სპარტაკი თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
სპარტაკი თბილისი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. თამაშობს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის — ლიგა 3-ის ცენტრალურ ზონაში. საშინაო მატჩებს ატარებს შევარდენზე.[1]
![]() | |
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „სპარტაკი“ თბილისი |
---|---|
დაარსდა | 1946, 2002 |
სტადიონი |
შევარდენი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 4,000) |
ლიგა | ლიგა 3 |
ისტორიარედაქტირება
ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლარედაქტირება
1927–1939 წლებში თბილისში არსებობდა ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა, რომელიც პირველი და ერთადერთი საფეხბურთო სკოლა იყო საკავშირო მასშტაბით და რომელსაც სათავეში ედგა იმ პერიოდის ცნობილი თბილისელი საფეხბურთო სპეციალისტი, შემდგომში თბილისის „დინამოსა“ (1942–1945) და თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი და ფეხბურთის თეორეტიკოსი ასირ გალპერინი. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლაში, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის მკვლევარები თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის წინამორბედად მიიჩნევენ — სულ ხუთი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა: „აისი“, „ბეღურა“, „იმედი“, „მოლოტი“ და „სიხარული“. საწვრთნელი ვარჯიშები ვაკეში, მომავალი „ლოკომოტივის“ სტადიონის ტერიტორიაზე იმართებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ასირ გალპერინის ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ საფეხბურთო ოსტატობას იყვნენ: ამირან და ირაკლი ბურჭულაძეები, მერაბ გამყრელიძე, გარი გარიშვილი, თემო გუგუნავა, ვასილ დიაჩენკო, ირაკლი დოლიძე, შოთა თათარაშვილი, იური კატანოვი, არჩილ კობაიძე, კონსტანტინ ლოგინოვი, ლადო ნარიმანიძე, რევაზ ოსაძე, ალბერტ ტარაიანი, ირაკლი ქართველიშვილი, დავით ყიფიანი, ივანე შუდრა, გარი ჯაიანი, სპარტაკ ჯეჯელავა და სხვები. მათგან, რასაკვირველია, ყველა დიდი ფეხბურთელი არ დამდგარა, თუმცა ჩამოთვლილთაგან უმრავლესობამ გარკვეული წვლილი შეიტანა იმ პერიოდის საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში.[კომ. 1] ასირ გალპერინის შეგირდების საფეხბურთო ოსტატობაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1938 წელს „მოლოტმა“ მოსწავლეთა შორის საკავშირო თასის პირველ გათამაშებაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და თასი მოიპოვა.[2] საკავშირო ტურნირზე გამარჯვებამ ახალი მოლოდინები გააჩინა. ასეთ შთამბეჭდავ დასაწყისს, ბუნებრივია, რომ იმედისმომცემი გაგრძელება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ომის დაწყებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა. თბილისში ერთადერთი გუნდი — თბილისის „დინამო“ დარჩა, რომლის მთავარ მწვრთნელად სწორედ ასირ გალპერინი დანიშნეს. თბილისის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა დაიშალა. მწვრთნელის გარეშე და ბუნდოვანი მომავლის ამარა დარჩენილი ბიჭებიც წავიდ-წამოვიდნენ.
