ხოჯავანქი
ხოჯავანქი, ხოჯევანქი — თბილისის ერთ-ერთი უბნის — ავლაბრის შემადგენელი ნაწილი.
ამ სახელწოდებით მოაღწია ავლაბარში ბოლო დრომდე არსებულმა მეჩვიდმეტე საუკუნის სომხურმა ეკლესიამ. სახელწოდება თბილისელებმა ეკლესიის მიმდებარე ძველ სომხურ სასაფლაოზეც გაავრცელეს. ეს სასაფლაო იხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის წყალობის წიგნში. მეფე როსტომმა 1654 წელს ზარაბთუხუცესს, ხოჯა ბეჰბუდას, უწყალობა მიწა სასაფლაოს გვერდით (ხოჯა ბეჰბუდა, ბებუთაშვილების საგვარეულოს დამაარსებელი, თავისი დროის გამოჩენილი და მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ისტორიული წყაროები მას მიაწერენ მდინარე ვერეზე ხიდის მშენებლობასაც). ამასთან, ირკვევა, რომ ეს სასაფლაო ხოჯა ბეჰბუდას წინაპრების ყოფილა. ახლად მიღებულ მიწაზე, მახათას მთის ძირას, მეფის დასტურით, ხოჯა ბეჰბუდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიას აშენებს, რომელსაც თბილისელებმა „ხოჯავანქი“ შეარქვეს, შემდგომში კი ამ სახელწოდებამ სასაფლაოც მოიცვა. ეს ეკლესია თბილისის გეგმაზე ვახუშტი ბატონიშვილს აღნიშნული აქვს „მელიქის საყდრის” სახელით. ხოჯა ბეჰბუდამ აქვე ბაღიც გააშენა, რომლის სარწყავად წყალი მთის ძირიდან გამოუყვანია. ამ ბაღს ვახუშტი „ბებუთას ბაღს” უწოდებს. ხოჯავანქის ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია 1936 წელს თბილისის ამ უბნის რეკონსტრუქციისას აიღეს; ასევე, მთლიანად აიღეს სასაფლაო, ხოლო საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენოს ცირკთან არსებული ბორდიურების, მესხიშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის, ასევე, მშრალ ხიდთან არსებული სკვერისა და ბარათაშვილის აღმართის მოპირკეთების დროს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ. „ძველთბილისური დასახელებანი”, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985