კარავი (საქართველო)

(გადამისამართდა გვერდიდან კარავი (პარლამენტი))

„კარავი“ — პარლამენტის მსგავსი დაწესებულება, რომლის დაარსებაც მოსთხოვა ყუთლუ-არსლანის პოლიტიკურმა დასმა საქართველოს მეფეს თამარს. „კარავი“ უნდა დაედგათ ისანში, მეფის სასახლის მახლობლად. „კარავს“ უნდა მისცემოდა საკანონმდებლო უფლებები. როგორც ვარაუდობენ, მასში მსხვილ ფეოდალებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქალაქის ზედაფენის წარმომადგენლებსაც. მის წევრებს უნდა გადაეწყვიტათ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:„მიცემისა და მოღებისა“, „წყალობისა და შერისხვისანი“ (სხვადასხვა თანამდებობის წყალობა და ჩამორთმევა, საჭიროების შემთხვევაში დამნაშავე თანამდებობის პირთა დასჯა, ე. ი. უზენაესი მართლმსაჯულების უფლება). საქართველოს მეფეს „კარვის“ მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, საქმეების გარჩევაში არ უნდა ჩარეულიყო. მას „კარავში“ გადაწყვეტილი („განგებულო“) საკითხი უნდა შეესრულებინა, „სრულექმნა“. ამგვარად, ყუთლუ-არსლანის დასის მიერ წამოყენებული პროგრამა მეფეს მხოლოდ აღმასრულებელ უფლებებს უტოვებდა. „კარავი“ არსებითად განსხვავებული იქმნებოდა „დარბაზისგან“, რადგან იგი უნდა ყოფილიყო არა სათათბირო და ერთდროული ორგანო, არამედ მუდმივი დაწესებულება ჩამოყალიბებული საკანონმდებლო უფლებებით. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლა მარცხით დამთავრდა და „კარვის“ დაარსებიც იდეაც ვერ განხორციელდა. ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა და პროგრამა ნათლად გვიჩვენებს, თუ განვითარების რა მაღალ დონეზე იდგა ქართული საზოგადოებრიობა, რომელიც ჯერ კიდევ XII საუკუნეში მოითხოვდა სახელმწიფო წეს-წყობილების შეცვლას და ე. წ. კონსტიტიციური მონარქიის შექმნას. არის მოსაზრება (ნიკოლოზ ბერძენიშვილი), რომ ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური პროგრამა იყო შემდგომი განვითარება იმ საუკუნოვანი ბრძოლისა, რომელსაც ფეოდალური ოპოზიცია აწარმოებდა მეფის თვითმპყრობელური მიდრეკილების წინააღმდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., შინაკლასობრივი ბრძოლა საქართველოში XII საუკუნის 80-იან წლებში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ., თბ., 1974;
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;
  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 5, გვ. 391-392, თბ., 1980