1944 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, სპორტსაზოგადოება „შრომითი რეზერვების“ საკავშირო პირველობის გამართვის გადაწყვეტილება გამოცხადდა. თბილისში სასწრაფოდ შეკრიბეს გუნდი — ამირან ბურჭულაძე, გარი გარიშვილი, ვლადიმერ დავთიანი, გივი ვაშაძე, ფილიპე მახარაძე, ავთო პაიჭაძე, ედუარდ ტანტიბა, ზურაბ ქვარიანი, ზაალ ჯორჯიაშვილი, მიშა ჯოჯუა და სხვები. მწვრთნელად ანტუს გონელი დანიშნეს. ასე, სახელდახელოდ შეკრებილმა ჩვენმა ფეხბურთელებმა შესარჩევ მატჩებში მოუგეს ბაქოს გუნდს (3–1). შემდეგი მატჩი როსტოველებთან უნდა გამართულიყო, მაგრამ მათ გუნდი ვერ გამოიყვანეს. აქვე, აღნიშვნის ღირსია ერთი ღირსახსოვარი ფაქტი, რომლის მსგავსიც — თავისი კურიოზული შინაარსით — არც მანამდე მომხდარა საქართველოს საფეხბურთო ცხოვრებაში და არც მას შემდეგ დაფიქსირებულა რაიმე სახით. საუბარი შეეხება 1948 წელს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე გამართულ შეხვედრას თბილისისა და როსტოვის „შრომითი რეზერვების“ გუნდებს შორის, როდესაც თბილისელებმა თავისი როსტოველი თანაკლუბელები ფეხბურთისთვის სარეკორდო ანგარიშით — 36–0 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ თბილისელმა ბიძინა ტაბიძემ ამ მატჩში 16 გოლი გაიტანა. მის გარდა ჩვენს გუნდში თამაშობდნენ ვლადიმერ ელოშვილი, კუნო სიხარულიძე და სხვები.
თბილისის „სპარტაკის“ დაბადებარედაქტირება
1945 წლის სეზონის დამთავრების შემდეგ ხუთ ქართველ ფეხბურთელს მოსკოვის „სპარტაკში“ გადასვლა შესთავაზეს, რომელსაც მაშინ ცნობილი ესტონელი სპეციალისტი ალბერტ ვოლრატი (ესტ. Albert Vollrat; რუს. Альберт Хенрикович Вольрат) ედგა სათავეში. საფეხბურთო კარიერის შემდგომი განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით მომხიბლავი შეთავაზების მიუხედავად ყველა ფეხბურთელმა უარი განაცხადა. მხოლოდ მიშა ჯოჯუას დათანხმება მოახერხა მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ მწვრთნელმა აბრამ დანგულოვმა. ამავე კლუბში დარჩენაზე ცდილობდნენ ამირან ბურჭულაძისა და ავთო პაიჭაძის დაყოლიებას, თუმცა ორივე მათგანმა თბილისში დაბრუნება არჩია.
იმხანად, 31-ე საავიაციო ქარხნის დირექტორს, ფეხბურთის დიდ ქომაგსა და მოამაგეს ვლადიმერ სალაძეს ავიატორთა კარგი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება ჰქონდა განზრახული. მოკლე ხანში ამირან ბურჭულაძემ და ავთო პაიჭაძემ 31-ე საავიაციო ქარხნის საფეხბურთო გუნდიდან — თბილისის „კრილია სოვეტოვისგან“ მიიღეს მოწვევა. მალე მათ გარი გარიშვილი და ზურაბ ქვარიანი დაემატათ. იმ პერიოდის თბილისის „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში მათ გარდა თამაშობდნენ აგრეთვე — სტეფან ბაგმანოვი, გივი ბუიღლიშვილი, ტარიელ ეპიტაშვილი, გივი ვაშაძე, იური კატანოვი, რევაზ ოსაძე, ვანჩუკ ჩერედნიჩენკო, გარი ჯაიანი და სხვები.
1946 წელს თბილისის „კრილია სოვეტოვი“ საკავშირო გათამაშების ამიერკავკასიის ტურნირის გამარჯვებული ხდება. ამის შემდეგ გუნდი მინსკში მიემგზავრება ფინალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც მეორე ადგილს იკავებს უჟგოროდის „სპარტაკის“ შემდეგ და „ბ“ ჯგუფის საგზურს ინაღდებს. აღნიშნულ ჯგუფში იგი ორ სეზონს ატარებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ასპარეზობისას დიდ წარმატებას ვერ აღწევს — მაყურებელთა გარკვეულ სიმპათიას იმსახურებს და ამასთან, კარგად შეთამაშებული გუნდის სახელს იმკვიდრებს. როგორც ჩანს, უმთავრესად სწორედ ამან განაპირობა, რომ ვლადიმერ სალაძემ ქარხნის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების საკითხის დადგომისას ცეკა-ში ითხოვა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის შემდეგ ეს გუნდი არ დაეშალათ. ვლადიმერ სალაძის შუამდგომლობამ სასურველი შედეგი გამოიღო და 1948 წლის 15 მაისს გუნდი მთლიანად თბილისის „სპარტაკში“ გადაიყვანეს. აქვე უნდა ითქვას, რომ „სპარტაკში“ ამ დროისათვის უკვე თამაშობდნენ ვახტანგ გვარამაძე, კოტე მესხი, მიხეილ პირაევი, ვახტანგ სარქისოვი და სხვები. გუნდს კი სათავეში ედგა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი — გაიოზ ჯეჯელავა. ასე ჩამოყალიბდა თბილისის „სპარტაკის“ ის განუმეორებელი გუნდი, რომელმაც თავისი მეტად ხანმოკლე არსებობის მანძილზე დაუვიწყარი და ამაღელვებელი ემოციებით სავსე შთაბეჭდილება დაუტოვა იმ პერიოდის ქართველ გულშემატკივარს. ამონარიდი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის წიგნიდან „ქართული ფეხბურთი“[3] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:
იმ პერიოდში სპორტსაზოგადოებას ოთარ აბუაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო გუნდის უშუალო შეფის — სარეწაო კოოპერაციის ხელმძღვანელი შალვა აბაიშვილი გახლდათ. ორივე მათგანმა დიდი შრომა ჩადო ახალი გუნდის საკეთილდღეოდ. თავდაპირველად თბილისის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელობა ბორის პაიჭაძეს შესთავაზეს, მაგრამ იმის გამო, რომ იგი ჯერ კიდევ თამაშობდა თბილისის „დინამოში“ — შეთავაზების მიღებაზე უარი განაცხადა. სანაცვლოდ კი, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთის სპეციალისტისა და მწვრთნელის — ანდრო ჟორდანიას კანდიდატურა შესთავაზა თბილისის „სპარტაკის“ მესვეურებს. სწორედ ანდრო ჟორდანიას ხელმძღვანელობით შეუდგა გუნდი ვარჯიშს და უმოკლეს დროში შთამბეჭდავ წარმატებებსაც მიაღწია.
გზა წარმატებებისკენრედაქტირება
1948 წლის სეზონში თბილისის „სპარტაკმა“ საკავშირო პირველობის ფინალურ ტურნირში, სადაც ზონებში გამარჯვებულები იღებდნენ მონაწილეობას — მესამე ადგილის დაკავება შეძლო. მომდევნო წელს კი დამაჯერებლად გაიმარჯვა ცენტრალური ზონის პირველობაზე, სადაც ჩატარებული 26 შეხვედრიდან — 22 შეხვედრაში გაიმარჯვა, სამი მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, ბურთების საერთო შეფარდებით — 60–18. ამგვარად, თბილისელებმა ფინალურ შვიდეულში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. გადამწყვეტ მატჩებს როსტოვის „დინამოს“ სტადიონმა უმასპინძლა.
ფინალურმა ტურნირმა 2 ოქტომბერს აიღო სტარტი და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ჯგუფის ერთადერთი საგზურისთვის შვიდი საფეხბურთო გუნდი იბრძოდა: როსტოვის „დინამო“, მოსკოვის ოლქის კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი, [კომ. 2] ოდესის „პიშჩევიკი“, სვერდლოვსკის ოფიცერთა სახლი, ლვოვის „სპარტაკი“, ლენინგრადის „სუდოსტროიტელი“ და თბილისის „სპარტაკი“. ფავორიტებად ითვლებოდნენ თბილისისა და კალინინის სახელობის ქარხნის გუნდები. ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელის პოსტი იმ პერიოდში ნიკოლაი გულიაევს ეკავა.[კომ. 3]
ასევე, კარგი გუნდი ჰყავდათ მასპინძლებსაც, რომელთაც ცნობილი მსაჯი და ამავე დროს ფეხბურთის აღიარებული სპეციალისტი ანატოლი შჩელჩკოვი ედგა სათავეში. საინტერესოა აღინიშნოს, რომ როსტოვის „დინამოს“ შემადგენლობაში მცველის პოზიციაზე თამაშობდა სოხუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი ივანე ვარდიმიადი — იური ვარდიმიადის ძმა. როსტოველთა რიგებში თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ყოფილი თავდამსხმელი — გავრილ ბოგატელო.[კომ. 4] გამოდიოდა. გუნდის კაპიტანი იყო პიოტრ შჩერბატენკო, რომელიც მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე თამაშობდა. რაც შეეხება ლენინგრადის „სუდოსტროიტელის“ გუნდს, მათი მთავარი მწვრთნელი გახლდათ ძველი პეტებურგელი ფეხბურთელი გიორგი გოსტევი[კომ. 5] ლვოველებს კი ცნობილი „სპარტაკელი“ მწვრთნელი — ვიქტორ სოკოლოვი ავარჯიშებდა.
