ფუტურისტ-ლეფელები

„ფუტურისტ-ლეფელები” — XX საუკუნის 20-იანი წლების ქართველ მწერალთა დაჯგუფება, რომელიც ჩამოყალიბდა იტალიური და რუსული ფუტურიზმისა და რუსული ლეფის გავლენით. მათი პირველი საღამო გაიმართა 1922 წელს, ამავე წელს გამოქვეყნდა მანიფესტი „საქართველო—ფენიქსი”. „ფუტურისტ-ლეფელების“ გამოცემები იყო ალმანახები „H2 SO4“ (1924), „ლიტერატურა და სხვა“ (1924 —1925), გაზეთი „დროული“ (1925 —1926), ჟურნალი „მემარცხენეობა“ (1927 —1928) ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ პოეტები და მწერლები: ბ. აბულაძე, შალვა ალხაზიშვუილი, აკაკი ბელიაშვილი, დავით გაჩეჩილაძე, პავლე ნოზაძე, ბესარიონ ჟღენტი, ჟ. ღოღობერიძე, ნიკოლოზ ჩაჩავა, სიმონ ჩიქოვანი, აგრეთვე კუბიზმით გატაცებული მხატვრები: ირაკლი გამრეკელი, ბ. გორდეზიანი, მ. გოცირიძე და სხვები. „ფუტურისტ-ლეფელები“ ცდილობდნენ ისეთივე გადატრიალება მოეხდინათ მწერლობაში, როგორც ოქტომბრის რევოლუციამ მოახდინა სოციალურ სფეროში. წინამორბედ ფუტურისტთა კვალობაზე ისინი უკიდურეს ნიჰილიზმს ამჟღავნებდნენ კლასიკური მწერლობისადმი. მათი ცდა შეექმნათ ახალი დროის შესაბამისი ლიტერატურული სკოლა, რომელიც გაითვალისწუინებდა იტალიურ და რუსულ ფუტურიზმს, ლეფის, ნაწილობრივ-კონსტრუქტივიზმის გამოცდილებას და ძირფესვიანად გარდაქმნიდა ქართულ ლექსს, განუხორციელებელი აღმოჩნდა. „ფუტურისტ-ლეფელების“ გატაცებამ „ზაუმური ენით“ და „ორკესტრული ლექსალობით“ მაინც დადებითი როლი ითამაშა ქართული პოეზიის ფორმალური სრულყოფის საქმეში, რასაც ადასტურებს ამ ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო პოეტის სიმონ ჩიქოვანის ადრინდელი შემოქმედება. 20-იანი წლების დამლევს ჯგუფი თვითლიკვიდაციის გზას დაადგა.

ლიტერატურა

რედაქტირება