წყალბურთი
წყალბურთი — მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული გუნდური სპორტული თამაში, სადაც შვიდი წევრისაგან (ერთი მეკარე) შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეთა მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქე გუნდის კარში ბურთის გატანა.
უმაღლესი ორგანო | ცურვის საერთაშორისო ფედერაცია |
---|---|
ტიპი | სპორტის სახეობა |
აღჭურვილობა | water polo ball |
ქვეყანა/რეგიონი | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა | 14 |
ისტორია
რედაქტირება1869 წელს ინგლისის ქალაქ ბორნმუთის ნიჩბოსანთა კლუბის წევრებმა ვარჯისისას მოიგონეს თამაში, რომელსაც დღეს მსოფლიო წყალბურთის (Water - წყალი, polo - სპორტის სახეობა) სახელით ვიცნობთ. მალე ამ თამაშმა ლონდონამდე ჩააღწია და იკვე 1870 წელს პირველი მარტივი წესებიც შეიქმნა. 1874 წელს ლონდონში პირველი ოფიციალური მატჩი მოეწყო. 1984 წელს კი პირველი ჩემპიონტიც ჩატარდა. პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1890 წელს გაიმართა ინგლისელ და შოტლანდიელ წყალბურთელებს შორის (მატჩი შოტლანდიელებმა მოიგეს ანგარიშით 4-0). 1892 წელს ინგლისური და შოტლანდიური წესების შერწყმით ლივერპულში გაფორმდა ახალი ოფიციალური წესები. შოტლანდიელებმა შეცვალეს ბურთიც (მანამდე ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ) და უფრო მოხერხებული ბურთით დაიწყეს თამაში. XIX საუკუნის ბოლოს წყალბურთი ევროპაში და ამერიკაშიც გავრცელდა (უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, აშშ). პირველი ამერიკული კლუბი 1888 წელს შეიქმნა ქალაქ ბოსტონში. უკვე 1900 წელს წყალბურთი პარიზის ზაფხულის II ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს. ამერიკელებს თამაშის საკუთარი წესები ჰქონდათ, რის გამოც ევროპული გუნდები მათთან თამაშზე უარს ამბობდნენ. ამიტომ 1911 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ქვეყნებს ინგლისური წესებით თამაში მოსთხოვა. ამან წყალბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა და მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. 1926 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა წყალბურთის კომისია, რომელსაც დაევალა კიდეც მსოფლიოში წყალბურთის განვრცობა და განვითრება.
მოედანი, ბურთი, წესები
რედაქტირებაწყალბურთს თამაშობენ 50-მეტრიან აუზში. უშუალოდ სათამაშო მოედნის ზომებია 20X30 მ, წყლის სიღრმე არა ნაკლებ 2 მეტრი. მოედანი დაყოფილია რამდენიმე წარმოსახვითი ხაზით: 15 მეტრიანი ცენტრალური, 7 მეტრიანი, 4 მეტრიანი და 2 მეტრიანი ხაზებით. კარის ზომებია 3X0,9 მ. თამაშობენ სპეციალური წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული ბურთით, რომლის გარშემოწერილობაა 6-71 სმ, წონა - 400-450 გრ. თამაშობენ ოთხ რვა წუთიან პერიოდს (სუფთა დრო). შესვენებები 2 წუთი (მეორე შესვენება - 5 წუთი). თამაშს იწყებს ის გუნდი, რომლის მოთამაშე პირველი მივა ცენტრში დადებულ ბურთთან. შეტევისათვის (ანუ ბურთის კარში სატყორცნელად) გუნდს ეძლევა 30 წამი. მისი გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. აკრძლულია ბურთზე ორი ხელით შეხება (მეკარის გარდა), აუზის ფსკერზე დგომა, ბურთის წყალში ჩაძირვა, უბურთო მეტოქეზე თავდასხმა, მეტოქისათვის ხელის ან ფეხის კვრა, მეტოქის დაძირვა. პენალტი ინიშნება თუ წესების დარღვევა მოხდა 5 მეტრიან ზონაში. წესების დარღვევისათვის მოთმაშე შეიძლება გაძევებულ იქნას აუზიდან 20 წამით (გატანილ გოლამდე ან ბურთის დაკარგვამდე). სამჯერ გაძევებული მოთამაშე ტოვებს აუზს შეცვლის უფლებით. გუნდში 7 მოთამაშეა (ერთი მეკარე). შეცვლათა რაოდენობა შეზღუდული არა არის. გუნდებს განსასხვავებლად ახურავთ თეთრი და ცისფერი ქუდები. მეკარეთ ქუდის ფერი წითელია. მატჩს ერთდროულად ემსახურება 5-7 მსაჯი.
საერთაშორისო ფედერაცია
რედაქტირება1908 წლის 19 ივლისს ლონდონში დაარსდა ცურვის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Natation) - FINA. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: ბელგია, გერმანია, დანია, ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, უელსი, უნგრეთი, ფინეთი და შვედეთი. ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში. ამჟამად ფედერაცია აერთიანებს 201 ქვეყანას.
მნიშვნელოვანი ტურნირები
რედაქტირებაწყალბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული წყალბურთელთა ტურნირი, რომელსაც ცურვის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა, ტარდება მსოფლიოს თასი წყალბურთში ვაჟთა და ქალთა შორის. ტარდება აგრეთვე მსოფლიოს ლიგის გათამაშება ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა, კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. გარდა ამისა, ტარდება საკონტინენტო ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hale (Ed.), Ralph (May 1986). The Complete Book of Water Polo: The U.S. Olympic Water Polo Team's Manual for Conditioning, Strategy, Tactics and Rules. Fireside, გვ. 160 pages. ISBN 0-671-55563-4.
- Jones, Bryan (December 2004). SportSpectator Water Polo Guide (Basic Waterpolo Rules and Strategies). DLH Publishing, გვ. 8 pages. ISBN 1-879773-07-4.
- Nitzkowski, Monte (1994). United States Tactical Water Polo. Sports Support Syndicate, გვ. 379 pages. ISBN 1-878602-93-4.
- Norris (Ed.), Jim (April 1990). The World Encyclopedia of Water Polo by James Roy Smith. Olive Press, გვ. 513 pages. ISBN 0-933380-05-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წესები დაარქივებული 2011-12-23 საიტზე Wayback Machine.
- USA/FINA Water Polo rules დაარქივებული 2013-03-01 საიტზე Wayback Machine. (PDF format) დაარქივებული 2012-05-22 საიტზე Wayback Machine.