კოტე მარჯანიშვილის ქუჩა

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთში რაიონში (ძველი კუკია). უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან რკინიგზამდე. ადრე ერქვა კირკა, 1921 წლიდან — ჟან ჟორესის, 1938 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელი ეწოდა.

კოტე მარჯანიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
წინა სახელები კირკა, ჟან ჟორესის ქუჩა

ქუჩა გეგმით გრძივად განლაგებული ქალაქის მთავარი განივი ღერძის ერთ-ერთი მონაკვეთია. ეს სატრანსპორტო ფუნქციური ღერძი იწყება ვარდების რევოლუციის მოედნიდან, გადის გალაკტიონის ხიდზე. მარჯანიშვილის ქუჩაზე, მოედანზე და მიემართება ზევით. ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა ადრე შედიოდა კუკიის დასახლებაში, 1818–1820 ქუჩასა და მის ტერიტორიაზე დასასხლდნენ ვიურტემბერგელი გერმანელი მოახალშენეები, რომლებმაც აქ დაარსეს ე. წ. „თბილისის კოლონია“, გააშენეს ბაღები და აქაურობა კეთილმოაწყვეს. ახლანდელ მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიაზე ააშენეს ლუთერანული ეკლესია (გერმ. „კირზე“), რამაც ამ ქუჩას კირკის სახელი დაუმკვიდრა (აქედან სახელწოდება „კირიჩნი“). თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც „კიროჩნაია“. 1863-1864 წლებში „კირიჩნისა“ და ნიკოლოზის (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის ქუჩა) ქუჩის გადაკვეთაზე აშენდა წმინდა ნეველის რუსული ეკლესია. 1885 წელს აიგო ვერის (ახლანდელი გალაკტიონის) ხიდი, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა მტკვრის ორივე მხარეს განლაგებული ცენტრალური უბნები. ქუჩაზე ძირითადად განლაგებული იყო ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის სავაჭრო რიგები, პატარა ფანჩატურ-დუქნები. განაშენიანება განსაკუთრებით გაცხოველდა XX საუკუნის დასაწყისიდან. 1901 წლიდან აიგო საცხოვრებელი სახლები, რომლებშიც გამოყენებულია რენესანსულ-ბაროკოული ხუროთმოძღვრული მოტივები.

1910 წელს სანაპირო ქუჩის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის ქუჩა) გადაკვეთაზე აშენდა „ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების სახლი“ (ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი, ახლანდელი „თიბისი ბანკი“, არქიტექტორი ა. როგოისკი), მის მოპირდაპირედ — კ. ზუბალაშვილის სახელობის საქალაქო „სახალხო სახლი“ (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი, 1909, არქიტექტორი ს. კრიჩინსკი). ორივე შენობა „მოდერნის“ სტილისაა. 1939 წელს ქუჩის დასაწყისში აშენდა წიგნის სასახლე (არქიტექტორები ნ. ბარათაშვილი, ნ. მიქაელიანი). 1947-1948 წლებში ქუჩის ცენტრალური ნაწილი, სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგების მიზნით, მარჯანიშვილის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის გადაკვეთაზე გაფართოვდა და შეიქმნა კოტე მარჯანიშვილის მოედანი, რომლის ჩრდილოეთ კუთხეში განთავსებულ საპროექტო ინსტიტუტის „თბილქალაქპროექტის“ I სართულზე 1966 წელს გაიხსნა მეტროს I ხაზის სადგური „ მარჯანიშვილის მოედანი“. ქუჩაზე დგას სწრაფი სერვისის რესტორანი „მაკდონალდსი“ (2000, არქიტექტორები ი. ვაჩეიშვილი, ბ. გოცაძე), კოტე მარჯანიშვილის ბიუსტი (მოქანდაკე ს. გირკელიძე, არქიტექტორი ვ. დავითაია). აქვს 1 შესახვევი.

ლიტერატურა

რედაქტირება