თბილისი

საქართველოს დედაქალაქი
(გადამისამართდა გვერდიდან თბილისის მუნიციპალიტეტი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „თბილისი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. თბილისი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტერმინს „თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).

თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი[2][3]) — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი[4] საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს[5] და 1,152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

დედაქალაქი
თბილისი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი თბილისი
შიდა დაყოფა გლდანის რაიონი, დიდუბე, ვაკის რაიონი, ისნის რაიონი, კრწანისი, მთაწმინდის რაიონი, ნაძალადევი, საბურთალოს რაიონი, სამგორის რაიონი და ჩუღურეთი
კოორდინატები 41°43′21″ ჩ. გ. 44°47′33″ ა. გ. / 41.72250° ჩ. გ. 44.79250° ა. გ. / 41.72250; 44.79250
მერი კახა კალაძე
დაარსდა 455
პირველი ხსენება V საუკუნე
ადრეული სახელები ტფილისი
ფართობი 720 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 575 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1 118 035 (2014)
სიმჭიდროვე 3194,38 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,9 %
სომხები 4,8 %
აზერბაიჯანელები 1,4 %
რუსები 1,2 %
ეზიდები 1 %
სხვები 1,7 %[1]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 32
საფოსტო ინდექსი 0100–0199
ოფიციალური საიტი http://www.tbilisi.gov.ge/
თბილისი — საქართველო
თბილისი
თბილისი — თბილისი
თბილისი
Map
თბილისი

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

სახელწოდება

თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. მაგ. ევსტათი მცხეთელის აბო ტფილელის წამებასასა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტებში. საქართველოს დედაქალაქის ძველი ფორმიდან, ტფილისიდან წარმოსდგება მისი სახელი მეზობელთა ენებზე. მეზობელ ქვეყნებში ძველად ტფილისი სხვადასხვაგვარად გამოითქმოდა. თავდაპირველად სომხურად ტფილისი „ტფღის“-ად (სომხ. Տփղիս) ჟღერდა, ბერძნულად (ბიზანტიური ხანიდან) გვხვდება „ტიფლის/ტიფლიზა“ (ბერძ. Τιφλίδα), ხოლო ლათინურად როგორც „ტიფლისი“, „ტიფლიტანა“ ასევე „ტრიფელისი“ (ლათ. Tiphlis/Tephlis/Tiphilis; Tiphlitana; Triphelis).[6][7] ასევე ჟღერს თბილისის სახელი არამეულ (არამ. ܛܦܠܝܣ; תיפליס), სპარსულ (სპარს. تفلیس) და თურქულ ენებზე (თურქ. Tiflis). რუსული „Тифлис“ არამეულ-სპარსულ-თურქულ ფორმას იმეორებს, მასვე მოსდევს ევროპის ენებში დამკვიდრებული „Tiflis“.

საგულისხმოა ასევე თბილისი კავკასიურ ენებზე. ის ასე გამოითქმის: მეგრულად — „ქართი“, აფხაზურად — „Қарҭ“ [ქართ].

რუსული ფორმა „Тифлис“ დამკვიდრებული იყო 1936 წლის 17 აგვისტომდე, როდესაც სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თანახმად სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო აგეგმვის და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ბიუროს წარდეგნისა დამტკიცებულ იქნა ქალაქის სახელის ახალი ფორმა.[8]

რუსული ფორმა „Тбилиси“, რომელიც წარმოადგენს ქართული ახალი სახელწოდების სახელობით ფორმას, თანდათან დამკვიდრდა და განმტკიცდა რუსულ ლიტერატურაში.

რაც შეეხება ქართული სახელწოდების ძველ ფორმას მას რამდენიმე ხანი კვლავაც იყენებდნენ. 1937 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ქალაქის დღევანდელი სახელწოდება — თბილისი.

ისტორია

 
თბილისის ხედი XIX საუკუნეში

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.

დაარსება

 
აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი

არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

დედაქალაქი

 
თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671

ვახტანგ გორგასლის მემკვიდრემ დაჩი I-მა უჯარმელმა (VI ს. დამდეგი) დაამთავრა ქალაქის ზღუდე-გალავნის აგება, რომელმაც ქალაქის საზღვრები განავრცო და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა.

თბილისის უძველესი მოსახლეობა გაჩნდა გოგირდოვანი წყაროების უბანში (ახლანდელი გორგასლის მოედნის მომიჯნე ტერიტორია), სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქი იფარგლებოდა ყოფილი ორთაჭალის ბაღის მიდამოებით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე მტკვარი საზღვრავდა, სამხრეთ-დასავლეთით — თაბორის ქედის კალთები, ჩრდილო-დასავლეთით კი — წავკისისწყალი. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი კალა ციხითურთ, შემდგომში ქალაქი იზრდებოდა საკუთრივ თბილისისა და კალის ფარგლებს გარეთ, მტკვრის დინების აღმა. ზრდას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ. თბილისი თანდათან შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მომიჯნავე სახელმწიფოთა სამხედრო-სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა გაზარდეს ინტერესი მისადმი. VI საუკუნის ბოლოდან იწყება საუკუნოვანი ბრძოლა თბილისისათვის.

უცხოელთა გავლენა

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მდგრადობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საქართველოს დედაქალაქის ბედთან. 570—580 წლებში ქალაქს სპარსელები ფლობდნენ. თბილისი ბერძნულ მწერლობაში პირველად იხსენიება თეოფანე ბიზანტიონელის თხზულებაში, 572 წლის აჯანყების აღწერის დროს, როგორც იბერიის დედაქალაქი.[9] 627 წელს თბილისს ალყა შემოარტყა ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლე კეისრისა და ხაზარების გაერთიანებულმა ლაშქარმა. ქალაქი ვერ აიღეს. ჰერაკლემ მიატოვა თბილისი და შუამდინარეთისკენ დაიძრა. 628 წელს ხაზარები კვლავ მოადგნენ თბილისს ყიბღუ–ხაკანის მეთაურობით, აიღეს ქალაქი და სასტიკად ააოხრეს იგი. 735—737 წლებში — არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ) დაიპყრო. ამიერიდან თბილისი ახლად წარმოქმნილი თბილისის საამიროს ცენტრი ხდება. 764 წელს ქალაქი ხაზარებმა დაარბიეს. 853 წელს თბილისში ხალიფას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით დალაშქრა არაბმა სარდალმა ბუღა თურქმა. 1037—1051 წლებში მეფე ბაგრატ IV-მ არაერთხელ სცადა თბილისის დაკავება, მაგრამ ქვეყანაში არსებული არამყარი პოლიტიკური ვითარების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 1045 წელს თბილისის ხელისუფლება ქალაქის წარჩინებულთა — უხუცესთა საბჭოს ხელში გადავიდა. 1068 წელს თბილისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა დალაშქრა და დაიკავა. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქს ისევ უხუცესთა საბჭოს მართავდა.

ქართული რენესანსი

 
ხედი ისტორიულ თბილისზე თაბორის მონასტრიდან.

1122 წელს უცხოელთა ბატონობისაგან ქალაქი გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა. გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფო დედაქალაქი ამიერიდან თბილისში გადმოიტანეს და მან სამეფო ქალაქის სტატუსი მიიღო. XII—XIII საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი, დიდი და კეთილმოწყობილი ქალაქი იყო, მისი მოსახლეობა 80 ათასს კაცს აღწევდა. განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, შეიქმნა ამქრული გაერთიანებები, ვაჭართა საკრედიტო კომპანიები — ორთაღები, ჩამოყალიბდა მოსახლეობის განსაკუთრებული სოციალური კატეგორია — მოქალაქეები. კიდევ უფრო გაიზარდა ქალაქის ფარგლები, ვარაუდობენ, რომ მასში შედიოდა ქაშვეთის ეკლესია და ლურჯი მონასტერი. მის კედლებს გარეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეუბანი იყო დიდუბე. გაიზარდა ქალაქი მტკვრის მარცხენა მხარესაც; ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე. ამ ეპოქის თბილისი მრავალეროვანი ქალაქი იყო. ქართველი მეფეები ლოიალური პოლიტიკით ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ხალხისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა თანაცხოვრებას, რაც განაპირობებდა ქალაქის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სტაბილიზებას. ამ პერიოდს საქართველოს ისტორიაში "ოქროს ხანას", ან "ქართული რენესანსის" პერიოდს უწოდებენ.[10]

თამარის მეფობის (1184—1213) პირველსავე წლებში თბილისის მოსახლეობის ზედაფენებში თავი იჩინა უფლებათა გაფართოებისაკენ მისწრაფებამ. ამ მიზნით მათ მოითხოვეს ახალი სამეფო საბჭოს (დარბაზის) ე. წ. „კარავის“ დაწესება.

დამპყრობელთა შემოსევები

1226 წელს თბილისი ჯალალედინის სარდლობით ხვარაზმელებმა დალაშქრეს; ქალაქი სასტიკად აოხრდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. XIII საუკუნის 40-იან წლებში მონღოლებმა აიღეს. მათ არ მოშალეს ქართული სახელმწიფოებრიობა. საქართველო მონღოლებზე დამოკიდებული ქვეყანა ხდებოდა, თბილისი კვლავ ქვეყნის ცენტრი იყო. 1259 წელს თბილისელები მეფე დავით VI ნარინის მეთაურობით აუჯანყდნენ მონღოლებს. 1260 წელს აჯანყდა მეფე დავით VII ულუ. ორივე აჯანყება გაჭირვებით ჩააქრეს. XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან — მონღოლთა ბატონობის გადაგდების შემდეგ, თბილისი კვლავ სრულიად საქართველოს დედაქალაქია. 1366 თბილისში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა.

1386 წელს თბილისი აიღო თემურლენგმა. საქართველოში მან 8-ჯერ ილაშქრა, აქედან 2-ჯერ დაარბია იგი. ამ ლაშქრობების შემდეგ თბილისის საერთაშორისო მნიშვნელობა საგრძნობლად დაეცა. ალექსანდრე I დიდის მეფობის წლებში (1412—1443) დაიწყო ქალაქის აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლომდე ვერ მიიყვანა გეგმა. გარეშე დამპყრობთა გამუდმებულმა თავდასხმებმა მოშალა ქალაქის ეკონომიკური ცხოვრება, პარტახდებოდა ქალაქის ცალკეული უბნები. 1444 წელს ქალაქი აიღო და დაარბია ქ. თავრიზის (ირანი) მფლობელმა ჯაჰან-შაჰმა; ამავე საუკუნის 70-იან წლებში თბილისი კვლავ სპარსელების ხელში იყო (უზუნ-ჰასანის ლაშქრობა საქართველოში).

 
სააკაძის ძეგლი თბილისში, სააკაძის მოედანზე (მ. ბერძენიშვილი)

1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1522 წელს თბილისი სპარსელებმა აიღეს. 1524 წელს იგი მეფე დავით X-მ გაათავისუფლა. 1524—1541 წლებში ქალაქი მშვიდობიანად ვითარდებოდა. შეკეთდა ძველი და აშენდა ახალი შენობები, იმატა მოსახლეობამ, გამოცოცხლდა ვაჭრობა და ხელოსნობა. 1541 წელს ქალაქი ააოხრა ირანის შაჰმა — თამაზ I-მა. 1578 წელს ჩილდირის ბრძოლაში ოსმალთა გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთი ამიერკავკასია ოსმალთა გავლენას დაემორჩილა. თბილისი ახალი მტრის ხელში აღმოჩნდა. ქართლის მეფის სიმონ I-ის ცდა, გაეთავისუფლებიენა ქალაქი ჯერ სპარსი, შემდეგ ოსმალო დამპყრობთაგან, უშედეგო იყო. 1609 წელს თბილისის მოურავი გახდა გიორგი სააკაძე. XVII საუკუნის I მეოთხედში ირანის გამუდმებული აგრესიის პირობებში ქალაქი მნიშვნელოვნად დაინგრა.

1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. გამოცოცხლდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. ხელისუფლება გარკვეულ თანხებს გამოყოფდა ქალაქის კეთილმოწყობისათვის. 1700 წლისთვის თბილისში 20 ათასი კაცი ცხოვრობდა. ქალაქის მცხოვრებთა ზედაფენას ქმნიდა ფეოდალური არისტოკრატია, მსხვილი ვაჭრები და სოვდაგრები, შემდეგ მოდიოდა ე. წ. მოქალაქეთა კატეგორია. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ნასყიდი, შეწირული და ნებიერი ყმები, ხიზნები და ქალაქის გლახაკნი. თბილისის უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მელიქ-მამასახლისი. თბილისის ყოფა-ცხოვრებაში გაჩნდა განსაკუთრებული ე. წ. ქალაქური კოლორიტი — ჩაცმულობით, გასართობ-სანახაობებით (ყეენობა, ბერიკაობა, ყაბახი). ქალაქის ცხოვრებას თავისებურ იერს მატებდა თბილისის ბაზრები და გოგირდოვანი წყლების აბანოები, გარდა თავისი პირდაპირი დანიშნულებისა, ისინი წარმოადგენდნენ მოსახლეობის თავშეყრის და ახალი ამბების ურთიერთგაზიარების ადგილებს. დაარსდა სტამბა (1709), სადაც პირველად დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსანი“.

