ალექსანდრე დოროხოვი

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი

ალექსანდრე ანტონის ძე დოროხოვი (რუს. Александр Антонович Дорохов; დ. 7 ივნისი, 1911, სურამი, რუსეთის იმპერია — გ. 30 ოქტომბერი, 1978, თბილისი, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე.[1] 1928–1932 და 1934–1939 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1939) და ბრინჯაოს პრიზიორი (1936) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. დინამოელთა მიერ საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის ფარგლებში ჩატარებული პირველი მატჩის მონაწილე.[2]

ალექსანდრე დოროხოვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე
ანტონის ძე დოროხოვი
დაბადების
თარიღი
7 ივნისი, 1911
დაბადების
ადგილი
სურამი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
30 ოქტომბერი, 1978 (67 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1926 ნიტფაბრიკა თბილისი
1927 მეტალისტი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1928–1932 დინამო თბ. ?
1933 დინამო ივანოვო ?
1934–1939 დინამო თბ. 62
1940 სპარტაკი თბ. ?
1941 დინამო მინსკი 9
1942–1943 ლოკომოტივი ?
1944–1945 დინამო ერევანი ?
1945–1946 სტახანოვეცი 16
1947 დინამო სოხუმი ?
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დაიბადა 1911 წელს დაბა სურამში, ორი თვის შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ თბილისში, ფოთის ქუჩაზე. პირველად თბილისურ ეზოებში ეზიარა ფეხბურთის სიყვარულს.[3] შურა დოროხოვს მამა ადრე გარდაეცვალა და მანაც ლუკმა-პურის საშოვნელად თამბაქოს ქარხანაში ხარატის მოწაფედ დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხბურთს მაინც არ ეშვებოდა და ზედიზედ ოთხ-ხუთ საათს შეეძლო თამაში ამხანაგებთან ერთად. შურა თავდაპირველად თავდამსხმელად, კერძოდ მარჯვენა გარემარბად თამაშობდა.[4]

„ნიტ-ფაბრიკა“ და „მეტალისტი“ 1926–1927

რედაქტირება

პირველ ოფიციალურ გუნდს დიდუბეში რომ ჩამოაყალიბეს — „ნიტ-ფაბრიკა“ ეწოდებოდა. ძაფის ფაბრიკის ხელმძღვანელობამ თავისი ფეხბურთელებისათვის ორი ნამდვილი ბურთი და მაისურები შეიძინა. გუნდში 15 წლის ალექსანდრე დოროხოვიც მიიღეს. „ნიტ-ფაბრიკის“ ფეხბურთელები თბილისის პირველობაზე მეოთხე ჯგუფში გამოვიდნენ და პირველობა მოიპოვეს. ორი წლის შემდეგ თითქმის მთელი გუნდით ბიჭები მელითონეთა კავშირის კოლექტივში გადავიდნენ და თბილისის „მეტალისტის“ მეორე გუნდი შექმნეს. მალევე ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს შეხვდნენ „დინამოსა“ და „მეტალისტის“ მეორე შემადგენლობები. ამ დღეს სათამაშოდ არ გამოცხადდა მეტალისტთა მეკარე მიხეილ ზუკაკიშვილი და მის მაგივრად თავდამსხმელ დოროხოვს მოუწია კარში ჩადგომა. ეს მატჩი ფრედ — 2–2 დამთავრდა და ახალბედა მეკარემ იმდენად კარგად გაართვა თავი ახალ ამპლუას, რომ შეხვედრის შემდეგ მეტოქეთა მწვრთნელმა ასირ გალპერინმა და კაპიტანმა შოთა შავგულიძემ დოროხოვი თავიანთ გუნდში მიიწვიეს.[4]

თბილისის „დინამო“ 1928–1932

რედაქტირება

ამის შემდეგ შურა და იური კასრაძე მონაცვლეობით იცავდნენ „დინამოს“ მეორე გუნდის კარს. მოგვიანებით ეს გუნდი მოსკოვის „პიშჩევიკს“ შეხვდა, რომელშიც ძმები სტაროსტინები, პიოტრ ისაკოვი, სტანისლავ ლეუტა, ივან ფილიპოვი და სხვა იმ პერიოდის ცნობილი მოთამაშეები თამაშობდნენ. თბილისელებმა ანგარიშით 5–3 გაიმარჯვეს. ახალგაზრდა დოროხოვი თავის ოსტატობას ცნობილი თბილისელი მეკარეების — ნიკოლაი სოლონინისა და ალექსეი პაპკოვის ხელმძღვანელობით იმაღლებდა. სამეკარეო ხელოვნებასთან ერთად იმ პერიოდის საწვრთნელ პროგრამაში ფიზიკურ მომზადებასაც დიდი ადგილი ეთმობოდა — ტანვარჯიშს, კალათბურთს, მძლეოსნობას — ადვილად იღებდა 160–170 სანტიმეტრ სიმაღლეს.[4]

ივანოვოს „დინამო“ 1933

რედაქტირება

1932 წელს დოროხოვი დინამოელთა პირველ გუნდში მიიღეს, თუმცა 1933 წლის გაზაფხულზე ანდრო ჟორდანიას მიწვევით ივანოვოს „დინამოში“ გადავიდა, რომელსაც იგი 1932 წლიდან მოთამაშე-მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა.[5] იმავე პერიოდში ივანოველები შეხვდნენ მოსკოვის „დუკატს“ („სპარტაკის“ წინამორბედს), და დაამარცხეს ანგარიშით 3–1. ამას გარდა, 1933 წლის 3 აგვისტოს სტადიონზე შეკრებილი 30 ათასი გულშემატკივრის თვალწინ ივანოველებმა თურქეთის ნაკრებთან გამართულ მატჩშიც გაიმარჯვეს (7–3).[6][7][8]

მალევე „დოროხოვის გუნდმა“ ფეხბურთისთვის უჩვეულოდ დიდი ანგარიშით — 17–1 მოუგო ესპანეთის მუშათა გუნდს. იმ პერიოდის ფეხბურთის მესვეურებისა და გულშემატკივართა მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ასეთი წარმატებული გამოსვლების შემდეგ ივანოველები მოსკოვის ნაკრებს შეხვედროდნენ. ამ მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას 70 ათასი მაყურებელი დაესწრო. ეს დაპირისპირება, რომელშიც უპირობო ფავორიტებად მოსკოველი ფეხბურთელები ითვლებოდნენ, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მასპინძელთა 3 გოლს ივანოველებმა ამდენივეთი უპასუხეს და შეხვედრაც ფრედ — 3–3 დამთავრდა.[4]

თბილისის „დინამო“ 1934–1935

რედაქტირება

ამ მატჩის შემდეგ, 1934 წლის სეზონში, დოროხოვი ყოფილ დინამოელ ნიკოლოზ ანიკინთან ერთად თბილისში დაბრუნდა და დინამოელთა გუნდში კვლავ ალექსეი პაპკოვთან ერთად განაგრძო თამაში.[9]

1935 წლის 20 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდა საბჭოთა კავშირის მეხუთე ჩემპიონატი ქალაქთა ნაკრებ გუნდებს შორის.[10] ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა პირველი ჯგუფის მონაწილე ექვსი ქალაქის — კიევის, ხარკოვის, მოსკოვის, ლენინგრადის, ბაქოსა და თბილისის ნაკრებ გუნდებს შორის უნდა გარკვეულიყო. ტურნირი ტარდებოდა წრიული სისტემით ერთ წრეში ერთ-ერთი მოწინააღმდეგის ან ნეიტრალურ მოედანზე. თბილისელებმა 5 ჩატარებული მატჩიდან სამი დათმეს, ერთი ფრედ დაამთავრეს, ერთი მოიგეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს, ბურთების შეფარდებით 6–21-თან.[11] ამ ხუთი შეხვედრიდან ოთხში დოროხოვმა ითამაშა, ხოლო ერთში თბილისელთა კარს ნიკოლაი სოლონინი იცავდა.[კომ. 1]

გათამაშების საბოლოო შედეგები

რედაქტირება
ნაკრები გუნდები 1 2 3 4 5 6
  მოსკოვის ნაკრები   2:1 2:3 2:0 7:1 11:2 5 4 0 1 24–7 13
  ლენინგრადის ნაკრები 1:2   4:1 3:1 0:2 6:1 5 3 0 2 14–7 11
  ხარკოვის ნაკრები 3:2 1:4   1:2 2:0 2:2 5 2 1 2 9–10 10
4 კიევის ნაკრები 0:2 1:3 2:1   1:1 2:0 5 2 1 2 6–7 10
5 ბაქოს ნაკრები 1:7 2:0 0:2 1:1   0:1 5 1 1 3 4–11 8
6 თბილისის ნაკრები 2:11 1:6 2:2 0:2 1:0   5 1 1 3 6–21 8
  • ქულათა დარიცხვის სისტემა: 3 ქულა გამარჯვებისთვის, 2 — ფრისთვის, 1 — წაგებისთვის, 0 — გამოუცხადებლობისთვის.

