ბელფასტი

ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი

ბელფასტი (ინგლ. Belfast, ირლ. Béal Feirste) — ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, ანტრიმის საგრაფოში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი. 333 900 მცხოვრები (2015), მოსახლეობის მხრივ ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდესი ქალაქია. მრავალრიცხოვანი გარეუბნებით წარმოქმნის დიდი ბელფასტის კონურბაციას, სადაც 580 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ნაწილია „საქალაქო დერეფნისა“ დუბლინი – ბელფასტი 3 მილიონზე მეტი მოსახლით (კუნძულ ირლანდიის მოსახლეობის დაახლ. ნახევარი). ახასიათებს ეთნოკონფესიური სეგრეგაცია: ქალაქის დასავლეთ ნაწილში მკვეთრად ჭარბობენ კათოლიკეები, აღმოსავლეთში — პროტესტანტები. მდებარეობს კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანტრიმის პლატოზე, ირლანდიის ზღვის ბელფასტ-ლოხის ყურეში მდინარე ლაგანის ჩადინების ადგილზე. საავტომობილო და სარკინიგზო კვანძი. შოტლანდიიდან მომავალი აირსადენით (1996) ბუნებრივ აირს იღებს ჩრდილოეთის ზღვის შელფური საბადოებისგან. საზღვაო პორტი. აეროპორტები: საერთაშორისო (1917; რეგულარული სამოქალაქო მიმოსვლა 1933 წლიდან; ბელფასტის ცენტრიდან 21 კმ ჩრდილო-დასავლეთით; 4 მილიონი მგზავრი და 30 ათასი ტონა ტვირთი 2014 წელს) და შიდა (ჯორჯ ბესტის სახელობისა, ყოფ. დუბლინის საქალაქო აეროპორტი; 1937; ქალაქის ფარგლებში, მდ. ლაგანის შესართავთან ახლოს, 2,6 მილიონი მგზავრი).[2]

ქალაქი
ბელფასტი
ინგლ. Belfast
ირლ. Béal Feirste
Wikibelfast1.jpg
დროშა გერბი
Flag of Belfast.svg Belfast city CoA painting.png


Pro Tanto Quid Retribuamus?
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
პროვინცია ჩრდილოეთი ირლანდია
კოორდინატები 54°36′00″ ჩ. გ. 5°55′00″ დ. გ. / 54.60000° ჩ. გ. 5.91667° დ. გ. / 54.60000; -5.91667
ამჟამინდელი სტატუსი XVII საუკუნე
ფართობი 115 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 333 871 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
სატელეფონო კოდი +44-28
საფოსტო ინდექსი BT1-BT17, BT29 (ნაწილი), BT58
ოფიციალური საიტი belfastcity.gov.uk
ბელფასტი — გაერთიანებული სამეფო
ბელფასტი
ბელფასტი — ჩრდილოეთი ირლანდია
ბელფასტი

ისტორიარედაქტირება

ბელფასტი წარმოიქმნა კელტების დასახლების ადგილზე, პორველად იხსენიება ახ. წ. VII საუკუნის შუა ხანებში. XII საუკუნის ბოლოს აქ საძირკველი ჩაეყარა ანგლო-ნორმანულ ბურგს, რომლის გარშემოც, ინგლისიდან და შოტლანდიიდან გადმოსახლებულთა მიერ ოლსტერის კოლონიზაციის დროს (XVI საუკუნის ბოლო – XVII საუკუნის დასაწყისი), დაიწყო ქალაქის გაშენება. 1613 წელს მიიღო ქალაქის უფლებები. XVII–XVIII საუკუნეებში გახდა ოლსტერის მთავარი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი. 1791 წელს დაარსდა გაერთიანებულ ირლანდიელთა საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერდა რადიკალურ რეფორმებს და პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის თანასწორუფლებიანობას. XVIII–XIX საუკუნეებში მსხვილი ცენტრი იყო სელის მრეწველობაში (დაიწყო XVII საუკუნეში ადგილობრივ ნედლეულზე, ახლა დაცემის გზაზეა), ვისკისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაში, გემთმშენებლობაში. XIX საუკუნის შუა ხანებში ექსპლუატაციაში შევიდა კომპანია Harland and Wolff-ის ვერფები, საიდანაც 1911 წელს წყალში ჩაეშვა ცნობილი ტრანსატლანტიკური ლაინეტი „ტიტანიკი“ (1912 წლის 3 აპრილს ჩავიდა საუთჰემპტონში, საიდანაც პირველ რეისზე გავიდა ნიუ-ორკისკენ, მაგრამ 14–15 აპრილის ღამეს ჩაიძირა). 1921 წლიდან არის ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი ქალაქი, მისი პარლამენტისა (ასამბლეის) და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ადგილსამყოფელი. მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო სამხედრო გემთ- და ავიამშენებლობის ცენტრი, ინტენსიურად იბომბებოდა გერმანული ავიაციის მიერ. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა რელიგიური და ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი; მაღალია უმუშევრობის დონე, რელიგიათა და ერევნებათ შორის არსებული დაძაბულობა ამცირებს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას.[2]