ფინალის ფინალირედაქტირება
პირველი შეხვედრა ლვოველ თანაკლუბელებთან თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: პირაევი, კატანოვი, ი. შუდრა (ქვარიანი), ოსაძე, გუგუნავა, კილაძე, ა. პაიჭაძე, კ. გაგნიძე, კილაძე, ლომაია, ი. ბურჭულაძე, გამყრელიძე (ა. ბურჭულაძე). მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა. მომდევნო შეხვედრაში ოდესელებთან ნულოვანი ფრე 0–0 დაფიქსირდა. შემდეგ დამაჯერებელი ანგარიშით — 4–0 მოუგეს ლენინგრადელებს, ხოლო „კალინინელებთან“ მინიმალური სხვაობით — 0–1 დათმეს შეხვედრა. ამის შემდეგ სვერდლოვსკის გუნდს მოუგეს — 2–1 და ბოლო მატჩი კვლავ მინიმალური სხვაობით წააგეს როსტოველებთან — 0–1. შედეგად თბილისელებმა, ოდესელებმა და „კალინინელებმა“ ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი მაჩები დაინიშნა. ეს მატჩები იმდროინდელმა სპორტულმა პრესამ „ფინალის ფინალად“ მონათლა, რომლის პირველ შეხვედრაში ჩვენმა ფეხბურთელებმა ოდესელები დაამარცხეს — 2–1. გადამწყვეტი შეხვედრა კალინინის სახელობის ქარხნის გუნდთან მეტად უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. მატჩის ბედი ვალერიან ლომაიას შორეულმა და ძლიერმა დარტყმამ გადაწვიტა, რომელიც ერთადერთი, გამარჯვებისა და მასთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზურის მომტანი გოლი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში. აღნიშნულ ტურნირზე გამართულ, დრამატიზმითა და სპორტული პაექრობის სიმძაფრით აღბეჭდილ ისტორიულ შეხვედრათა პერიპეტიების შესახებ — საგულისხმო და საყურადღებოა მცირე ამონარიდი გუნდის ისტორიის შესანიშნავი მცოდნის, ქართული ფეხბურთისა და განსაკუთრებით კი მისი ისტორიის, ფართო საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნაკლებად ცნობილი სახელოვანი ფურცლების შესახებ არაერთი წიგნის, ნარკვევისა თუ სტატიის ავტორის — პროფესორ გულბათ ტორაძის ნარკვევიდან[4] — ჩვენი სიყრმის საყვარელი გუნდი — თბილისის „სპარტაკი“:
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის „სპარტაკელთა“ მხრიდან ასეთ მოკლე დროში ამგვარი წარმატების მიღწევისა, არათუ რესპუბლიკისა და საკავშირო ფეხბურთის მესვეურებს, არამედ გუნდის ერთგულ გულშემატკივართა შორისაც კი ცოტას თუ სჯეროდა — მათ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამ ისტორიულ შეხვედრათა მონაწილის ამირან ბურჭულაძის მოგონებიდან:
უმაღლეს ლიგაშირედაქტირება
თბილისის „სპარტაკის“ მიერ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებამ დღის წესრიგში გუნდის ახალი მოთამაშეებით გაძლიერებისა და საკავშირო პირველობის მომავალი საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის სათანადო მზადების საკითხები დააყენა. ახალ ფეხბურთელთა შორის, რომლებითაც გუნდის შევსება გადაწყდა იყვნენ: ზაურ კალოევი, ალიოშა კოტრიკაძე და გივი ფაცურია (35-ე საფეხბურთო სკოლიდან),
1947 წლის აგვისტოში. ლენინგრადში, საბჭოთა კავშირის 12 საუკეთესო საფეხბურთო სკოლის გუნდი იბრძოდა სსრკ-ს თასისთვის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ხვდებოდნენ კაუნასის 1 სკოლის და 35 თბილისის საშუალო სკოლის ახალგაზრდა ფეხბურთელები, გუნდის კაპიტანი გახლდათ 17 წლის გივი ფაცურია. . ანგარიში იყო 1: 1, როდესაც მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კაუნასელმა მოთამაშემ ხელი მოიშველია და კუთხურიდან გაიტანა გოლი თბილისელების კარში, რაც გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის მიუხედავად მსაჯმა ეს გოლი ჩათვალა. დაჯილდოების ცერემონიალზე კაუნასის წარმომადგენელს უსამართლოდ გადასცეს გამარჯვების თასი, როდესაც საქმე თბილისის გუნდზე მიდგა, რომელისთვისაც რანგით დაბალი ჯილდო უნდა გადაეცათ თბილისის გუნდის კაპიტნიმა, გივი ფაცურიამ დემონსტრაციულად უარი თქვა ამ ჯილდოს მიღებაზე და მთელმა სტადიონმა, რომელიც 30 000 ადამიანისგან შედგებოდა მას მხარდაჭერა ფეხზე დგომითა და აპლოდისნენტებით აღუთქვა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისელებს მოსამართლის უსამართლო გადაწყვეტილების გამო.
გიგა ნორაკიძე, ძმები იური და აფანასი გრამატიკოპულოები (სოხუმის „დინამოდან“), არჩილ ბერძენიშვილი და კუნო სიხარულიძე (თბილისის „ლოკომოტივიდან“), ნიკოლოზ ხინთიბიძე (ქუთაისის „ტორპედოდან“). გუნდში მოვიდნენ აგრეთვე გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი აროშიძე (თბილისის „დინამოდან“) და მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელი, „მეკარეთა მეკარე“, როგორც მას იმ პერიოდის სპორტული პრესა იხსენიებდა, სახელგანთქმული — ვლადისლავ ჟმელკოვი. ახალი სეზონისთვის მზადება გუნდმა ოჩამჩირეში დაიწყო. საინტერესოა მცირე ამონარიდი გუნდის იმდროინდელ წევრთა მოგონებიდან საკავშირო პირველობის წინა მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით:
„...თბილისის „სპარტაკი“ ახალი სეზონისათვის ოჩამჩირეში ემზადებოდა, წინა წლის გაზაფხულზე კი ქობულეთში ვარჯიშობდა. გუნდის ძირითადი სავარჯიშო ბაზა კი მცხეთაში, წყალჯომარდობის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გვქონდა. ისე კი, სადაც ბატონი ანდრო ჟორდანია მინდორს წააწყდებოდა, იქვე დანიშნავდა ვარჯიშს — საგურამო იყო, მუხრანი, თბილისი თუ მოსკოვი. თბილისში შეკრებისას გუნდის წევრების განთავსება ყოფილ სასტუმრო „ევროპაში“[კომ. 6]ხდებოდა.“
|
სსრ კავშირის ჩემპიონატი 1950 (კლასი „А“)რედაქტირება
საკავშირო პირველობის უძლიერესთა ლიგაში (კლასი „А“) გამოსვლა თბილისის „სპარტაკმა“ ზედიზედ ორი მოგებით დაიწყო. მათ 17 აპრილს ჯერ მინსკის „დინამო“ დაამარცხეს (2–1), ხოლო 21 აპრილს მოსკოვის „ტორპედოს“ სძლიეს იმავე ანგარიშით (2–1). თბილისელთა მხრიდან გატანილი ოთხი ბურთიდან სამი ავთო პაიჭაძემ, ხოლო ერთიც ვალერიან ლომაიამ შეაგდეს მეტოქეთა კარებში. თუმცა, თბილისის „სპარტაკის“ გულშემატკივართათვის სამწუხაროდ, ჩემპიონატზე გუნდის ასპარეზობის ასეთი იმედისმომცემი დასაწყისი, წაგებათა მოულოდნელი, ზედიზედ ექვსმატჩიანი სერიით გაგრძელდა. გუნდმა მხოლოდ 26 მაისს ხარკოვში, ადგილობრივ „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში მოახერხა ამ წარუმატებელი სერიისთვის წერტილის დასმა, როდესაც ისევ და ისევ ავთო პაიჭაძის მიერ მატჩის მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მაინც