ამიერკავკასიის ნაკრები 1935

რედაქტირება

თბილისელმა ფეხბურთელებმა ამიერკავკასიის ნაკრების შემადგენლობაში, რომლის კარსაც დოროხოვი იცავდა, მონაწილეობა მიიღეს სკანდინავიის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ტურნეში.[12] პირველი შეხვედრა 30 აგვისტოს, გეტებორგში, საფეხბურთო კლუბ „გორდასთან“ გაიმართა და ფრედ (3–3) დამთავრდა.[13]

საერთო ჯამში ტურნეს ფარგლებში ჩატარებული შვიდი მატჩიდან ამიერკავკასიის ნაკრების ფეხბურთელებმა ოთხი მოიგეს, ერთი დათმეს და ორიც ფრედ დაამთავრეს. თბილისის დინამოელთაგან ამიერკავკასიის ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ შოთა შავგულიძე, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ ანიკინი, ილია პანინი და ლევან აბაშიძე.[14][9]

ტურნედან დაბრუნების შემდეგ 26 სექტემბერს, ამიერკავკასიელებმა ლენინგრადის ნაკრებთან ლენინგრადშივე გამართეს შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით (2–0) დასრულდა.[15]

თბილისის „დინამო“ 1936–1939

რედაქტირება

მომდევნო სეზონში, 1936 წელს, „დიდი ფეხბურთის“ პირველ სეზონში თბილისის „დინამომ“ უფლება მოიპოვა შემოდგომაზე უძლიერესთა რიგებში ეასპარეზა. გუნდის უფროს მწვრთნელად ჟიულ ლიმბეკი დაინიშნა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდული გუნდის ფორმირებაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სსრ კავშირის თასის ფინალში გავიდა.

დოროხოვი თავიდანვე ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლებოდა საბჭოთა კავშირში. 1933 წელს იგი 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში მესამე ნომრად დააახელეს — ხარკოველი ალექსანდრე ბაბკინისა და კიეველი ანტონ იძკოვსკის შემდეგ, ხოლო 1938 წელს უკვე მეორე იყო (სპარტაკელი ანატოლი აკიმოვის შემდეგ). 1937 წელს დოროხოვი კვლავ მესამე ნომრად დაასახელეს ანატოლი აკიმოვისა და კიეველი ნიკოლაი ტრუსევიჩის შემდეგ. ამასთან, აღსანიშნავია რომ თბილისელი მეკარე მთელ საჯარიმო მოედანში თამაშისა და მეკარის მოედნიდან გამოსვლის ნოვატორად ითვლებოდა.[16]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფარგლებში პირველად 1936 წლის 7 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის საშემოდგომო პირველობის პირველი ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. თბილისელთა შემადგენლობაში მასთან ერთად თამაშობდნენ: შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი და ნიკოლოზ სომოვი. თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ეს იყო საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის პირველი შეხვედრა. მატჩი, რომელსაც ათი ათასი მაყურებელი დაესწრო, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 2–2 დასრულდა. თბილისელთაგან ბურთები სომოვმა და პაიჭაძემ გაიტანეს.[17]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1939 წლის 30 ნოემბერს, საკავშირო ჩემპიონატის 21-ე ტურის კალენდარულ მატჩში, ოდესის „დინამოს“ წინააღმდეგ ითამაშა. თბილისელთა შემადგენლობაში მასთან ერთად თამაშობდნენ: ალექსანდრე მინჯია, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის ფროლოვი, თენგიზ გავაშელი, გაიოზ ჯეჯელავა, ტიტე ჯორჯიკია, ბორის პაიჭაძე, ვიქტორ ბერეჟნოი და ასლან ხარბედია. მატჩი, რომელსაც 40 ათასი მაყურებელი დაესწრო, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. მატჩის 75-ე წუთზე ბურთი ბორის პაიჭაძემ გაიტანა.[18]

ფეხბურთის შემდეგ

რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო და თბილისში გუნდებისა და მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა. დოროხოვის უშუალო ხელმძღვანლობით დაოსტატდნენ ისეთი მეკარეები, როგორებიც იყვნენ ამირან ტყებუჩავა, ვლადიმერ მარღანია, მიხეილ პირაევი, სერგო კოტრიკაძე და სხვ. მონაწილეობას იღებდა ვეტერანთა შეხვედრებში.

