კოტე მარჯანიშვილი
კოტე მარჯანიშვილი (დ. 28 მაისი [ძვ. სტ.9 ივნისი], 1872, ყვარელი — გ. 17 აპრილი, 1933, მოსკოვი) — საბჭოთა ეპოქის ქართველი რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931).
კოტე მარჯანიშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | კონსტანტინე მარჯანიშვილი |
დაბადების თარიღი |
28 მაისი, [ძვ. სტ. 9 ივნისი], 1872 ყვარელი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
17 აპრილი, 1933 მოსკოვი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
განათლება | თბილისის პირველი გიმნაზია |
პროფესია | რეჟისორი |
მეუღლე(ები) | ელენე დონაური |
მშობლები |
მამა: ალექსანდრე მარჯანიშვილი დედა: ელისაბედ ჭავჭავაძე |
ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1931) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებაკოტე მარჯანიშვილის მამა, ალექსანდრე ანდრიას ძე მარჯანიშვილი იყო, რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, ფრანგულიდან თარგმნა ალექსანდრე დიუმას „ორი დიანა“; დედა, ელისაბედ სოლომონის ასული ჭავჭავაძე (დ. 1850 — გ. წ. უცნობია) იყო აკაკი წერეთლის წერილების ადრესატი, ხოლო ილია ჭავჭავაძემ მას ლექსი „გახსოვს, ტურფავ...“ მიუძღვნა. ალექსანდრე მარჯანიშვილის და — მაგდალინა იყო პუბლიცისტ სერგეი მესხის დედა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის დიდი ბებია.
კოტე მარჯანიშვილს ჰყავდა ორი და — თამარი და ნინო. უფროსი და — თამარი 1890 წლიდან ბოდბის, შემდგომ სერაფიმო-ზნამენსკის ქალთა მონასტერის წინამძღვარი (იღუმენია) იყო; უმცროსი და — ნინო ცოლად ჰყავდა ექიმ გრიგოლ ელიავას. მათი ვაჟი გიორგი ელიავა იყო ცნობილი მიკრობიოლოგი და საზოგადო მოღვაწე.
განათლება
რედაქტირებაგანათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც კოტე მესხი ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი აკაკი წერეთლის დრამატულ პოემაში „პატარა კახი“. 1897] წელს მარჯანიშვილი რუსეთში გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტაშკენტში, აშხაბადში, ტულაში, ლუგანსკში, ვიატკაში.
შემოქმედება
რედაქტირება1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში ვიატკაში დადგა ანტონ ჩეხოვის პიესა „ძია ვანია“. 1904-იდან მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა მაქსიმ გორკის პიესა „მოაგარაკენი“. 1905 წლის რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა ხარკოვის (1906-1907), კიევის (1907-1908), ოდესის (1908-1909) დრამატულ დასებში.
„თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ“
|
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში ალექსანდრე სუმბათაშვილთან ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს ვალერიან შალიკაშვილს და ვახტანგ მჭედლიშვილს, რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა კნუტ ჰამსუნის „ცხოვრების ბრჭყალებში“ (1911), ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტი“ (1912); მონაწილეობა მიიღო თეოდორე დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ დადგმაში (1910), და ჰენრი კრეგის დადგმის „ჰამლეტის“ განხორციელებაში.
1912 წელს კიევში, სოლოვცოვის თეატრში დადგა პიესა-პანტომიმა „ცრემლები“. მაშინ ჰქონდა პირველი შეხება მარჯანიშვილს კინემატოგრაფთან. კინომეწარმე ალექსანდრე ხანჟონკოვმა პიესა ფირზე გადაიტანა, მან კამერა სცენის წინ ფრონტალურად დადგა და ყველაფერი გადაიღო. რუსულმა პრესამ ფილმი წლის საუკეთესო ნამუშევრად აღიარა. 1916 წელს ის გაემგზავრა პეტროგრადში, სადაც მან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 24 სურათი უნდა გადაეღო, მაგრამ მხოლოდ ერთი, „ყოვლისშემძლე სიყვარული“ გადაიღო. მარჯანიშვილმა მალე დატოვა ატელიე, იმ მიზეზით, რომ მეპატრონე დრანკოვი მეშჩანური დრამების დადგმას ითხოვდაო.
