მახათა
მახათა — მთა საქართველოში, თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქის აღმოსავლეთ კიდესა და „თბილისის ზღვას“ შორის, სიმაღლე ზღვის დონიდან 632,6 მ. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს და წარმოადგენს მის ძველ ტერასის ნაწილს. აგებულია ზედაეოცენური თიხებითა და ქვიშაქვებით, რომელიც ზემოდან დაფარულია მეოთხეული ალუვიური ნალექებით. დამახასიათებელია მობრტყელებული თხემი. აღმოსავლეთ და სამხრეთ კალთა დამრეცია, დასავლეთ და ჩრდილოეთ ციცაბო. მთას გასდევს ადმინისტრაციული საზღვარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის რაიონებს შორის.
მახათა | |
---|---|
მახათას მთა (ხედი სამხრეთიდან) | |
კოორდინატები: 41°42′45″ ჩ. გ. 44°50′02″ ა. გ. / 41.71250° ჩ. გ. 44.83389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი |
სიმაღლე | 632,6 მ |
ამგებელი ქანები | თიხა და ქვიშაქვა |
ასაკი | ზედაეოცენური |
სურათები ვიკისაწყობში |
თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, მახათა ნიშნავს „მეხთა ადგილს“ („ქუხილის ჟამს მეხი იცის“). ვახუშტის მიერ შედგენილ თბილისის რუკაზე (1735) მახათას ფერდობთან დატანილია „შუატბის გზა“, ხოლო მთის ძირში მითითებულია „მელიქის საყდარი“ და „ბებუთას ბაღი“. ბაღს ჩაუდიოდა შარაგზა — „ლილოს გზა“. ეს ბაღი როსტომ მეფის მიერ ნაწყალობევ ადგილზე გაუშენებია ხოჯა ბეჰბუდას (ბებუთა) — ბებუთაშვილების საგვარეულოს ფუძემდებელს და თბილისის ზარაფთუხუცესს 1650-იან წლებში. საყდარიც ძველ სასაფლაოზე მისი აშენებული ყოფილა. სასაფლაომაც და საყდარმაც XX ს.-მდე მოაღწია ხოჯავანქის სახელწოდებით. ეკლესია ამ უბნის რესტავრაციის დროს აიღეს საბჭოთა პერიოდში. პლატონ იოსელიანის მოწმობით, ძველად მახათას მთაზე წმ. ელიას ეკლესია მდგარა. მას აქ უნახავს ეკლესიის ნაშთები. წმ. ელიას ეკლესიიდან მოდის ამ უბნის ძველი დასახელება — ელია (ელიას უბანი), რომელიც ავლაბრის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა განლაგებული. მახათას მთასთან გაშენებულია აგრეთვე თბილისის ერთ-ერთი უბანი – ვაზისუბანი.
მახათას მთის ფერდობზე განლაგებულია სამხედრო დასახლება და მაღალტექნოლოგიური სარადარო ცენტრი, რომელმაც ჩაანაცვლა 2008 წლის 11 აგვისტოს რუსული ავიაიერიშის დროს მთლიანად განადგურებული ძველი სადგური. მთის მწვერვალზე შენდება წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი.
2012 წლის 17 აპრილს[1] მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას საძირკველი ჩაეყარა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფონდ „ივერიისას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.[2] მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის ოფიციალური ცერემონია ტაძრის საძირკვლისთვის ამოთხრილ ქვაბულში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე მახათას მთაზე მიაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სიონშია დაბრძანებული. ტაძრის საძირკვლის გასათხრელად ნიჩბით მიწა პირველად კათოლიკოს-პატრიარქმა ამოიღო. მანამდე კი პარაკლისი გადაიხადა.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 515.
- კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 52. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყება
- ↑ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-17. ციტირების თარიღი: 2012-08-29.
- ↑ მახათას მთაზე 17 აპრილს ისტორიული მშენებლობა დაიწყება