ნიკოლოზ ცისკარიძე (დ. 31 დეკემბერი, 1973, თბილისი) — რუსეთში მოღვაწე ქართველი ბალერონი, მოცეკვავე, საბალეტო პედაგოგი, ვაგანოვის სახელობის რუსული საბალეტო აკადემიის რექტორი, მოსკოვის დიდი თეატრის ექს-პრემიერი, ტელეწამყვანი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (2001), რუსეთის სახელმწიფო პრემიისა და „ოქროს ნიღბის“ მრავალგზის ლაურეატი.

ნიკა ცისკარიძე

ნიკა ცისკარიძე
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1973
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა სსრკ, რუსეთი
ეთნიკურად ქართველი
პროფესია ბალეტის მსახიობი
ბალეტის პედაგოგი
აქტიური 1992–დღემდე
ჯილდოები რუსეთის სახალხო არტისტი
საქართველოს ღირსების ორდენი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ ცისკარიძე 1973 წლის 31 დეკემბერს დაიბადა თბილისში. დედა – ლამარა ცისკარიძე – ფიზიკოსი იყო, მუშაობდა ობნინსკის სამეცნიერო ცენტრში. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო მისთვის მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და ამიტომ თბილისში დაბრუნდა, სადაც ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში. მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ატარებს დედის გვარს.

მომავალი მოცეკვავე სცენამ, განსაკუთრებით თოჯინურმა თეატრმა, ადრეული ბავშვობიდანვე გაიტაცა, თავისი ხელით აკეთებდა თოჯინებს, რომელთა სიყვარული მოწიფულობაშიც არ განელებია და დიდი კოლექციაც შეაგროვა. თუმცა ცეკვისადმი სიყვარულმა ყველა სხვა ინტერესი დაჩრდილა. სწავლობდა თბილისის 162-ე სკოლაში ბახტრიონზე.  1984 წელს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც პირველ სამ წელს მეცადინეობდა ირინა სტუპინასთან და ზურაბ ლაბაძესთან. სულ მოკლე ხანში ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ აშკარა გახდა: აუცილებელი იყო მისი მოსკოვში წაყვანა. სწავლობდა მარინა სემიონოვნას კლასში. 87 წლის ბალერინასთან მეცადინეობა იმდენად სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი იყო, რომ ნიკა ზოგჯერ მხცოვან მანდილოსანთან გადიოდა რეპეტიციას, თუმცა მისი პედაგოგ–რეპეტოტორი ნიკოლოზ სიმაჩოვი იყო. ნიკა ყველა პედაგოგისთვის განსაკუთრებით ძვირფასი და სასურველი მოწაფე იყო, მისი არაორდინალური მონაცემებისა და ცეკვისადმი მიდგომის  გამო, ყველაფერს სწრაფად ითვისებდა და უცბადვე რეაგირებდა შენიშვნებზე. ნიკას მთავარი გამარჯვება ის იყო, რომ მთლიანად გამოიყენა ღვთისგან ნაბოძები ნიჭიერაბა და იმედი გაუმართლა არაერთ დიდ პედაგოგს, პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, პიოტრ პესტოვს, მარინა სემიონოვას, პედაგოგ–რეპეტიტორებს: გალინა ულანოვას, ნიკოლაი სიმაჩოვს, ნიკოლაი ფადეეჩევს. მისი როგორც საბალეტო მსახიობის ჩამოყალიბებაში თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვით დიდი თეატრის საბალეტო დასის ვარსკვალვებსაც. ნიკა ცისკარიძე იხსენებს: „პირველად იური გრიგოროვიჩმა სახელმწიფო გამოცდაზე მნახა. თურმე ძალიან მოვეწონე და წამიყვანა დიდ თეატრში. საერთოდ სასწავლებლის გამოსაშვებ გამოცდებზე ყოველთვის იწვევენ ხოლმე წამყვანი დასების სამხატვრო ხელმძღვანელებს, მათ შორის იყო გრიგოროვიჩიც. დიდი თეატრისათვის არჩეულ მოცეკვავეებს შორის მე არ ვიყავი და, ალბათ ვერც მოვხდებოდი, რომ არა მისი ძალისხმევა“. ნიკას მოსკოვის დიდ თეატრში მისვლისთანავე მისცეს პარტიები – მერკუციო პროკოფიევის „რომეო და ჯულიტაში“ და კონფერანსიე შოსტაკოვიჩის „ოქროს საუკუნეში“. ერთი წლის შემდეგ იური გრიგოროვიჩი დიდი თეატრიდან წავიდა და ნიკა ცისკარიძის შემდგომი თეატრალური ცხოვრება ახალი ხელმძღვანელის, ვლადიმერ ვასილიევის შემოქმედებას დაუკავშირდა. საგანგებოდ ნიკასთვის დაიდგა ახალი სპექტაკი „პაგანინი“, რომელსაც საფუძვლად უდევს რახმანინოვის ცნობილი ნაწარმოები „რაფსოდია პაგანინის თემაზე“. ნიკასთვის დაიდგა ასევე „გედების ტბაც“, რომელიც კლასიკის ახლებური გააზრებით გამოირჩეოდა, მთავარი პერსონჟი გახდა ბოროტი ჯადოქარი და არა ვთქვათ, ოდეტა–ოდილია, როგორც ეს ჩაიკოვსკისთან იყო.

