თბილისის ისტორიასაქართველოს დედაქალაქის ― თბილისის ისტორია, უძველესი დროიდან დღემდე.

უძველესი პერიოდი

რედაქტირება

თბილისს ეკავა მნიშვნელოვანი როლი რეგიონში. ის მდებარეობდა გზაზე, რომელიც მტკვრის ხეობით აღმოსავლეთ ამიერკავკასიით საქართველოს აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. აქედან გადიოდა გზა ჩრდილოეთ ალბანიაში. თბილისის დასავლეთით მდებარე მთები და მდინარის კლდოვანი ნაპირები ადვილად ჰკეტავდნენ მტკვრის გაყოლებით მიმავალ გზას. ამის გარდა თბილისი მდებარეობდა ქვემო და შიდა ქართლის საზღვარზე, სწორედ ლეღვთახევზე გადიოდა ისტორიული საზღვარი გარდაბანსა (ქვემო ქართლი) და შიდა ქართლს შორის. მომდევნო პერიოდში აგებული თბილისის მთავარი ციტადელი — ნარიყალა (ნარინ კალა პატარა ციხე) და მის გარშემო დიდი გალავანი სწორედ ლეღვთახევის წყალგამყოფ ზოლზე გადიოდა, როგორც მთავარი არგუმენტი იმისა რომ ტფილისის და შესაბამისად შიდა ქართლის საზღვრები მოცული იყო ლეღვთახევის ხეობიდან. თუმცაღა გალავნის ნაშთები არსებობს ორთაჭალის ტერიტორიაზეც, მაგრამ ის შემდგომი მინაშენია უკვე გავრცობილ ქალაქში, რომლის მიდამოებშიც XIX საუკუნეში განთავსებული იყო საბაჟო.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ნათელი ხდება რომ ამ ადგილას მოსახლეობა ადრევე უნდა გაჩენილიყო, მაგრამ ჩვენი საისტორიო თზულებანი ამის შესახებ არაფერს გვეუბნებიან. როდესაც წერილობითი წყაროები არ გაგვაჩნია, შორეული წარსულის შესასწავლად ნივთიერი კულტურის ძეგლები და სხვა არქეოლოგიური მასალა უნდა მოვიშველიოთ.

ქალაქის მჭოდრო დასახლებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების წარმოება და შესაბამისად, ყოველ ახალ აღმოჩენას შემთხვევითი ხასიათი გააჩნია. ასე მაგალითად 1930-31 წ ლებში, დიდუბეში, მექანიკური ქარხნის მშენებლობისას, მიწის სამუშაოების შესრულების დროს, შემთხვევით მიაკვლიეს თბილისის ტერიტორიაზე ენეოლითის (IV-III ათასწლეულები) დროინდელი ადამინის ცხოვრების კვალს. აქ აღმოჩნდა ამ ხანისათვის დამახასიათებელი ჭურჭლეულობა, კაჟისაგან, ობსიდიანისაგან თუ ძვლისაგან გაკეთებული ხელსაწყოები და იარაღები.

თბილისში ნაპოვნია ენეოლითის შემდეგდროინდელი, ბრინჯაოს ხანის ძეგლებიც. 1926 წელს საბჭოს ქუჩაზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის სამარხი, რომელშიც იპოვეს ერთი ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს სატევარი და თიხის ჭურჭელი. 1936 წელს სანაპირო ქუჩის მშენებლობისას აღმოჩნდა პატარა ზომის ბრინჯაოს მახვილი. ბრინჯაოს და უფრო არდინდელი ხანის ადამიანთა იარაღები და ჭურჭელი ნაპოვნია თბილისის მიდამოებშიც. 1935 წელს ღრმაღელეში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ცული. 1935 წელს, ღრმაღელეშია ნაპოვნი თიხის ჭურჭლეულობასთან ერთად ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს ბეჭედი გემმით, საკიდი ბაყაყის გამოსახულებით და სხვა.

XIX საუკუნის 70-იან წლებში, ქალთა გიმნაზიის აშენების დროს (კეცხოველის ქუჩაზე), უპოვიათ ბაქტრული მონეტა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის III-II საუკუნეს მიეკუთვნება. ვარაზის ხევში ნაპოვნია ავგუსტ კეისრის მიერ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე მოჭრილი სპილენძის მონეტა; 1947 წელს კი ორთაჭალაში, მაჰმადიანურ სასაფლაოზე, იპოვეს ბოსფორის მეფის მითრიდატ VIII-ის (41-45) მეუღლის სპილენძის მონეტა. ნაპოვნია ასევე ახალი წელტაღრიცხვის II-III საუკუნეებში მოჭრილი ბოსფორული მონეტები.

თანამედროვე თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ 6-5 ათასი წლის წინათ დასახლდა და რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრება კი არ განელებულა არამედ პირიქით განივრცო და გაძლიერდა. III სუაკუნეში თბილისი უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო.

ქალაქის წარმოშობა

რედაქტირება

ლეონტი მროველის მიხედვით, თბილისის ციხე ააშენეს სპარსელებმა იბერიის მეფე ვარაზ-ბაკურის მეფობის დროს. მათ ციხეში ქართლის პიტიახში დასვეს. პიტიახში უპირისპირდებოდა ქართლის სამეფო კარს მცხეთაში. ამ დროს თბილისზე უკვე გადიოდა საქართველოს უძველეს მხარეთა დამაკავშირებელი გზები. IV საუკუნის ბოლოს თბილისმა უკვე ციხე-ქალაქის სახე მიიღო. ციხე-ქალაქი შედდგებოდა ორი ნაწილისგან: საკუთრივ თბილისი და კალა. V საუკუნის დასაწყისიდან თბილისმა ნამდვილი ქალაქის სახე მიიღო. ამავე პერიოდში განვითარდა დასახლება დელისის ტერიტორიაზე.

თქმულება თბილისზე

რედაქტირება

თქმულების მიხედვით ერთ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ აქ ვახტანგ გორგასალი ნადირობდა. მეფისა და მისი ამალის წევრებმა ხოხობი ააფრინეს. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა და ორივე ფრინველი მალე თვალს მიეფარა. მეფე და მხლებლები იმავე მხრისაკენ წავიდნენ და დიდი ხნის ძიების შემდეგ ნახეს, რომ მიმინო და ხოხობი წყაროში ჩავარდნილიყვნენ და დაფუფქულიყვნენ. მეფემ ეს არე-მარე კარგად დაათვალიერა და ნახა რომ ამ მშვენიერ ადგილას იყო მრავალი წყარო: გრილი, თბილი და ცხელიც. ვახტანგს მოეწონა წყაროები და მათი ადგილ მდებარეობაც. დაიწყო ქალაქის აშენება და მას, თბილი წყლების გამო, სახელად თბილისი უწოდაო.

დედაქალაქი

რედაქტირება

მცხეთაში მჯდომმა ქართველმა მეფეებმა არაერთხელ სცადეს დაებრუნებინათ თბილისზე კონტროლი, რის გამოც თბილისის მიდამოებში არაერთი შეტაკება მოხდა და და უკვე ვახტანგ გორგასალის პერიოდში საკუთრივ თბილისი და კალაც მოოხრებული იყო. თბილისი სახელმწიფოს პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრად, მეფის რეზიდენციად, სატახტოდ და დედაქალაქად პირველად მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალმა ჩაიფიქრა და ამისთვის პირველი ნაბიჯებიც თვითონვე გადადგა. ვახტანგის მემკვიდრემ დაჩი I-მა ქალაქს ზღუდე-გალავანი შემოავლო და მამის ანდერძის შესაბამისად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, VI საუკუნიდან თბილისი იბერიის დედაქალაქად და მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად გადაიქცა. მცხეთა დარჩა საკათალიკოსო ქალაქად. უცხოურ წყაროებში დაცული პირველი და უძველესი ცნობა თბილისის შესახებ ადასტურებს, რომ თბილისი VI საუკუნეში უკვე დედაქალაქი იყო.

523 წელს ირანმა ქართლში მეფობა გააუქმა. თბილისში მათ მათი მოხელე მარზპან დასვეს. მიერ მეფობის გაუქმება. თბილისში მკვიდრდება სპარსეთის შაჰის მარზპანი. ადგილობრივმა აზნაურებმა საკუთარი ახალი ხელისუფალი გაიჩინეს ქართლის საერისმთავროს სახით. ქართლის ერისმთავრები თბილისში ისხდნენ. ისინი აქ ჭრიდნენ საკუთარ ფულს ქართული წარწერით.

თბილისი თანდათან იზრდებოდა: VI-VII საუკუნის მიჯნაზე აქ აშენდა სიონის ტაძარი. ასე რომ, თუმცა თბილისში მარზპანი იჯდა, ქალაქი მაინც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. 627-629 წლებში თბილისს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა შეუტიეს, ქალაქი დაიპყრეს და უმოწყალოდ გაძარცვეს. VII საუკუნის 30-იან წლებში ქართლი ბიზანტიის ხელში გადავიდა, მაგრამ თბილისი ბიზანტიელთა ხელში არ ყოფილა. ჰერაკლე კეისარმა თბილისი ქართლის ერისთმთავარს გადასცა სამართავად და მის შინაურ საქმეებში არ ერეოდა. VII საუკუნეში ქალაქი გაიზარდა მტკვრის აღმა, ჩრდილოეთით და გავრცელდა დღევანდელი ბარათაშვილის ხიდამდე.

თბილისი არაბ მფლობელთა ხელში

რედაქტირება

VIII საუკუნის დამდეგს თბილისზე საკუთარი გავლენა გაავრცელა არაბთა სახალიფომ. მათ ჯერ აქ ფულის ჭრა დაიწყეს 705 წელს, ხოლო შემდეგ თბილისში დამკვიდრებასაც შეეცადნენ. 735 წელს თბილისი გადაურჩა მურვან ყრუს შემოსევას, თუმცა ამ შემოსევის შემდეგ თბილისში დაჯდა არაბთა ამირა, რომელიც ხალიფას ემორჩილებოდა. თბილისს დაეკისრა ხარკი, დაიწყო ქრისტიანთა დევნა, თუმცა თბილისი ინარჩუნებდა ქართლის კულტურული ცენტრის როლს

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მუსლიმთა ხელში გადავიდა, ქალაქში პარალელურად იჯდა ქართლის ერისმთავარიც. ერისმთავარი თბილისში IX საუკუნის დამდეგამდე იჯდა, სანამ არაბებმა ამ ქართველი მოხელის ხელისუფლება სავსებით არ გააუქმეს. 764 წელს ხაზარები მეორედ შეესივნენ თბილისს. 786 წელს თბილისში აწამეს აბო თბილელი, ახალგაზრდა არაბი, რომელმაც ისწავლა ქართული და მიიღო ქრისტიანობა,

მერვე საუკუნის ბოლო მეოთხედში არაბმა დამპყრობლებმა ქართლის ხელისუფალი აშოტ ბაგრატიონი მმართველობას ჩამოაშორეს, ერისმთავრობიდან გადააყენეს და თბილისი ამირას სამყოფელ ქალაქად გადააქციეს. ამირას ემორჩილებოდა არამხოლოდ თბილისი, არამედ მისი შემოგარენიც, რაც თბილისის საამიროდ იწოდებოდა. VIII საუკუნის დასასრულიდან და IX საუკუნის დამდეგიდან დაპყრობილი პროვინციების არაბი მოხელეები — ამირები განუდგნენ ხალიფას და განზე წევა დაიწყეს. ისინი განცალკევება-დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდნენ, თავიანთ თავს უკვე იმ ადგილების ბატონ პატრონად თვლიდნენ, სადაც ისინი ხალიფას მიერ მხოლოდ გამგებლებად იყვნენ დანიშნულნი.

IX საუკუნის დამდეგიდან თბილისის ამირებს გაჩნდათ დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილება. ამირა ხარკს თვითონ ითვისებდ და ცენტრში არ აგზავნიდა. ხალიფამ დაიწყო ბრძოლა მის დასამორჩილებლად. ამირასა და ხალიფას შორის ბრძოლამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მომდევნო ამირა ისჰაკ იბნ-შუაბის დროს მიიღო. 852 და 853 წლებში ხალიფა მუთავაქილმა მის დასამორჩილებლად მუჰამად იბნ ხალიდისა და ბუღა თურქის შემოსევები მოაწყო. ბუღა-თურქმა გადაწვა თბილისი და სიკვდილთ დასაჯა ისჰაკ იბნ-შუაბი.

IX-XI საუკუნეებში თბილისი გაფართოვდა და მოიცვა ავლაბარი.

განვითარებული ფეოდალიზმის ხანა (XI-XII საუკუნეებში)

რედაქტირება

თუმცა ბაგრატ III-მ დიდად შეავიწროვა თბილისის საამიროს ტერიტორია, მაგრამ თბილისი და მისი მიდამოები ჯერჯერობით მაინც ძველ მაჰმადიან მფლობელტა ხელში იყო. ამ დროისათვის საქართველოს მეფეს ქართლში სარეზიდენციოდ უფლისციხე ჰქონდა მიჩნეული, საქართველოს დედაქალაქად კი ქუთაისი ითვლებოდა.

ახლად წარმოშობილი ერთიანი საქართველოს სამეფო ხელისუფლებას შემდგომი განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის განსაკუთრებით სჭირდებოდა ქალქები. ქალაქების კერძოდ, თბილისს განთავისუფლება უცხო დამპყრობთა ბატონობისაგან და მათი შემოერთება საქართველოს სამეფოსთან დიდად შეუწყობდა ხელს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებას. საქართველოს ქალაქებსაც ძლიერი ცენტრალური სამეფო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ ყოფნა ერჩიათ უცხოელთა ბატონობას და ამიტომაც ისინი, თავის მხრივ, მხარს უჭერდნენ სამეფო ხელისფლების ამდაგვარ მისწრაფებას.

ბაგრატ III-ის შემდეგ საქართველოს სამეფო ტახტზე მისი შვილი გიორგი I ავიდა, რომლის დროსაც გაძლიერების გზაზე შემდგარ ქართულ მონარქიას ბიზანტიის მპერია უტევდა. გიორგიმაც თავისი მეფობა ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. განსაკუთრებული საგარეო მდგომარეობა ხელს უშლიდა საქართველოს მიწა-წყლის საბოლოოდ თავმოყრისა და შემომტკიცების საქმის დაგვირგვინებას.

როგორც კი დამყარდა ერთგვარი მშვიდობა ბიზანტიასთან, დაიწყო ბრძოლა თბილისის გასათავისუფლებლად. საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ ბრძოლა თბილისისათვის XI საკუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. ამ დროს საქართველოში ბაგრატ IV მეფობდა, ხოლო თბილისში ამირა ჯაფარი იჯდა.

ბაგრატის მომხრე დდებულებმა, კლდეკარის ძლიერმა ერისთავმა — ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა — ივანე აბაზას ძემ 1032 წელს, როცა ბაგრატი 12 წლისა იყო, თბილისის ამირა ჯაფარი მცხეთის მახლობლად, მუხათგვერდს გაიტყუეს და იქ დაატყვევეს. შეპყრობილი ამირა მეფეს მიჰგვარეს. ბაგრატმა იგი ერთხანს პატიმრობაში ამყოფა. ამასობაში ლიპარიტმა და ივანემ, თბილისის მახლობლად, ბირთვისის ციხეც დაიჭირეს. ასე რომ, საქართველოს მეფეს გზა ხსნილი ჰქონდა თბილისისაკენ, მაგრამ ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტის მოწინააღმდეგენი ამოქმედდნენ.

საქართველოს მეფის მიერ თბილისის დაპყრობა კიდევ უფრო გააძლიერებდა მას და აგრეთვე ამ საქმისათვის თავდადებულ კლდეკარის ერისთვასაც. ეს კი დიდებულებს მაინცდამაინც არ ეპრიანებოდათ. ამიტომ მეფის ორგულმა დიდებულებმა მცირეწლოვან მეფეს შეაცოდეს შეპყრობილი ჯაფარი და მისი განთავისუფლება და ისევ თბილისის ამირად დატოვება ურჩიეს. ამირა გაანთავისუფლეს, ქართველი ისტორიკოსის თქმით და „გაუტევა ტფილისსა ზედა ამირად“.

1037 წელს კლდეკარის ერისთავის დაჟინებული მოთხოვნით გადაწყდა თბილისის არება, თბილისს ალყა შემოარტყეს და იქიდან გამომდინარე რომ მისი იერიშით აღება ძნელი იყო გადაწყდა ამირას ძალა ქალაქის ხანგრძლივი გარემოცვით გაეტეხათ. თბილისის ალყა ორ წელიწადს გაგრძელდა. თბილისი უკვე ნებდებოდა, ამირაც გასაქცევად იყო მზად მაგრამ ისევ ორგული დიდებულების რჩევით თბილისს მოეხსნა ალყა, რის გამოც 1039 წელს ბაგრატ IV-მ მეორედ დაკარგა თბილისის გათავისუფლების შესაძლებლობა.

1045 წელს თბილისის ამირა ჯაფარი გარდაიცვალა. თბილისში ხელისუფლება ქალაქის უხუცესების თბილელი ბერების ხელში გადავიდა. ისინი მოქალაქეთა ფენას წარმოადგენდნენ. X საუკუნის 80-იანი წლებიდან ქალაქის თვითმმართველობა დამოუკიდებლობაში გადაიზარდა და თბილისი არსებითად ქალაქ-კომუნად იქცა. მათი ხელისუფლება შენარჩუნდა 1122 წლამდე.

ქალაქის ბერები საქართველოს მეფის მომხრეები იყვნენ და ამიტომ შესთავაზეს მეფეს ქალაქი თბილისი. მეფემ ეს წინადადება სიხარულით მიიღო. დიღმის ველზე ბაგრატს თბილისის დანარჩენი მოსახლეობაც მიეგება და დიდი სიხარულით იგი ქალაქში შეიყვანეს.

ქალაქი მეფეს დაემორჩილა გარდა მტკვრის მარცხენა ნაპირისა — ისანი. აქ იყო თავმოყრილი მეფის მოწინააღმდეგე სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია. ისნელებმა ხიდი ჩაანგრიეს და მეფის გადმოშვება არ ინებეს. ბაგრატმა მთელი ზაფხული მოანდომა ისნის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვერ აიღო იგი.

როგორც კი გაიგო ლიპარიტ კლდეკარის ერისთავმა ბაგრატის თბილისში შესვლა, იგი მაშინვე დიდი ლაშქრით მეფის წინააღმდეგ გამოემართა. მეფე ვერ აღუდგა ძლიერ ერისთავს, თბილისი დასტოვა და ჯავახეთში გადავიდა. მეფემ ლიპარიტის წყალობით თბილისი კვლავ დაკარგა, ხოლო თბილისის გამგებლობას ისევ თბილისის ბერები ინარჩუნებდნენ. ამის შემდგედაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, ისინი მოქმედებდნენ და წყვეტდნენ ქალაქის საშინაო საქმეებს.

1048 წელს ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგე ერისთავი ლიპარიტი თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს. საქართველოს მეფემ ამ შემთხვევით ისარგებლა და თბილისის ბერების დახმარებით ქალაქი კვლავ მან დაიჭირა თუმცა არა დიდი ხნით. 1051 წელს ლიპარიტი თურქებმა ტყვეობიდან გაათავისუფლეს. გაიგო თუ არა ბაგრატ IV-მ ლიპარიტის გათავისუფლება, მაშინვე მიატოვა თბილისი და ისევ ჯავახეთში გადავიდა.

XI საუკუნის შუა წლებიდა საქართველოს ახალი მტერი უჩნდება. ეს იყო აღმოსავლეთიდან წამოსული თურქული ტომები — თურქ-სელჩუკები. თურქ-სელჩუკთა სულტანმა ალფარსლანმა საქართველო პირველად 1065 წელს დალაშქრა. სამი წლის შემდეგ იგი მეორედ შემოესია საქართველოს და ამჯერად ქართლი და არგვეთი სასტიკად ააოხრა. სუსხიანი ზამთრით შეწუხებული სულტანი მალე გადაიხვეწა, მაგრამუკან მიმავალმა თბილისი დალაშქრა. იგი იმდროინდელ გამგებელს წაართვა და თავის მოკავშირეს, განძის მფლობელს, ფალდონს მისცა.

სულტანის ძალით ზურგაგამაგრებული ფალდონი თავს მაგრად გრძნობდა მან არა მართო თბილისში, არამედ მის მიდამოებშიც მოინდომა გაბატონება.

ზაფხულში მეფე ბაგრატი თბილისის მახლობლად, დიდგორს იდგა. გათამამებულმა ფალდონმა არაფრად მიიჩნია მეფის დიდგორს ყოფნა და თბილისის მიდამოების დარბევა დაიწყო. მოულოდნელად ქართველ მეფემ მის წინააღმდეგ რაზმი გაგზავნა, რომელმაც დიდი დევნის შემდეგ ხელთ იგდო ფალდანი. მიუხედავად იმისა რომ ფალდანი მეფის ხელში იყო თბილისი კვლავ არ აპირებდა დანებებას. ბოლოს დაბოლოს თბილისის აღება მაინც შესძლეს ქართველებმა.

კვლავ თავი იჩინეს მეფის გარემოცვაში მყოფმა დიდგვაროვნებმა და ბაგრატ მეფე აიძულეს თბილისი ისევ ძველი ამირების ჩამომავალს ვიღაც სითილ არაბი დაენიშნა. ოღონდ თბილისის ამირა ამიერიდან საქართველოს მეფის მორჩილად, ყმადნაფიცად ითვლებოდა და მას ბაგრატ IV-ისათვის ყოველწლიურად 44.000 დრაჰკანი უნდა გადაეხადა.

XI საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. სუსტი ნებისყოფის მეფის გიორგი II-ის ტახტზე ასვლით ისარგებლეს სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვარიანებმა და მას „ქვეყანა აუშალეს“.

ამის გარდა, ამ დროისათვის თურქ-სელჩუკები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. გიორგი II-მ თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში თავი დამარცხებულად სცნო და მორჩილების გამოსაცხადებლად თვით ეახლა თურქთა იმდროინდელ სულთან მელიქ-შაჰს. გიორგი იძულებული გახდა ყოველწლიური სათურქო გადასახადიც ეკისრა. ასე გართულებულ საგარეო და საშინაო პირობების დროს მეფეს შესაძლებლობა არ ჰქონდა თბილისისათვის ყურადღება მიექცია და მის შემოერთებაზე ეფიქრა.

აღსანიშნავია, რომ XI საუკუნის 80-იანი წლებიდან, თბილისში ბაგრატ IV-ის მიერ გადაყენებულ ისევ მოქალაქეების წარმომადგენელთა, ქალაქის უხუცესთა ხელში გადასულა. „თბილისს, — მოგვითხრობს არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, — დაახლოებით ორასი წლის განმავლობაში ფლობდა ბანუ-ჯაფარის მკვიდრი საგვარეულო. მაგრამ შემდეგ, მისი უფროსი წარმომადგენლები ამოწყდნენ და ქალაქის მმართველობა გადავიდა მისი მცხოვრებლების ხელში, ისე რომ თითოეული მათგანი მართავდა ქალაქს თითო თვე. ასე გაგრძელდა ორმოცი წელი“. როგორც ჩანს, ამირების ხელისუფლების მოსპობის შემდეგ, ქალაქი ვერც ქართველ მეფეს დაუბრუნებია და ვერც სხვა მუსლიმან მთავარს ჩაუგდია ხელში.

გიორგი II დიდხანს არ ყოფილა მეფედ. 1089 წელს იგი აიძულეს ტახტზე ხელი აეღო. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი შვილი, 16 წლის ჭაბუკი დავითი, შემდეგში დავით აღმაშენებლად წოდებული. დავით აღმაშენებელმა ენერგიულად დაიწყო საქართველოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამოსწორება და მალე დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ჯერ თურქ-სელჩუკთა რბევა-ლაშქრობებს მოუღო ბოლო და სულტანს სათურქო ხარკის ძლევა შეუწყვიტა. შემდეგ ურჩი ფეოდალები და გამდგარი კახეთის სამეფო დაიმორჩილა. როცა საქართველოს საშინაო ძლიერება აღადგინა, თურქ-სელჩუკთა მიერ დაპყრობილი ციხე-ქალაქების ნგანთავისუფლებისათვის დაიწყო ბრძოლა. თურქ-სელჩუკთა ერთიანი სახელმწიფო ამ დროს რამდენიმე ცალკეულ სახელმწიფოდ იყო დაშლილი. მაგრამ მაჰმადიან მფლობელებს ჯერ კიდევ ეჭირათ თბილისი და მისი მიდამოები. ამას გარდა თურქებს ქვემო ქართლის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და ციხე-სიმაგრეებიც ეპყრათ.

დავითმა პირველი იერიში სამშვილდეზე მიიტანა და 1110 წელს იგი ხელიდან გამოსტაცა თურქებს, რომელსაც ზედიზედ უბრძოლველად მრავალი ციხე-სიმაგრე შეატოვეს თურქებმა. შემდეგ 1115 წელს ქალაქი რუსთავი აიღო, 1118 წელს ლორეს ციხე. ამრიგად საქართველოს მეფე თბილისის ირგვლივ მდებარე ციხეებსა და ქალაქებს ზედიზედ იპყრობდა და თბილისს თანდათან უახლოვდებოდა. 1121 წლის 15 აგვისტოს დიდგორთან ბრძოლა გაიმართა რომლის დროსაც გადაწყდა საბოლოოდ თბილისის ბედი. დავით აღმაშენებელმა ოსმალების არმია ბრწყინვალე გამარჯვებით დაამარცხა.

თბილისი — საქართველოს სამეფოს დედაქალაქი

რედაქტირება

1122 წელს დიდხნიანი ალყის შემდეგ დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი. ისტორიული ცნობით დავით აღმაშენებელმა დაუმორჩილებელი თბილისის აღების პირველ დღეს 500-მდე მაჰმადიანი ჩამოახრჩობინა. ამის შემდეგ თბილისი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა და თბილელი ბერების ხელისუფლება გააუქმა. ამ დროიდან მოყოლებული XIX სუაკუნის დამდეგამდე თბილისი სამეფო ქალაქი იყო. ამიერიდან თბილისს მეფის მიერ დანიშნული პირები მართავდნენ. თბილისის მმართველის თანამდებობის სახელად ამირა შენარჩუნდა. ქალაქში საპოლიციო წესრიგს იცავდა შურტა.

აღმაშენებელმა ქალაქში მცხოვრებ მულსლიმებს მიანიჭა თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება. დაუწესებია ყოველწლიური გადასახადი ქართველებისათვის 5 დინარი, ებრაელებისთვის 4, ხოლო მაჰმადიანთათვის 3 დინარის ოდენობა. ამგვარივე შეღავათებით სარგებლობდნენ თბილისელი მაჰმადიანები დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე I-ის დროსაც.

თბილისის გათავისუფლების შემდეგ საქართველოს მეფემ რეზიდენცია ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ქუთაისმ საქართველოს პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობა დაკარგა. დაეცა ერთიანი საქართველოს მეფეტა მიერ ქართლში სარეზიდენციოდ არჩეული უფლისციხის მნიშვნელობაც. ამრიგად ერთ დროს ქართლის სამეფოს დედაქალაქი, თბილისი, გაერთიანებული საქართველოს უდიდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა. XII საუკუნის პირველი მეოთხედიდან იწყება თბილისის ნამდვილი აყვავების ხანა. XII-XIII საუკუნეებში თბილისის მოსახლეობა 70-80 ათასს შეადგენდა.

თბილისი XIII-XV საუკუნეებში

რედაქტირება

XII-XIII საუკუნის მიჯნაზე შუა აზიის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე განვითარებული ფეოდალური ქვეყანა არსებობდა. მას ხვარაზმის სამეფოს უწოდებდნენ. ხვარაზმის უკანასკნელი მეფე, მუჰამედ მეორე, მონღოლებმა დაამარცხეს და მისი მიწაწყალი ცეცხლს მისცეს. დაინგრა და აღიგავა მიწისაგან პირისა ათასობით სოფელი და ქალაქი. მუჰამედი და მისი ოჯახის წევრები დასავლეთისკენ გამოიქცნენ. თვით მუჰამედი კასპიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე დაიმალა და მალე იქვე გარდაიცვალა. მისი შვილი ჯალალედინი ჯერ ირანში იყო, სადაც შეეცადა შეედგინა კოალიცია მონღოლების წინააღმდეგ. ჯალალედინმა ადერბაიჯანი დაიპყრო, სხვადასხვა მაჰმადიან სამეფო-სახანოებში ელჩები გაგზავნა და მაჰმადის რჯულის დასაცავად წმინდა ომისკენ მოუწოდა. ეს წმინდა ომი ჯერ ქრისტიან საქართველოს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, ხოლო, როცა საქართველოს დაიმორჩილებდა, მაშინ, მისი აზრით, თავის მთავარ მტერს მონღოლებს შეებრძოლებოდა.

თბილისი ხვარაზმელთა ბატონობის დროს

რედაქტირება

1225 წლის აგვისტოში ჯალალედინი საქართველოს შემოესია. მაშინდელი ცნობებით ჯალალედინის ლაშქარი 150-200 ათასი კაცისაგან შედგებოდა, ხოლო ქართველთა — 60-70 ათასი. ბრძოლა გარნისის მახლობლად მოხდა, რომელიც ქართველთა დამარცხებით დამთავრდა.

1226 წელს ჯალალედინი მცირე დაყოვნების შემდეგ თბილისისკენ დაიძრა და დიდი ბრძოლის შემდეგ მოადგა თბილისს. იგი სოღანლუღის მიდამოებში დაბანაკდა.

ჯალალედინი ფრთხილად იქცეოდა. მან იცოდა, რომ ქართველები ადვილად არ დათმობდნენ ქალაქს, ამიტომ ჯალალედინი ქალაქის მისასვლელებს გულდასმით სწავლობდა. მისი ისტორიკოსი ნესევი აღნიშნავს, რომ ჯალალედინმა სამი ათასი კაცი შეარჩია, თვითონ ჩაუდგა სათავეში და თბილისის ზღუდეები დაათვალიერაო. ქალაქის დათვალიერებამ ჯალალედინი დაარწმუნა, რომ თბილისი იოლი ასაღები არ იყო. გარდა ხელოვნური სიმაგრეებისა ქალაქი მოხერხებულ ბუნებრივ სიმაგრეებით იყო მოზღუდული. მდინარე მტკვარი თბილისს ორ ნაწილად ჰყოფდა, ერთ ნაპირზე ქალაქი იყო, ხოლო მეორეზე უზარმაზარი შიდა ციხე — სამეფო ხელისუფლების საჯდომი. ქალაქის ამ ორ ნაწილს ხიდი აერტებდა. როგორც ჩანს, როცა მტერი ქალაქს მიუახლოვდა, თბილისში დარბაზი მოიწვიეს, დარბაზს მიუღია გადაწყვეტილება სამეფო ხელისუფლების ქუთაისში გადასვლის შესახებ.

ქართველი ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომ

 
„ვითარ ცნა მეფემან მოსვლა სულტანისა, აიყარა და წავიდა ქუთაისს, ხოლო თბილისის მცველად დაუტევა ლაშქარნი და თავად ორნი ძმანი ბოცოს ძენი მემნა და ბოცო.“

სათანადო წყაროებიდან ირკვევა რომ თბილისის მცხოვრებთა მაჰმადიანი ნაწილი მტრის მხარეზე გადავიდა. თვით რუსუდანის ქმარმა მოღისედინმაც ცოლ-შვილი მიატოვა და ჯალალედინს ეახლა. შინაგამცემლობამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომ ქალაქის დამცველთა ერთ-ერთ ხელმძღვანელს მემნა ბოცოს ძეს ერთმა სპარსელმა ქურდულად აფთი დაჰკრა და თავი სასიკვდილოდ გაუხეთქა. ნელ-ნელა ჯალალედინის მომხრეთა რაოდენობამ დახშულ ქალაქში იმატა.

ჯალალედინის პირველი შეტევა თბილისზე მარცხით დამთავრდა. იგი იძულებული გახდა უკან დაეხია. ბრძოლა გარიჟრაჟიდან მწუხრამდე მიმდინარეობდა. მებრძოლები ბინდმა გააშორა. მეორე დღეს დილით ადრე ჯალალედინი კვლავ შეტევაზე გადმოვიდა. მას იმედი ჰქონდა, რომ სპარსელები დაეხმარებოდნენ შიგნიდან. ჯაჯალედინმა განჯისკარზე მიიტანა იერიში. ამ დროს თბილისელმა სპარსელებმა თავს დაესხნენ მეციხეებს და შიგნიდან გააღეს კარი. ჯალალედინი ჯარით თბილისში შემოიჭრა ხოლო ბოცო ბოცოს ძე ისანში გამაგრდა.

თბილისის მრავალსაუკოვან ისტორიაში კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩაიწერა. ჟამთააღმწერელი გულისტკივილით აღნიშნავს,

 
„რომ ესოდენ მძვინვარედ იწყეს მოსვრად, ვიტარ ჩვილიცა ძუძუთაგან დედისატა აღიტაცნიან და წინაშე დედის ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თვალნი წარსცვივდიან და რომელსა ტვინნი და უკანის დედანი მოიკვლიან. ბერნი უწყალოდ ფოლოცთა შინა ცხენთა მიერ დაითრგუნოდეს, ჭაბუკნი ეკვეთებოდეს, სისხლისა მდინარენი დიოდეს.“

ქუჩები გვამებით აივსო, დაჭრილთა საზარელი კვნესა და ყვირილი იყო ქალაქის ყველა კუთხეში. მათი კვნესა-ვაებით იძვროდა ქალაქი. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ისანიც დაეცა. ბოცო ბოცოს ძემ მეფის თანხმობით ისანი დაცალა. სისხლიანი ჯალალედინი მთელს ქალაქს დაეუფლა.

მტრის მძლავრობა ამიერიდან კიდევ უფრო საშინელი გახდა. ჯალალედინმა მთელი მოსახლეობა ორად გაჰყო — ქრისტიანებად და მაჰმადიანებად. ქრისტიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. მას შემდეგ რაც ისანიც აიღო,

 
„კვლავ იწყო უბოროტესთა ბოროტთა ქმნად ქრისტენეთა ზედა. ესოდენ მძვინვარედ მოსვრიდა რომელ სავსე იყუნეს ფოლოცნი, ხრამნი და ხნარცვი მოკლულთა მიერ.“

რათა ქართველთა მოდგმა კიდევ უფრო შეურაცხეყო, ჯალალედინმა

 
„იწყო რღვევად ეკლესიათა. მან იკადრა და ხელყო სიონისა გუმბათსა შემუსვრად და ზედა ბილწისა საჯდომისა მისისა აღშენებად.“

რაღაცა უცნაური კიბე მიადგა და გადმოსახედი დაიდგა. სიონის ეკლესიიდან ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატები გაამოატანინდა და მეტეხის ხიდზე პირაღმა დააწყობინა. აქ, ამ ხიდის ყურეზე, ცხვრის ჯოგივიტ მორეკეს ქრისტიანი მოსახლეობა. მათ უბრძანეს უარეყოთ ქრისტიანობა, ეღიარებინათ მაჰმადიანობა და ქრისტესა და ღვთისმშობლის ხატებს ფეხით შედგმოდნენ. იმ დღეებში ზეციურ საქართველოს 100 ათასი თბილისში ნაწამები ქრისტიანი შეემატა.

ქრისტიანთა ამოჟლეტვის შემდეგ ჯალალედინმა ქალაქი გაძარცვა. ნესევის სიტყვით, ჯალალედინს თბილისში იმდენი სიმდიდრე ჩავარდნია ხელში, რომ მათი აღსაწერი ქაღალდის გრაგნილებისაგან მთელი გორები დადგაო. კირაკზ გარძაკნელის თქმით თბილისის აღებისა და ქალაქის სიმდიდრის ხელთგდების შემდეგ ჯალალედინს განცხადებია: მე რომ აქ მარტო სიმდიდრისათვის მოვსულიყავი, ამისთვის თბილისის სიმდიდრე სრულიად საკმარისი იქნებოდაო.

თბილისის დაცემას მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ამბავმა მაშინდელი აღმოსავლეთი ფეხზე დააყენა. მაჰმადიანური სამყაროსაქრისტიანოს მარცხს ხედავდა თბილისსის განადგურებაში.

არაბი ისტორიკოსი იბნ-ალასირი დიდი სიხარულით აგვიღწერს ჯალალედინის გამარჯვებას და ქართველთა დამარცხებას. მანამდეო, ამბობს იბნ-ალასირი, ქართველები მაჰმადიანებს მეტად მედიდურად ეპყრობოდნენ და რაც უნდოდათ იმას სჩადიოდნენ. ადარბადაგანის თითოეული ქალაქის წინააღმდეგ მათ გალაშქრება შეეძლოთ და ვერც ერთი მოწინააღმდეგე მათ ვერ შეაჩერებდათ და ვერც ერთი დამცველი მათ ვერ უკუაქცევდათ. ქართველები არზრუმის წინააღმდეგაც ამნაირადვე იქცეოდნენ, ისე რომ არზრუმის მპყრობელი ქართველი მეფის ნაწყალობევ საპატიო სამოსლით იმოსებოდა და მას ისეთი დროშაც კი ააფრიალებინეს, რომელსაც თავზე ჯვარი ჰქონდა გაკეთებულიო.

იბნ-ალასარის სიტყვებით: „მთელ მცირე აზიაში მაშინ ქართველთა ძლიერების წინააღმდეგი არავინ იყო და ჯალალედინმა ახლა გამოიჩინა ის გულადობა, რომელიც ადარბადაგანელთ და სპარსელ ამირებს, მთავრებსა და სულტანებს აკლდათო“.

ჯალალედინი თბილისის აოხრებით არ დაკმაყოფილებულა. მან აქ სამხედრო პლაცდარმი შექმნა და იწყო ქართული პროვინციების რბევა-აწიოკება. ჟამთაათმწერელს აღნიშნული აქვს, რომ მას შემდეგ, რაც ჯალალედინმა თბილისი მოაოხრა, ხვარაზმელებმა „იწყეს რბევად, ტყუენვად, ხოცვად და კვლად“.

მას შემდეგ, რაც თბილისი ააოხრა და აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი რაიონები დაარბია, ჯალალედინა აქ მეციხოვნე ჯარი დატოვა და თვითონ ქერმანს გაემგზავრა. თბილისში დარჩენილი ხვარაზმელთა ნაწილების უფროსად ჯალალედინმა შერეფ ელმუკი დანიშნა. მას ევალებოდა ქართველ პარტიზანთა ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა.

სექტემბრის ბოლოს ჯალალედინი კვლავ საქართველოშიდაბრუნდა და თბილისში მოვიდა. მცირე შესვენების შემდეგ თბილისიდან ხვარაზმელთა დიდი ჯგუებით ანისზე და კარზე გაილაშქრა. აქ ქართველებმა მედგარი ბრძოლა გაუმართეს მტერს და დიდი ვნება მიაყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯალალედინმა დასახელებულ ქალაქების წინააღმდეგ საბრძოლველი მანქანებიც კი გამიყენა, მაინც ვერაფერს გახდა და სირცხვილეული დაბრუნდა თბილისში.

ნესევის გადმოცემით, ანისიდან დაბრუნებული ჯალალედინი თბილისში მცირე ხანს დარჩა, შემდეგ საქართველოს სხვა პროვინციებს შეესია და დიდი ალაფითა და ტყვეებით კვლავ თბილისში დაბრუნდა.

ნესევის ცნობით თბილისის ქრისტიანული მოსახლეობის ძარცვის შემდეგ ჯალალედინმა ხელი მიჰყო თბილისის მაჰმადიანი მოსახლეობის ძარცვა შევიწროვებას. ძალზედ შევიწროვებულმა მუსლიმებმა საიდუმლო მოციქულები მიავლინეს ქრისტიანებთან, მათ შორის ერთ-ერთი მოღისედინი ყოფილა. იგი ქართველებთან წავიდა და თბილისში მყოფ ხვარაზმელთა სიმცირე აცნობა.

ქართველებმა მომენტით ისარგებლეს, შეკრიბეს ჯარი, მოულოდნელად თავს დაესხნენ თბილისში მყოფ ხვარაზმელთა გარნიზონებს, ერთიანად ამოსწყვიტეს ისინი და ქალაქი გაათავისუფლეს. ეს მოხდა 1226 წლის მიწურულს.

1227 წელს ჯალალედინი ბრუნდება თბილისის ასაღებად, ქართველებმა კი მასთან შებრძოლებას თავი აარიდეს და მომხდურს გადამწვარი თბილისი შეატოვეს.

ჯალალედინის თარეში 1231 წლამდე გაგრძელდა სანამ ქურთი კაცის ხელით არ მოიკლა ბასიანის მთებში. მისი სიკვდილის შემდეგ მის მიერ შეკოწიწებული სახელმწიფო დაიშალა და საქართველოც გათავისუფლდა ხვარაზმელთა ბატონობისაგან. სამეფო ხელისუფლება ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოვიდა. დაბრუნდნენ მთებში გახიზნული მოქალაქეებიც, ქალაქმა თანდათან იწყო მოშენება, მაგრამ ხვარაზმელთაგან მიყენებული ჭრილობა თბილისს ჯერ არ ჰქონდა მოშუშებული, რომ მას ახალი დამპყრობლები — მონღოლები მოადგნენ.