1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა „თავისუფალი თეატრი“, სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება. მარჯანიშვილმა აქ დადგა: მოდესტ მუსორგსკის ოპერა „სოროჩინცის ბაზრობა“, ჟაკ ოფენბახის ოპერეტა „მშვენიერი ელენე“, შნიცლერ-დონანის პანტომიმა „პიერეტას საბურველი“ და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), „ბუფის“ (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა ლოპე დე ვეგას დრამა „ცხვრის წყარო“, ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. 1920 წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა.
1922 წელს მარჯანიშვილი საქართველოს სსრ-ში დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით. თეატრში ის თამამად იყენებდა კინოს შესაძლებლობებს
1922 წელს მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა რევოლუციურ-ჰეროიკული სპექტაკლი ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“, რომელიც ქართული თეატრის განახლებას დაედო საფუძვლად. 1926 წლამდე მარჯანიშვილი სათავეში ედგა რუსთაველის თეატრს. აქ მან დადგა ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1922), გიორგი ერისთავის „გაყრა“ (1923), მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“ (1924; მიხეილ ქორელთან ერთად), უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (1925) და სხვა.
„თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს — რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს — კინორეჟისორი არ არის...ასე დამემართა მეც“
|
1924-1928 წლებში მარჯანიშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინოში. კინოში ახალმა ხელოვნებამ ჩარჩოებში მოაქცია იგი და შეზღუდა მისი შესაძლებლობები, რადგან მისი მთავარი იარაღი, ხმა და მეტყველება, ვერ გამოიყენა და მიმართა გამომსახველობით ხერხებს, კერძოდ კი ჟესტიკულაციას, რამაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. კინოში მას მონტაჟი მიაჩნდა გადამწყვეტ ფაქტორად. მარჯანიშვილმა ექვსი სხვადასხვა ჟანრის, განსხვავებული ფილმი გადაიღო: „ქარიშხლის წინ“ (1925), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1926), „გოგი რატიანი“ (1927), „ამოკი“ (1927), „კრაზანა“ (1928), „კომუნარის ჩიბუხი“ (1929). მარჯანიშვილმა პირველმა გადაიღო საბავშვო და ასევე უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაფუძნებული ფილმები.
1928 წელს ქუთაისში დააარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ, 1933 წელს თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: ერნესტ ტოლერის „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!“ (1928), ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“ (1928); ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“ (1928), შალვა დადიანის „კაკალგულში“ (1928); კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (1929), პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1929), გრიგოლ ბუხნიკაშვილის „კი მაგრამ…“ (1930), პერსი შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“ (1930), იური ოლეშას „სამი ბღენძი“ (1931), კარლო კალაძის „სახლი მტკვრის პირას“ (1931), ალექსანდრე აფინოგენოვის „შიში“ (1932), შექსპირის „ოტელო“ (1932), ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1933) და სხვა.
1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: რიხარდ ვაგნერის „ლოენგრინი“ (1924), დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1923), ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ (1924), ჯოაკინო როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა ფრიდრიხ შილერის „დონ კარლოსი“ (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), იოჰან შტრაუსის ოპერეტა „ღამურა“ (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.
მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ბუხნიკაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 476.
- კოტე მარჯანიშვილი, კრებული — „ხელოვნება“, თბილისი, 1961
- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კოტე მარჯანიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კოტე მარჯანიშვილის ბიო თეატრის ვებგვერდზე დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine.
- კოტე მარჯანიშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- კოტე მარჯანიშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- კოტე მარჯანიშვილის საფლავი მთაწმინდის პანთეონში[მკვდარი ბმული]