გრიგოლ ბუხნიკაშვილი
გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 20 მაისი, 1897, სურამი, ახლანდელი ხაშურის რაიონი — გ. 30 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, კულტურის დარგის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).
გრიგოლ ბუხნიკაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1897, 20 მაისი სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
1979, 30 აგვისტო თბილისი |
პროფესია | თეატრთმცოდნე, მწერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგრიგოლ ბუხნიკაშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური და 1949 წელს თეატრალური ინსტიტუტები. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ხაშურის გიმნაზიის დასრულებისთანავე, 1914 წლიდან. 1911-1913 წლებში მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, სურამსა და ხაშურში, ხოლო 1916-1920 წლებში თბილისის ნაძალადევის სახალხო თეატრის სპექტაკლებში. ავტორია კომედიებისა „შეშინებული ანთიმოზი“, „კი მაგრამ“. 1926-1927 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. 1928-1932 წლებში თბილისის სატირისა და სასოფლო მოძრავი თეატრების ხელმძღვანელი, 1932-1936 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1936-1939 წლებში მეტეხის მუზეუმის დირექტორი, 1939 წლიდან იყო საქართველოს თეატრის მუზეუმის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, გამოკვლევები ქართული თეატრის ისტორიის საკითხებზე. მათგან განსაკუთრებით საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ნაშრომი „ქართული თეატრის მატიანე. 1850-1917“ (ხელნაწერი დაცულია საქართველოს თეატრის მუზეუმში), რომელიც შეიცავს სრულ ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიას ოქტომბრის რევოლუციამდელი ქართული თეატრის და მისი ისტორიის შესახებ.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თხზულებები
რედაქტირება- გრ. ბუხნიკაშვილი. კოტე მარჯანიშვილი, თბილისი, 1947.
- გრ. ბუხნიკაშვილი. ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე, თბილისი, 1950.
- გრ. ბუხნიკაშვილი. აკაკი ვასაძე, თბილისი, 1960.
- გრ. ბუხნიკაშვილი. თამარ ჭავჭავაძე, თბილისი, 1961.
- გრ. ბუხნიკაშვილი. ნიკო გოცირიძე, თბილისი, 1972.
ლიტერატურა
რედაქტირება- შ. ცუცქირიძე. ბუხნიკაშვილი გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 513-514.