შეძლო გუნდისთვის, როგორც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით სასიცოცხლოდ აუცილებელი გამარჯვების მოპოვება. საფეხბურთო სპეციალისტების შეფასებით, ბუნებრივი და კანონზომიერი იყო, რომ პირველობაზე მონაწილე გუნდების ძირითადი ნაწილის მაღალი საფეხბურთო კლასისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე უმაღლესი ლიგის პირველობისთვის დამახასიათებელი მძაფრი კონკურენციის პირობებში, თბილისის „სპარტაკის“ ფეხბურთელთა მხრიდან დიდი მონდომებისა და თავდადების მიუხედავად, მათთვის არ იქნებოდა იოლი უძლიერესთა ლიგაში ჩავარდნების გარეშე ასპარეზობა, რაც საბოლოოდ დაადასტურა კიდეც ჩემპიონატის მსვლელობის განმავლობაში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა. თუმცა, ობიქტურობისათვის და მნიშვნელოვანწილად „სპარტაკის“ ახალბედა ფეხბურთელთა სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სადებიუტო სეზონშივე თბილისის „სპარტაკმა“ შეძლო ისეთი გამოცდილი, ავტორიტეტული და ძლიერი გუნდების დამარცხება, როგორებიც იყვნენ მოსკოვის „დინამო“ (1–0), მოსკოვის „სპარტაკი“ (2–1), ლენინგრადის „დინამო“ (4–0) ლენინგრადის „ზენიტი“ (4–1) და პირველობის მონაწილე 19 გუნდს შორის მე-9 ადგილის დაკავება.
გუნდის სახელწოდებათა ქრონოლოგიარედაქტირება
პერიოდი | სახელწოდება |
---|---|
1937–1945 | „კრილია სოვეტოვი“ თბილისი |
1946–1951 | „სპარტაკი“ თბილისი |
1953 | „სპარტაკი“ თბილისი |
1977 | „სპარტაკი“ თბილისი |
2002–2003 | „სპარტაკი“ თბილისი |
2003–2004 | „სპარტაკი-ლაზიკა“ თბილისი |
2004– | „სპარტაკი“ თბილისი |
მიღწევებირედაქტირება
ცნობილი ფეხბურთელებირედაქტირება
- ზაურ კალოევი (1950–1952)
- გიორგი გრამატიკოპულო (1951)
ლიტერატურარედაქტირება
- ტორაძე, გულბათ., ქართული ფეხბურთი : მოთამაშეები, გუნდები, წარსულის ფურცლები, თბ., 1997. — გვ. 112–117. 168 გვ.
- Савин, С. А., Первенство СССР по футболу 1951 год, М.: ФиС, 1951.
პერიოდიკარედაქტირება
- ფეხბურთის მოედნებზე // „ლელო“, 12 მაისი, 1950, № 19 (407), გვ. 3, ISSN 2233-3827.
- ქორიძე, შ. ისევ „სპარტაკის“ შესახებ // „ლელო“, 5 მარტი, 1978, № 46 (6111), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- „სპარტაკი“ თბილისი — FootballFacts.ru
- „სპარტაკი“ თბილისი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. — Weltfussballarchiv.com
- „სპარტაკი“ თბილისი — FootballFacts.ru
- „სპარტაკი“ თბილისი — Global Sports Archive
- „სპარტაკი“ თბილისი (1949) — ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“
- „სპარტაკი“ თბილისი — 1950 წლის საკავშირო პირველობის სტატისტიკა
- „სპარტაკი“ თბილისი — 1951 წლის საკავშირო პირველობის სტატისტიკა
კომენტარებირედაქტირება
- ↑ ამ მხრივ საყურადღებოა, მაგალითად, იგივე ალბერტ ტარაიანი, რომელსაც მეტსახელად „ტარაკანას“ ეძახდნენ. მას დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ დიდ დახმარებას უწევდა ასირ გალპერინს სამწვრთნელო საქმიანობაში. იგი ნორჩ ფეხბურთელთა საწვრთნელ ვარჯიშებს, ფაქტობრივად, როგორც მეორე მწვრთნელი — ისე ხელმძღვანელობდა.
- ↑ მოსკოვის ოლქის კალინინის სახელობის ქარხნის გუნდი (რუს. К-да з-да им. М. В. Калинина).
- ↑ ნიკოლაი გულიაევი (რუს. Никола́й Алексе́евич Гуля́ев; დ. 18 თებერვალი, 1915, სოფ. კაკოვინო — გ. 23 თებერვალი 2000, მოსკოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სპორტის ოსტატი. სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი. აღსანიშნავია, რომ თვითონ ნიკოლაი გულიაევი, როგორც ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირის ორგზის (1938, 1939) ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის (1938, 1939, 1946) მფლობელი მოსკოვის „სპარტაკის“ შემადგენლობაში. ამასთან, არანაკლებ წარმატებას მიაღწია მწვრთნელის რანგშიც. მისი ხელმღვანელობით მოსკოვის „სპარტაკმა“ ასევე, ორჯერ (1956, 1958) მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ორჯერ (1955, 1974) გახდა საკავშირო პირველობის ვერცხლის, ხოლო ერთხელ (1957) ბრინჯაოს პრიზიორი. მისივე თავკაცობით გუნდი საკავშირო თასის ფინალში გავიდა (1957), ხოლო მომდევნო წელს მისი მფლობელიც გახდა (1958).
- ↑ გავრილ ბოგატელო (რუს. Гавриил Георгиевич Богателло; 29 ნოემბერი, 1913 — 12 აპრილი 1991, დონის როსტოვი) — საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი, საფეხბურთო მწვრთნელი.
- ↑ გიორგი გოსტევი (რუს. Гостев Георгий Фёдорович; დ. 5 ოქტომბერი, 1897, ფსკოვი — გ. 1960, ლენინგრადი, სხვა მონაცემებით — ფსკოვი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და საფეხბურთო მწვრთნელი. სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946). იცავდა რსფსრ-ს, პეტროგრადისა და ლენინგრადის საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. მიიჩნევენ სსრ კავშირის 1920-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.
- ↑ მოგვიანებით სასტუმრო „ევროპას“ სახელწოდება შეეცვალა და ფუნქციონირება სასტუმრო „რუსთავის“ სახელწოდებით განაგრძო.
სქოლიორედაქტირება
- ↑ FK Spartaki Tbilisi - Matches (Competition: Umaglesi Liga 2005/2006) დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო, 2019.
- ↑ Гальперин Ассир Маркович (1898–1974) — ციტატა: „Организатор при «Динамо» (Тф) первой в стране юношеской команды в 1927, основатель при НИИФКе в 1936 юношеской футбольной школы «Молот», команда которой в 1938 выиграла Кубок СССР для школьников.“ — Динамо. Энциклопедия. ОЛМА Медиа Групп, 2003. გვ. 316. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 აგვისტო, 2019. წყარო: books.google.ge. წაკითხვის თარიღი: 21 აგვისტო, 2019.
- ↑ ტორაძე, გ. 1997, p. 112–113.
- ↑ ტორაძე, გ. 1997, p. 116–117.
- ↑ Soviet Union 1950 (Championship) დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1950 დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Soviet Union 1951 (Championship) დაარქივებულია ორიგინალიდან - 4 იანვარი, 2013. წყარო: Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.
- ↑ Спартак (Тбилиси) — Чемпионат СССР по футболу 1951 დაარქივებულია ორიგინალიდან - 2 აგვისტო, 2019. წყარო: fc-dynamo.ru. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო, 2019.