1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, 1735 წელს კი ირანის შაჰმა ნადირმა აიღო. 1748 წელს იგი ერეკლე II-მ გაათავისუფლა. 1755 წელს ქალაქში დაარსდა ფილოსოფიის სემინარია. 1762 წელს თბილისი გაერთიანებული ქართლ-კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XVIII საუკუნის 70-იან წლებში თბილისში იყო თოფხანა, ზარაფხანა, ქსოვილის სამღებროები, მარილის გამოსახდელი და თიხის ჭურჭლის საწარმოები. XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება მანუფაქტურული საწარმოებიც. მაგრამ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში კვლავ გაბატონებული იყო წვრილი ხელოსნური მეურნეობა. 1795 წელს თბილისი აიღეს და დაარბიეს ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა (კრწანისის ბრძოლა 1795).

რუსეთის გავლენა

 
მეტეხის უბანი, ნ. ჩერნეცოვი, 1839.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თბილისი ახლად წარმოქმნილი საქართველოს გუბერნიის ცენტრი გახდა,[11] აქვე იყო კავკასიის არმიის მთავარსარდლის სადგომი. 1845 წლიდან თბილისი კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენციაა. ქალაქის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. დაგეგმარდა მისი ცენტრალური უბნები, იმატა ევროპული ტიპის შენობების რაოდენობამ. სწრაფად განვითარდა ქალაქის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება. სამრეწველო კაპიტალი თანდათან დევნიდა ადგილობრივ შინამრეწველურ წარმოებას. 1841 წლიდან ის ჯერ საქართველო-იმერეთის გუბერნიის ხოლო 1846 წლიდან თბილისის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრია. ბატონყმობის გაუქმებამ (1866), თბილის-ფოთის (1872), თბილის-ბათუმისა და თბილის-ბაქოს (1883) რკინიგზის გაყვანამ ახალი ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ აღმავლობას. გაიზარდა ფაბრიკა-ქარხნებისა და სავაჭრო-სახელოსნოების რიცხვი, საგრძობლად იმატა მუშათა რაოდენობამ. 1819 წელს თბილისში გამოვიდა პირველი პერიოდული გამოცემა — „საქართველოს გაზეთი“, 1828-დან — „თბილისის უწყებანი“ (ქართულ და რუსულ ენებზე). 1850 წელს აღდგა ქართული თეატრი.

დამოუკიდებლობა 1918—1921

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი იყო, რომელმაც 1918 წლის გაზაფხულზე ამიერკავკასიის ფედერაცია დააარსა დედაქალაქით თბილისში. სწორედ აქ, კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში, გამოცხადდა სამი ამიერკავკასიის ქვეყნის — საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის — დამოუკიდებლობა 1918 წლის 26-28 მაისს. მას შემდეგ თბილისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა 1921 წლის 25 თებერვლამდე. 1918 და 1919 წელს ერთმანეთს ჩაენაცვლა აქ გერმანიისა და ბრიტანეთის სამხედრო შტატები.

ეროვნული მთავრობის ქვეშ თბილისი პირველი კავკასიური საუნივერსიტეტო ქალაქი გახდა 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ — ოცნება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელი დარჩა იმპერიული რუსეთის მმართველობის პერიოდში. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკების წითელი არმიის მე-11 ქვედანაყოფი თბილისში შემოიჭრა მის შემოგარენთან მწვავე ბრძოლების შემდეგ და საბჭოთა მმართველობა გამოაცხადა.[12]

საბჭოთა ოკუპაცია

 
წითელი არმიის შემოსვლა თბილისში, 25 თებერვალი, 1921.

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა დაამხეს და 1991 წლამდე თბილისი ჯერ ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელიც მოიცავდა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს), შემდეგ კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო. საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ქალაქმა ინდუსტრიალიზაცია განიცადა და საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ცენტრი გახდა. 1980 წელს ქალაქში საბჭოთა კავშირში პირველი სანქციონირებული როკ-ფესტივალი ჩატარდა.

თბილისი მოწმე გახდა მასიური ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების 1956 (ხრუშჩოვის ანტისტალინისტური პოლიტიკის გამო), 1978 და 1989 წლებში, რომლებიც პირველ და ბოლო შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლით ჩაახშო.

სსრკ დაშლის შემდეგ

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისმა მნიშვნელოვანი არასტაბილურობისა და მღელვარების პერიოდი გადაიტანა. 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვრის მოკლე სამოქალაქო ომის პერიოდში ქალაქის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა და დაზიანდა. რამდენიმე წელი ქალაქი სხვადასხვა მაფიოზური კლანებისა და არალეგალური მეწარმეების კონფრონტაციის ადგილი იყო. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში (1993—2003) კრიმინალმა და კორუფციამ საზოგადოების თითქმის ყველა ფენა და საქმიანობის სფერო მოიცვა. უმუშევრობის მკვეთრი ზრდის გამო ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა. ცხოვრება იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ 2003 წლის ნოემბერში მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა. მღელვარების ტალღამ, რომელიც დღეს ვარდების რევოლუციის სახელით არის ცნობილი, კულმინაციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიაღწია კენჭისყრის შედეგების გაყალბების გამო, რაც საბოლოოდ შევარდნაძის მთავრობის გადაყენებით დასრულდა. 2003 წლიდან ქალაქში შედარებითი სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა შეიმჩნევა, შემცირდა კრიმინალი, თუმცა კვლავ მწვავედ დგას სიღარიბისა და დასაქმების პრობლემა.