თბილისი მონღოლთა ბატონობის დროს

რედაქტირება

XIII საუკუნის დასაწყისში მონღო-თათართა ტომები გაერთიანდნენ და უზარმაზარი სახელმწიფო შექმნეს. მონღოლ-თათართა სახელმწიფო, განვითარების მხრივ, ადრინდელ ფეოდალურ უღტიერთობის საფეხურზე იდგა და გვაროვნული წყობილების გადმონაშთი მასში ჯერ კიდევ ძლიერი იყო. მონღოლთა სახელმწიფოს შექმნა-გაძლიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩინგის-ხანს. ჩინგიზ-ხანმა მთელი რიგი რეფორმები ჩაატარა, შექმნა სამხედრო ორგანიზაცია და XIII საუკუნის ათიან წლებში იწყო სხვისი ქვეყნების დაპყრობა.

პირველად მონღოლები საქართველოში 1220 წელს გამოჩნდნენ. მათ შესახებ ქართველებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. იმდროინდელი მატიანე მათ „უცხო თესლს“ უწოდებს.

მონღოლთა ე პირველი ტალღა ჩვენი ქვეყნის დაპყრობას არ ისახავდა მიზნად. მას შემდეგ რაც ჩინგიზ-ხანმა ხვარაზმელები დაამარცხა, მის სარდლებს ჯებეს და სუბუდაის დაევალათ გასცნობოდნენ კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყნებს.

მონღოლთა ამ პირველ ტალღას თბილისამდე არ მოუღწევია. ისინი საქართველოს სამეფოს სამხრეთ პროვინციებში შემოიჭრნენ. საქართველოს მეფე ლაშა-გიორგიმ ჯარი შეჰყარა და მდინარე ბერდუჯის ნაპირზე საგიმის ველზე გაუმართა ბრძოლა. ბრძოლა ქართველთა მარცხით დამთავრდა თუმცა თბილისამდე არ მოსულან და სამშვილდიდან დარუბანდის გზით ყივჩაღეთს გასწიეს.

მეორედ მონღოლები XIII საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდნენ, აიღეს ადერბაიჯანი და შემდეგ საქართველოს მოადგნენ. მათ აიღეს განჯა, შამქორი, ლორე, დმანისი, სამშვილდე და ბოლოს თბილისსაც მოადგნენ. სამეფო კარი მონღოლების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე ქაუთაისში გადავიდა და რუსუდან მეფემ, ქალაქის დაცვა მუხაიძეს დაავალა. მისთვის ნაბრძანაბი იყო რომ თბილისი გადაეწვათ მონღოლთა შესვლისთანავე. მონღოლებმა თბილისი სრულად დაიპყრეს და შეუდგნენ მოსახლეობის ძარცვა აწიოკებას.

რუსუდანმა მონღოლთა უმაღლეს ხელისუფლებას ელჩები გაუგზავნა, რომელთც ევალებოდათ გაერკვიათ ის პირობები რომლებსაც მონღოლების მხარე სთავაზობდა. ელჩებმა შანშემ, ავაგმა, ვარამ გაგელმა და შოთა კუპრმა როგორც ჩანს, მოაგვარეს მონღოლებთან საქმე და მას შემდეგ მონღოლთა უზენაესმა ხელისუფალმა საქართველოში

 
„წარუვლინა მუციქული მეფესა რუსუდანს, რათა ზავი იქმნას შორის მათსა და მისცეს ძე მისი დავით და მისცენ მეფობა და ტფილისი და ყოველი საქართველო.“

რუსუდანი დათანხმდა ამ პირობას და შვილითურთ თბილისში გადმოვიდა. ამიერიდან თუმცა მონღოლთა ბატონობის ქვეშ, მაგრამ მაინც კვლავ თბილისი საქართველოს დედაქალაქი გახდა.

მონღოლებთან შეთანხმების პირობა ითვალისწინებდა, რომ ქართველები აღიარებდნენ მონღოლთა უზენაესობას და ხარკს გადაიხდიდნენ, მონღოლები ჰპირდებოდნენ, რომ ისინი არ ჩაერეოდნენ ქართველთა შინაურ საქმეებში და რუსუდანის ძეს, დავითს დაუმტკიცებდნენ მეფობას. რადგან მონღოლთა წესის თანახმად მათ მიერ დამორჩილებული ქვეყნის მეფე დიდ ყაენს უნდა დაემტკიცებინა, ამიტომ დავით რუსუდანის ძე ყარა-ყუმს უნდა წასულიყო.

დავითი მხლებლებითურთ მონღოლეთს გაემგზავრა. რუსუდანი თბილისში დაჯდა და აქედან განაგებდა საქვეყნო საქმეებს. დრო გადიოდა, დავითი კი არსად ჩანდა. 1245 წელს რუსუდანი გარდაიცვალა.

ამით ისარგებლეს მონღოლებმა და საქართველოში მმართველობის მონღოლური წესი შემოიღეს. საქართველოს მთელი მიწა-წყალი ცალკეულ სამხედრო ადმინისტრაციულ ოლქებად — დუმანებად დაჰყვეს, რომლის სათავეში ერისთავები ჩააყენეს.

დუმანის ერისთავ-მესვეურთა შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის, რომელთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდა ჰერეთ-კახეთის დუმანის მეთაური ეგარსლან ბაკურციხელი. ის „ეგზომ განდიდნა, რომელ კნინღა სახელის დებადცა მეფისა იკადრა“. მისმა ასეთმა საქციელმა ქართველი ფეოდალები დააფიქრა და რადგანაც უკვე გაგზავნილ დავითს უკან ცოცხლად დაბრუნებულს აღარავინ ელოდა ყარა-ყუმში გაგზავნეს დავითი ლაშას ძე. ადგილზე ჩასულ უფლისწულს დავითი ცოცხალი დახვედრია. მონღოლეთში ჩასულ ქართველ ფეოდალთა შორის ბრძოლა გაიმართა თუ რომელი დავითუ უნდა გამხდარიყო მეფე. საქმე ისე წარმიმართა რომ მონღოლთა მბრძანებელმა ორივე კანონიერ მეფედ აღიარა და თბილისში გამოისტუმრა.

1248 წლის ახლო ხანებში ორივე მეფე თბილისში ჩამოვიდა.

 
„მოვიდეს ტფილისს სიხარულითა და შეკრბეს კათალიკოზი და ყოველნი ეფისკოპოზნი და ყოველნი მთავარნი და ერისმთავარნი, დასხდეს ტახტსა მამათა მათსა ტფილისს დავით და დავით ორნივე.“

აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ

რედაქტირება

სამეფო რეზიდენცია თბილისში იყო. იქვე არსებობდა დარბაზი და სავარაუდოდ სავაზიროც. ასე რომ, ქვეყნის პოლიტიკური მაჯის ცემა, თუმცა საკმაოდ შესუსტებული, თბილისში იწყებოდა. როდესაც მონღოლთა ბატონობა აუტანელი გახდა, თბილისში, ულუ დავითის მეთაურობით, საქართველოს თავკაცები შეიკრიბნენ. მატი შეკრების მთავარი მიზანი ყოფილა დაესახათ ღონისძიებები მონღოლთა უღლისაგან თავის დასაღწევად. კირაკოზ გრანელი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს:

საქართველოს ყველა მთავარი თავისი ჯარით გამოცხადდა თბილისში დავით მეფესთან. ზოგი მათგანი შეკრებილთა წინაშე ასეთ სიტყვას ამბობდა: რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ თათრებს როდესაც ამდენი ჯარი გვყავს? მოდით, მოულოდნელად დავატყდეთ თავს, ამოვხოცოთ და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანაო. მაგრამ ასეთ მოსაზრებას წინ აღუდგა ავაგი... კირაკოზი განაგრძობს: ამ შეკრებულობის შესახებ ვიღაცამ აცნობა თათართა სარდალს, რომელიც თბილისთან ახლოს იყო. მან მაშინვე მიიღო ზომები, მთავართაგან ნაწილი, რომელთაც მოუსწრო, დააპატიმრა და ხელხუნდი დაადო, ხოლო იმათ, ვინც გაასწრო, მდევრები დაადევნა. ყველას უბედურება მოელოდა, რომ ერთ შემთხვევას არ ეშველაო, გვარწმუნებს კირაკოზი. მონღოლთა ერთი მხედართმთავარი ჩაღთაი, რომელიც ავაგის მეგობარი იყო, საქმეში ჩაერია და რაზმის უფროსს უთხრა: ჩვენ ყაენისაგან რწმუნება არ გვაქვს დავხოცოთ ისინი, ვინც გვემორჩილებიან და ხარკს უხდიან ყაენს. მათი შეთქმულება ჯერ გამოსარკვევია; თუ თქვენ მათ უმიზეზოდ დახოცავთ, იცოდეთ, პასუხს აგებთ ყაენის წინაშეო. ამით შეშინებულმა მონღოლთა სარდალმა ხელი აიღო შურისძიებაზე...

კირაკოზი ირწმუნება, რომ სწორედ იმ დროს, როცა თბილისში მყოფი პატიმრები ამ დღეში იყვნენ, აქ მოვიდა მეფე დავითი, ავაგი და სხვა ქართველი მთავრები. მონღოლებმა, თავიანთ ჩვეულების მიხედვით, მეფეს და მის მხლებლებს ხელ-ფეხი შეუკრეს და ასე ამყოფეს სამი დღის მანძილზე. ხელ-ფეხშეკრულებს სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ, რის შემდეგაც გამოსასყიდი გამოართვეს და გაუშვეს. ამის შემდეგ მონღოლები დაესივნენ საქართველოს კუთხეების მოსახლეობას და ააწიოკეს ისინი, ბევრი ქალი და კაცი დაატყვევეს, ხოლო ბავშვები წყალში გადაყარესო.

თბილისელთა ეს აჯანყება XIII საუკუნის 50-იან წლებში მომხდარა. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებები გრძელდებოდა.

1259 წელს მონღოლთა წინააღმდეგ მომხდარი აჯანყება, რომელსაც დავით ნარინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც იმდენად სერიოზული ხასიათი მიეღო რომ აჯანყების ჩასახშობად საქართველოში მყოფი მონღოლთა ჯარი საკმარისი არ ყოფილა და არღუნ ნოინი ჰულაგუ ყაენთან წასულა დამატებითი ჯარის გამოსათხოვად. ერთი წლის შემდეგ მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო დავით ულუმ, თუმცა დამარცხდა და მესხეთს შეაფარა თავი. ამით ისარგებლეს მონღოლებმა და თბილისი და მთელი აღმოსავლეთი საქართველო ერთ სომეხ ვაჭარს, შადინს ჩააბარეს.

XIII საუკუკნეში დემეტრე თავდადებულის დროს თბილისში აშენდა მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი.

თბილისი XVI საუკუნეებში

რედაქტირება

XVI საუკუნის დამდეგს თბილისი მცირე ზომის ქალაქად იქცა. 1522 წელს ქართლში ირანის შაჰი ისმაილ I შეიჭრა. დავით X-მ შაჰს ზავი შესთავაზა. ისმაილმა დავითს მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. ამ პირობაზე დავითი არ დათანხმდა და თავდაცვისათვის მზადებას შეუდგა. კახეთიდან და სამცხიდან მაშველი რაზმები ჩამოვიდნენ, მეფემ დაიქირავა მთისა და ჩრდილოეთ კავკასიის მეომრები, გაამაგრა ციხე-კოშკები, განსაკუთრებით თბილისის ციხე.

გადამწყვეტი ბრძოლა სოფელ თელეთთან გაიმართა. ბრძოლაში ვაჟკაცობით თავი გამოიჩინა დავით X-ის ვაჟმა ლუარსაბმა. მისი მეთაურობითაც ქართველებმა დაამარცხეს და უკუაგდეს ყიზილბაშთა მარცხენა ფრთა. შაჰ ისმაილ I იძულებული გახდა უკანასკნელი საშუალებისთვის მიემართა. მან ირანელთა გვარდია და სარეზერვო ჯარი იაღლუჯის მთაზე გადმოიყვანა და ბრძოლის ველის უკან მოექცა. მტრის უკნიდან გამოჩენამ გატეხა ქართველთა სიმტკიცე. გაფანტული ქართული მხედრობის თავმოყრა შეუძლებელი გახდა. დავითი X შიდა ქართლში გაიხიზნა და ახალი ბრძოლისათვის სამზადისს შეუდგა. ყიზილბაშები თბილისს მოადგნენ. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული, თუმცა შაჰმა ციხისთავი მოისყიდა, რომელმაც მტერს ქალაქის კარი გაუღო. ყიზილბაშებმა თბილისი მიწასთან გაასწორეს, გაიძარცვა ქართული ეკლესიები. შაჰ ისმაილის ბრძანებით თბილისში მეტეხის ხიდთან მეჩეთი აიგო.

თელეთის ბრძოლის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა. აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილს თელეთის ბრძოლა ნამდვილ ფაქტად მიაჩნდა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე), შაჰ-ისმაილ I საქართველოში არ ყოფილა. ვახუშტის ბაგრატიონს თელეთის ბრძოლის ფაქტი სჯეროდა, მაგრამ საეჭვოდ თვლიდა ამ ბრძოლაში თვითონ შაჰის მონაწილეობას. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, შაჰ-ისმაილ I-ის ეს ლაშქრობა ლუარსაბ I-ის დროს მოხდა.

ისმაილის სიკვდილის შემდეგ, 1524 წელს დავით X-ს ძალისხმევით ქართველებმა თბილისი გაათავისუფლეს. შეკეთდა ძველი და აშენდა ახალი შენობები, იმატა მოსახლეობამ, გამოცოცხლდა ვაჭრობა და ხელოსნობა. ქალაქი კვლავ განვითარების გზას დაადგა. 1541 წელს 12000 რჩეულ ყიზილბელ მხედართან ერთად თბილისის კედლებს შუაღამისას შაჰ თამაზი მოადგა. თბილისის მოურავი და მეციხოვნეთა მეთაური, გულბაათი ციხის კედელზე თოკით ჩამოეშვა, შაჰს ეახლა და ქალაქის გასაღები მოწიწებით მიართვა. ყიზილბაშთა ლაშქარი ქალაქში შეიჭრა. წინ გულბაათი და მისი ვაჟები მიუძღოდნენ, თავზე ყიზილბაშური თაჯები ეხურათ. სპარსელებმა კვლავ ააოხრეს ქალაქი, დაარბიეს მოსახლეობა და გაძარცვეს ეკლესიები. შაჰმა თბილისის ციხეში ყიზილბაშთა მეციხოვნეები შეაყენა.

ლუარსაბ მეფემ ქართლში ჩაყენებული ყიზილბაშები გაწყვიტა და თბილისი გაათავისუფლა. 1552 წელს სიონის ტაძრისთვის ბოძებულ სიგელში ლუარსაბ მეფე აღნიშნავს, რომ:

 
„ჟამთა ვითარებისაგან უღმრთოთა აგარიანთა მიერ წარმახულსა ტახტსა ჩუენსა ტფილისს სახდომად თქუენი ძალით კულავ ვეგენით“

ჩვენ შევედით საქართველოს დედაქალაქში და

 
„განვწმინდეთ წმინდითა აიაზმითა პირველად დიდებული და პატიოსანი ტაძარი თქუენი და კუალად ყოველნი ეკლესიანი ტფილისისანი“

.

1554 წელს შაჰ თამაზმა კვლავ აიღო თბილისი და ქალაქში სპარსული გარნიზონი ჩააყენა, თუმცა ლუარსაბ მეფის დამორჩილება ვერც ამჯერად მოახერხა და ირანში გაბრუნდა. შაჰმა ქართლიდან 30 ათასი ტყვე წაიყვანა, მათ შორის წარჩინებული აზნაურების ოჯახის წევრები და ლუარსაბის დედა. 1555 წელს დაიდო ამასიის ზავი, რომლის მიხედვითაც ოსმალეთმა აღმოსავლეთ საქართველო ირანს დაუთმო. 1556 წელს ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს სპარსეთის მრავალრიცხვოვანი ჯარი სოფელ გარისთან. ამ ბრძოლას შეეწირა მოხუცი მეფე ლუარსაბი. ქართლის სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, სიმონმა, რომელმაც გამეფებისთანავე ერთ-ერთ მთავარ მიზნად თბილისის ყიზილბაშებისგან გათავისუფლება დაისახა. 1561 წელს სვიმონი დამარცხდა სპარსელებთან ბრძოლაში ციხედიდის მიდამოებში და გორის ციხეს შეაფარა თავი. სპარსელებმა დამატებითი რაზმები შემოიყვანეს ქართლში. ყიზილბაშებმა ქართლში სვიმონის ძმა, დაუდ-ხანი გაამეფეს, რომელმაც ისლამი მიიღო. ქართლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაუდ-ხანი მეფედ არ ცნო და სიმონს მიემხრო, რომელიც თბილისის აღებას და ტახტის დაბრუნებას ლამობდა. 1578 წელს თბილისში ოსმალეთის ლაშქარი შევიდა მუსტაფა ლალა-ფაშას სარდლობით. დაუდ-ხანმა ქალაქი გადაწვა და გაიხიზნა, ოსმალებმა თბილისი უომრად დაიკავეს.

1597 წლისთვის თბილისში 2000 კომლი ცხოვრობდა.

თბილისი XVII-XVIII საუკუნეებში

რედაქტირება

1576 წელს თბილისის მთავარ ციხეში ოსმალებმა ააშენეს სტამბოლის გოდოლი. XVII საუკუნის 30-იან-40-იან წლებში თბილისი აღმავლობის გზას დაადგა. ქართლის ხანმა როსტომმა ანჩისხატსა და სიონს შორის ააშენა სასახლე და მეფის რეზიდენცია ციხიდან იქ გადაიტანა, ციხე კი მთლიანად ირანელთა გარნიზონს დაუთმო. 1650-იან წლებში თბილისში 9600 ბანიანი სახლი იდგა. ამ ხანებში თბილისს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა აღმოსავლეთის ქალაქებთან, განჯასთან, შამახიასთან, ერევანთან, არზრუმთან, თავრიზთან. განვითარებული იყო ხელოსნური წარმოება. 1700 წელს ქალაქში დაახლოებით 20 000 მცხოვრები ითვლებოდა. 1680-1700 წლებში ააშენეს ქალაქის კედელი მტკვრის გასწვრივ. XVII საუკუნის თბილისში იყო სამი მოედანი: მეფის მოედანი, ყაბახი და ციხის მოედანი. მდინარე მტკვარზე ერთადერთი ხიდი იყო, კიდევ ერთი ბაჰბუდას ხიდი აშენებული იყო მდინარე ვერეზე, ქალაქის გარეუბანში. ქალაქში იდგა რამდენიმე ქარვასლა.

1723 წელს თბილისი ოსმალემა აიღეს და დაიწყო ოსმალობა. თბილისში დაჯდა ახალციხის ფაშა ისაყ I. ოსმალეთი თბილისს 1735 წლამდე ფლობდა. 1735 წელს თბილისში დაიწყო ყიზილბაშობა. 1744 წელს თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა ქართლის მეფედ.

თბილისი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

რედაქტირება

XIX საუკუნის დამდეგს, როდესაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და იგი თავის გუბერნიად აქცია, იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის საფუძველზე, საქართველოს უმაღლესი მმართველობის ადგილსამყოფელად თბილისი გამოაცხადა. თბილისის სტატუსი სამეფოს დედაქალაქიდან გუბერნიის ცენტრამდე დაემცრო, თუმცა ის ფაქტობრივად ამიერკავკასიის ადმინისტრაციული, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გახდა.

1840-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი თბილისის თვითმმართველობას. მაგრამ ეს თვითმმართველობა კოლონიურ ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა და ძლიერ შეზღუდული იყო. თბილისი შენდებოდა როგორც კავკასიის ადმინისტრაციის რუსული ცენტრი, ამიტომ თბილისის ხელისუფლებას რუსული იმპერიული პოლიტიკის გატარება ევალებოდა.

თბილისის მრეწველობას სერიოზული პრობლემები შეექმნა პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდანვე – გართულდა ეკონომიკური კავშირები, საგარეო ვაჭრობა დაეცა, დაი�წყო ფულად-საკრედიტო სისტემის კრიზისი. „მშრალი კანონის” ამოქმედებამ დააზიანა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა რუსეთის თებერვლის რევოლუციისა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფორმირების პერიოდში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისში, პასკევიჩ-ერევნელის მოედანზე დარგეს თავისუფლების ხე და მას თავისუფლების მოედანი უწოდეს. 1918 წლის აპრილში, მცირე ხნით რეგიონში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა წარმოიშვა, რომლის დედაქალაქიც თბილისი იყო.

1917 წელს ქალაქის მოსახლეობის 33,7%-ს შეადგენდნენ სომხები, 28,1%-ს რუსები, 25,3%-ს ქართველები.[1]

თბილისი პირველი რესპუბლიკის დროს

რედაქტირება

1917 წელს თბილისში ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული საბჭო, შემდგომში საქართველოს პარლამენტი და აქვე ჩაეყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს, რომლის კონსტიტუციამ თბილისს მიანიჭა დედაქალაქის სტატუსი. 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში დაიდო ბინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და 1919 წლის 12 მარტიდან აქვე მუშაობდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - საქართველოს დამფუძნებელი კრება. თბილისში დაფუძნდა უცხოეთის არაერთი სახელმწიფოს საელჩო თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა.

1918 წლის 28 მაისს თბილისში მოქმედმა სომეხთა ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და იმავე დღეს, თბილისშივე გამოცხადდა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკაც. საქართველოს დედაქალაქში სამ დღეში სამი სახელმწიფო ჩამოყალიბდა და სამივე მათგანის ხელისუფლების ადგილსამყოფელი გარკვეული დროით თბილისი იყო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლება თბილისში 1918 წლის 16 ივნისამდე დარჩა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს დედაქალაქში 1918 წლის 19 ივლისამდე მუშაობდა.

1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული ნელ-ნელა დაიწყო თბილისის გაქართულება: შენობა-ნაგებობებზე შემცირდა რუსული აბრები და იმატა ქართულმა წარწერებმა. ქალაქი თანდათან ეთხოვებოდა რუსულ იმპერიულ მემორიალებს. მაგალითად, თბილისში აიღეს რუსეთის იმპერატორის - ალექსანდრე მეორის ბიუსტი. განხორციელდა ვერის დაღმართზე ნიკოლოზ პირველის ეტლიდან გადმოვარდნისას იმპერატორის გადარჩენის აღსანიშნავად აგებული ჯვრის დემონტაჟი. დიდების ტაძრიდან ჩამოხსნეს წარწერიანი დაფები. გოლოვინის პროსპექტს სახელწოდება შეუცვალეს და რუსთაველის გამზირი უწოდეს. ქალაქის მეორე დიდ გამზირის საერთაშორისო მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი პლეხანოვის სახელის დაარქვეს.

1919 წლის 1 აგვისტოს კავკასიის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.[2]1919 წელს გაიმართა პირველი ქართული მხატვრული ფილმის „ქრისტინეს“ პრემიერა. 1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით დაფუძნდა საქართველოს სამხატვრო გალერეა, რომელიც რუსეთის სამხედრო დიდების ტაძრის შენობაში განთავსდა. 1920 ჩამოყალიბდა ქართული დრამა�ტული თეატრი, რომელმაც ბინა თბილისის არტისტული საზოგადოების შენობაში დაიდო.

თბილისი არამხოლოდ თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი გახდა, არამედ რეგიონის კულტურისა და ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრად იქცა და, როგორც მაშინ უწოდეს, „კავკასიის ჰაბად“ მოგვევლინა. თბილისი ინარჩუნებდა ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. მართლმადიდებლური ტაძრების გვერდით ფუნქციონირებდნენ სომხური სამოციქულო, გერმანული ლუთერანული ეკლესიები, მუსლიმური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა. ყველა მათგანში ღვთისმსახურება შეუზღუდავად წარმოებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019, ISBN 978-9941-9553-1-9 Invalid ISBN.
  • მესხია შ., გვრიტიშვილი დ., დუმბაძე მ., სურგულაძე ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958.
  • გ. აფრასიძე, მ. ბადრიძე, ელ. ქაჯაია, თბილისის ისტორია ტ. I, „თბილისი უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე“, თბ., 1990
  1. კაკურია შ., თბილისის მოსახლეობა 1803-1970 წწ., თბ., 1979, გვ, 61
  2. ჩხაიძე გ., საქართველოს სახე�ლმწიფო მუზეუმი, თბ., 2003, გვ. 227