ელენე დონაური (ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი და გვარი — ელენე იოსების ასული ვაჩნაძე) (დ. 9 აპრილი, 1890, ბაკურციხე ― გ. 15 ოქტომბერი, 1955) — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950). რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მეუღლე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელენე დონაური დაიბადა 1890 წლის 9 აპრილს, გურჯაანის რაიონის (ახლანდელი მუნიციპალიტეტის) სოფელ ბაკურციხეში, სოფლის მემამულის ოჯახში. მისი ქალიშვილობის გვარი ვაჩნაძეა, დონაური კი — ფსევდონიმია. იგი იყო რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის მეუღლე.

ელენემ საშუალო განათლება თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1906 წელს დაამთავრა. სასცენო ხელოვნებას გაეცნო მოწაფეობის დროს და არდადეგების პერიოდში სოფელში თვითონაც მართავდა საბავშვო წარმოდგენებს. სწავლობდა თბილისში, არმენ დოლუხანოვის დრამატულ სკოლაში და პეტერბურგში, დრამატულ კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1916 წლამდე მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქის რუსულ თეატრში: ტაგანროგში, როსტოვში, ტამბოვსა და ორენბურგში, ასევე პეტერბურგში, ვერა კომისარჟევსკაიას ხელმძღვანელობით მოქმედ თეატრში. 1920 წლიდან 1926 წლამდე თბილისში, ქართულ თეატრში (შემდეგ შ. რუსთაველის სახელობის თეატრი) თამაშობდა. 1926-1928 წლებში გამოდიოდა თბილისის მუშათა თეატრში. 1928 წლიდან კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით დაარსებული ქუთაის-ბათუმის თეატრის მსახიობია. თეატრს 1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელი ეწოდა. ელენე დონაური ამ თეატრის წამყვან მსახიობად ითვლებოდა. ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს.

მსახიობმა ქართულ სცენაზე განასახიერა 50-მდე როლი. მათ შორის: ოთარაანთ ქვრივი სპექტაკლში „ჩატეხილი ხიდი” (ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის” მიხედვით, ინსცენირება შალვა დადიანისა), ქეთევანი – „ნინოშვილის გურია” (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით, ინსცენირება მისივე), დესპინე – შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან”, გიორგი სააკაძის დედა თამარი – უშანგი ჩხეიძის პიესაში „გიორგი სააკაძე”, მართა – მიხეილ მრევლიშვილის „ხარატაანთ კერაში”, ემილია – უილიამ შექსპირის „ოტელოში” და სხვ. ელენე დონაურმა რუსულ სცენაზე სხვადასხვა დროს განასახიერა: აკულინა – სპექტაკლში „მეუფება წყვდიადისა” (ლევ ტოლსტოის), ნასტია – „ფსკერზე” (მაქსიმ გორკის), სონია – „ძია ვანია” (ანტონ ჩეხოვის), გაიანე – „ღალატი” (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის), მეფის ასული – „მეფის დალაქი” (ანატოლი ლუნაჩარსკის), ჯესიკა – „ვენეციელი ვაჭარი” (უილიამ შექსპირის), ივდითი – „ურიელ აკო- სტაში” (კარლ გუცკოვის) და სხვა.

მუშაობდა ბათუმში არსებულ დრამატულ სტუდიაში მეტყველების პედაგოგად. დაწერა მოგონებები მეუღლის, კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და გამოაქვეყნა რეჟისორისადმი მიძღვნილ კრებულში 1948 წელს. 1936 წელს დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის” ორდენით. 1950 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება.

ელენე დონაური გარდაიცვალა 1955 წლის 15 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება