ვახტანგ ჭაბუკიანი
ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (დ. 27 თებერვალი (12 მარტი), 1910, თბილისი ― გ. 6 აპრილი, 1992) — ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ლენინური პრემიის, 4 ლენინის ორდენის, 3 სტალინური პრემიის კავალერი. ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.
ვახტანგ ჭაბუკიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი |
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი (12 მარტი), 1910 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 6 აპრილი, 1992 (82 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
ეთნიკურად |
ბალერონი ბალეტმაისტერი ქორეოგრაფი ბალეტის პედაგოგი |
პროფესია | ბალეტი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში ქალაქელი ხელოსნის ოჯახში. მამა — მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით; დედა ― ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი ― ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.
შემოქმედება
რედაქტირება1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941 წწ.), სადაც კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პეტრე ჩაიკოვსკის „გედის ტბაში“ ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: „ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი, ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს“. 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტში“ ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. „დონ კიხოტმა“ მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ-ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ–ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: „პარიზის ალი“, „კორსარი“, „დონ კიხოტი“; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.
1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე გაიმართა სახეშეცვლილი „მზეჭაბუკის“ პრემიერა. მისი ახალი სახელია „მთების გული“. 1939 წელს სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას წითელი დროშის ორდენი გადასცეს და რსფსრ დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს „ფაუსტის“ „ვალპურგის ღამე“ დადგა, ხოლო 1945 წელს „გედის ტბა“. 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი „სინათლე“ (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი „გორდა“.
1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: „ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი“. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი „ბოლერო“. 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის „განთიადი“ შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი „აპასიონატა“. 1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი, ელენე გლურჯიძე, ლალი კანდელაკი. „ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვ. ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა...“
1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ტეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. გაზეთ „თბილისში“ იოსებ ჭუმბურიძე წერდა:
„შაბათ საღამოს ვახტანგ ჭაბუკიანს უშურველად მიაგო მშობელმა ერმა ზღვა სიყვარული და თაყვანისცემა. ხელოვნებაში მის მოღვაწეობას უკვე ოფიციალურად დაერქვა გმირობა.“
|
გიგა ლორთქიფანიძემ კი ასე განაცხადა:
„დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი... ვახტანგ ჭაბუკიანმა სამადლობელო გვითხრა და კიდევ ერთი საოცარი ფრაზა: 'მე მგონია რომ რაღაც გავაკეთე'. როგორ გვჭირდება დღეს მაღალთა თავმდაბლობის ასეთი მაგალითები!...“
|
ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წლის 6 აპრილს, თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდისა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1937 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1939 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1940 — რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1941 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1941 — პირველი ხარისხის სტალინური პრემია
- 1948 — პირველი ხარისხის სტალინური პრემია
- 1950 — სსრკ-ის სახალხო არტისტი
- 1952 — მეორე ხარისხის სტალინური პრემია
- 1958 — ლენინური პრემია
- 1946, 1950, 1958 და 1990 — ლენინის ორდენი
- 1939 და 1966 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1990 — სოციალისტური შრომის გმირი