გუნდი (მუსიკა)
გუნდი — მომღერალთა, მგალობელთა, მომღერალ-მოცეკვავეთა კოლექტივი. ძველ საქართველოში მგალობელ-მომღერალთა ან მგალობელ-მროკველთა ჯგუფს (სიტყვიდან „ძნა", კრებითობის აღსანიშნავად), მწყობრს ან დასს უწოდებდნენ.
საგუნდო ნაწარმოები სრულდება დამოუკიდებლად (ა კაპელა) ფორტეპიანოს (უმთავრესად) ან საკრავთა ანსამბლისა და ორკესტრის თანხლებით. საგუნდო ნაწარმოები შეიძლება იყოს დიდი ფორმის ნაწარმოებთა (ოპერა, ორატორია, ოპერეტა, კანტატა, მესა) ნაწილი, რომელიც გამონაკლისის სახით გვხვდება სიმფონიასა (პირველად ბეთჰოვენის „IX სიმფონიაში“) და ბალეტში.
ხმათა რაოდენობის მიხედვით გუნდი შეიძლება იყოს: ერთხმიანი და მრავალხმიანი, ხმათა შემადგენლობის მიხედვით — ერთგვაროვანი (ვაჟთა, ქალთა, ბავშვთა,...) და შერეული (ქალ-ვაჟთა,...). არსებობს ხალხური, თვითმოქმედი, მოყვარულთა, პროფესიული, აკადემიური გუნდები. მონაწილეთა რაოდენობა 12-დან 120-მდე მერყეობს. ზოგჯერ სახალხო დღესასწაულებზე რამდენიმე გუნდს აერთიანებენ და მომღერალთა რაოდენობა ხანდახან რამდენიმე ათასსაც აღწევს.
ქართული ხალხური სიმღერებისათვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი გუნდები: ვაჟთა 2-3, იშვიათად 4-ხმიანი და ქალთა 2, და იშვიათად, 3-ხმიანი. ფუნქციის მიხედვით სხვადასხვა სიმღერაში შემდეგი ხმები მონაწილეობს: მთქმელი-დამწყები, მოძახილი, კრინი, გამყივანი, კრიმანჭული, შემხმობარი („ნადურებში"), მაღალი ბანი, ბანი. სასულიერო საგალობელს ასრულებს 3-ხმიანი გუნდი — მთქმელი, მოძახილი, ბანი. წერილობითი ცნობებით, არსებობდა 5 და 6-ხმიანი გალობაც (მთქმელი, მოძახილი ანუ მაღალი ბანი, ბანი, დვრინი, ზილი, კრინი). ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად კაპელით სრულდება. ქართული პროფესიული მუსიკაში ეს სახე ნიკო სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებებით XX საუკუნის 10-იან წლებში დამკვიდრდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
- ჯამბაკურ-ორბელიანი ა., ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი, «ცისკარი», 1861, №1.