ბეჰბუდას ხიდი
ბეჰბუდას ხიდი, ვერის ხიდი — ხიდი თბილისში, მდინარე ვერეს ქვედა დინებაზე (დღევანდელი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე). ხიდი ააშენა მეფე როსტომის ზარაფთუხუცესმა ხოჯა ბეჰბუდამ მნიშვნელოვან საქარავნო გზაზე „დიღმის გზაზე“. ხიდი განადგურდა 1957-1981 წლებში გმირთა მოედნის რეკონსტრუქციისას.
ისტორია
რედაქტირებახიდი აიგო XVII საუკუნის 40-50-იან წლებში. XIII საუკუნის წყაროში აღნიშნულია ხიდის მიდაომოებში ქარვასლის არსებობა. ის მეფე დემეტრე თავდადებულმა ააშენა და ეკლესიას შესწირა. პლატონ იოსელიანის ცნობით, ხიდი როსტომ მეფეს განუახლებია. ხიდის სახელიც სწორედ როსტომის დროს მოღვაწე ზარაფთუხუცეს ხოჯა ბეჰბუდას უკავშირდება რომელსაც ვერაზე ქვითკირის ხიდის აგება მიეწერება. ამ ხიდს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილიც (1696-1784 წწ.):
„ვერასა ზედა არს ხიდი დიდი ქვითკირისა[1].“
|
1771 წელს იოჰან გიულდენშტედტი ადასტურებს მდინარე ვერეზე ქვის ხიდის არსებობას.[2] იულიუს ფონ კლაპროთი რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1807-1808 წლებში, წერს:
„თბილისიდან ორი ვერსის დაშორებით ჩვენ გავიარეთ მდ. ვერე, რომელზედაც აშენებულია მეტად ლამაზი ქვის ხიდი[3].“
|
ხიდი ასევე მოხსენიებულია XIX საუკუნის 50-იანი წლების გაზეთ "Кавказ"ის ფურცლებზე, სადაც მაშინ ცნობილი ჟურნალისტი ნ. ლ. დუნკელნ-ველინგი წერს:
„...პირველივე შეხედვიდან ჩანს მისი სიძველე, შენების ფორმა კი გვაგონებს რომაელთა ხიდს. ეს ხიდი, ალბათ, არა ერთხელ რესტავრირებულა, მაგრამ მისი პირველი აშენების პერიოდს მიაკუთვნებენ პომპეუსის ლაშქრობას მითრიდატესთან ბრძოლოს დროს, დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 65 წელს.[4]“
|
ხიდი 1849 წლამდე უპატრონოდ იყო მიტოვებული. 1850 წელს ხიდი შეკეთდა, 1856 წელს კი მისი ძველი პარაპეტი მოხსნეს და ხის ტროტუარებითა და მოაჯირებით შეცვალეს. ამით ხიდი გაფართოვდა და მისი გამტარუნარიანობა გაიზარდა. ქვითა და ქართული აგურით ნაგები ოთხმალიანი ხიდის სიგრძე დაახლოებით 70 მეტრი, ხოლო სიგანე 6 მეტრი იყო. მას მალები სხვადასხვა ზომისა ჰქონდა.
1863 წელს კავკასიის გზატკეცილების სამმართველოს მოხელე ინჟინერ-პოლკოვნიკი ა. ვ. ჩერნიკოვი წერდა:
„მდ. ვერეზე ხიდის აშენების დრო ცნობილი არ არის. მისი აგებულების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი გატეხილი ხიდის თანამედროვეა. ძველი ვერეს ხიდი აშენებულია აგურით. სავალი ნაწილის მცირე სიგანე აფერხებდა ეტლების გვერდის აქცევას, ამიტომ 1856 წელს მისი ქვის ძველი პარაპეტი მოიხსნა და შეიცვალა ხის ტროტუარით, მოაჯირებით, რომლებიც ხიდის კედლებს გარეთ გამოდიოდა.[5]“
|
ჩერნიკოვის ჩანაწერებიდან ირკვევა რომ 1856 წლის ხიდის გაფართოების შემდგომ, კერძოდ კი 1863 წელს ხიდის მეოთხე კამარა მთლიანად განუახლებიათ — დაზიანებული ისრისებრი კამარის ნაცვლად აუგიათ აგურის ახალი ნახევარწრიული კამარა.
1932 წლამდე ხიდზე გადიოდა საქართველოს სამხედრო გზა. 1932 წელს მის გვერდით ახალი განიერი სამმალიანი ხიდი ააგეს (შემდგომში ჩანაცვლდა ახლანდელი გალაკტიონის სახელობის ხიდით) და ძველი ვერის ხიდი უფუნქციოდ დარჩა. 1957 წლის ზაფხულში, მისი მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა. 1981 წელს გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის გამო ძველი ხიდის ნაშთებიც გაქრა ან გადაიხურა.
არქიტექტურა
რედაქტირებათანახმად 1857 წლის აზომვებისა ვერეს ხიდი სიგრძეში 70 მეტრს, სიგანე კი 5,7 მეტრს წარმოადგენდა. მალების სიგრძეები 7,85, 9,46, 7,85, 5,92 მ. მთავარი კამარის სიმაღლე 3,5 მეტრი ხოლო თაღების სისქე 0,68-0,74 მეტრამდე მერყეობდა.ხიდის სიმაღლის განსაზღვრა მაშინ შეუძლებელი იყო მისი მიწაში ღრად ჩაფლულობის გამო.
ხიდის საყრდენების ზედა ნაწილების წყობა კარგად იქნა შენარჩუნებული. იგი შედგებოდა მთელი რიგი ყორული ქვებისაგან, რომელთა შორის განლაგებული იყო ქართული ბრტყელი აგურის რამდენიმე ფენა. ხიდი გამოირჩეოდა ძალიან ლამაზი კამაროვანი სახიდე მალებით, მათგან სამს ისრისმაგვარი ხოლო ერთს კი წრიული მოხაზლობა ჰქონდა. კამარები და კამარის კედლები მთლიანად აგებული იყო ქართული აგურით (22 X 22 X 3,5 სმ.). კამარის ზედა აგურის კედელი წარმოადგენდა უფრო შემდგომ დანაშენს, რომელიც უნდა მიეკუთვნებოდეს 1856 წელს.
გალერეა
რედაქტირება-
ძველი ვერა
(ა. როინაშვილი) -
ძველი ვერა
(დ. ერმაკოვი)
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე, ა., თბილისს ხიდები, თბილისი: „ტფილისის ჰამქარი“, 2012. — გვ. 12-13.
- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985. — გვ. 39.
- „ძველი ქვის ხიდი მდინარე ვერაზე“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 37 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1975 წელი. — გვ. 14-26
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "ქართლის ცხოვრება" - ტ. IV ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. თბ., 1973, გვ. 338, 26
- ↑ გიულდენშტენდტის მოგზაურობა საქართველოში. ტომი 1, თბ., 1962, გვ. 61
- ↑ H. Klaproth. Voyage au mont Caucase et en Georgie, Paris, 1823, p. 519
- ↑ გაზეთი "Кавказ", 1875 წ. 22 აგვისტო, №65
- ↑ А. В. Черников. Древные мосты в Закавказском крае "журнал путей сообщения". т. XI. СПБ, 1863, ст. 32-35