ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში (წევრი სახელმწიფოების საბჭოში) მიღებული გადაწყვეტილებები, მხოლოდ წევრი სახელმწიფოების მიერ იმპლემენტაციის შემდეგ შედის ძალაში. ამდენად, მათ აქვთ არა კანონის ზემოქმედება, არამედ უფრო სახელმწიფოთა შორის შეთანხმებას წარმოადგენს. ამასთანავე, გადაწყვეტილებების მიღება მთავრობაში ხდება არა ხმის მიცემით, არამედ კონსესუსის პრინციპით. ისტორიულად, მსგავსი შეზღუდვები, დროთა განმავლობაში ქმნის დაძაბულობას, რომელსაც შედეგად ფედერალური სისტემის ჩამოყალიბება მოსდევს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა აშშ-ს, შვეიცარიის და გერმანიის შემთხვევაში.

კონფედერაცია გარდამავალი ტიპის რთული სახელმწიფოა, რომელიც ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ან ფედერაციაში გადაიზრდება (აშშ 1776–1787, შვეიცარია 1815–1848), ან იშლება (გამბია და სენეგალი 1982–1989).

ცნების ისტორიული საწყისებირედაქტირება

კონფედერაცია, თავდაპირველად წარმოადგენდა ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის ნებისმიერ ერთობას ან ლიგას. კონფედერაციასა და ფედერაციას შორის განმასხვავებელი ხაზის გავლება, პირველად, აშშ-ის პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში განხორციელდა. 1789 წლის კონსტიტუციამდე ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა კონფედერაციას; მოგვიანებით, ტერმინი ფედერაცია (ან ფედერალური რესპუბლიკა) იქნა შემოტანილი როგორც უფრო ახლო კავშირის აღმწერი. განსხვავების ხაზგასმა ამერიკის სამოქალაქო ომის დროს მოხდა, როდესაც გამოყოფილმა შტატებმა, ფედერალური კავშირის საწინააღმდეგოდ, დააარსეს კონფედერაცია (ამერიკის კონფედერაციული შტატები).

ამდენად, ცნება კონფედერაცია დამკვიდრდა, როგორც სუვერენული სახელმწიფოების კავშირის აღმნიშვნელი, სადაც მასში შემავალ თითოეულ წევრს აქვს ავტონომია; მაშინ, როდესაც ფედერაცია გულისხმობს ცალკეული ტერიტორიული ერთეულების გაერთიანებას, სადაც მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების უზენაესობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს განსხვავება არ არის უნივერსალურად აღიარებული. ტერმინი კონფედერაცია, რომელიც მომდინარეობს ანგლო-ფრანგული confederacie-დან და გულისხმობს ზოგადად სახელმწიფოებისა თუ ინდივიდების ლიგას ან კავშირს, გამოყენებულ იქნა ამერიკის სამხრეთი შტატების მიერ შექმნილი კონფედერაციის ფარგლებში. პოლიტიკურ მეცნიერებაში კონფედერაცია ნიშნავს კონკრეტული მიზნებისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფოების დროებით გაერთიანებას/ლიგას.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ერთმანეთისგან განასხვავებს კონფედერაციის და კონფედერალიზმის ცნებებს. ავტორიტეტული ნაშრომის „საერთაშორისო ურთიერთობების ლექსიკონის“ ავტორები ჯეფრი ნიუჰემი და გრეი ევანსი კონფედერალიზმს ასე განმარტავენ - „კონფედერალიზმი, ისევე როგორც ინტეგრაციის ყველა სხვა თეორია, გულისხმობს როგორც პროცესს, ისე მის შედეგს. კონფედერალიზმი მიზნად ისახავს სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულებისა და გლობალიზაციის შედეგად წარმოშობილი საჭიროებების უზრუნველყოფას სახელმწიფოთა ურთიერთთანამშრომლობის მეშვეობით.“ ევანსისა და ნიუჰემის მიერ შემოთავაზებული ეს განმარტება მიზნად ისახავს არა ახალი თეორიის შემუშავებას, არამედ კონფედერაციის ფუნქციონირების ცოცხალი პროცესის აღწერას. ამისათვის თანამედროვე სამყაროში ყველაზე კარგ მაგალითს წარმოადგენს ევროპის კავშირი.

შეიძლება ითქვას, რომ კონფედერალიზმის თანამედროვე გაგება ევროკავშირმა განსაზღვრა. ზოგიერთი დასავლელი მეცნიერი კონფედერაციის ძალიან ფართო განმარტებას იძლევა და მის მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად „გაერო“. ნამდვილად, შეიძლება ითქვას, რომ კონფედერაციული მოწყობის პრინციპები ბევრი თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურაში შეინიშნება. პირველ რიგში, ეს გამოიხატება წევრ სახელმწიფოთა შორის თანასწორობითა და გადაწყვეტილებების მიღების მეთოდებში. მსოფლიოს ისტორიაში ადრეც და დღესაც არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ოფიციალურად არასოდეს იწოდებოდნენ კონფედერაციად, თუმცა თავიანთი მმართველობის ფორმით, ფაქტობრივად, წარმოადგენდნენ კონფედერაციას.

განსხვავება კონფედერაციასა და ფედერაციას შორისრედაქტირება

ფედერაციულ სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა კონფედერაციულ კავშირს შორის არსებული განსხვავების მეცნიერულ ანალიზში დიდი წვლილი მიუძღვის XIX და XX საუკუნის გერმანულ იურიდიულ თეორიას. მთავარი განსხვავება ემყარება კავშირის სამართლებრივ საფუძვლებს, ფედერალური სახელმწიფოს იურისდიქციას მის მოქალაქეებზე და კონფედერაციის წევრ-სახელმწიფოთა საერთაშორისო სამართლებრივ მდგომარეობას.

კონფედერაცია წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფოთა ინსტიტუციონალურ კავშირს ცალკეული, ერთობლივი კომპეტენციების შესრულების მიზნით. ფედერაციულ სახელმწიფოში სუვერენიტეტი ეკუთვნის ერთიან სახელმწიფოს, ხოლო კონფედერაციულ კავშირში სუვერენიტეტის მატარებელი არიან მასში შემავალი სახელმწიფოები. ანუ, კონფედერაციულ გაერთიანებაში არის რამდენიმე სუვერენიტეტი, ფედერაციის შემთხვევაში მხოლოდ ერთი - ფედერაციული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. კონფედერაციულ ხელისუფლებას არ გააჩნია თავისი ნების იძულებითი წესით განხორციელების სახელმწიფო-სამართლებრივი ინსტრუმენტები. კონფედერაციის წევრ სუბიექტთა შორის ურთიერთობები მოგვაგონებს კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობას, რომელიც მხარეთა თანასწორობას ემყარება.

კონფედერაცია არ არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ელემენტებით აღჭურვილი არიან მხოლოდ მასში გაერთიანებული სუბიექტები. კონფედერაციას არ აქვს უშუალო იურისდიქცია მოქალაქეებზე, ანუ იგი არ ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას უშუალოდ მოქალაქეების მიმართ, ვინაიდან არ არის აღჭურვილი მათთვის სავალდებულო კანონების გამოცემისა და აღსრულების კომპეტენციით. კონფედერაცია ეფუძნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის დადებულ ხელშეკრულებას, ხოლო ფედერაციული სახელმწიფო კონსტიტუციას. კონფედერაციული კავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების შეცვლა მოითხოვს ყველა წევრის თანხმობას, ფედერალური კონსტიტუცია კი შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობამ შეცვალოს. კონფედერაციის წევრებს აქვთ სეცესიის უფლება ანუ კავშირის დატოვების უფლება. ამასთან, კონფედერაციული ხელისუფლება და კონფედერაციის წევრ-სახელმწიფოთა ხელისუფლება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არიან. ფედერაციის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს გადაწყვეტილებები გამოაქვთ საერთო პოლიტიკური ნების საფუძველზე, ფედერაციის სახელით. კონფედერაციის ბიუჯეტი მოიცავს მისი წევრი სუბიექტების ნებაყოფლობით შენატანებს. კონფედერაციის გამგებლობას განეკუთვნება საკითხთა მხოლოდ განსაზღვრული ვიწრო წრე - ომისა და ზავის საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ერთიანი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება, კომუნიკაციის საერთო სისტემები. კონფედერაციულ გაერთიანებაში ყალიბდება მხოლოდ ის ორგანოები, რომლებიც სახელშეკრულებო აქტით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად არის საჭირო.

კონფედერაციასთან ხშირად აიგივებენ სახელმწიფოთა ალიანსს. მათ შორის არის გარკვეული მსგავსებები - ალიანსი ემყარება საერთაშორისო ხელშეკრულებას და მასში გაერთიანებული სახელმწიფოები თანამშრომლობენ განსაზღვრულ საკითხებში (დიპლომატიურ და/ან სამხედრო), ამასთანავე, ალიანსის მონაწილე თითოეული სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ სახელმწიფო სუვერენიტეტს. მისგან განსხვავებით, კონფედერაციის წევრი სახელმწიფოები აფუძნებენ მართვის საერთო-პოლიტიკურ ორგანოს, რაც არ გვხვდება ალიანსის შემთხვევაში. იურიდიულ ლიტერატურაში კონფედერაცია ყოველთვის მიჩნეული იყო როგორც გარდამავალი ფორმა სახელმწიფოთა შემდგომი ინტეგრაციის ან სახელმწიფოს სრული დეზინტეგრაციის პროცესში.

ისტორიულად, კონფედერაციები ხშირად ერი სახელმწიფოების ფედერალურ კავშირებად ჩამოყალიბების პროცესში გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა. მაგალითად, თანამედროვე შვეიცარიის ფედერალურ კავშირს წინ უძღოდა შვეიცარული კანტონების კონფედერაცია; გერმანიის თანამედროვე ფედერალურ მოწყობას გერმანიის კონფედერაცია XIX საუკუნეში; აშშ-ს ფედერალური კონსტიტუცია წარმოადგენს კონფედერაციის კონგრესის შთამომავალს. სხვა შემთხვევებში, კონფედერაციებმა ჩაანაცვლეს უფრო ცენტრალური მოწყობები, მაგალითად, როდესაც იმპერიები დაიშალა და ისინი მათი ყოფილი კოლონიების ნებაყოფლობითმა ასოციაციებმა ჩაანაცვლა. ბრიტანული თანამეგობრობა სწორედ ამის მაგალითს წარმოადგენს.

ისტორიული კონფედერაციებირედაქტირება

XX საუკუნემდე არსებული ისტორიული კონფედერაციები, თავისი არსით, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება კონფედერაციის თანამედროვე განმარტებას. ისინი უფრო ხშირად ფედერაციების ან იმპერიების სახით გვხვდება, თუმცა, თანამედროვე პოლიტოლოგები მათ ახასიათებენ როგორც კონფედერაციებს. XX საუკუნემდე თავად „კონფედერაციის“ ცნება პირობითი და არაერთგვაროვანია. XI საუკუნეში უფრო მეტად გვხვდება ეკონომიკურ და არა პოლიტიკურ ნიადაგზე შექმნილი კონფედერაციები.

კონფედერაციის მუხლებირედაქტირება

კონფედერაციული მოწყობის მაგალითი, რომელმაც დასაბამი მისცა ფედერალურ კავშირს და წინ უსწრებდა აშშ-ს კონსტიტუციას, არის 1777 წლის „კონფედერაციის მუხლები“ (Articles of Confederation). 1776 წლის 4 ივლისს მიღებული „დამოუკიდებლობის დეკლარაციით“ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა 13-მა კოლონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მალევე შეუდგა ახალი კავშირის ძირითადი კანონის - „კონფედერაციის მუხლების” განხილვას.

კონფედერაციის მუხლები განსაზღვრავდა კონგრესის, როგორც ხელისუფლების საკავშირო ორგანოს უფლებამოსილებებს, ადგენდა შტატების სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას. მართალია, კონფედერაციული სისტემა არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ მთლიანობაში მან სათავე დაუდო ამერიკული სახელმწიფოებრიობის ფორმირების პროცესს. კონფედერაციის საკავშირო ორგანოს გადაცემული ჰქონდა ეროვნული უშიშროების პრეროგატივა, ასევე, შეზღუდული ფორმით, უცხოეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება.

თითოეული შტატის მოქალაქეს უფლება ჰქონდა ესარგებლა თავისუფალი მოქალაქის იმ პრივილეგიებითა და შეღავათებით, რაც დადგენილი იყო სხვა შტატის მოქალაქეებისათვის. კონფედერაციის მუხლებით შემოიღეს საკავშირო ხაზინა თავდაცვაზე გაწეული ხარჯებისთვის. გარდა ამისა, დაფუძნდა ერთიანი საფოსტო სამსახური. ამერიკის კონფედერაციული გაერთიანება, როგორც ყველა ამ ტიპის სხვა კავშირი, საკმაოდ მყიფე აღმოჩნდა, ვინაიდან ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. კონფედერაციის კონგრესი წარმოადგენდა 13 შტატიდან წარდგენილი ელჩების ერთპალატიან ასამბლეას, სადაც თითოეულს ჰქონდა ერთი ხმის უფლება. კონგრესს ჰქონდა უფლებამოსილება დაენიშნა შტატების აღმასრულებელი კომიტეტი, რომელსაც თავის მხრივ შეეძლო დაენიშნა თავმჯდომარე ან პრეზიდენტი ერთი წლის ვადით.ნებისმიერ ორ ან მეტ შტატს შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში კონფედერაციის კონგრესი წარმოადგენდა დავის განხილვის საბოლოო ინსტანციას. თუმცა, კონგრესის უფლებამოსილებების აღსრულება დამოკიდებული იყო შტატებზე. თითოეული შტატი ინარჩუნებდა თავის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, ყველა უფლებამოსილებას, იურისდიქციასა და უფლებას, რომელიც კონფედერაციის მიერ არ იყო დელეგირებული კონგრესისთვის.

კონფედერაციული კავშირის არაეფექტურმა ხასიათმა მწვავედ დააყენა ფედერაციულ სახელმწიფოდ მისი რეორგანიზაციის საკითხი. 1787 წლის მაისში ფილადელფიაში შეკრებილმა კონვენტმა თავის სხდომებზე (25 მაისიდან 17 სექტემბრამდე) შეიმუშავა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში 1789 წელს შევიდა. ამით, საფუძველი ჩაეყარა ცენტრალიზაციის და აშშ-ს ფედერალისტურ კავშირად მოწყობის ხანგრძლივ პროცესს. მკვლევართა აზრით, ფედერალიზმი ამერიკული საზოგადოების პოლიტიკური ტრადიციის, ეკონომიკის, სოციალური სტრუქტურისა და რელიგიის განუყოფელი ნაწილია.

ამერიკის კონფედერაციული შტატებირედაქტირება

წარმოადგენდა აშშ-დან გამოყოფილი სამხრეთ შტატების გაერთიანებას 1861-1865 წლებში, რომელიც პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მიერ მონობის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბდა. გამოყოფილი შტატების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი უბრუნდებოდნენ აშშ-ს დამაარსებელი მამების მიერ დადგენილ პრინციპებს და „კონფედერაციის მუხლებს“, რომელიც თითოეული შტატის დამოუკიდებლობასა და მათ შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობას უზრუნველყოფდა. ამ მოვლენებს შედეგად მოჰყვა აშშ-ის სამოქალაქო ომი, რომელიც ჩრდილოეთ შტატების გამარჯვებით და სამხრეთ შტატების კონფედერაციული კავშირის გაუქმებით დასრულდა.

ამერიკის ე.წ. სამხრეთის და ჩრდილოეთის შტატების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა, მათი ცხოვრების წესი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. სამხრეთის შტატებში მონათმფლობელობის საფუძველზე აგებული პლანტაციური მეურნეობა და არისტოკრატიულ-პატრიარქალური ცხოვრების წესი სულ უფრო უპირისპირდებოდა თავისუფალ შრომაზე დაფუძნებულ ინდუსტრიულ და თანამედროვე კაპიტალისტურ ჩრდილოეთს.

თავდაპირველად კავშირს 7 შტატი გამოეყო: სამხრეთ კაროლინა, მისისიპი, ფლორიდა, ალაბამა, ჯორჯია, ლუიზიანა და ტეხასი. მათ მოგვიანებით შეუერთდა ვირჯინია, არკანზასი, ჩრდილოეთი კაროლინა და ტენესი. კონფედერაციამ მისური და კენტუკიც წევრებად გამოაცხადა, თუმცა ამ ორ შტატს ოფიციალურად არასდროს განუცხადებიათ სეცესია.