ადმინისტრაცია და პოლიტიკა

 
თბილისის სიმბოლური გასაღები
 
თბილისის მერი გიგი უგულავა რკინიგზის ახალი სადგურის პროექტის წარდგენაზე
 
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, 2011 წ მდგომარეობით

თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი. თბილისის საკრებულო არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყოველ ოთხ წელიწადში აირჩევა. თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. 2010 წლამდე მერი დანიშვნთი იყო და მას ჯერ ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი, შემდეგ საკრებულო ირჩევდა. 2010 წლიდან თბილისის მერი აირჩევა მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით. ქალაქის მოქმედი მერია კახა კალაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე — გიორგი ტყემალაძე.

ქალაქ თბილისის მერი დანიშვნის
თარიღი
განთავისუფლების
თარიღი
1 თამაზ ვაშაძე 2 ოქტომბერი, 1991 6 იანვარი, 1992
2 ოთარ ლითანიშვილი 6 იანვარი, 1992 21 იანვარი, 1993
3 კოტე გაბაშვილი 21 იანვარი, 1993 16 ოქტომბერი, 1993
4 ნიკოლოზ ლეკიშვილი 16 ოქტომბერი, 1993 8 დეკემბერი, 1995
5 ბადრი შოშიტაიშვილი 8 დეკემბერი, 1995 8 აგვისტო, 1998
6 ივანე ზოდელავა 10 აგვისტო, 1998 19 აპრილი, 2004
7 ზურაბ ჭიაბერაშვილი 19 აპრილი, 2004 12 ივლისი, 2005
8 გიგი უგულავა 12 ივლისი, 2005
12 ოქტომბერი, 2006
30 მაისი, 2010
12 ოქტომბერი, 2006
30 მაისი, 2010
22 დეკემბერი, 2013
მ.შ. სევდია უგრეხელიძე 22 დეკემბერი, 2013 2 აგვისტო, 2014
9 დავით ნარმანია 2 აგვისტო, 2014 13 ნოემბერი, 2017
10 კახა კალაძე 13 ნოემბერი, 2017 მოქმედი

რაიონები

ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ათ რაიონად. რაიონებში უშუალო მმართველობას ახორციელებენ გამგებლები, შესაბამისი სტრუქტურული ერთებულების — გამგეობების დახმარებით. რაიონები თავის მხრივ იყოფა უფრო მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად — უბნებად, სადაც გამგეობების წარმომადგენლობები ახორციელებენ შესაბამისი იურისდიქციის მართვა-გამგეობას.

1934 წლის 16 ნოემბრის საქართველოს ცაკის დადგენილებით ტფილისის რაიონი გამოეყო როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულით და უშუალოდ დაექვემდებარა სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტსა და საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს. ამასთანავე ტფილისის რაიონში მოეწყო ხელისუფლების სარაიონო ორგანოები საერთო საფუძველზე.[13]

1949 წელს თბილისს შემოუერთდა ღრმაღელის დასახლება, ასევე სოფლები წყნეთი, ბაგები, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, შინდისი, გლდანი, სოღანლუღისა და დელისის ტერიტორია.[14] საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რაიონული სისტემა მცირედ შეიცვალა. თბილისის რაიონებია:[15]

  1. გლდანის რაიონი
  2. დიდუბის რაიონი
  3. ვაკის რაიონი
  4. ისნის რაიონი
  5. კრწანისის რაიონი
  6. მთაწმინდის რაიონი
  7. ნაძალადევის რაიონი
  8. საბურთალოს რაიონი
  9. სამგორის რაიონი
  10. ჩუღურეთის რაიონი
თბილისის რაიონების სტატისტიკა
სახელი მოსახლეობა
(2017)[16]
ფართობი (კმ²)[17]
მთაწმინდის რაიონი 49 052 73
ვაკის რაიონი 111 903 61.7
საბურთალოს რაიონი 138 493 75,5
კრწანისის რაიონი 39 286 31,7
ისნის რაიონი 125 610 16,7
სამგორის რაიონი 177 844 128,4
ჩუღურეთის რაიონი 65 230 14,3
დიდუბის რაიონი 70 018 8,4
ნაძალადევის რაიონი 154 067 42
გლდანის რაიონი 177 214 50,3
  თბილისი
1 108 717 502
წყარო: საქსტატი,[16] თბილისის მერია[17]

რაიონებს სახელი ქალაქის ისტორიული უბნების მიხედვით ჰქვია. თბილისელთა უმრავლესობა არაფორმალურად ქალაქის უფრო მცირე ისტორიული უბნების სისტემას ცნობს. ასეთი უბნები მრავლადაა, თუმცა მრავალმა მათგანმა გამოკვეთილი ტოპოგრაფიული საზღვრები დროთა განმავლობაში დაკარგა. ქალაქს ბუნებრივად მდინარე მტკვარი ყოფს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად. უძველესი უბნების სახელები სათავეს ადრეული შუასაუკუნეებიდან იღებს. უახლესი უბნები ბოლოდროს გაშენებული საცხოვრებელი კვარტლების სახელს ატარებს.

რევოლუციამდელ თბილისში ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო. ეთნიკური უბნების საზღვრებს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ცნობილი გერმანელი ტურისტული წიგნების გამომცემელი კარლ ბედეკერი:

 
„ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რკინიგზის სადგურის სამხრეთით გაშლილია სუფთა გერმანული უბანი, სადაც ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული (1818) გერმანელების შთამომავლები სახლობენ. სამხრეთით ქართული უბანია (ავლაბარი). მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული უბანია, სადაც მეფისნაცვლის საბრძანებელი და მეწარმეთა ოფისებია განლაგებული. სამხრეთიდან მას ესაზღვრება სომხური და სპარსული ბაზრები.[18]

კულტურა

განათლება

 
ძველი თბილისი ივან აივაზოვსკის წარმოსახვით

საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.

თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI—XVII საუკუნეებიდან კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.

XVIII საუკუნე

თბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 წელს ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.

XIX საუკუნე

 
ქალაქის თვითმართველობის შენობა (ამჟამად საკრებულო), XIX ს.
 
ხედი მეტეხის პლატოდან რიყის ქუჩაზე (წყალდიდობა მდ. მტკვარზე), XIX—XX სს
 
თიხის ჭურჭლეულის მაღაზიები (დაახ. 1888—1900 წ.)

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს (გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“ (ი. ჭავჭვაძე, ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან — პირველი მარქსისტული კულტურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის „მესამე დასის“ წევრები.

1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები — „ცისფერყანწელები“. 1920-იანი წლების დამდეგს აქ აღმოცენდა „აკადემიური მწერლობის კავშირი“, „ფუტურისტ-ლეფელებისა“ და „პროლეტარული მწერლობის“, ხოლო 1927—1928 — „არიფიონის“ ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I-მა და II ყრილობებმა (1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი).

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 — თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 — თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 — ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 — სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, 1844 — სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა ბატალიონთან, 1846 — წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 — ვაჟთა სამიჯნაო სკოლა.

XIX საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა და ქალთა პანსიონების სახით. 1860 „საქველმოქმედო საზოგადოებამ“ თბილისში გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში, 1862—1870 წლებში — 10 სკოლა, 1862 წელს — 4 უფასო სკოლა უღარიბესი მშობლების შვილებისათვის და 1866—1870 — კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი, ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი, რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია, სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით; 1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა. 1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს — თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 — ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა.

1879 წელს თბილისში „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების“ (1878) ინიციატივით გაიხსნა „სათავადაზნაურო ქართული სკოლა“ პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია).

80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს ი. გოგებაშვილის წინადადებით თბილისში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი (მალე დაიხურა). 1881 ქალაქის მმართველობამ თბილისში გახსნა 2 ქართული დაწყებითი სკოლა, სადაც სწავლა უფასო იყო.

XX საუკუნე

 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

XX საუკუნის დამდეგისათვის მთელ საქართველოში და, კერძოდ, თბილისში რამდენადმე გაიზარდა სკოლების ქსელი, მაგრამ სახალხო განათლების საქმე მაინც ჩამორჩენილი იყო. 1905—1907 წლებში გახშირდა მოსწავლეთა გაფიცვები და პოლიტიკური გამოსვლები. რევოლუციის შემდგომ პერიოდში სტოლიპინის რეაქცია სახალხო განათლების საქმესაც შეეხო, მაგრამ მას წინააღმდეგობას უწევდა პროგრესული მასწავლებლობა და მოსწავლე ახალგაზრდობა.

1909 წელს გაიხსნა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები. 1915—1916 წლებისთვის თბილისში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 2 კომერციული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოს სასწავლებელი, ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2 სასულიერო სემინარია, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ქალთა კომერციული სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვა. 1917 წელს გაიხსნა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), 1918 — თბილისის უნივერსიტეტი (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 
თბილისელი „მუზიკანტები“

თბილისში არსებობდა რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღი (პირველი გაიხსნა 1859, მეორე — 1865 და სხვა.). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა სახელმწიფო საბავშვო ბაღებისა და ბაგა-ბაღების ქსელი, რომელიც გამუდმებით ფართოვდებოდა. 1921—1931 წლებში თბილისში გაიხსნა 140-მდე ახალი სკოლა (მ. შ. ოთხწლიანი დაწყებითი, შვიდწლიანი შრომის სკოლები, ცხრაწლიანი შრომის სკოლები სხვადასხვა სპეციალობით და სამწლიანი და ოთხწლიანი ტექნიკუმები). 1923/1924 სასწავლო წელს თბილისში იყო 6 უმაღლესი სასწავლებელი (თსუ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის კონსერვატორია, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი).

თბილისი - XXI საუკუნე

ვარდების რევოლუციის შემდგომ მასიურად დაიწყო თბილისში თანამედროვე ტიპის შენობების მშენებლობა. ასევე პარალელურად ხორციელდებოდა ძველი თბილისის რესტავრაციის პროგრამა.

 
ბარათაშვილის ქუჩა
 
ძველი თბილისი
 
ხედი მთაწმინდაზე

მეცნიერება

თბილისში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა თსუ-ში, შემდეგ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მას შემდეგ, რაც დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (1941). თუ 1941 წლისთვის თბილისში სულ იყო 42 სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება (უმაღლესი სასწავლებლების ჩათვლით), სადაც მუშაობდა 4,3 ათ. მეცნიერ-მუშაკი, 1979 თბილისში, აკადემიის სისტემის 32 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გარდა, იყო საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების 9 ფილიალი, 60-მდე სხვადასხვა საპროექტო და უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. სულ თბილისში მუშაობდა 20,8 ათ. მეცნიერი მუშაკი, მ. შ. 1167 მეცნიერებათა დოქტორი და 6584 მეცნიერებათა კანდიდატი.

1979 წელს თბილისში იყო 107 მასობრივი ბიბლიოთეკა (3047,9 ათ. წიგნი და ჟურნალი), 100 სამეცნიერო ბიბლიოთეკა (14 845 ათ. წიგნი და ჟურნალი), უმაღლესი სასწავლებლების 11 ბიბლიოთეკა (6592 ათ. წიგნი და ჟურნალი), ცენტრალური და ადგილობრივი დაწესებულებებისა და ორგანოების 54 ბიბლიოთეკა (1148 ათ. წიგნი და ჟურნალი).

მუზეუმები

1979-თვის თბილისში იყო ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, მისი ფილიალი საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმი; საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, მისი ფილიალები: მ. თოიძის, ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმები; საქართველოს თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი. მისი ფილიალები: უ. ჩხეიძის, მ. ჭიაურელის, თ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმები; თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ავლაბრის სტამბა; საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი; ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი; ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი; ბავშვთა სათამაშოების მუზეუმი; სურათების სახელმწიფო გალერეა; ბავშვთა სურათების გალერეა; ი. ჭავჭვაძის, ზ. ფალიაშვილის, ი. გამრეკელის, ა. ხორავას სახლ-მუზეუმები და სხვა.

თეატრი

 
რუსთაველის თეატრი
 
მარჯანიშვილის თეატრი

თბილისი რესპუბლიკის უდიდესი თეატრალური ცენტრია. აქ არის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრები, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული და ს. შაუმიანის სახ. სომხური დრამატული თეატრები, ვ. აბაშიძის მუს. კომედიის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები, მეტეხის ახალგაზრდული თეატრი-სტუდია, თოჯინების ქართული და რუს. თეატრები, მინიატურების სახელმწიფო თეატრი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნო, პანტონიმის თეატრი, ცირკი, ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი“; საქართველოს თეატრალური საზოგადოება, საქართველოს კომპოზიტორთა, მხატვართა და არქიტექტორთა კავშირები.

ბეჭდვითი სიტყვა

თბილისში პირველი ქართული სტამბა დააარსა ვახტანგ VI-მ 1709 წელს. პირველი ქართული ბეჭდვითი ორგანო „საქართველოს გაზეთი“ გამოვიდა 1819 წელს (1820-დან „ქართული გაზეთი“), 1828 — ოფიციალური გაზეთი „ტფილისის უწყებანი“, 1852—1875 გამოდიოდა ჟურნალი „ცისკარი“, 1866—1885 — გაზეთი „დროება“. 1877 ი. ჭავჭავაძემ გამოსცა ჟურნალი „ივერია“ (1886-დან გაზეთი). 1903—1905 მუშაობდა ავლაბრის არალეგალური სტამბა. 1966 წელს დაარსდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია. 1936 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საინფორმაციო სააგენტო (საქინფორმი). რადიომაუწყებლობა მუშაობს 1927-დან. ტელეგადაცემები დაიწყო 1956 წლის დეკემბრიდან. ტელეცენტრია თბილისში.

სპორტი

 
ქართველი მორაგბეები.

ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქალაქის მსგავსად, აზიური კულტურის გავლენით, თბილისს ისტორიულად ქალაქის ცალკეული უბნები ჰქონდა გამოყოფილი სპორტული ასპარეზობებისთვის. თანამედროვე საბურთალოსა და დიდუბის ტერიტორიებზე ადრე სპეციალური შეჯიბრებები ტარდებოდა. განსაკუთრებით პოპულარული სახეობები თბილისში ცხენბურთი, ჭიდაობა და ფარიკაობა იყო. სოციალურად და ეკონომიკურად დასავლეთთან ინტეგრაციასთან ერთად თბილისში ევროპული სპორტის სახეობებიც ხდება პოპულარული XIX საუკუნეში. XX საუკუნეში აქ უკვე დომინირებს ფეხბურთი, კალათბურთი და რაგბი. 1978 წლისთვის თბილისს უკვე 250-მდე დიდი თუ მცირე სასპორტო დარბაზი თუ დაწესებულება ჰქონდა, მათ შორის ოთხი დახურული და ექვსი ღია ოლიმპიური საცურაო აუზი, 185 საკალათბურთო მოედანი და დარბაზი, 192 ხელბურთის მოედანი, 19 ჩოგბურთის კორტი, 31 ფეხბურთის მოედანი და ხუთი სტადიონი. ამჟამად თბილისში უდიდესია ბორის პაიჭაძის სტადიონი (55 ათას მაყურებელზე) და მიხეილ მესხის სტადიონი (24 680 მაყურებელზე). სპორტის სასახლე, სადაც ჩვეულებრივ საკალათბურთო ტურნირები ტარდება, 11 ათას მაყურებელს იტევს. ვერის საკალათბურთო დარბაზი 2500 მაყურებელზე გათვლილი.

ამჟამად თბილისში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი და ჭიდაობა. ასევე პოპულარულია ჩოგბურთი, ცურვა და წყალბურთი. თბილისს რამდენიმე პროფესიონალური საფეხბურთო და რაგბის გუნდი ჰყავს. NBA-ს მოთამაშეები ზაზა ფაჩულია და ნიკოლოზ ცქიტიშვილი თბილისელები არიან.

თბილისის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთის გუნდი დინამო თბილისი 1981 წელს გამარჯვებული გახდა ევროპის თასის მფლობელთა თასის გათამაშებაზე. საკალათბურთო გუნდი „დინამო“ ასევე ევროლიგის ჩემპიონი გახდა 1962 წელს.

კლუბი სპორტი სტადიონი
დინამო თბილისი ფეხბურთი ბორის პაიჭაძის სტადიონი
ლოკომოტივი თბილისი ფეხბურთი მიხეილ მესხის სტადიონი
ამერი (თბილისი) ფეხბურთი ამერის სტადიონი
ვიტ ჯორჯია ფეხბურთი ვიტ ჯორჯიას სტადიონი
დინამო თბილისი კალათბურთი ვერის საკალათბურთო დარბაზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი კალათბურთი ვერის საკალათბურთო დარბაზი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი კალათბურთი ვერის საკალათბურთო დარბაზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი კალათბურთი ვერის საკალათბურთო დარბაზი

მოსახლეობა

თბილისის მოსახლეობა მუდამ მრავალეთნიკური იყო. ქართველების გვერდით ქალაქში მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთები, სომხები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, რუსები, ბერძნები. სწორედ ამიტომ თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო და არის, სადაც მეჩეთს, სინაგოგასა და ეკლესიას გვერდი-გვერდ იხილავთ. ამიტომ, სამართლიანადაც, თბილისი კავკასიის ცენტრად და ხანდახან დედაქალაქადაც კი წარმოგვიდგებოდა. დღესაც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 10 % ეთნიკურად არაქართულია. 1808 წელს იულიუს ფონ კლაპროთის ცნობით თბილისში 18 000 ადამიანი ცხოვრობდა.

თბილისის მოსახლეობის ცვალებადობა[19]
2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2014
1097.5 1088.5 1081.7 1079.1 1078.2 1079.7 1103.3 1101.1 1106.7 1106.7 1152.5 1108.7

მონაცემებში ასახულია თბილისში რეგულარულად მცხოვრებთა რაოდენობა. თუმცა რეალურად ქალაქში დაახლოებით კიდევ 300 ათასი ადამიანით მეტი ცხოვრობს. ძირითადად ესენი არიან რეგიონებიდან დროებით ჩამოსული სტუდენტები, მუშები და სხვ.

რელიგია

ქალაქის მოსახლეობის 95,7 % ქრისტიანია, მათგან უმეტესობა მართლმადიდებელია. მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები ჰყავს სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. კათოლიკეები, ლუთერანები, ბაპტისტები და სხვა ქრისტიანული დენომინაციები უმცირესობას წარმოადგენს. მოსახლეობის ნაწილი ისლამს მისდევს (1,5 %). თბილისელთა დაახლ. 0,1 % იუდეველია. ქალაქში დაახლოებით 10-15 ათ. ქურთი ცხოვრობს, რომელთა 70 % ეზიდებია. ქალაქი ისტორიულად ცნობილი იყო რელიგიური ტოლერანტობით. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ძველ თბილისში სხვადასხვა სარწმუნოების ტაძრებისა თუ სამლოცველოების სიუხვით.

ბუნებრივი პირობები და რესურსები

 
მდინარე მტკვარი აბანოთუბნიდან
 
თბილისის ზღვა
 
ლისის ტბა

თბილისის ბუნება მრავალფეროვანია. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინი. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.

მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღვის დონიდან 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ისე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღვის დონიდან 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე.წ. ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდინარე მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.

მტკვრის მარცხენა ნაპირეთში მდებარეობს მახათას მთა, რომლის სიმაღლე 630 მ-ს აღწევს.

თბილისის რელიეფი კარგად გამოხატული ტერასებით ხასიათდება.

  • პირველი ტერასა, რომლის შეფარდებითი სიმაღლე მტკვრის ხეობასთან 1-დან 5-მდე მერყეობს, თბილისის მხოლოდ ცალკეულ უბნებშია. მათ შორის აღსანიშნავია ე.წ „პესკები“ ანუ რიყე, რომელსაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრევი იცნობენ, როგორც სახალხო ზეიმის — „თბილისობის“ გამართვის ადგილს.
  • მეორე ტერასა (შეფარდებითი სიმაღლე 7-10 მეტრი) მთლიანადაა განაშენიანებული. აქ მდებარეობს დავით აღმაშენებლის პროსპექტი, დიდუბე, ავჭალა, დიღომი.
  • მესამე ტერასა მდინარე მტკვრის დონიდან 20-25 მეტრი სიმაღლისაა. აღნიშნულ ტერასაზეა რუსთაველის პროსპექტი, ვაკისა და საბურთალოს ნაწილი, მარცხენა სანაპიროზე კი — ავლაბარი.
  • მეოთხე ტერასაზე, რომლის სიმაღლე 60-80 მ-ია, გაშენებულია ნაძალადევი, ღრმაღელე და ლოტკინი.
  • მეხუთე ტერასის შეფარდებითი სიმაღლეა 145—160 მ. იგი ყველაზე კარგად გამოხატულია მახათას მთის მიდამოებში, რადგანაც სწორედ აქ აქვს მას პლატოსმაგვარი ფორმა.

თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად, როგორც ქალაქის დასახლებულ ნაწილში, ისე მოსაზღვრე ვაკეებზე, გორაკ-ბორცვებსა და მთის კალთებზე უპირატესად ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობა (მ. შ. წიწვოვანები) ხარობს. განაშენიანებული ტერიტორიის ირგვლივ ჭარბობს სტეპის ბალახეულობა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარი, უფრო დაშორებულ ადგილებში, ქედების კალთებზე კი მეორეული ფართოფოთლოვანი ტყეებია.

თბილისის რელიეფში განსაკუთრებით საინტერესოა ის დეპრესია, რომელიც ამჟამად „თბილისის ზღვას“ უკავია. არადა, აქ რამდენიმე ათეული წლის წინ სამი მლაშე ტბა იყო. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტბები მდინარე მტკვრის უძველეს ხეობაში მდებარეობდა.

თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულ-სემიარიდულია (სუბხმელთაშუაზღვიური კლიმატის ელემენტებით). ზაფხული თბილისში საგრძნობლად ცხელია. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4 °C-ია. ზამთარი ცივია (იანვარში +0,9 °C). ნალექის საშუალო რაოდენობა 540 მმ-ის ტოლია. ნალექების მაქსიმუმი დამახასიათებელია გაზაფხულისთვის, მინიმუმი კი — ზამთრისთვის. თოვლის საფარი აქ ყოველწლიურად არ ყალიბდება.

თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. თიხის საბადოა დიღმის ვაკეზე. თიხის ნაწილს იყენებენ აგურის წარმოებაში. ორხევში არის გაჯის საბადო. ავჭალაში მოიპოვება კვარცხის სილა.

კლიმატი

თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C; აბსოლუტირი მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი.


წლიური ამინდი — თბილისი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 19.5 (67) 22.4 (72) 28.7 (84) 31.6 (89) 34.9 (95) 38.7 (102) 40.0 (104) 40.3 (105) 37.9 (100) 33.3 (92) 27.2 (81) 22.8 (73)
საშუალო მაღალი °C (°F) 5.9 (43) 7.1 (45) 12.2 (54) 19.3 (67) 23.1 (74) 27.5 (82) 31.0 (88) 30.2 (86) 26.1 (79) 19.4 (67) 12.7 (55) 7.8 (46) 18,6 (65)
საშუალო დღიური °C (°F) 1.5 (35) 2.4 (36) 6.8 (44) 13.0 (55) 17.0 (63) 21.1 (70) 24.5 (76) 23.7 (75) 19.8 (68) 13.6 (56) 7.8 (46) 3.4 (38) 12,9 (55)
საშუალო დაბალი °C (°F) -1.5 (29) -0.8 (31) 3.0 (37) 8.1 (47) 12.1 (54) 16.0 (61) 19.4 (67) 18.6 (65) 15.0 (59) 9.4 (49) 4.5 (40) 0.5 (33) 8,7 (48)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -24.4 (-12) −14.8 (5) −12.8 (9) -3.8 (25) 1.0 (34) 6.3 (43) 9.3 (49) 8.9 (48) 0.8 (33) -6.4 (20) −7.1 (19) −20.5 (-5)
ნალექი მმ (დუიმი) 20 (0.8) 29 (1.1) 31 (1.2) 51 (2) 84 (3.3) 84 (3.3) 41 (1.6) 43 (1.7) 35 (1.4) 41 (1.6) 35 (1.4) 23 (0.9) 517 (20,4)
წვიმიანი დღეები 4 4 8 12 12 10 7 8 9 10 10 6
თოვლიანი დღეები 6 8 3 0.1 0 0 0 0 0 0.1 1 4
საშ. მზიანი საათები 99.2 104.4 142.6 171.0 213.9 249.0 257.3 248.0 207.0 164.3 102.0 93.0
წყარო: Hong Kong Observatory[20] for data of avg. precipitation days and sunshine hours, Weatherbase (extremes only)[21] May 2011


ტრანსპორტი

 
თბილისის მეტროს რუკა

თბილისს კომპლექსური საზოგადოებრივი სატრანსპორტო კვანძი აქვს. მოქმედებს მეტროპოლიტენის ორი ხაზი და ავტობუსების ქსელი, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს. 2006 წლიდან ქალაქში დაიხურა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ტრამვაისა და ტროლეიბუსის მოქმედი ხაზები. ქალაქს ემსახურება აეროპორტი და რკინიგზა. თბილისში სამდინარო ტრანსპორტი განვითარებული არ არის.

სწრაფი საზოგადოებრივი ტრანზიტის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალება ქალაქში თბილისის მეტროპოლიტენია. ამჟამად მეტროს 23 სადგური განლაგებულია ორ ხაზზე — დიდუბე-სამგორისა და საბურთალოს ხაზები. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვი, ლენინგრადი და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორატულობით გამოირჩევა. დედაქალაქის მეტროს შესახებ იხილეთ თბილისის მეტროსადგურების სია.

დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები

თბილისის დაძმობილებული ქალაქები არიან:[22]

თბილისის პარტნიორი ქალაქები არიან:

განთქმული თბილისელები

ფოტოგალერეა

 
თბილისის პანორამა ნარიყალადან
 
ძველი თბილისის პანორამა მამა დავითიდან, დეტალური გარჩევადობით

ძველი რუკები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Ethnic composition of Georgia 2014
  2. პოსპელოვ, ე.მ. (1998). გეოგრაფიჩესკიე ნაზვანია მირა. გვ. 412.
  3. თუმცა, საარქივო დოკუმენტებით მტკიცდება, რომ თბილისი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს ისხენიებოდა, როგორც ტფილისის პარალელური ტერმინი. იხ. ნიკო ჯავახიშვილი, როდის დაერქვა ჩვენს დედაქალაქს „თბილისი“?, „ისტორიანი“, თებერვალი, № 2, 2011, გვ. 30–31
  4. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
  5. თბილისი, გეოგრაფია და ბუნება. მერიის ოფიციალური ვებგვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-15. ციტირების თარიღი: 2018-07-20.
  6. "Tephlis, Telphis, Tiphlis: Teflis" (წიგნის Google Books). Verba adiectiva "Tephlisensis seu Tiphlitana" e The Hierarchy of the Catholic Church (situs a Davide M. Cheney elaboratus) (Anglice); "Tephlisensis" (vide p. 408 apud Google Books); "Tiphlisensis" multo saepius, e.g. (p. 29 apud Google Books), etiam ab universitate adhibitum in serie Publicationes universitatis Tiphlisensis anno 1920 incepta (vide p.275 apud Google Books)
  7. "Triphelis": Simon de Sancto Quintino, Historia Tartarorum 30.88; "Tephelis, Tiphilis": J. G. Th. Graesse, Orbis Latinus (Dresda: Schönfeld, 1861; 1909. Brunsvici, 1972) Ed. 1861 Ed. 1909 Ed. aucta 1972
  8. «Известия», 1936, 22 აგვისტო
  9. ყაუხჩიშვილი, ს., „პირველი ბერძნული ცნობა ტფილისის შესახებ“, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ. IV გვ. 283-284, 1927
  10. (ინგლისური)საქართველოს ოქროს ხანა დაარქივებული 2007-10-28 საიტზე Wayback Machine. - ქართული ეროვნული ბიოგრაფიის ლექსიკონი. წაკითხულია 25/08/2008.
  11. Высочайше утвержденный плакат "Об учреждении Верховного Грузинского Правительства в Тифлисе". 12 сентября 1801г. ПСЗ-I. Т.26. № 20.009.
  12. (ინგლისური) Jones, Stephen F. (2005). Socialism in Georgian Colors (სოციალიზმი ქართულ ფერებში).
  13. გაზ. „კომუნისტი“ №265 (4121), 17 ნოემბერი, 1934
  14. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-11 (23-24), გვ. 9, თბ., 1949 წ. ISSN 0203-2023
  15. ქ. თბილისის რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ
  16. 16.0 16.1 of population by administrative-territorial units and sex.xls Number of population by administrative-territorial units and sex. geostat.ge. ციტირების თარიღი: 2021-06-27[მკვდარი ბმული]
  17. 17.0 17.1 Tbilisi in figures 2018 tbilisi.gov.ge
  18. კარლ ბედეკერი (Karl Baedeker), რუსეთი: მოგზაურთა მეგზური (Arno Press, 1971, 1914 წლის გამოცემის ხელახალი გამოცემა), გვ. 467.
  19. http://statistics.ge/_files/georgian/population/01%20saqarTvelos%20mosaxleobis%20ricxovnoba%20TviTmmarTveli%20erTeulebis%20mixedviT%20%281%20ianvris%20mdgomareobiT%29.xls დაარქივებული 2009-11-13 საიტზე Wayback Machine. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (1 იანვრის მდგომარეობით)
  20. "Climatological Information for Tbilisi, Georgia" – Hong Kong Observatory
  21. Tbilisi, Georgia Travel Weather Averages. Weatherbase. ციტირების თარიღი: 2012-12-19.
  22. 22.00 22.01 22.02 22.03 22.04 22.05 22.06 22.07 22.08 22.09 22.10 22.11 22.12 22.13 22.14 22.15 22.16 Tbilisi Sister Cities. Tbilisi City Hall. Tbilisi Municipal Portal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
  23. Medmestno in mednarodno sodelovanje Slovenian. Mestna občina Ljubljana (Ljubljana City). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-26. ციტირების თარიღი: 2013-07-27.
  24. Bristol City – Town twinning. © 2009 Bristol City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2009-07-17.
  25. Yerevan – Twin Towns & Sister Cities. Yerevan Municipality Official Website. © 2005—2013 www.yerevan.am. ციტირების თარიღი: 2013-11-04.
  26. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Armenian. [1]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-12. ციტირების თარიღი: 2013-08-05.
  27. Oraşe înfrăţite (Twin cities of Minsk) [via WaybackMachine.com] Romanian. Primăria Municipiului Chişinău. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2012. ციტირების თარიღი: 2013-07-21.
  28. Tbilisi-Tehran direct flights will start next month English. Agenda.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-28. ციტირების თარიღი: 2015-05-20.
  29. თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. Tbilisi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 19 April 2016.
  30. თბილისს 21-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. Tbilisi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13.07.2021. ციტირების თარიღი: 13.07.2021.
  31. București și Tbilisi devin orașe înfrățite. Cei doi primari au dezvelit la București statuia poetului Rustaveli. ციტირების თარიღი: 31.05.2022.
  32. ბუქარესტი თბილისის დაძმობილებული ქალაქი გახდა YouTube-ზე
  33. Kraków – Miasta Partnerskie Polish. Miejska Platforma Internetowa Magiczny Kraków. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-02. ციტირების თარიღი: 2013-08-10.
  34. Partnerská města HMP Czech. Portál „Zahraniční vztahy“ [Portal "Foreign Affairs"] (2013-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-25. ციტირების თარიღი: 2013-08-05.


  თბილისის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები თბილისის შესახებ.