დიმიტრი უზნაძის ქუჩა
დიმიტრი უზნაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); ზაარბრიუკენის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე.
უზნაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ძველი კუკია |
წინა სახელები | ვორონცოვის სანაპირო, დიდი მთავრის ქუჩა, კამოს ქუჩა |
წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გერმანელი მოახალშენეების დასახლების შემდეგ და თავდაპირველად სანაპირო ქუჩა ერქვა. ამ სახელით შეტანილი 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. ვორონცოვის (ახლანდელი ჩუღურეთის) ხიდის აშენების შემდეგ ქუჩას ეწოდა ვორონცოვის სანაპირო — ამ სახელით აღნიშნულია ქალაქის 1876 წლის გეგმაზე. 1899 წელს ქუჩას მიენიჭა დიდი მთავრის ნიკოლოზ მიხეილის ძის სახელი და დაერქვა დიდი მთავრის ქუჩა. 1922 წელს — კამოს, 1990 წელს დიმიტრი უზნაძის სახელი ეწოდა.
ქუჩის სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული იყო სამხერხაოები, მტკვრის ნაპირთან კი — წისქვილები, რომლებმაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოაღწიეს. იმ ადგილას, სადაც გერმანელი ვეტცელის მიერ 1865 წელს დაარსებული ლუდის ქარხანა იყო, ამჟამად მუშაობს ლუდის საწარმო „ყაზბეგი 1881“. ქუჩაზეა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ყოფ. „გაერთიანებული ქართული ბანკი“), სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფო, ვლადიმერ წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალექსანდრე ალადაშვილის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკა, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, წმინდა მიქაელ მთავარანგლოზის სახელობის ეკლესია. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. დგას ალექსანდრე ალადაშვილის ბიუსტი (მოქანდაკე ო. მელიქიშვილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 171, ISBN 978-99928-20-35-3.