1861 წლის თებერვალში სამხრეთის შტატებმა გამოაცხადეს ახალი სახელმწიფოს - ამერიკის შტატების კონფედერაციის შექმნის შესახებ და ახალი კონსტიტუციაც შეიმუშავეს, პრეზიდენტად ყოფილი სენატორი მისისიპის შტატიდან ჯეფერსონ დეივისი აირჩიეს, დედაქალაქად კი ვირჯინიის დედაქალაქი რიჩმონდი დაასახელეს. ჩრდილოეთმა არ სცნო ეს სახელმწიფო წარმონაქმნი და სამხრეთელები უბრალოდ მეამბოხეებად გამოაცხადა.

1865 წლისთვის, მძიმე საომარი მოქმედებების შემდგომ, კონფედერაციული შტატების სამხედრო ძალების უმეტესობა დანებდა, რასაც საბოლოოდ ამერიკის კონფედერაციული შტატების დაშლა-გაუქმება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს ოფიციალურად არ უღიარებია კონფედერაციული შტატები როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მკვიდრი ამერიკელების კონფედერაციები ჩრდილოეთ ამერიკაშირედაქტირება

ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ისტორიის კონტექსტში კონფედერაცია სხვადასხვა ერების (ან ტომების, დაჯგუფებების, სოფლების) პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც ისინი თავიანთ დამოუკიდებელ ხელმძღვანელობას ინარჩუნებდნენ. მაგალითად, აღსანიშნავია ისეთი კავშირები როგორიც იყო იროკეზების კონფედერაცია, ვაბანაკის კონფედერაცია, დასავლეთის კონფედერაცია, კანადის შვიდი ნაცია, პონტიაკის კონფედერაცია, ილინოისის კონფედერაცია და სხვა.

იროკეზების კონფედერაცია აერთიანებდა მკვიდრი ამერიკელებისა და პირველი ერების ხუთ, მოგვიანებით ექვს, საზოგადოებას. მათ ჰყავდათ საერთო საბჭო, რომელიც თითოეული საზოგადოებისგან წარგზავნილი ხელმძღვანელებისგან შედგებოდა. საბჭოს ფარგლებში კონფედერაციის სახელით მიიღებოდა გადაწყვეტილებები.

გერმანიის კავშირირედაქტირება

  მთავარი სტატია : გერმანიის კავშირი.

გერმანიის კავშირი წარმოადგენდა გერმანულენოვანი სუვერენული სახელმწიფოების და თავისუფალი გერმანული ქალაქების კონფედერაციას, რომელიც 1815 წელს ავსტრიის იმპერატორის და პრუსიის, დანიისა და ნიდერლანდების მეფეთა შეთანხმებით დაარსდა. გაერთიანება 1866 წლამდე არსებობდა და გარკვეულ სახელმწიფოებრივ ელემენტებს ატარებდა. თუმცა, მას არ ჰქონდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, მისი კომპეტენცია განსაზღვრული იყო მის წევრთა შორის დადებული შეთანხმებით. კავშირი მიზნად ისახავდა წევრი სუბიექტების შიდა და გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. კონფედერაციის ცენტრალურ მმართველ და ერთადერთ ორგანოს წარმოადგენდა ე.წ. „კონფედერაციული ასამბლეა“ (Bundesversammlung), რომელიც წევრების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. კავშირი საკმაოდ სუსტი იყო, ვინაიდან არ არსებობდა ერთიანი პოზიცია სახელმწიფოსა და საზოგადოების მოწყობაზე, ამასთან, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისთვის პრუსიასა და ავსტრიას შორის დაპირისპირებამ და 1848-1849 წლების გერმანულმა რევოლუციებმა კიდევ უფრო დაასუსტა იგი. კონფედერაცია საბოლოოდ 1866 წელს დაიშალა, მას შემდეგ რაც პრუსიის სამეფომ ავსტრიის იმპერიაზე გამარჯვება მოიპოვა. დავა იმის შესახებ, თუ ვის უნა ემართა გერმანული მიწები პრუსიის სასარგებლოდ გადაწყდა, რასაც შედეგად პრუსიის მმართველობის ქვეშ ჩრდილო გერმანული კონფედერაციის დაარსება მოჰყვა 1867 წელს. ისტორიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კონფედერაცია იყო ძალიან არაეფექტური და ერთიანი გერმანული ერი-სახელმწიფოს დაარსების შემაფერხებელი.

ბრიტანულ ერთა თანამეგობრობარედაქტირება

  მთავარი სტატია : ერთა თანამეგობრობა.

წარმოადგენს კონფედერაციის იმ მაგალითს, რომელიც იმპერიის დეცენტრალიზაციისა და დეზინტეგრაციის შედეგად წარმოიშვა. 1931 წელს მის შემადგენლობაში შედიოდა გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კანადა, ირლანდიის დამოუკიდებელი სახელმწიფო (ირლანდია), ნიუფაუნდლენდი, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკის კავშირი. 1949 წელს ნიუფაუნდლენდი კანადის პროვინციად გამოცხადდა, ხოლო ირლანდია თანამეგობრობიდან გავიდა. 1961 წელს სამხრეთ აფრიკამ ასევე დატოვა ორგანიზაცია, თუმცა 1994 წელს კვლავ შეუერთდა მას. თანამეგობრობის არაერთი წევრი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებს წარმოადგენდნენ, როგორიცაა მალაიზია (1957), კვიპროსი (1961), კირიბატი (1979), ბრუნეა (1984), ნამიბია (1990). 21-ე საუკუნის დასაწყისში თანამეგობრობას კიდევ 50-მდე ახალი წევრი შეუერთდა, მათ შორის, მოზამბიკა (1995) და რუანდა (2009), რომლებიც არ წარმოადგენენ ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებს. ვესტმინისტერის 1931 წლის სტატუტით დადგენილ იქნა, რომ თითოეულ წევრს ჰქონდა თანასწორი სტატუსი. 1949 წლის ლონდონის დეკლარაციამ ნება დართო წევრებს ყოფილიყვნენ რესპუბლიკები, თუმცა ყველა წევრ ქვეყანას უნდა ეღიარებინა ბრიტანული მონარქია, როგორც თანამეგობრობის სიმბოლური ხელმძღვანელი. თანამეგობრობის მთავრობები თანამეგობრობის წევრ სხვა სახელმწიფოებში წარმოდგენილი არიან კომისრების მიერ, რომლებიც თავიანთი სტატუსით ელჩებს უტოლდებიან. თანამეგობრობის სამდივნო ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, ინფორმაციას აწვდის წევრ სახელმწიფოებს და აღასრულებს კოლექტიურ გადაწყვეტილებებს. წევრი ქვეყნები სარგებლობენ სავაჭრო პრივილეგიებით, ტექნიკური დახმარებით და საგანმანათლებლო გაცვლითი პროექტებით.

შვეიცარიარედაქტირება

შვეიცარიის კონფედერაცია წარმოადგენს თანამედროვე სახელმწიფოს მაგალითს, რომელიც კონფედერაციად მოიხსენიება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ შვეიცარიის სახელი გერმანულად არის „შვეიცარული თანამეგობრობა“, რომელიც ლათინურში როგორც „ჰელვეტური კონფედერაცია“ ითარგმნა. შვეიცარული ლეგენდის თანახმად, 1291 წელს, სამი კანტონის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დადეს ცნობილი „რუტლის ფიცი“, რამაც დასაბამი მისცა შვეიცარიის კონფედერაციას. 1798 წელს შვეიცარია გამოცხადდა ერთიან, ცენტრალიზებულ ჰელვეტურ რესპუბლიკად, თუმცა მმართველობის ამ ფორმამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია როგორც პოლიტიკურ სუბიექტებში, ისე ხალხში. ამდენად, დროთა განმავლობაში ქვეყანა კვლავ კონფედერაციულ მოწყობას დაუბრუნდა. მასში შემავალი კანტონები იყვნენ თითქმის დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თუმცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ერთად მიიღებოდა. კონფედერაცია უზრუნველყოფდა საერთო ინტერესების გატარებას, როგორიცაა, მაგალითად, გარეშე დომინაციისგან (განსაკუთრებით ავსტრიელი ჰაბსბურგებისგან) დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რესპუბლიკური ინსტიტუტების განვითარება, თავისუფალი ვაჭრობა და ცენტრალურ ალპებში მკვიდრ სხვადასხვა კულტურის მატარებელ საზოგადოებებს შორის მშვიდობის შენარჩუნება. დღეს შვეიცარია ფედერალური სახელმწიფოა, თუმცა მის ოფიციალურ სახელწოდებაში „კონფედერაცია“ შენარჩუნებულია, როგორც ისტორიული ტრადიციის გაგრძელება. თითოეულ კანტონს აქვს თავისი კონსტიტუცია და კანონმდებლობა, თუმცა მათი უფლებამოსილება ფედერალური კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

ბელგიარედაქტირება

ბევრი მკვლევარი ამტკიცებდა, რომ ძალიან რთული ფედერალური სტრუქტურის მქონე ბელგიის სამეფომ, სეპარატისტული მოძრაობების ზეწოლის შედეგად კონფედერაციის გარკვეული მახასიათებლები დაამკვიდრა, განსაკუთრებით ფლანდრიაში. სხვათა მოსაზრებით, ბელგიურ რეგიონებსა და კომუნებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდგომ ბელგია, პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით, თითქმის კონფედერაციას წარმოადგენდა. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ბელგია წარმოადგენს მყარ ფედერაციას, კონფედერაციის გარკვეული ელემენტებით.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, ბელგიის ცალკეული რეგიონული ერთეულები არ ფლობენ იმ ავტონომიას, რომ გამოეყონ ბელგიურ სახელმწიფოს. ფედერალური ელემენტები ჯერ კიდევ დომინირებს. ასევე, ფისკალური პოლიტიკისა და საჯარო ფინანსების მიმართულებით, ფედერალური სახელმწიფო ხელისუფლების სხვა უწყებებზე მაღლა დგას.

ბელგიის ფედერალური სახელმწიფოს სულ უფრო ზრდადი კონფედერაციული ასპექტები უფრო მეტად წარმოადგენს ფლამანდიელებსა (ბელგიელები, რომლებიც საუბრობენ ჰოლანდიურად ან ჰოლანდიურის სხვადასხვა დიალექტზე) და ვალონებს (ბელგიელები რომლებიც საუბრობენ ფრანგულად ან ფრანგულის სხვადასხვა დიალექტზე) შორის არსებული ფუნდამენტური კულტურული, სოციოლოგიური და ეკონომიკური განსხვავებების პოლიტიკურ ანარეკლს. მაგალითისთვის, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ბელგიელების 95% ხმას აძლევდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წარმოადგენდნენ მხოლოდ ერთი რომელიმე კომუნის ელექტორატს. პარტიები, რომლებიც ბელგიურ ერთობას ლობირებენ და ორივე ჯგუფისთვის მისაღებია, როგორც წესი ეროვნულ დონეზე დიდი მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ. ამ სისტემას ბელგიაში კონსოციონალიზმი ეწოდება.

კანადარედაქტირება

კანადაში სიტყვა „კონფედერაციას“ დამატებითი მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს კანადის ფედერალური სახელმწიფოს დაარსების პროცესს. თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგიის ფარგლებში, კანადა წარმოადგენს ფედერაციას და არა კონფედერაციას. თუმცა, 1867 წლის „კონსტიტუციის აქტის“ შემქმნელებისთვის „კონფედერაცია“ სხვა დატვირთვის იყო. კანადის კონფედერაცია გულისხმობს 1867 წლის კონსტიტუციის აქტს, რომლითაც ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის სამი კოლონიიდან და შემდგომში სხვა კოლონიებისა და ტერიტორიების მიერთებით, დაფუძნდა კანადის დომინიონი. აქედან გამომდინარე, 1867 წლის 1-ელ ივლისს კანადა იქცა ბრიტანეთის იმპერიის თვითმმართველ დომინიონად, რომელსაც ჰქონდა ფედერალური სტრუქტურა. კანადა დღეისთვის არის უჩვეულოდ დეცენტრალიზებული ფედერალური სახელმწიფო და არა სუვერენული შტატების კონფედერაციული გაერთიანება. კანადის კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ადგენენ მოლაპარაკებების პირობებს, რომლის ფარგლებშიც კანადის პროვინციებს უფლება ეძლევათ დატოვონ კანადის ფედერალური სახელმწიფო, თუმცა, ვინაიდან ეს მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებას, დღესდღეობით არ არსებობს დატოვების „კონსტიტუციური“ მეთოდი.

ევროპის კავშირირედაქტირება

თავისი უნიკალური ბუნებიდან და მის გარშემო არსებული პოლიტიკური სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ არსებობს ევროპის კავშირის (ევროკავშირის) საყოველთაოდ აღიარებული ან სამართლებრივი კლასიფიკაცია. თუმცა, მას აქვს გარკვეული მსგავსება როგორც კონფედერაციასთან ისე ფედერაციასთან. ხშირად ასევე გამოიყენება ტერმინი სუპრანაციონალური კავშირი. ევროკავშირი საერთო ეკონომიკურ პოლიტიკას ათასობით საერთო კანონების მეშვეობით ატარებს, რომელთა მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შორის ფუნქციონირებს ერთიანი ეკონომიკური ბაზარი, ერთიანი საბაჟო ტერიტორია, ღია შიდა საზღვრები და საერთო ვალუტა. თუმცა, ფედერაციისგან განსხვავებით, ევროკავშირს არ აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობების, თავდაცვის და დაბეგვრის მიმართულებით. ამას გარდა, ევროკავშირის კანონების უმრავლესობა (რომლებიც მიღებულ იქნა ეროვნული სამთავრობო წარმომადგენლების კონსესუსის საფუძველზე და დამტკიცდა ევროპული პარლამენტის მიერ) იმპლემენტირებულ უნდა იქნეს ეროვნულ კანონმდებლობებში წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მიერ. წევრი სახელმწიფოების კოლექტიური გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება ან უმრავლესობის მიერ ხმის მიცემის ან უმცირესობის მიერ გადაწყვეტილების ბლოკირების საფუძველზე და არა ერთსულოვნად. ნებისმიერი ხელშეკრულება და ცვლილებები საჭიროებს თითოეული წევრის მიერ რატიფიცირებას, სანამ ძალაში შევა.

ამდენად, ევროკავშირს, როგორც სუპრანაციონალურ ორგანიზაციას, აქვს როგორც კონფედერაციის ისე ფედერაციის ელემენტები. ერთის მხრივ, მას აქვს ცენტრალური აღმასრულებელი მექანიზმი (ფედერალური სისტემის მთავარი მახასიათებელი), თუმცა, მეორეს მხრივ თითოეული წევრი სახელმწიფოს მთავრობები ინარჩუნებენ ეროვნული სუვერენიტეტის არსებით ნაწილს, რაც კონფედერაციული სისტემის მნიშვნელოვანი ასპექტია.

სერბეთი და მონტენეგრორედაქტირება

სერბეთი და მონტენეგრო წარმოადგენდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის ორი დარჩენილი რესპუბლიკის - მონტენეგროსა და მეზობელი სერბეთის კონფედერაციას, რომელიც ძალიან სუსტი პოლიტიკური კავშირი იყო და 2003 წლის 4 თებერვალს დაარსდა.

ისინი გაერთიანებული იყვნენ მხოლოდ რამდენიმე სფეროში - თავდაცვა და საგარეო ურთიერთობები, და ჰყავდათ კონფედერაციის საერთო პრეზიდენტი. თავისი არსებობის მოკლე პერიოდში, ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებლად მოქმედებდა, ჰქონდათ დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა, იყენებდნენ განსხვავებულ ვალუტას. 2006 წლის 21 მაისს ჩატარდა მონტენეგროს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. ელექტორატის 55,5 % ხმა მისცა დამოუკიდებლობას. შესაბამისად, იუგოსლავიის კონფედერაცია დასრულდა, მას შემდეგ, რაც მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2006 წლის 3 ივნისს, ხოლო სერბეთმა ამავე წლის 5 ივნისს.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ხუბუა გ., ფედერალიზმი როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი, თბ., 2000.
  • ჰეივუდი ე., პოლიტიკა, საქართველოს უნივერსიტეტი, თბ., 2008.
  • კაჭარავა ვ., ამერიკის სამოქალაქო ომი, რონდელის ფონდი, 2016
  • Kiljunen, Kimmo, The European Constitution in the Making. Centre for European Policy Studies, 2004.
  • Burgess, Michael, Federalism and European Union: The building of Europe, 1950–2000. Routledge, 2000.
  • Wolff, Stefan, Disputed Territories: The Transnational Dynamics of Ethnic Conflict Settlement. Berghahn Books, 2004.
  • Waite, Peter B., The Life and Times of Confederation, 1864–1867. University of Toronto Press, 1962.
  • McCormick, John, Understanding the European Union: a Concise Introduction, Palgrave, Basingstoke, 2002.
  • Madison, James, Hamilton, Alexander and Jay, John, The Federalist Papers, Penguin, Harmondsworth, 1987.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება