მიხეილ მესხის სტადიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.[1] საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ საშინაო არენა.

მიხეილ მესხის სტადიონი
ლოკომოტივი

სტადიონის ხედი
სრული სახელი მიხეილ მესხის სტადიონი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
ტევადობა 22 754
გუნდები
„ლოკომოტივი“ თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

გაშენდა ყოფილი „ქარიშხალას“ სტადიონის ტერიტორიაზე. ადრინდელი, 26000-ადგილიანი სტადიონი 1952–57 წლებში აიგო იური კასრაძის პროექტით.[2] 1960 წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები — თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა.

1999 წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები — ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა 2001 წელს, მთელი კომპლექსი კი 2003 წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მიხეილ მესხის სახელი 2005 წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა, სიდიდით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.

არენა 2011 წლის დასაწყისში გრძელვადიანი იჯარით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სტადიონი 2011 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა მატჩით გაიხსნა. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია დრენაჟის თანამედროვე სისტემა, ელექტროტაბლო, გასახდელის ორი ბლოკი, საპრესკონფერენციო დარბაზები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, VIP, გამორჩეულ სტუმართა და ჟურნალისტთა ლოჟები, მსაჯთა და დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის ოთახები, ტრენაჟორების დარბაზი, მანქანების პარკინგი. სტადიონის კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი 1 000-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით. 2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ საშინაო არენაა.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

2022 წლისთვის დაიწყო ამ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები „უეფას“ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის და 31 აგვისტოს Imagine Dragons-ის კონცერტისთვის. გამოიცვალა სკამები, დაყენდა ციფრული მონიტორები ბალახის საფარის ირგვლივ, რომელიც სტადიონს არასდროს არ ჰქონდა. საბოლოოდ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის 21 მაისს დასრულდა, ხოლო სატესტო ეროვნული ლიგა 2-ის მატჩი (ბოლნისის „სიონი“ — დინამო „თბილისი 2“) ახლად რეაბილიტირებულ სტადიონზე 1 ივნისს, გაიმართა.

პერიოდიკა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. როგორ მივიდეთ მიხეილ მესხის სტადიონთან
  2. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — იური კასრაძე // იური კასრაძე (1911–1991) — საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. დაბადების ადგილი: სოფელი ალი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობითა და ავტორობით დაპროექტდა „საქენერგოს“ ადმინისტრაციული შენობა, ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი, იპოდრომი (თბილისში), 250-ადგილიანი სასტუმრო ქ. თბილისის აეროპორტში, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო „ინტურისტი“ და სპორტკომპლექსი გორში, კულტურის სახლი ონში, საჭიდაო დარბაზები კასპსა და საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლები და სოციალური დანიშნულების ობიექტები თბილისში; იყო 1951–1953 წწ. მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამამულო ომის მონაწილე; მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ. 281-282 // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 9 ივნისი, 2019.