დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
„დინამო“ თბილისი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. საქართველოს ეროვნული ლიგის უცვლელი მონაწილე, ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და ცამეტგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ექვსგზის ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს ჩვიდმეტგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის ცამეტგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი.
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ლურჯ-თეთრები | |||
დაარსდა | 1925 წლის შემოდგომაზე | |||
სტადიონი |
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა თბილისი, საქართველო (ტევადობა: 55 000) | |||
პრეზიდენტი | რომან ფიფია | |||
მწვრთნელი | ფერდინანდ ფელდჰოფერი | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა | |||
2023 | მე-2 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა ანგარიშით — 2–1.
კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“,[1][2] „ვესტ ჰემის“,[3][4] უელსის „კარდიფ სიტის“,[5] ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.
„დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე,[კომ. 1] გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი,[კომ. 2] მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,[კომ. 3][6] რამაზ შენგელია,[კომ. 4][7] ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981),[8] ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977)[9] და ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველობაზე. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით აგრძელებს მოღვაწეობას.
ისტორია
1920-იანები
თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს — ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.
თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1–0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე — 3–0.
ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა — ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ასირ გალპერინი, ანდრო ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. დინამოელთა პირველი კაპიტანი ანდრო ჟორდანია იყო.
ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.
1926 წლის აგვისტოში დინამოელებმა ერთთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[10]
1930-იანები
1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო პირველობაზე ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა.
საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში გამართული 1424 კალენდარული მატჩიდან დინამოელთა პირველი შეხვედრა 1936 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე შედგა. მასპინძლები კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრას 10 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე კიეველებმა გახსნეს, ბურთი სტუმართა ფორვარდმა შჩეგოცკიმ გაიტანა — 0–1. მე-17 წუთზე თბილისელთა თავდამსხმელი ნიკოლოზ სომოვი ანგარიშის გაქვითვას ახერხებს — 1–1. პირველი ტაიმის მიწურულს ბორის პაიჭაძეს ზუსტი დარტყმით წინ გაყავს თავისი გუნდი — 2–1. თუმცა შეხვედრის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე კიეველთა ნახევარმცველი ვლადიმერ გრებერი ანგარიშს ათანაბრებს და მატჩიც ფრედ — 2–2 მთავრდება.[კომ. 5][11]
პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადერთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სადებიუტო სეზონში „დინამომ“ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა — ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2–3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.
იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში, მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6–3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3–3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3–3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6–3.
1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0–2 მარცხდება.
საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.
1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა — საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2–0 გაიმარჯვეს.[12]
1940-იანები
1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა — 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა — ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.
1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა — 20 ოქტომბერს ირანის ეროვნული ნაკრები დაამარცხა 5–1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია — 4–0.
1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.
თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრეი ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.
1950-იანები
სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე „დინამოს“ მრავალგზის რეკორდსმენია.
ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის „დინამო“ ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ზემდგომი ორგანოები ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით „დინამოს“ ოქროს მედლები დააკარგვინეს.
საბოლოოდ „დინამო“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება — 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით „დინამო“ მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური „დინამოსათვის“ წარუმატებელ წლებში მოირგეს.[13]
1960-იანები
1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება — შესანიშნავი რუსი სპეციალისტის, გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.
საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. „ოქროს მატჩში“ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა — „დინამომ“ „ტორპედო“ 4–1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. „დინამო“ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.[კომ. 6]
60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში „დინამოს“ რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[14]
1970-იანები
სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა „დინამოში“ ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს — დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.
1972 წლის 13 სექტემბერს დინამოელები ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა — პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ „ტვენტესთან“ ქართველმა ფეხბურთელებმა 3–2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც დავით ყიფიანმა.[კომ. 7]
1973 წელს თბილისის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება. ესპანეთის ქალაქ უელვაში შეიკრიბნენ ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“, პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის „ბენფიკა“, ინგლისის ჩემპიონი „დერბი ქაუნთი“ და თბილისის „დინამო“. თბილისელები ნახევარფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდნენ, ძირითადი დრო ფრედ, 0–0 დამთავრდა. თერთმეტრიანების სერიაში კი „დინამოს“ მეკარემ დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია და „დინამოს“ ანგარიშით 4–2 მოაგებინა. მეორე ნახევარფინალში ლისაბონის „ბენფიკამ“ „დერბი ქაუნთი“ დაამარცხა და ფინალში „დინამოს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, ბევრი ყვითელი დარიგდა, ხოლო „ბენფიკას“ ერთ ფეხბურთელს წითელი ბარათიც უჩვენეს. თბილისელებმა ფინალი ანგარიშით 3–1 მოიგეს, კოლუმბის კარაველას დაეუფლნენ და დიდი თასი თბილისში წამოიღეს.[15][16][17][18]
1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი.