დოროხოვი 1939 წელს დაქორწინდა. მისი ქალიშვილი ლილია ვაშაკიძე-დოროხოვა ინგლისური ენის მასწავლებელი იყო და სკოლაში ორმოცი წლის მუშაობის შემდეგ შრომის ვეტერანის წოდება მიიღო. 2010-იან წლებში დოროხოვის ოჯახიდან დარჩენილი იყო ქალიშვილი ლილია, მისი დისშვილი და ფეხბურთელის შვილიშვილი.

თამაშის სტილი და შეფასებები

რედაქტირება

„თავდამსხმელები დაიმედებულნი ვიყავით, რომ ზურგს უკან დოროხოვის სახით საიმედო გუშაგი გვყავდა და საქმე ჩვენს საჯარიმოში მუდამ მოგვარებული გვეგულებოდა. პირადად მე მას თბილისის „დინამოს“ ყველა დროის საუკეთესო მეკარედ მივიჩნევ.“ — ასეთი შეფასება მისცა მას მისმა თანაგუნდელმა ბორის პაიჭაძემ.[4]

„დოროხოვი თითქოს მეტოქეთა თავდამსხმელების გულში იჯდაო, ისეთი შეუდარებელი ალღოთი და ინტუიციით იყო დაჯილდოებული,რაც შეეხება მის რეაქციას, ნახტომს, ბურთის ხელში დამორჩილებას, ამაში მას ბადალი არ ჰყავდა.“ — გაიოზ ჯეჯელავა.[4]

„საბჭოთა მეკარეებიდან ყველაზე მეტად დოროხოვი მომწონს, რომელმაც განსაკუთრებით კარგად ითამაშა პირველ თბილისურ მატჩში. ბურთის დამორჩილებისა და ბურთზე რეაქციის შესანიშნავი უნარი, კარიდან დროული გამოსვლა მეკარის საჯარიმოში თავისუფალ თამაშთან ერთად — ეს ყველაფერი მაღალი კლასის მეკარის თვისებებია.“ — გრეგორიო ბლასკო (ესპ. Gregorio Blasco Sánchez; 1909–1983) — ბილბაოს „ატლეტიკის“ მეკარე (1928–1936), 1937 წელს საბჭოთა კავშირში გამართული მატჩების მონაწილე ბასკეთის ნაკრების შემადგენლობაში.[3]

„თბილისის „დინამოს“ კარში ბურთის გატანა უძნელეს საქმეს წარმოადგენდა იმდროინდელი პირველხარისხოვანი თავდამსხმელებისთვის. არაერთხელ მიუნდვიათ სსრ კავშირის, რსფსრ-ს, ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების სახელის დაცვა ა. დოროხოვისთვის და იგი მუდამ პირნათლად ამართლებდა ნდობას. მან შესანიშნავად ითამაშა თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, თავი გამოიჩინა სკანდინავიის ქვეყნებში ამიერკავკასიის ნაკრების მგზავრობისას, ხოლო საბჭოთა ქვეყანაში 1937 წელს სტუმრად მყოფი ბასკონიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა ისე, რომ ევროპული სახელის მქონე განთქმული ესპანელი ფეხბურთელები ლანგარა, ალონსო, რეგეირო, ეჩებარია და სხვანი აღტაცებას ვერ მალავდნენ მინდორზევე თამაშის მსვლელობის დროს. ვინ მოთვლის, რამდენჯერ გაბრუნებულან უკან ხელმოცარული თბილისელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილი გოლის გატანის დიდოსტატები მ. ბუტუსოვი, მ. იაკუშინი, ს. ილინი, ვ. პავლოვი, ვ. სმირნოვი, კ. შეგოცკი, ა. პონომარიოვი, გ. ფედოტოვი, პ. დემენტიევი, მ. სემიჩასტნი, ვ. სტეპანოვი, ვ. სემიონოვი, ს. სოლოვიოვი, კ. ბესკოვი, ვ. კაპელკინი და სხვ.“ — ამონარიდი რ. ქორიძის სტატიიდან „მეკარე, რომელიც მატჩებს იგებდა“ // „ლელო“, 28 დეკემბერი, 1971, № 258 (4508), გვ. 3.

