ალბერტ ზალცმანი (გერმ. Albert Salzmann, რუს. Альберт Фёдорович Зальцман; დ. 10 სექტემბერი, 1833, თბილისი, — გ. 26 ივლისი, 1897) — თბილისელი არქიტექტორი, წარმოშობით გერმანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში დამკვიდრებული გერმანელის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. 1861 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში. 1865–1866 წლებში იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ეცნობოდა საავადმყოფოებისა და სატუსაღოების შენობებს. 1867 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. 1876 წელს დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის საოლქო-საინჟინრო სამმართველოს არქიტექტორად. 35 წლის განმავლობაში მისი პროექტით მრავალი სახაზინო, საზოგადოებრივი და კერძო სახლი აშენდა თბილისში.

1865 წელს დაინიშნა მისივე პროექტით აგებული ქალაქის, ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს სამშენებლო კომისიის წევრად. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: კათოლიკეთა ეკლესია ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე (1870), კავკასიის მუზეუმის შენობა (დამთავრდა 1870, იდგა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახლანდელი შენობის ადგილას), ქალთა გიმნაზიის შენობა (დამთავრდა 1874, ახლანდელი ლადო გუდიაშვილის ქუჩა №10). 1886–1893 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახაზინო (ახლანდელი ოპერისა და ბალეტის) თეატრის მშენებლობას, მისი პროექტითაა აგრეთვე აგებული თბილისის არისტოკრატიული და ბურჟუაზიული ფენების წარმომადგენელთა მრავალი საცხოვრებელი სახლი. ალბერტ ზალცმანი ოტო სიმონსონთან ერთად იმ არქიტექტორთაგანი იყო, რომელმაც იმდროინდელი რენესანსულ-ბაროკული ფასადების გამოყენებით ქალაქის განაშენიანებას ახლებური ხასიათი შესძინა. მისი ნამუშევრებიდან ასევე აღსანიშნავია: ალბერტ ზალცმანის საკუთარი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე №115-ში (1872), სახლი რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა №14-ში (1876), კავკასიის მუზეუმისა და ქალთა გიმნაზიის ფასადები, საცხოვრებელი სახლი გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა № 22-ში, რომლის ფასადი დამუშავებულია ქართული ისტორიული არქიტექტურული მოტივებით. მისი შვილი იყო მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი და კარიკატურისტი ალექსანდრ ზალცმანი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება