ოტო სიმონსონი
ოტო იაკობ სიმონსონი (გერმ. Otto Jakob Simonson; დ. 23 მარტი, 1829, დრეზდენი, საქსონიის სამეფო, — გ. 22 მაისი, 1914, რიგა, რუსეთის იმპერია) — გერმანელი არქიტექტორი. ხანგრძლივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში.
დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია 1858 წელს. 1858 წელს ამავე აკადემიამ მიანიჭა არქიტექტურის აკადემიკოსის წოდება და კავკასიის მეფისნაცვლის მიწვევით გადმოვიდა მის კანცელარიაში შტატგარეშე არქიტექტორად; ორმოცზე მეტი წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც დამპროექტებელი: ადგენდა ტიპურ პროექტებს საფოსტო და საინჟინრო უწყებებისათვის, ეკლესიების პროექტებს კავკასიის სხვადასხვა დასახლებებისთვის (მათ შორის ყვარლის ციხესიმაგრის, თბილისის კუკიის ეკლესიის და სხვა); XIX საუკუნის მიწურულს ააშენა აბასთუმნის ეკლესია, რომელშიც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ფორმებია გამოყენებული; 1859 წელს თავად ბარიატინსკის პირადი ბრძანებით შეადგინა ესკიზური პროექტი ალექსანდრეს პლაცზე საზოგადოებრივი ბაღის მოწყობისა; ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ალექსანდრეს ბაღს (ახლანდელი ცხრა აპრილის ბაღი); შეადგინა ქაშვეთის ეკლესიის ახალი გალავნის პროექტი. მისი პროექტით განხორციელდა თბილისში მეფისნაცვლის სასახლის ნაწილობრივი (1858–1859), შემდეგ კი მთლიანი რეკონსტრუქცია (ახლანდელი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე). სიმონსონმა შეადგინა საზოგადოებრივი და სახელმწიფო დანიშნულების შენობათა პროექტები, შეასრულა დეკორატიული სამუშაოები თბილისის თეატრის შენობაში (1860-1861); მისი პროექტით აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი: ი. თამაშევის (1872, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე), იაკობ ზუბალაშვილის (1879, ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩაზე) და სხვა; 1909 წლიდან თავი დაანება მუშაობას და გადავიდა რიგაში, სადაც გარდაიცვალა. სიმონსონმა ალბერტ ზალცმანთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თბილისის განაშენიანებას ახლებური ხასიათის შექმნაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 830, ISBN 99928-20-32-2.