ლისის ტბა
ლისის ტბა — ტბა საქართველოში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, თბილისის ქვაბულში, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, წყლის მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.[2]
ლისის ტბა | |
---|---|
ლისის ტბა | |
კოორდინატები: 41°44′34″ ჩ. გ. 44°44′08″ ა. გ. / 41.74278° ჩ. გ. 44.73556° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 624 მ |
ფართობი | 0,47 კმ² |
მოცულობა | 0,00122 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 4 მ |
აუზის ფართობი | 16 კმ² |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ლისის ტბა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი ზონაა. აქ კარგი ჰავაა დასასვენებლად. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, ლისის ტბა ზღვის დონიდან მათზე რამდენიმე ასეული მეტრით მაღლა მდებარეობს. თბილისის წყალსაცავის დაარსებამდე (1950-იანი წლებში) ლისის ტბა ქალაქის მიდამოებში მდებარე ყველაზე დიდი წყალსატევი იყო, რის გამოც მას ზოგჯერ „თბილისის ზღვას“ უწოდებდნენ.[3]
1930-იან წლებამდე ლისის ტბას იყენებდა მხოლოდ ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ზაფხულობით ნათესების სარწყავად, ხოლო მიმდებარე მინდვრებს — საძოვრებად. 1936 წელს საქართველოს წყალზე დამხმარე საზოგადოებამ ტბაზე მცირე ნაოსნობა მოაწყო.[3] ტბის მიდამოების კეთილმოწყობა 1937 წლიდან დაიწყო. მაშინ ტბის ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო გარემოს გასამწვანებლად. დამახასიათებელია ბორცვიანი პლატო რელიეფი.[4]
2007 წელს მის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი. დღეს ისეთ ფართომასშტაბიან პროექტს, როგორიცაა ლისის ტბის მიმდებარედ ოთხასამდე ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანება, ახორციელებს კომპანია „ლისი დეველოპმენტი“. პროექტის პირველი უბანია „ლისი ვერანდა“, რომლის მოწყობა 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.[5]
ლისის ტბა მისი შემოგარენით ზღვის დონიდან 615-730 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თბილისის სხვა უბნებისგან განსხვავებით, რომლებიც ზღვის დონიდან 380-600 მეტრამდე მერყეობს, ლისის ტბა, XX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკრეაციო ზონაა. ტბის ტერიტორია გამოირჩევა თბილისში ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით.[5]
ლისის ტბის ინფრასტრუქტურის განახლება კომპანია ლისი დეველოპმენტმა 2012 წელს დაიწყო. ტბის გარშემო შეიქმნა სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის.[5]
2016 წელს ტბის გარშემო ქალაქის მერიის დავალებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე სრულად 3 კილომეტრს შეადგენს. ტბის გარშემო გზის 2,5-კილომეტრიან მონაკვეთში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სადრენაჟე-სანიაღვრე ქსელი და გარე განათების სისტემა. ბილიკის გასწვრივ 101 სანათი ბოძი და 10 ურნა დამონტაჟდა. ტბის გარშემო დაიდგა ასევე ნაგავშემკრები კონტეინერები. ამასთან, კეთილმოეწყო საფეხმავლო გზის გვერდულები. საფეხმავლო ბილიკზე განთავსდა საგზაო ნიშნები და ყოველ 500 მეტრში დამონტაჟდა მანძილის აღმნიშვნელი ბოძები.[6] აღსანიშნავია ასევე ლისის ტბის მწვანე მასივი, რომელიც საბურთალოს უერთდება. ტბის შემოგარენში არსებობს თერმული წყარო. 2015 წელს ტბის ტერიტორიაზე გაიხსნა გოგირდის აბანო.[5] ლისის ტბის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი თხინვალი.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი), გვ. 27
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 252.
- ↑ 3.0 3.1 ს. გ-ლი, ლისის ტბა, გაზ. „კომუნისტი“, № 126, 4 ივნისი, 1937.
- ↑ კურორტი ლისის ტბა // ცნობები ლისის ტბის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-26. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 ლისი დეველოპმენტი // ცნობები ლისის ტბის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-10. ციტირების თარიღი: 2017-06-19.
- ↑ ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკი მოეწყო
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 33.