გუნდში ნოდარ ახალკაცის მთავარ მწვრთნელად მოსვლის პირველსავე წელს „დინამო“ ორჯერ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 გ., 1976 შ.) და რაც მთავარია, კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ეუფლება საბჭოთა კავშირის თასს.[19]
1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3–0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის „არარატს“ — დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენ.) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა „დინამოს“ პირველად არგუნა ბროლის თასი.
1977 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს — გუნდი ვიცე-ჩემპიონია.
1978 წელს კი „დინამო“ მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი — ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
იმ პერიოდის „დინამოს“ ღირსებას ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივართა მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო კლასის, გამორჩეული სათამაშო სტილისა და ინდივიდუალური ხასიათის მქონე ბრწყინვალე ფეხბურთელები იცავდნენ — დავით ყიფიანი,[20][21] მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[22]
1980-იანები
1981 წლის 13 მაისს „დინამო“ ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლა — მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის „კარლ ცაისი“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს — 2–1.[23]
„დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[24]
1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან. მეოთხედფინალში, დინამოელები პოლონურ „ლეგიას“ გაცდნენ და ნახევარფინალში, ბელგიის თასის მფლობელთან — ლიეჟის „სტანდარტთან“ მოუწიათ ფინალის საგზურისთვის ბრძოლა. მაგრამ „დინამო“ ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას.[25]
მომდევნო სეზონში, 1982 წლის სექტემბერში, დინამო უეფას 1982–83 წლების გათამაშებაში ჩაება და ტურნირიდან პირველივე რაუნდში — „ნაპოლისთან“, გასვლაზე გატანილი გოლის წესით გამოვარდა. იმავე შემოდგომაზე, ნოემბერში — საბჭოთა ლიგის სეზონი, თბილისელებმა მეოთხე ადგილზე დაასრულეს. ხოლო, აქედან ერთ თვეში — 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და 1981 წლის ფინალში „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.[25]
1983 წლიდან კი დინამოს ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება — ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზევე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს. „ნაპოლისთან“ მარცხის შემდეგ, თბილისში ევროპული ფეხბურთი 5 წელი აღარ გამოჩენილა. „დინამო“ ევროთასებს 1987 წლის სექტემბერში — სოფიას „ლოკომოტივთან“ მატჩით დაუბრუნდა.[26] უკვე ახალი გუნდით და ახალი თაობით — გერმან ზონინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა, 1987–88 წლების უეფა-ს თასის კამპანია, „ლოკომოტივთან“ და ბუქარესტის „ვიქტორიასთან“ გამარჯვებების შემდეგ,[27] მესამე რაუნდში, კარლ-ჰაინც რიდლეს და ოტო რეჰაგელის ბრემენის „ვერდერთან“ მარცხით დაასრულა.[25][28]
1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა — კიევის „დინამოსთან“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2–2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენ.) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[29]
1990-იანები
1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. ამ დროიდან იწყება თბილისის „დინამოს“ უახლესი ისტორია, რომელიც დღემდე (როგორც კლუბისთვის, ასევე „დინამოს“ გულშემატკივართათვის) გუნდის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე რთულ პერიოდად რჩება. რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო „დინამომ“, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტული საფეხბურთო სპეციალისტები ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდნენ[30][31][32][33][34] და რომლის თამაშის სტილი და უმაღლესი დონის ოსტატობა ათწლეულების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მრავალი თაობის მილიონობით ფეხბურთის მოყვარულს — ვერ შეინარჩუნა საერთაშორისო კლასის საფეხბურთო გუნდის სტატუსი.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის „კოლხეთი 1913“-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0–1 დამარცხდნენ.[35] მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, „დინამომ“ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.
1992 წელს თბილისის „დინამო“ პირველად ეუფლება საქართველოს თასს — ფინალში თბილისელები სოხუმის „ცხუმს“ ამარცხებენ.
1993 წელს თბილისის „დინამომ“ პირველად შეასრულა დუბლი — ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი — გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.
1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის „ლინფილდი“ „დინამომ“ 2–1 დაამარცხა — შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1–1 დასრულდა, „დინამოც“ დანიურ „კოპენჰაგენთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.
უეფა-მ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.
გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ აღწევდა.
1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია — ლუქსემბურგის „გრევენმახერის“ (4–0, 2–2), ნორვეგიული „მიოლდეს“ (2–1, 0–0) და მოსკოვის „ტორპედოს“ (1–0, 1–1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ „ბოავიშტასთან“ მარცხდებიან (1–0, 0–5).
იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა — „დინამოს“ სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[36]
2000-იანები
2000-იანი წლების დასაწყისში „დინამო“ ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა — ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს „დინამომ“, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. გუნდმა ფინალში ლატვიის „სკონტო“ დაამარცხა 3–1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფა-ს თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. თბილისელმა ფეხბურთელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვის „ბატეს“ (1–0, 3–2), პრაღის „სლავიასა“ (2–0, 1–3) და კრაკოვის „ვისლას“ (2–1, 3–4) და უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“,[37] ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“ და ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტული „დინამომ“ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა.
2010-იანები
2011 წლის იანვარში „დინამო“ ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. „დინამოში“ ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონზე ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 2013 წლის ივლისში ფუნქციონირება დაიწყო „დინამოს“ ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიამ.[38]
2011 წლის ზაფხულში გუნდმა წარმატებით დასძლია უეფა-ს ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ პლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის „აეკს“. საქართველოს ჩემპიონატის 2011–2012 წლების სეზონი გუნდისათვის წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.
2012 წლის ივნისში გუნდის თავკაცად დუშან უჰრინი უმცროსი დაინიშნა[39]. სადებიუტო სეზონშივე მან „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. საშინაო წარმატებების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში, გუნდი ევროტურნირებზეც გააქტიურდა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „სტრეიმური“ (6–1, 3–1) დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე რიმუნულ „სტიაუასთან“ თამაში წარუმატებელი აღმოჩნდა (0–2, 1–1). „დინამომ“ მარცხი განიცადა უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფშიც, — განადგურდა ინგლისურ „ტოტენჰემთან“ (0–5, 0–3).
მომდევნო სეზონის შუა პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში, გუნდი დუშან უჰრინმა დატოვა[40], თუმცა ამას „დინამოსთვის“ ხელი არ შეუშლია ზედიზედ მეორე დუბლი შეესრულებინა, — საქართველოს ჩემპიონატი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო, თასის ფინალში კი საჩხერის „ჩიხურა“ 2–1 დაამარცხა.
სტადიონი
„დინამოს“ თავდაპირველი სტადიონის პროექტი 1932–1935 წლებში შემუშავდა და მისი მშენებლობა თბილისის მთავარი არქიტექტორის არჩილ ქურდიანის (1903–1988) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.[41] სტადიონის ტევადობა 23 000 მაყურებელზე იყო გათვლილი. სპეციალისტების შეფასებით, იგი თავისი ნოვატორული არქიტექტურული გადაწყვეტით იმ პერიოდის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. როგორც კონსტრუქციული, ასევე სპორტულ-ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ითვლებოდა სპორტული დანიშნულების პირველ მასშტაბურ ნაგებობად საქართველოში და თავისი არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვში შედიოდა.
1956 წელს არჩილ ქურდიანის ავტორობითვე განხორციელდა სტადიონის რეკონსტრუქცია. რიგი არქიტექტურული და საინჟინრო-ტექნიკური ამოცანების გადაჭრისა და მათ შორის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით გადაწყდა ლითონის კონსტრუქციების დამატება. შედეგად სტადიონის ტევადობა 23 000-დან 36 000-მდე გაიზარდა. თუმცა, დინამოელთა შემდგომმა წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ დღის წესრიგში ახალი და კიდევ უფრო მეტი ტევადობის მქონე სტადიონის აგების საჭიროება დააყენა. ამრიგად, უკვე 1960-იანი წლებიდან არქიტექტორების — არჩილ ქურდიანის, გია ქურდიანის და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე არქიტექტორთა, ინჟინერთა და სპეციალისტთა შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით იწყება „დინამოს“ სტადიონის ხელახალი, ამჯერად მისი ფუნდამენტური რეკონსტრუქციის, ფაქტობრივად კი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა, რის შედეგსაც წარმოადგენს თანამედროვე „დინამოს“ სტადიონი.[42]
1976 წლის 26 სექტემბერს სტადიონის საზემო გახსნის დროს მისი მრავალათასიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და უდიდესი ოვაციით მიესალმა მის ავტორებს. ხაზგასასმელია, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილი მადლიერების ამგვარი ემოციური ფორმა მათი მრავალწლიანი შრომისა და მოღვაწეობის სრულიად დამსახურებულ, ღირსეულ და მეტად მაღალ შეფასებას წარმოადგენდა.[43]
პირველი თამაში „დინამოს“ ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფა-ს თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის „კარდიფ სიტის“ უმასპინძლეს და 3–0 გაიმარჯვეს.
სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, „დინამო“ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს „ლივერპულს“ მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1–2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა.[კომ. 8] მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3–0 გაიმარჯვეს.[44][45][46] საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში „დინამოს“ სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.
მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის.
ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოელებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს „დინამოს“ სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.
წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.
1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.
1996 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შუამდგომლობით მიმართა იტალიურ კომპანია „ფინეირო კონსალტინგს“, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე 20 ათასი ინდივიდუალური სკამის დამონტაჟება უზრუნველყო. თუმცა, ამის შემდეგ სტადიონზე ჩასატარებელი სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების მოძიება ვერ მოხერხდა და მისი განახლების პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდო.
2006 წლის აპრილში, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უეფა-ს მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის თაობაზე. დიდი მოცულობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება რეკორდულად მცირე ვადებში უნდა დამთავრებულიყო. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 2006 წლის 2 სექტემბერს დანიშნული მატჩისთვის სტადიონს ღირსეულად უნდა ემასპინძლა. აღნიშნული პროექტის მონაწილეებმა შეძლეს ამ უაღრესად შრომატევადი საქმიანობისთვის თავის გართმევა და დასახული ამოცანის დროულად და წარმატებით გადაჭრა. შედეგად, „დინამოც“ და ეროვნული ნაკრებიც კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდნენ, რომელიც ამჯერად ყველა თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.[47]
უეფა-ს ახალი მოთხოვნების თანახმად სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრებისთვის მხოლოდ დასაჯდომი ადგილებია გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე 55.000-მდე მაყურებელს იტევს. ამასთან, მოხდა მეორე იარუსის სკამების უმეტესობის გადახურვა. სპეციალისტთა შეფასებით ეროვნული სტადიონი ამჟამად ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში. აღნიშნულ პერიოდში (2006–2009) სტადიონის გენერალური დირექტორის მოვალეობას საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ასრულებდა.[48]
2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი თბილისის „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[49]
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საბა მჟავანაძე დაინიშნა.[50]
ლოგოები
მიღწევები
საქართველო
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- თასის მფლობელი (8): 1996, 1997, 1999, 2005, 2008, 2014, 2015, 2020
- ფინალისტი (3): 1998, 2009, 2013.
საბჭოთა კავშირი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
- საბჭოთა კავშირის თასი
- პროგრესის თასი
- გამარჯვებული (1): 1984
ევროპა
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
- გამარჯვებული (1): 1980–81
- თანამეგობრობის თასი
- სანტიაგო ბერნაბეუს თასი
- მესამე ადგილი (1): 1981[59]
კლუბის ფერები
ლურჯი | თეთრი |
სპონსორები
პერიოდი | ფორმის მწარმოებელი | სპონსორი |
---|---|---|
2001–2005 | 2K | ბორჯომი |
2005–2009 | Jako | BEKO |
2009–2011 | Saller | VTB |
2011–2012 | Adidas | PrivatBank |
2012–2013 | Nike | PrivatBank |
2013–2014 | Nike | |
2014– | Adidas |
ფეხბურთელები
შემადგენლობა 2022
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
შემადგენლობა 2023
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
კლუბის მმართველობა
მენეჯმენტი
პოზიცია | პერსონალი [60] |
---|---|
გენერალური დირექტორი | ზაზა დოლიძე |
გენერალური დირექტორის მოადგილე | თეა შამათავა |
იურისტი - ლიცენზირების მენეჯერი | ნინო გიორგიძე |
ფინანსური დაგეგმარების და ანგარიშგების მენეჯერი | ნატო ფიფია |
უსაფრთხოების ოფიცერი | ბეჟან ფარცვანია |
მედია ოფიცერი | ირაკლი ბუხალი |
სოციალური მედიის ადმინისტრატორი | რატი ტერაშვილი |
აფგ პროგრამის ხელმძღვანელი | ვალერი გაგუა |
კომუნიკაციების მენეჯერი | ზუკა რუხაძე |
გულშემატკივართან მეკავშირე ოფიცერი | იოანე კიკაბიძე |
მწვრთნელები
პოზიცია | პერსონალი [61] |
---|---|
მთავარი მწვრთნელი | ანდრეს კარასკო |
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | სიმონე ძულო |
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი | გიორგი ჯავახიშვილი |
მეკარეების მწვრთნელი | ევგენი ტაიკევიჩი |
ფიზმომზადების მწვრთნელი | ოთარ გაგნიძე |
ფიზმომზადების მწვრთნელი | დომენიკო ჯორდანო |
ანალიტიკოსი მწვრთნელი | დავით გელაშვილი |
პერსონალი
პოზიცია | პერსონალი [62] |
---|---|
ადმინისტრატორი | ბესიკ ბერაძე |
ადმინისტრატორი | შალვა მელაძე |
გუნდის ექიმი | დავით ხარაბაძე |
ექიმი-რეაბილიტოლოგი | ალექსანდრ ოდინცოვი |
მასაჟისტი | ვალერი ჯალაღონია |
მასაჟისტი | ირაკლი სახვაძე |
ოპერატორი | ნიკოლოზ ხოშტარია |
მედია ოფიცერი | ირაკლი ბუხალი |
დინამოს ბომბარდირები
წელი | ფეხბურთელი | ეროვნება | გოლები |
2016 | ოთარ კიტეიშვილი | საქართველო | 5 |
2015–16 | გიორგი ქვილითაია | საქართველო | 24 |
2014–15 | გიორგი პაპუნაშვილი | საქართველო | 14 |
2013–14 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 19 |
2012–13 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 24 |
2011–12 | ჩისკო მუნიოსი | ესპანეთი | 15 |
2010–11 | ალექსანდრე კოშკაძე ლევან ხმალაძე |
საქართველო | 8 |
2009–10 | ჯორჯ აკირემი | გაბონი | 11 |
2008–09 | ილია სპასოევიჩი გიორგი მერებაშვილი |
მონტენეგრო საქართველო |
13 |
2007–08 | მიხეილ ხუციშვილი | საქართველო | 16 |
2006–07 | სანდრო იაშვილი | საქართველო | 27 |
2005–06 | ჯაბა დვალი | საქართველო | 21 |
2004–05 | ლევან მელქაძე | საქართველო | 27 |
2003–04 | ლადო ახალაია | საქართველო | 12 |
2002–03 | ვიტალი დარასელია უმც. | საქართველო | 15 |
2001–02 | მიხეილ ბობოხიძე | საქართველო | 13 |
2000–01 | რობერტ ზირაქიშვილი | საქართველო | 21 |
1999–00 | რატი ალექსიძე მიხეილ აშვეთია |
საქართველო | 12 |
1998–99 | მიხეილ აშვეთია | საქართველო | 26 |
1997–98 | ლევან ხომერიკი | საქართველო | 23 |
1996–97 | გიორგი დემეტრაძე | საქართველო | 26 |
1995–96 | ალექსანდრე იაშვილი | საქართველო | 26 |
1994–95 | ალექსანდრე იაშვილი | საქართველო | 24 |
1993–94 | ალექსანდრე იაშვილი მიხეილ ყაველაშვილი |
საქართველო | 19 |
1992–93 | შოთა არველაძე | საქართველო | 18 |
1991–92 | კახაბერ კაჭარავა | საქართველო | 26 |
1990–91 | მიხეილ ყაველაშვილი | საქართველო | 12 |
1989–90 | გია გურული | საქართველო | 23 |
დინამოს მწვრთნელები
პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2022– | ანდრეს კარასკო | ||
2022 | გიორგი ჭიაბრიშვილი | 1 | 1 ჩემპიონატი |
2021–2022 | კახა ცხადაძე | ||
2020–2021 | გიორგი ნემსაძე | ||
2020 | ჩისკო მუნიოსი | 1 | 1 ჩემპიონატი |
2019–2020 | კახა ჩხეტიანი | ||
2019 | ფელის ვისენტე | 1 | 1 ჩემპიონატი |
2018–2019 | ზაურ სვანაძე | ||
2017–2018 | კახა კაჭარავა | ||
2016–2017 | ვიაჩესლავ გროზნი | ||
2016 | იურაი იარაბეკი | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2015–2016 | გია გეგუჩაძე | 1 | 1 თასი |
2014–2015 | კახაბერ გოგიჩაიშვილი | ||
2014 | მიხალ ბილეკი | ||
2013–2014 | მალხაზ ჟვანია | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2012–2013 | დუშან უჰრინი უმც. | 2 | 1 ჩემპიონატი 1 თასი |
2012 | ნესტორ მუმლაძე | ||
2012–2012 | გიორგი დევდარიანი | ||
2011–2012 | ალექს გარსია | ||
2009–2011 | კახა კაჭარავა | 1 | 1 თასი |
2008–2009 | რაინერ ცობელი | 1 | 1 სუპერთასი |
2006–2008 | დუშან უჰრინი უფრ. | 1 | 1 ჩემპიონატი |
2006 | კახა კაჭარავა | ||
2006 | ანდრეი ჩერნიშოვი | ||
2005–2006 | კახაბერ ცხადაძე | 2 | 1 ჩემპიონატი 1 სუპერთასი |
2004–2005 | გია გეგუჩაძე | 1 | 1 საქართველოს თასი |
2002–2004 | ივო შუშაკი | 3 | 1 ჩემპიონატი 1 თასი 1 თანამეგობრობის თასი |
2001 | გივი ნოდია | ||
2001 | გოჩა ტყებუჩავა | ||
2000–2001 | რევაზ არველაძე | ||
2000 | ჯემალ ჩიმაკაძე | ||
1999–2000 | ოთარ კორღალიძე | 1 | 1 სუპერთასი |
1999 | გია გეგუჩაძე | ||
1999 | იოჰან ბოსკამპი | 1 | 1 ჩემპიონატი |
1998–1999 | მურთაზ ხურცილავა | 1 | 1 სუპერთასი |
1998 | ნოდარ აკობია | ||
1996–1997 | დავით ყიფიანი | 7 | 3 ჩემპიონატი 2 საქართველოს თასი 2 სუპერთასი |
1995 | ვაჟა ჟვანია | ||
1994–1995 | სერგო კუტივაძე | ||
1994 | თემურ ჩხაიძე | ||
1992–1994 | გივი ნოდია | 3 | 2 ჩემპიონატი 1 საქართველოს თასი |
1992 | რევაზ ძოძუაშვილი | 2 | 1 ჩემპიონატი 1 საქართველოს თასი |
1988–1991 | / დავით ყიფიანი | 4 | 2 ჩემპიონატი 2 საქართველოს თასი |
1987–1988 | გერმან ზონინი | ||
1987–1988 | კახი ასათიანი | ||
1985–1986 | ნოდარ ახალკაცი | ||
1984–1985 | დავით ყიფიანი | ||
1976–1983 | ნოდარ ახალკაცი | 4 | 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი 2 საბჭოთა კავშირის თასი ევროპის თასების თასი |
1974–1975 | მიხეილ იაკუშინი | ||
1974 | გივი ჩოხელი | ||
1973 | სერგო კოტრიკაძე | ||
1971–1972 | გავრილ კაჩალინი | ||
1967–1968 | ვიაჩესლავ სოლოვიოვი | ||
1966 | ალექსანდრე კოტრიკაძე | ||
1964–1965 | გავრილ კაჩალინი | 1 | 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი |
1962–1963 | მიხეილ იაკუშინი | ||
1962 | ნესტორ ჩხატარაშვილი | ||
1961 | ავთანდილ ღოღობერიძე | ||
1958 | ვასილი სოკოლოვი | ||
1956–1957 | გაიოზ ჯეჯელავა | ||
1954 | გრიგოლ გაგუა | ||
1953–1954 | ბორის პაიჭაძე | ||
1950–1953 | მიხეილ იაკუშინი | ||
1949 | მიხეილ მინაევი | ||
1948 | მიხეილ ბერძენიშვილი | ||
1945–1947 | ანდრო ჟორდანია | ||
1942–1945 | ასილ გალპერინი | ||
1940 | პეტრე ფილიპოვი | ||
1940 | მიხეილ მინაევი | ||
1939–1940 | მიხეილ ბუტუსოვი | ||
1937–1939 | ალექსეი სოკოლოვი | ||
1936–1937 | ჟიულ ლიმბეკი | ||
1935–1936 | გრიგოლ ფაჩულია |
ცნობილი ფეხბურთელები
უეფა-ს კლუბების რეიტინგში
ადგილი | კლუბი | კოეფიციენტი |
---|---|---|
171 | „შემროკ როვერსი“ | 7.500 |
172 | „ფოლა“ | 7.500 |
173 | „დინამო“ თბილისი | 7.500 |
174 | „დანდი იუნაიტედი“ | 7.160 |
175 | „ჰარტსი“ | 7.160 |
სეზონები
პირობითი აღნიშვნები
|
|
|
ჩემპიონი | ვიცე-ჩემპიონი | მესამე ადგილი | აღზევდა |
სეზონი | ლიგა | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ | ქ | ა | სსრკ თასი | სსრკ სუპერთასი | ფედ. თასი | უეფა ფიფა |
სახელი | გოლები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ლიგა | ბომბარდირი[65] | ||||||||||||||
1936 | პ | 6 | 5 | 1 | 0 | 19 | 4 | 17 | I | პაიჭაძე | 6 | ||||
1936 | უმ | 7 | 3 | 3 | 1 | 14 | 9 | 16 | III | ფინალისტი | ბერძენიშვილი | 6 | |||
1937 | უმ | 16 | 7 | 4 | 5 | 30 | 24 | 34 | IV | ფინალისტი | პაიჭაძე | 8 | |||
1938 | უმ. | 25 | 11 | 9 | 5 | 53 | 38 | 31 | VI | პაიჭაძე | 14 | ||||
1939 | უმ | 26 | 14 | 5 | 7 | 60 | 41 | 33 | II | ნფ | პაიჭაძე | 19 | |||
1940 | უმ | 24 | 15 | 4 | 5 | 56 | 30 | 34 | II | ა/მ | ჯეჯელავა ბერეჟნოი |
13 | |||
1941 | უმ | 9 | 5 | 3 | 1 | 21 | 11 | 13 | [66] | ა/მ | პაიჭაძე | 7 | |||
ჩემპიონატი არ ჩატარებულა 1942–1944 | |||||||||||||||
1944 | 1/16ფ | ||||||||||||||
1945 | უმ | 22 | 9 | 8 | 5 | 37 | 22 | 26 | IV | მფ | ანთაძე | 9 | |||
1946 | უმ | 22 | 15 | 3 | 4 | 47 | 26 | 33 | III | ფინალისტი | პაიჭაძე | 15 | |||
1947 | უმ | 24 | 14 | 5 | 5 | 57 | 30 | 33 | III | მფ | ჯეჯელავა ღოღობერიძე |
11 | |||
1948 | უმ | 26 | 13 | 7 | 6 | 54 | 35 | 33 | IV | ნფ | ჯეჯელავა | 11 | |||
1949 | უმ | 34 | 15 | 10 | 9 | 62 | 45 | 40 | VI | მფ | ზაზროევი | 19 | |||
1950 | უმ | 36 | 20 | 7 | 9 | 78 | 50 | 47 | III | 1/16ფ | ღოღობერიძე | 25 | |||
1951 | უმ | 28 | 15 | 6 | 7 | 59 | 36 | 36 | II | 1/32ფ | ღოღობერიძე | 16 | |||
1952 | უმ | 13 | 5 | 6 | 2 | 19 | 12 | 16 | IV | 1/16ფ | ჭკუასელი | 7 | |||
1953 | უმ | 20 | 11 | 5 | 4 | 39 | 24 | 27 | II | მფ | ღოღობერიძე | 14 | |||
1954 | უმ | 24 | 9 | 5 | 10 | 38 | 47 | 23 | VIII | 1/32ფ | ღოღობერიძე | 10 | |||
1955 | უმ | 22 | 6 | 4 | 12 | 25 | 36 | 16 | IX | მფ | ღოღობერიძე | 9 | |||
1956 | უმ | 22 | 8 | 4 | 10 | 42 | 46 | 20 | VIII | ა/მ | ჭკუასელი | 11 | |||
1957 | უმ | 22 | 8 | 5 | 9 | 27 | 33 | 21 | VII | მფ | ხასაია | 7 | |||
1958 | უმ | 22 | 8 | 3 | 11 | 34 | 55 | 19 | IX | 1/16ფ | იამანიძე | 11 | |||
1959 | უმ | 22 | 12 | 3 | 7 | 48 | 33 | 27 | III | ა/მ | კალოევი | 16 | |||
1960 | უმ | 10 | 5 | 2 | 3 | 18 | 12 | 12 | VIII | ფინალისტი | კალოევი | 20 | |||
1961 | უმ | 30 | 13 | 7 | 10 | 50 | 30 | 33 | VII | 1/16ფ | კალოევი | 14 | |||
1962 | უმ | 22 | 10 | 8 | 4 | 29 | 20 | 28 | III | 1/16ფ | კალოევი | 12 | |||
1963 | უმ | 38 | 17 | 13 | 8 | 56 | 42 | 47 | V | 1/32ფ | ბარქაია | 15 | |||
1964 | უმ | 32 | 18 | 10 | 4 | 48 | 30 | 46 | I | 1/16ფ | დათუნაშვილი | 13 | |||
1965 | უმ | 32 | 12 | 12 | 8 | 37 | 30 | 36 | VI | ნფ | ბარქაია | 9 | |||
1966 | უმ | 36 | 13 | 14 | 9 | 47 | 34 | 40 | VII | 1/32ფ | დათუნაშვილი | 20 | |||
1967 | უმ | 36 | 16 | 13 | 7 | 53 | 33 | 45 | III | 1/16ფ | ნოდია | 13 | |||
1968 | უმ | 38 | 16 | 13 | 9 | 53 | 29 | 45 | VII | 1/16ფ | გავაშელი | 22 | |||
1969 | უმ | 26 | 12 | 11 | 3 | 34 | 17 | 35 | III | 1/32ფ | ნოდია | 10 | |||
1970 | უმ | 32 | 14 | 8 | 10 | 43 | 30 | 36 | IV | ფინალისტი | ნოდია | 17 | |||
1971 | უმ | 30 | 14 | 8 | 8 | 33 | 33 | 36 | III | მფ | ნოდია | 7 | |||
1972 | უმ | 30 | 12 | 11 | 7 | 41 | 34 | 35 | III | მფ | უეფა-ს თასი – რ1 | ნოდია | 8 | ||
1973 | უმ | 30 | 13 | 5/2 | 10 | 42 | 33 | 31 | V | 1/16ფ | უეფა-ს თასი – რ3 | ნოდია | 11 | ||
1974 | უმ | 30 | 8 | 14 | 8 | 29 | 34 | 30 | IX | ნფ | მაჩაიძე | 7 | |||
1975 | უმ | 30 | 11 | 9 | 10 | 32 | 32 | 31 | VIII | ნფ | ყიფიანი | 12 | |||
1976 | უმ | 15 | 7 | 4 | 4 | 18 | 10 | 18 | III | ყიფიანი | 6 | ||||
1976 | 15 | 6 | 5 | 4 | 16 | 12 | 17 | III | მფლობელი | თასების თასი – რ2 | ყიფიანი ჩელებაძე წერეთელი |
3 | |||
1977 | უმ | 30 | 13 | 13 | 4 | 43 | 26 | 39 | II | 1/32ფ | უეფა-ს თასი – რ3 | ყიფიანი | 14 | ||
1978 | უმ | 30 | 17 | 8 | 5 | 45 | 24 | 42 | I | მფ | უეფა-ს თასი – რ2 | შენგელია | 15 | ||
1979 | უმ | 34 | 19 | 12 | 3 | 54 | 27 | 46 | IV | მფლობელი | ჩემპ. თასი – რ2 | ჩელებაძე | 9 | ||
1980 | უმ | 34 | 16 | 7 | 11 | 51 | 32 | 39 | IV | ფინალისტი | შენგელია | 17 | |||
1981 | უმ | 34 | 16 | 10 | 8 | 62 | 35 | 42 | III | 1/16ფ | თასების თასი – მფლობელი | შენგელია | 23 | ||
1982 | უმ | 34 | 16 | 9 | 9 | 51 | 47 | 41 | IV | ნფ | თასების თასი – ნფ | შენგელია | 16 | ||
1983 | უმ | 34 | 9 | 9 | 16 | 41 | 48 | 27 | XVI | 1/32ფ | უეფა-ს თასი – რ1 | შენგელია | 11 | ||
1984 | უმ | 34 | 14 | 8 | 12 | 36 | 41 | 36 | VII | 1/16ფ | შენგელია | 9 | |||
1985 | უმ | 34 | 11 | 10 | 13 | 34 | 39 | 32 | VIII | 1/32ფ | ჩივაძე | 7 | |||
1986 | უმ | 30 | 12 | 9 | 9 | 36 | 36 | 33 | V | 1/16ფ | ჯგ | ჩელებაძე | 10 | ||
1987 | უმ | 30 | 9 | 7 | 14 | 31 | 40 | 25 | XIII | 1/16ფ | ნფ | უეფა-ს თასი – რ3 | შენგელია | 9 | |
1988 | უმ | 30 | 9 | 5 | 16 | 28 | 37 | 23 | XIV | მფ | ჯგ | გურული | 9 | ||
1989 | უმ | 30 | 6 | 13 | 11 | 27 | 32 | 25 | XI | ნფ | ჯგ | კაჭარავა | 9 | ||
1990 | [67] | 1/16ფ[68] |
ევროთასებზე
მოგება |
ფრე
|
წაგება
|
ბიბლიოგრაფია
- აკოფოვი, გრიგოლ. თბილისის „დინამო“ ფეხბურთის ოლიმპზე — თბ. : საბჭ. საქართველო, 1965. — 44გვ.
- აკოფოვი, გ. ასე ნანატრი გამარჯვება : თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელია — თბ. : საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1976. — 78გვ.
- ბერიშვილი, ელგუჯა. ქართული სპორტის ოქროს წიგნი — თბ. : პალიტრა L, 2013. — 375 გვ.
- გაგუა, ოთარ. ბორის პაიჭაძე : ცხოვრება — თბ. : საქ.კპ ცკ-ის გამ-ბა, 1990. — 197 გვ.
- გაგუა, ოთარ. ბორის პაიჭაძე : ქართული ფეხბურთის ვეტერანი — თბ. : საბჭ. საქართველო, 1975. — 214 გვ.
- გაგუა, ოთარ. საფეხბურთო ჩუქურთმის დიდოსტატი გაიოზ ჯეჯელავა — თბ. : საქ. სპორტ. ჟურნ. ასოც. გამოცემა, 2015. — 208 გვ.
- გორგოძე, გიორგი. დღესასწაულის წადილი : დავით ყიფი