1992–2013 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2006–2009 წლებში სამი საცეკვაო პროექტის „ცეკვის მეფეები“ მონაწილე; რუსეთის ტელეარხზე „Культура“, პროგრამის „მსოფლიო მუსიკალური თეატრის შედევრები“ წამყვანი.

ნიკა ცისკარიძე უკვე ცნობილი მოცეკვავე იყო ინგლისში, იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, როდესაც პირველი გასტროლი მშობლიური ქალაქში გაიმართა. 1995 წლის 15 და 18 ნოემბერს მან ჯეიმსის პარტია შეასრულა ბალეტ „სილფიდაში“. 1996 წლის 20 აგვისტოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიკა ცისკარიძემ იცეკვა დებიუსის „ნარცისი“, ხოლო ტატიანა ტერეხოვასთან ერთად – „სილფიდა“. 1999 წლის 28-29 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა პეტრე ჩაიკოვსკის უკვდავი „მაკნატუნას“ (ქორეოგრაფი – იური გრიგოროვიჩი; მხატვარი – სოლიკო ვირსალაძე) პრემიერა, მთვარ პარტიებს ასრულებდნენ ნატალია არხიპოვა (მარი) და ნიკა ცისკარიძე (მაკნატუნა).

ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საქველმოქმედო მოღვაწეობისათვის, მოსკოვის დიდი თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსეთის სახალხო არტისტი ნიკოლოზ ცისკარიძე 2003 წლის 21 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

2012 წლის 14 იანვარს მოსკოვში სლავური ლიტერატურისა და კულტურის საერთაშორისო ფონდმა სახელგანთქმული მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე წმინდა ნინოს ორდენით დაჯილდოვა.

2013 წელი, ალბათ, ყველაზე მძიმე იყო ნიკა ცისკარიძის ცხოვრებაში. დიდი თეატრიდან დევნა დასკვნით ფაზაში გადაიზარდა, კრიმინალური სკანდალითა და ცისლიწამებით დასრულდა და ფაქრობრივად, თეატრის დატოვება მისი, როგორც კლასიკური მოცეკვავის, სასცენო დასასრულად იქცა. ნიკა ახალი გამოწვევბის წინაშე დადგა, გადაწყვიტა მიეღო შეთავაზება და პეტერბურგში რუსული საბალეტო აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მისი, როგორც პედაგოგის საქმიანობა ისეთივე წარმატებულია, როგორიც მოცეკვავის იყო.

ნიკა ცისკარიძემ თანამედროვე საბალეტო ხელოვნება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, მისი სახელი შეტანილია საბალეტო ენციკლოპედიაში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2006 — ორდენი ხელოვნებასა და ლიტერატურაში დამსახურებისათვის (საფრანგეთი)
  • 2003 — ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო არტისტი
  • 2003 — რუსეთის სახელმწიფო პრემია „ტრიუმფის“ ლაურეატი
  • 2001 — რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
  • 2001 — რუსეთის სახელმწიფო პრემია „ტრიუმფის“ ლაურეატი
  • 1997 — მოსკოვის VIII საერთაშორისო კონკურსი
  • 1997 — „მადამ ოიჰას“ სახელობის კონკურსი(იაპონია)
  • 2003 — ღირსების ორდენი
  • 1997, 2000, 2002 — თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მსოფლიო ბალეტის ცისკრის ვარსკვლავი, თბილისი : შპს "სეზანი", 2014. - 396 გვ
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 550;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება