ეს სტატია შენობას ეხება. ორგანიზაციის შესახებ იხილეთ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

პიონერთა სასახლე, (იგივე ახალგაზრდობის სასახლე და ყოფილი მეფისნაცვლის სასახლე) — XIX საუკუნის თბილისის ოფიციალური დანიშნულების შენობათა შორის გამორჩეული შენობა, მდებარეობს შ. რუსთაველის გამზ. N6-ში. სასახლე მთავარი ფასადით რუსთაველის გამზირზე გამოდის, დასავლეთიდან და სამხრეთიდან კი ვრცელი ბაღი აკრავს.

ახალგაზრდობის სასახლე
მეფისნაცვლის სასახლე 1862 წელი
მეფისნაცვლის სასახლე 1865 წლის შემდგომ

სასახლის მშენებლობის უმთავრესი ეტაპები თბილისში მოღვაწე გერმანელი ხუროთმოძღვრის ოტო იაკობ სიმონსონს უკავშირდება. მისი მონაწილეობით 1858-59 წლებში შენობის არასრული გადაკეთება მოხდა, 1865-69 წლებში კი - საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა მთავარმართებლის ძველი, 1845-47 წლებში ი. სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით ჰარმონიულმა ერთობლიობამ შეცვალა (წახნაგოვანი და ხორკლიანი რუსტიკა, კორინთულკაპიტელიანი პილასტრებისა და თაღოვანი ღიობების მონაცვლეობით შედგენილი მწკრივი, გელერეების თაღედი, მედალიონები, რკალური ფრონტონები).

შენობის ფასადები მკაცრი და ოფიციალურია. განსხვავებული, ინტიმური და ამავე დროს საზეიმო იერი აქვს მხოლოდ სამხრეთ ფასადს, რომელიც ელეგანტური რკინის სვეტების მქონე მორკალულმარშიანი ღია კიბე-აივნით არის მიმართული ბაღისკენ. ინტერიერი, XIX საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციისამებრ, კლასიცისტურ ორდერთან ერთად (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში) გვიანირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობასაც შეიცავს (სტუკოს ორნამენტები და სარკეები, სტალაქტიტებიანი ნიშები და ფრიზები, მუშარაბიანი სარკმლები მთავარ დარბაზში).

1917-1921 წლებში სასახლეში (მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1921 წლიდან, ამ შენობაში მოთავსდა საქართველოს სსრ ცაკი და ეწოდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე. 1937 საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით სასახლეში უნდა მოწყობილიყო თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე (რეკონსტრუქცია ჩატარდა არქიტექტორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით). 1941 წლის 2 მაისს შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს ბორის ძნელაძის სახელი მიენიჭა. ამჟამად, შენობაში განთავსებულია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", 2006 წელი, ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება