ცეკვა

(გადამისამართდა გვერდიდან მოცეკვავე)
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლისთვის, იხილეთ ცეკვა (შუახევის მუნიციპალიტეტი).

ცეკვა — ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას ძველ დროებში რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ცეკვის (ძვ.ფრანგ: danse, წარმოშობის შესახებ საკითხი საკამათოა და იგი უმეტესწილად მუსიკის და/ან რითმიკისაგან მიღებულ ინსპირაციის გამოვლინებას წარმოადგენს. ცეკვა მოიცავს რიტუალს, წეს-ჩვეულებებს, საშემსრულებლო ხელოვნების სახეობებს, სპორტულ სახეობას, თერაპიის ფორმას და ის შესაძლოა სოციალური ინტერაქციის ფორმა იყოს ან უბრალოდ ინდივიდის გრძნობათა გამოხატვის გზა.

ცეკვა

ცეკვას საზოგადოებაში მრავალი ფუნქცია გააჩნია და ის ხშირ შემთხვევაში გარკვეულ მიზანს ატარებს ან მხოლოდ გართობის მიზნით სრულდება. ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სასცენო ცეკვა — ბალეტი.

სარიტუალო ცეკვა კომპლექსურობასა და ემოციებს გამოხატავს და როგორც საზეიმო, შესაძლოა ის აგრეთვე ახალბედა წევრის რაიმე სახის ჯგუფში ან თემში მიღების ცერემონიას, სასკოლო ან სხვა სახის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამაგვირგვინებელ წვეულებასაც ახლდეს თან. ძველ დროებში სარიტუალო ცეკვებით ღვთაებებს განდიდებდნენ და მათი შესრულება ხშირად ასევე ბოროტი სულების განდევნას და მათგან თავის დაცვას ემსახურებოდა.

ცეკვა, როგორც სპორტი კუნთოვანი სისტემის აგებულებას, ასევე კოორდინაციისა და წონასწორობის შეგრძნების განვითარებას უწყობს ხელს. ცეკვის სრულყოფილად შესწავლა, მისი გეგმის დასახვა და კომპლექსური მოძრაობების შესრულება ადამიანს თვითრწმენას უნერგავს და ეხმარება მისსავე სხეულთან ჯანმრთელი დამოკიდებულების გამომუშავებაში.

ცეკვა, როგორც ხელოვნების სახეობა გრძნობებისა და მოქმედებათა ვიზუალურ ჩვენებას ემსახურება. მიმიკა, ჟესტიკულაცია, მთლიანი სხეულის საცეკვაო მოძრაობები მუსიკის თანხლებით ცეკვის მნიშვნელოვან სამუშაო მასალას წარმოადგენს, რომელსაც მაყურებლის თვალწინ ადამიანის სხეულის სილამაზისა და მისი გამოხატვის უნარი შესწევს.

პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია XV საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები — XVI საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა XVII საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები XX საუკუნის პირმშოა.

ქართული ცეკვებიდან აღსანიშნავია: აჭარული, განდაგანა, კინტაური, ლეკური, ფერხული.

ძველი დრო

რედაქტირება
 
მუსიკოსები და მოვეკვავეების ფრესკა ნებამუნის საფლავის

ცეკვის უძველესი შემონახული დოკუმენტიაცია ინდურ კლდის მხატვრობას წარმოადგენს, რომელიც ძვ.წ. 5000 - 2000 წწ. შეიქმნა. ბჰიმბეტკას გამოქვაბულებიდან ერთ-ერთი ნახატი ფერხულის ცეკვის ადრეულ ჩანასახების სცენებს ასახავს. სცენები ინდუიზმის ადრეულ ფორმებს წარმოადგენს და მასში ნაჩვენებია ღმერთი შივა, როგორც “ცეკვის ღმერთი”. ინდოეთში შემონახულია ძვ.წ. 400 - 200 წწ.  დაწერილი “ნატიაშასტრა”, “ცეკვის წმინდა მეცნიერება” - უმნიშველოვანესი ტრაქტატი შექმნილი ცეკვის თემაზე.

ძველ ეგვიპტეში არსებობდა სარიტუალო ცეკვები, რომლებიც ღმერთი ოსირისის სიკვდილსა და ხელახალი დაბადების სცენებს ილუსტრირებდნენ. ცეკვებს, მათი შესრულების ტექნიკის სირთულის გამო, მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები წარმოადგენდნენ.

ძველმა ბერძნებმა სისტემაში მოიყვანეს ღვთაებებისადმი მიძღვნილი ცეკვები და მათთან დაკავშირებული გრძნობათა გამოხატვის ხერხებიც. ამის მნიშვნელოვანი მაგალითს წარმოადგენს ჰომეროსის მიერ ილიადაში გადმოცემული ცეკვის ხორეიას (ბერძ. ἡ χορεία hē choreía  “ცეკვა, გუნდური ცეკვა, ფერხული”) ძვ.წ.  8 - 6 საუკუნეების ექსტატური ცეკვების აღწერა, რომლებიც დიონისიების ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდნენ და რომელთაგანაც შემდგომში დრამა და კომედია წარმოიშვა. ამ თეატრალურ ფორმებში ხშირად ქორო ანუ გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლის მოძრაობების ე.წ. “ქორეოგრაფიის”  მონიშვნა პიესებში ხდებოდა; სწორედ აქედან განვითარდა ქორეოგრაფიის თანამედროვე ცნება.

შუა საუკუნეები

რედაქტირება
 
შუა საუკუნეების ცეკვის ამსახველი სცენა

ცეკვა შუა საუკუნეების ევროპაში ტრადიციულ ხალხურ ფორმებზე დაყრდნობით იქმნებოდა და ამდენადვე ის ნაყოფიერების სარიტუალო ელემენტებითაც იყო დატვირთული (მაგ: მაისის ხის სარიტუალო ცეკვა). აგრეთვე ფართოდ გავრცელებული იყო მებრძოლთა და დემონთა თემატიკაზე შესრულებული რიტუალები. ცეკვა ეკლესიებში იმართებოდა და მას რელიგიური ცერემონიალის საზეიმოდ მუსიკა ახლდა თან. ცეკვა მალე სეკულარიზირებული და განვითარებული იქნა სოციალური და თეატრალური ხასიათით, რომელსაც მოხეტიალე კომედიანტები ასრულებდნენ. 11-ე და 12-ე საუკუნეებში წმ. ვიტუსისა თუ წმ. იოანეს ცეკვამ, ექსტატური მასიური ცეკვის ფორმა წარმოშვა; მგზნებარე ნახტომიანი ცეკვა, რომლის პროტაგონისტები ძალ-ღონის გამოლევამდე ცეკვადნენ და მღეროდნენ. 12-ე საუკუნისათვის უკვე ჩნდება წყვილის დახვეწილი ცეკვა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტისა და მაყურებელთა მიერ ნამღერის ფონზე სრულდებოდა. ბაზელის საეკლესიო კრების მიერ 1445 წელს აკრძალული წინარე ქრისტიანული ზამთრის სატურნალია ან “მასხარების დღეობა” (ლათ. festum fatuorum, festum stultorum) და სხვა მსგავსი ტიპის დღესასწაულები ქალებსა და კაცებს საშუალებას აძლევდნენ ეცეკვათ ხტომებით, ხელთ სჭეროდათ ზარები თუ ათასგვარი ზანზალაკები და ხანაც ეტარებინათ ნიღბები. ხელიხელ ჩაკიდებული მოცეკვავეები ცეკვავდნენ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით შედგენილი ნიმუშების გათვალიწინებით, ხშირად ცენტრალური პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცეკვაში მაგ: ხელნაკეთი ვირის ფიგურით იყო მოხმობილი. გვიანდელ 15-ე საუკუნეში კი 'შვიდი სათნოებისა და შვიდი ცოდვის' ცეკვას მღვდლები და მათი მგალობლები ასრულებდნენ, როგორც ერთ-ერთ ნაწილს კორპუს ქრისტის დღესასწაულისას მადრიდში, რომლისგანაც შემდგომში ალეგორიული ხასიათის საცეკვაო დრამებს ჩაეყარა საფუძველი.

რენესანსის ხანა

რედაქტირება
 
რობერტ დადლი, მოცეკვავე ელისაბედი

განპირობებული ცეკვის ეფემერული ბუნებით 1400-იანი წლებიდან ვერ შემოინახა საგულისხმოდ მრავალი ინდივიდუალური ნამუშევარი, მაგრამ ამ დროისათვის მაინც არსებობდნენ ცეკვის ოსტატები და მათ შორის იყო დომენიკო და პიაჩენცა (იგივე და ფერარა, ფლორენ. დაახ. 1420-60), რომლებიც იტალიური სამეფოების კარზე მსახურობდნენ. რენესანსის ხანაში მიუხედავად იმისა, რომ სრულდებოდა ცეკვები და განსაკუთრებით გლეხების მიერ ორგანიზირებულ, წელიწადის დროებთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს, მაინც მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამდროინდელ წყაროებში. ადრეულ 15-ე საუკუნეში შეიმჩნევა აშკარა ცვილილება. დაიწყო ხალხური (ისინი მეტწილად პრექრისტიანულ საცეკვაო ფორმებს ეყრდნობოდნენ და უმთავრესად ღია ცის ქვეშ იმართებოდნენ) და დიდებულთა ცეკვების ერთმანეთისაგან გამოყოფა. ცვლილება შეიმჩნეოდა აგრეთვე სოციალური ცეკვების წყველების მიერ შესრულებაშიც, რომლებიც ევროპული სამეფოების კარზე დროსტარებისა და გართობის მიზნით ხდებოდა. სამეფო კარის პროფესიონალი მოცეკვავის გამოსვლა და პირველი ცეკვის სახელმძღვანელოების გამოჩენა ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცეკვა იმ დროს უკვე არისტოკრატიის ცხოვრების სტილის ნაწილად იყო ქცეული. იმ დროის კარის პოეტმა ანტონიო კორნაცანომ (1429 - 1484) მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ჩათვლით დაწერა “Libro sull’arte del danzara” ((დაახლ. 1455 წ.). ამ დროისათვის მეტად იყო გავრცელებული ცეკვა პავანა (ფარშევანგების ცეკვა). რენესანსის ეპოქის განმავლობაში უმთავრესად საპროცესიო ცეკვას ეკავა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ღირსეული საცერემონიო მოძრაობებით გამოირჩეოდა და რომელთა შესერულება ქალბატონებსაც კი შეეძლოთ მიუხედავად მათი არაკომფორტული კაბებისა. მხიარულებამ და მისწრაფებამ თავისუფალი წეს-ჩვეულებებისადმი განაპირობა “danse haute”-ის (მაღალი ცეკვა) შემოღება, რომელიც “danse basse”-თან შედარებით უფრო სწრაფი მოძრაობებისაგან, შეხტომებისაგან შედგებოდა და ფიზიკურ მოქნილობას მოითხოვდა. ამ სახის პირველი ცეკვა იყო იტალიური გალიარდა, რომელიც უმეტესწილად პარტნიორებს შორის ხელის შეხების გარეშე შერეული ნაბიჯებითა და შეხტომებით სრულდებოდა. გალიარდა, როგორც წესი, პავანას მოჰყვებოდა ხოლმე.16-ე საუკუნეში არისტოკრატიის მხიარული ხასიათის ცეკვები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ფენის ძირებს შეიცავდა, რომლებიც სტილისტურად სახეცვლილი ფორმით იქნა გადმოღებული. 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში ცეკვები კი უფრო მეტად  დაიხვეწა, გამთლიანდა და ამავდროულად მეტი სენსაციურობაც შეიძინა. ევროპულ სამეფო კარებზე ცეკვის სკოლების მიერ დიდგვაროვანთა სწავლება ხორციელდებოდა იმგვარად, რომ  იმ დროის პოპულარული ცეკვების ერთი ქვეყნიდან მეორეში გავრცელება შესაძლებელი ყოფილიყო. ნიჭიერი და დახელოვნებული იმპრესარიოები საუცხოო წარმოდგენებს უწევდნენ ორგანიზირებას, რომლის დროსაც ცეკვებს, გალობას, რეჩიტატივს და პანტომიმას მდიდრულად მორთული გარემოში ეთმობოდა ადგილი. ესენი იყო იტალიური “balli”, ფრანგული “Ballet de cour” და ინგლისური “masques”, რომელთა დაგეგმვასა და დადგმაში თავად სამეფო ოჯახი იღებდა მონაწილეობას. გვიანდელი რენესანსის ცეკვის საუკეთესო წყაროდ თუანო არბოს “ორქესოგრაფიაა” (1588) მიჩნეული.

ტრადიციული აფრიკული ცეკვა

რედაქტირება
 
აკვა იბომის მოცეკვავეები

მრავალ აფრიკულ საზოგადოებებში ცეკვა რიტუალებისა და ცერემონიების განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობაც მრავალ საუკუნეს ითვლის. ცეკვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ადამიანებისათვის თავიანთ ღმერთებთან სულიერი კავშირის დასამყარებლად, ომისათვის მოსამზადებლად თუ ჩვილის დაბადების ზეიმის, ქორწინებისა და სიკვდილის აღსანიშნავად. მსგავსი სარიტუალო ცეკვები უმთავრესად მკაცრი წესებით იმართება და ამა თუ იმ ტომისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით ხასიათდება: ბანტუს ხალხებს შორის მეტად გავრცელებული მისალმების სიტყვიერი ფორმა არის “რას ცეკვავ (შენ)?”. აქედან გამომდინარე, ადამიანის სოციალური წეს-ჩვეულებანი, რელიგია თუ ტომის მიერ განსაზღვრული იდენტურობა განსაზღრავს მისი ცეკვის ხასიათს. აფრიკული მუსიკა და ცეკვა მიუხედავად კულტურათა მრავალფეროვნებისა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მაინც საერთოა. ტრადიციული აფრიკული ცეკვა სათემო საქმეა და ძირითადად ჯგუფურ საქმიანობას წარმოადგენს. ის ასევე ცხოვრების მრავალ ასპექტსაც აერთანებს მაგ: მრავალფეროვანი მითითებები შრომის, თევზაობის თუ საომარი მოქმედებების შესახებ. ის სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელოვანი ნაწილია. დასვლური ბალეტის სწორი ხაზებისა და ვერტიკალური პოზიციის საპირისპიროდ, ბევრი აფრიკული ცეკვა ფეხის დაკვრითი მონაცვლეობით, მუხლში მოხვრით, სხეულის კიდურებისა და ტანის ტალღისებური მოძრაობებით ხასიათდება. დროთა განმავლობაში არაერთი აფრიკული საზოგადოება გადაშენების პირას არის და მასთან ერთად მისი ცეკვებიც. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ აფრიკულ ცეკვებს მაყურებელს უმეტესწილად პროფესიონალური ცეკვის კომპანიები წარმოუდგენენ.

ცეკვა და მუსიკა

რედაქტირება

ცეკვა და მუსიკა ერთმანეთთან მჭირდოდ არიან დაკავშირებულნი. ზოგ კულტურებში კი მაგ: აფრიკულ ცეკვაში განსაკუთრებით მჭიროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ხელოვნების ეს ორი ფორმა. ეს თვალნათელი ხდება მაშინ, როცა მუსიკა და ცეკვა რიტუალურ მნიშვნელობას იძენენ, რომელთა შესრულების დროსაც ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი და ცეკვის ილეთი ღმერთებს სიმბოლურად განასახიერებენ. დროთა განმავლობაში ცეკვა და მუსიკა ინდივიდუალურად განვითარდა, მაგრამ მათ მუდმივ არსებით საზიარო ელემენტად მაინც რითმი რჩება. ცეკვისა და მუზიცირების პრაქტიკაში აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ისეთი შერეული ფორმები, რომლის კარგ მაგალითსაც ვხვდებით ფლამენკოში, შუპლატერში ანდაც სტეპის ცეკვისას. ამრიგად ყოველი თანამედროვე საზოგადოებრივი ცეკვა მთავარი რითმის გათვალისწინებით იქმნება, რომელსაც მუსიკა მთლიანი ნაწარმოების განმავლობაში ინარჩუნებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • International encyclopedia of dance, Oxford University Press, New York 1998, ISBN 0-19-509462-X.
  • Oxfort Illustrated Encyclopedia of the Arts, Oxford University Press, New York 1990, ISBN 0-19-869137-8
  • Exoticindiaart.com, Dance: The Living Spirit of Indian Arts, by Prof. P. C. Jain and Dr. Daljeet
  • Judith Lynne Hanna: African Dance: The Continuity of Change, Yearbook of the International Folk Music Council, Vol. 5 (1973), pp. 165-174, JSTOR 767501

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება