წავკისისწყალი

მდინარე საქართველოში, თბილისში

წავკისისწყალი, ლეღვთახევი, დაბახანისხევიმდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისში. სათავე აქვს მთაწმინდის ქედის უძოს მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1200 მ-ზე. სიგრძე 9 კმ, აუზის ფართობი 21,3 კმ². წავკისისწყალი თბილისის ბოტანიკურ ბაღს ორ ნაწილად ყოფს, შემოუვლის ნარიყალას კლდოვან ქედს, კვეთს აბანოთუბანს და კოლექტორის მეშვეობით მტკვარს უერთდება. მტკვარს ერთვის მარჯვნიდან სოლოლაკის სერის აღმოსავლეთ დაბოლოებასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ძლიერი წყალმოვარდნა; განსაკუთრებით ძლიერი იყო 1955 წლის წყალდიდობა. საშუალო წლიური ხარჯი 2,5 მ³/წმ.

წავკისისწყალი
სხვა სახელი ლეღვთახევი, დაბახანისხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები თბილისი
ქალაქები თბილისი
სათავე მთაწმინდის ქედი
41°40′17″ ჩ. გ. 44°43′20″ ა. გ. / 41.671611° ჩ. გ. 44.722222° ა. გ. / 41.671611; 44.722222
სათავის მდებარეობა უძოს მთა
სათავის სიმაღლე 1200 მ
შესართავი მტკვარი
41°41′22″ ჩ. გ. 44°48′39″ ა. გ. / 41.689472° ჩ. გ. 44.810944° ა. გ. / 41.689472; 44.810944
შესართავის მდებარეობა თბილისი
სიგრძე 9 კმ
აუზის ფართობი 21,3 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 2,5 მ³/წმ
წავკისისწყალი — საქართველო
წავკისისწყალი
წავკისისწყალი
წავკისისწყალი — თბილისი
წავკისისწყალი
წავკისისწყალი
— სათავე, — შესართავი

წავკისისწყალი ღრმად არის ჩაჭრილი ტუფოგენურ წყებებში და ციცაბოკალთებიანი ხეობით გამოირჩევა. აქვს მეტწილად დაბალი ნაპირები. ხეობის გაფართოებულ მონაკვეთში გაშენებულია თბილისის ბოტანიკური ბაღი, სადაც ქმნის მაღალსა და მიმზიდველ ჩანჩქერს. აქ მდინარის ფსკერი და მიდამოები დაბალია და მოფენილია ნალექი ქანებით. ბოტანიკური ბაღის მიდამოებში მდინარეს გამომუშავებული აქვს საკმაოდ ღრმა და ვიწრო ხეობა (სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრი), რომლის გვერდები სხვადასხვა ტიპის მცენარეულობითაა შემოსილი. ხეობის გვერდებზე მიკრული მცენარეული დაჯგუფებები ხშირია.

ხიდები წავკისისწყალზე

რედაქტირება

1735 წელს ვახუშტი ბატონიშვილის თბილისის რუკაზე სოლოლაკის ქედის მიდამოებში ნაჩვენებია ოქოვაანთ ხიდი ბოტანიკური ბაღის ზემოთ. ამ კამაროვან ხიდს ადგილობრივი მოსახლეობა „მამა-შვილის ხიდსაც“ ეძახდა. მისი მალის სიგრძე 6 მეტრს შეადგენდა, სიგანე - 5,3 მეტრს, ხოლო სიმაღლე - 5,8 მეტრს. სავარაუდოდ, წარსულში ეს ხიდი თბილისიდან კოჯრისა და ქვემო ქართლისკენ მიმავალ მთავარ გზასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და მას მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ფუნქცია ჰქონოდა. კოჯრის ახალი გზის გაყვანის შემდეგ კი ეს ფუნქცია დაეკარგა.

მდ. წავკისისწყალზე განჯის გზის დასაწყისში კიდევ ერთი - აბანოს ხიდი მდებარეობდა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დანგრეული ხიდი 1795 წელსვე აღუდგენიათ. ამ დროს აშენდა ხის კამაროვანი ხიდი, რომელიც არაერთხელ გადაკეთდა. 1819 წელს ხიდი შეცვალეს აბანოების მეპატრონეებმა, სუმბათაშვილებმა - ააშენეს ხის თაღოვანი ხიდი ქვის საყრდენებზე. 1850 წელს, წყალდიდობის დროს, ეს ხიდიც დაინგრა. 1851 წელს კომერსანტმა თამამშევმა ააშენა ქვის ხიდი, რომელიც უბნის უფრო გვიანდელი რეკონსტრუქციის შემდეგ ნაწილობრივ მიწის ქვეშ მოექცა. დღეს ამ ხიდის ხის ნაშთები ნაწილობრივ აღდგენილია.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, წავკისისწყალზე გადებულია სამი პატარა ხიდი. მათგან ბაღის ღირსშესანიშნაობაა ჩანჩქერის თავზე აგებული რკინაბეტონის თაღოვანი ხიდი. რუსეთის იმპერიაში ეს ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი კონსტრუქცია იყო. იგი XX საუკუნის დასაწყისში, 1913-1914 წლებში აიგო ინჟინერ ნ. როტინოვის პროექტით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 285.
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 11-12, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012