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  •   ვიცე-ჩემპიონი: 1939
  •   ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შ.)
საბჭოთა კავშირის თასი
  •   ფინალისტი: 1936, 1937

1933 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[19][20][21][22]

1937 წლის 24 ივლისს მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოს“ პირველ საერთაშორისო შეხვედრაში ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[23] ბასკებთან თამაშის ერთ ეპიზოდს ალექსანდრე დოროხოვი ასე იხსენებდა: „ბასკებთან თამაშის დეტალები ახლაც კარგად მახსოვს, — სტუმართა ერთ-ერთ იერიშში ჩვენი გუნდი დაჯარიმდა. ბასკების ყველაზე სახიფათო თავდამსხმელმა ლანგარამ შორიდან ძლიერად დაარტყა კარის კუთხეში. ბურთი ზედ კარის ხაზზე ავიღე, მაგრამ მკერდი მეტკინა და უცებ ვერ წამოვდექი. ავიხედე და დავინახე, რომ ჩემსკენ მთელი სისწრაფით მორბოდა ლანგარა. ვიფიქრე, კარში ბურთიანად უნდა გამიტანოს-მეთქი და წამომხტარმა ცრუ მოძრაობით ავიცილე იგი, მაგრამ ლანგარამ მოულოდნელად ხელი მომითათუნა მხარზე და ხმამაღლა თქვა: „სამორა, სამორა!“ ამ ლეგენდარულ ესპანელ გოლკიპერთან, „მეკარეთა მეკარედ“ წოდებულ რიკარდო სამორასთან შედარება ჩემთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის, დიდი პატივი და სიხარული იყო.“[4][24]

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. საბჭოთა კავშირის მეხუთე ჩემპიონატზე ქალაქთა ნაკრებ გუნდებს შორის თბილისის ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ალექსანდრე დოროხოვი (4), შოთა შავგულიძე (5), გიორგი ჭუმბურიძე (5), მიხეილ მინაევი (5), ლევან აბაშიძე (4), ნიკოლოზ ანიკინი (4), ილია პანინი (5), მიხეილ ბერძენიშვილი (5), გიორგი ვაჩნაძე (4), აკაკი ყალიჩავა (4), ვახტანგ რამიშვილი (3), მიხეილ ბოლოტინი (3), ნიკოლაი სოლონინი (1), მიხეილ ასლამაზოვი (2), ა. ფოჩხუა (1), გ. ქებაძე (1), მიხეილ იამშანოვი (1). გუნდის წარმომადგენელი ი. კრემერი. შენიშვნა: ფრჩხილებში მოცემულია ჩატარებული მატჩების რაოდენობა.
  1. Соскин, А., 1972, გვ. 297
  2. Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) // fc-dynamo.ru
  3. 3.0 3.1 Вратарь на месте // rcmagazine.ge
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 ნოზაძე, ოთარ. მწვანე სვიტრით რომ თამაშობდა მუდამ... // „ლელო“, აპრილი, 1996, № 14 (10974), გვ. 3.
  5. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 47
  6. «Динамо» Иваново 7–3 Турция // Footballfacts.ru
  7. История. 3 августа 1933 года // fc-textil.ru
  8. Как Иваново турок громило
  9. 9.0 9.1 Сезон команды — 1935 год // dinamo-tbilisi.ru
  10. Шваб, Пaвел Гaвpилoвич., 1994, გვ. 26
  11. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 53
  12. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 49
  13. «Горда» (Швеция) 3–3 Сб. Закавказья // 30 августа 1935 года. Гетеборг
  14. Турне Сборной Закавказья по Скандинавии. dinamo-tbilisi.ru
  15. Сб. Ленинграда 2–0 Сб. Закавказья // 26 сентября 1935 года. Ленинград
  16. Дорохов Александр Антонович // allfutbolist.ru
  17. Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) // Footballfacts.ru
  18. «Динамо» Тбилиси 1–0 «Динамо» Одесса // Footballfacts.ru
  19. Соскин, А., 1972, გვ. 297.
  20. ქურდობაძე, ა., 2018, გვ. 47.
  21. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია
  22. Список 33 лучших футболистов сезона в СССР
  23. თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი
  24. ბასკეთის ნაკრები თბილისში და „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-17. ციტირების თარიღი: 2024-03-27.