მთავარი მენიუს გახსნა

ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი

ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა, ასევე უბრალოდ დინამო არენა — მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში. თბილისის „დინამოს“, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საშინაო მოედანი.

ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
დინამო არენა
Geo-Esp 11.09.12.jpg
სტადიონის მოედანი
სრული სახელი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
მდებარეობა თბილისი, საქართველო
აშენდა 1935 (გადაკეთდა 1976)
გაიხსნა 29 სექტემბერი, 1976 (ხელმეორედ)
მესაკუთრე „დინამო“ თბილისი
ტევადობა 54, 139
გუნდები
„დინამო“ თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

ისტორიარედაქტირება

„დინამოს“ პირველი სტადიონი, ტრიბუნ­ით, 1927 წელს პლეხანოვის პროსპექტზე, თბილისის ქვეითი ჯარის შენობის წინ, კინოთეატრ „აპოლოს“ გვერდით აშენდა. იმ პერიოდისთვის ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და დღის წესრიგში დიდი სტადიონის მშენებლობის საკითხი დადგა. 1932 წელს სტადიონის პროექტზე, კონკურსი გამოცხადდა რომელშიც არქიტექტორმა, არჩილ ქურდიანმა (უფროსი) გაიმარჯვა.[1] თავდაპირველი ნაგებობის[კომ. 1] სამშენებლო სამუშაოები 1933 წელს დაიწყო და 1935 წელს დასრულდა.

1955-1956 წწ. განიცადა მცირე რეკონსტრუქცია, ხოლო 1970-იანებში ძველი ნაგებობა დაანგრიეს და ააშენეს უფრო დიდი, დღევანდელი სტადიონი, რომელიც 1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა (არქიტექტორი გია ქურდიანი; კონსტრუქტორი შალვა გაზაშვილი). აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში. მისი აგება განაპირობა თბილისის „დინამოს“ წარმატებებმა და საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთა რაოდენობის ზრდამ. სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფა-ს ყველა მოთხოვნას პასუხობდა.[2]

სტადიონზე პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა — შეხვედრა უეფა-ს თასზე თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ-სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც დინამოს წარმატებით დასრულდა, ანგარიშით 3–0.[3] სტადიონზე ხშირად იმართებოდა საბჭოთა კავშირის პირველობის შეხვედრები. მოსკოვის „სპარტაკი“ და კიევის „დინამო“ სტადიონს საკუთარი საშემოდგომო საერთაშორისო მატჩებისთვის იყენებდნენ.

საბჭოთა კავშირის სტადიონებს შორის თბილისის სტადიონი საშუალო დასწრებით რეკორდსმენი იყო (45 000 მაყურებლით). საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველი ჩემპიონატის გახსნის თამაშს თბილისის დინამოსა და „კოლხეთს“ შორის 100 000 გულშემატკივარი დაესწრო. რეკორდული დასწრება 1979 წელს დაფიქსირდა „დინამოსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართულ თამაშზე, რომელსაც 110 000 მაყურებელი დაესწრო.[კომ. 2][4][5] ეს მაჩვენებელი 1995 წელს გამეორდა საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას.

1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55 000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.

2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა. 2015 წელს ბორის პაიჭაძის ეროვნულმა სტადიონმა უეფა-ს სუპერთასის მატჩს უმასპინძლა.

სახელწოდებარედაქტირება

  • 1935–1936: „დინამოს“ სტადიონი
  • 1937–1953: ბერიას სახელობის „დინამოს“ სტადიონი
  • 1954–1968: „დინამოს“ სტადიონი
  • 1976–1990: ვ.ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი
  • 1995–2011: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი
  • 2011 წლიდან: ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

კომენტარებირედაქტირება

  1. სტადიონის თავდაპირველი ნაგებობა ცენტრალური სტადიონის სახელითაა ცნობილი.
  2. ფაქტობრივი მონაცემებით აღნიშნულ თამაშზე 110 000 მაყურებელზე ნაკლები არ ყოფილა, თუმცა ოფიციალური პროტოკოლებით, გარკვეული ტექნიკური ხასიათის რეგულაციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებში მითითებულია 80 000 მაყურებელი. მაყურებელთა იგივე რაოდენობა (ზოგან 90 000) ფიქსირდება საბჭოთა თუ უცხოურ მედიასა და პრესის ფურცლებზე წარმოდგენილ მასალათა უმრავლესობაშიც.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — არჩილ ქურდიანი // არჩილ ქურდიანი (1903–1988) — თბილისის მთავარი არქიტექტორი (1936–1944), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე (1959–1962), სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრი (1950), სსრკ მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრი (1957), სსრკ სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1980), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორი (1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.901 // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
  2. არქიტექტურული პროექტები — თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული დინამოს სტადიონი // დინამოს სტადიონის ისტორიიდან: ციტატა: „1976 წლის 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა ახლად რეკონსტრუირებული „დინამოს“ სტადიონი და ამჟამად მას მიენიჭა ვ.ი. ლენინის სახელი. ავტორმა, არჩილ ქურდიანმა, ავტორმა და პროექტის მთავარმა არქიტექტორმა გია ქურდიანმა და ავტორმა, კონსტრუქტორმა შალვა გაზაშვილმა, თავიანთი პროექტის მიხედვით მაყურებელთა რაოდენობა გაზარდეს 75 000 ადგილამდე“. 25 მარტი, 2016 // Aid.ge. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
  3. როდის აშენდა საქართელოს ყველაზე დიდი სტადიონი – თბილისის დინამოს ისტორია // რეკონსტრუქციის შედეგად სტადიონის ტევადობა 78 ათასამდე გაიზარდა. სტადიონზე პირველი მატჩი 1976 წლის 29 სექტემბერს შედგა – ეს იყო „უეფას“ თასის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და უელსის „კარდიფ სიტის“ გუნდებს შორის, რომელიც „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. // Thouse.ge. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
  4. დაუვიწყარი 90 წუთი // თბილისი. ვ. ი. ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 3 ოქტომბერი. „დინამო“ (თბილისი) 3–0 „ლივერპული“. გოლები: გუცაევი 55', შენგელია 75', ჩივაძე 81', პენ. ციტატა: „გუგუნებს 90-ათასიანი ტრიბუნა, გამარჯვების ციფრები ანთია ტაბლოზე. კიდევ კარგა ხანს იდგება ფეხზე 90 ათასი კაცი, კიდევ კარგა ხანს იგუგუნებს ტრიბუნა და იმ წუთებში, ვინ იცის, რამდენს გაახსენდება ნანა მჭედლიძის ფილმის „პირველი მერცხალის“ სულ ბოლო კადრი: ტალახში ამოგანგლული თერთმეტი გამწარებული ვაჟკაცი, კაცური ცრემლით და სულისშემძვრელი სიმღერით მიაცილებს გამარჯვებულ ბრიტანელთა გემს, ქედმაღლურად რომ მიგელავს შავი ზღვის ტალღებზე. და როგორც იქნა…“. // წყარო: ი. ბერიაშვილი, „ლელო“, 4 ოქტომბერი, 1979 // საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ციფრული არქივი. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.
  5. Dinamo Tbilisi 3–0 Liverpool // European Cup 1st round 2nd leg; Lenin Dinamo Stadium, Tbilisi; 03 October 1979. Attendance: 80,000; Goals: Vladimir Gutsaev 54', Ramaz Shengelia 75', Aleksandr Chivadze 81' pen. // Association of Football Statisticians (AFS). წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.