ვაზისუბანი (თბილისი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბანი.

ვაზისუბანი — ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი თბილისში (ისნის რაიონი). მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, თბილისის ზღვის სამხრეთით.

ვაზისუბნის საბჭოთა პერიოდის საცხოვრებელი სახლები (ხედი ნარიყალას ციხიდან, 2011).

ვაზისუბნის ძირითადი მასივი დაპროექტდა და აშენდა 1975-1985 წლებში (არქიტექტორები: გ. შავდია, თ. ანდღულაძე). 1986 წელს ქვედა ვაზისუბანი საბაგირო გზით დაუკავშირდა სამგორს (მოქმედებდა 1990-იან წლებამდე). იმავე პერიოდში ვაზისუბანში, ახლანდ. შანდორ პეტეფის ქუჩაზე თბილისის მაგისტრალებისა და ტრანსპორტის გენერალური გეგმის მიხედვით დაიწყო მეტროსადგურ „ვაზისუბნის“ მშენებლობა (III ხაზი „რუსთაველი–ვარკეთილი“), რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში შეჩერდა.[1] 1995-2001 წლებში აშენდა დასახლებაში პირველი ქრისტიანული ეკლესია ცხრა ყრმა კოლაელთა სახელზე.

თანამედროვე ვაზისუბნის დასახლებას აქვს 4 მიკრორაიონი. მერვე ლეგიონის დასახლებასთან ერთად ქმნის ისნის რაიონის ერთ-ერთ უბანს (უბანი 16).[2] 2010-იან წლებში ვაზისუბნის მიმდებარედ კომპანია „ჰუალინგის“ მიერ გაშენდა ახალი საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“, სამხრეთ კავკასიაში უდიდესი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა“ და სხვ. ევროპის 2015 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით მოეწყო „ოლიმპიური სოფელი“, ვაზისუბანი–ვარკეთილის და ვაზისუბანი-თბილისის ზღვის შემაერთებელი გზები (2017 წლიდან — მარშალ იოსეფ პილსუდსკის გამზირი).[3]

ლიტერატურა

რედაქტირება