ლადო გუდიაშვილის ქუჩა

ლადო გუდიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი). მდებარეობს თავისუფლების მოედნიდან არჩილ ჯორჯაძის ქუჩამდე. XIX საუკუნის დასაწყისში ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელი იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ აქა-იქ გაფანტულ რამდენიმე შენობას, რომელთა შორის გამოირჩეოდა ახლანდელი ანტონ ფურცელაძისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების მონაკვეთზე მდგარი ლორის-მელიქოვების სახლი, რომელიც გადაურჩა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევას (1795).

ლადო გუდიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები ატამანის ქუჩა, მიხეილ ლორის-მელიქოვის ქუჩა, ლ. კეცხოველის

1841 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ატამანის ქუჩა — მიხეილ ლორის-მელიქოვის თერგის ოლქის ატამანად ყოფნის აღსანიშნავად. 1877 წელს ქუჩას დაერქვა ლორის-მელიქოვის სახელი. ასევეა დატანილი თბილისის 1900 წლის გეგმაზეც. 1922 წელს ვლადიმერ (ლადო) კეცხოველის სახელი დაარქვეს. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ლადო გუდიაშვილი და 1992 წელს ქუჩას მისი სახელი ეწოდა.

ქუჩაზე არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი (ყოფილი სასულიერო სემინარია. XIX საუკუნის 30-იანი წლები, არქიტექტორი ჯ. ბერნარდაცი), საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის კორპუსები [ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი (1916, არქიტექტურა ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი) და ყოფილი ვოლგა-კამის საზოგადოების ბანკი (19185)], ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი (№11). შემონახულის XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები, მათ შორის მუხრანბატონის ყოფილი სახლი (№9, არქიტექტორი კ. ტატიშჩევი). ქუჩაზე გამოდის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ადმინისტრაციული კორპუსი. ქუჩის ბოლოს, ცხრა აპრილის სახელობის ბაღში, დგას ლადო გუდიაშვილის ძეგლი (მოქანდაკე დიმიტრი მიქატაძე, არქიტექტორი რ. ბერიძე). აქვს I შესახვევი (ყოფილი ლ. კეცხოველის შესახვევი).

გათვალისწინებულია ლადო გუდიაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია. პროექტის თანახმად იგი უნდა გახდეს ხიდი თბილისის ისტორიული ნაწილსა და ქალაქის თანამედროვე ცენტრს შორის, გადაიქცეს კულტურის ცენტრად და სამუზეუმო, ფეხით მოსიარულეთა ქუჩად.

ლიტერატურა

რედაქტირება