არქიტექტურარედაქტირება

 
წმინდა ანას საკათედრო ტაძარი

ბელფასტის ერთ-ერთი უძველესი შენობაა პალადიანისტური ვილის სტილში აგებული კლიფტონ-ჰაუსი (1774, არქ. რ. ჯოი, რ. მილნას პროექტის მიხედვით). დიდი საზოგადოებრივი შენობების უმრავლესობა ვიქტორიანულ ეპოქაში აიგო: ორანჟერეა ქალაქის ბოტანიკურ ბაღში (ლითონისა და მინის კონსტრუქციის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში, 1839–40), ტიუდორული გოტიკის სტილში აგებული დედოფლის უნივერსიტეტი (1845–49), პრესვიტერიანული კოლეჯი (1852–53), საბაჟოს შენობა ნეორენესანსის სტილში (1854–57) — ყველა არქ. ჩ. ლანიონის მიერ; ნავსადგურის კანტორა (1891–95, არქ. უ. გ. ლინი); ოპერის თეატრი (1894–95, არქ. ფ. მაჩემი), რომელიც ნეობაროკოს თავისებურად უხამებს ინდური ხელოვნების მოტივებს მაყურებელთა დარბაზში; ნეობაროკოს რატუშა (1896–1906, არქ. ა. ბრამუელ-ტომასი) და წმინდა ანას ნეორომანული ტაძარი (დაიწყო 1898 წელს ტ. დრუს პროექტის მიხედვით, დასრულდა 1986 წელს). ვიქტორიანულ სტილში გადაკეთდა (1870) აგრეთვე XII საუკუნის ციხესიმაგრე (ბურგი). 1920-იან წლებში აშენდა ოლსტერის მუზეუმის (1929), პარლამენტისა (1927–32, არქ. ა. ტორნლი; „ნეოპალადიანიზმის“ გვიანდელი ნიმუში დასავლეთ ევროპულ არქიტექტურაში) და დედოფლის სასამართლოს (1929–33) შენობები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიგო ჰოსპიტალი (1953-დან, არქ. ფ. გიბერდი), სინაგოგა (1961–64) და სხვ.[2]

განათლება და კულტურარედაქტირება

 
ოლსტერის უნივერსიტეტის შენობა
 
ორანჟერეა ბოტანიკურ ბაღში

სახელმწიფო უნივერსიტეტებია: დედოფლის [„Queenʼs“; ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი; მისი ისტორია იწყება 1845 წლიდან, როგორც სამეფო კოლეჯისა, რომელიც 1850 წელს გახდა ირლანდიის დედოფლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი, ხოლო 1879 წელს გადაკეთდა დედოფლის უნივერსიტეტად; 1908 წელს მისი გაყოფის შემდეგ წარმოიქმნა დედოფლის და ირლანდიის უნივერსიტეტები; ეს უკანასკნელი — დუბლინში], ოლსტერის [დაარსდა 1968 წელს როგორც ოლსტერის ახალი უნივერსიტეტი; ახლანდელი სახელი ეწოდება 2014 წლიდან; სათავეს იღებს კოლეჯ „Magee“-დან ქალაქ ლონდონდერიში (1845) და ხელოვნებისა და დიზაინის სკოლიდან (1849)]. ქალაქშია ასევე დედოფლის აკადემიური ინსტიტუტი (1810); კოლეჯები: ბიბლიის (1943), მეტროპოლიტენის [შეიქმნა 2007 წელს ბელფასტის განგრძობითი და უმაღლესი განათლების ინსტიტუტისა და კოლეჯ „კასლრეის“ გაერთიანების შედეგად (ჩრდილოეთ ირლანდიაში უდიდესების)]; ბიბლიოთეკები: ცენტრალური (1888), „Linen Hall“ (1788) და სხვ.; ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული მუზეუმი და გალერეა [ახლანდელი სახელი და სტატუსი მიიღო 1998 წელს; შეიქმნა ოლსტერის მუზეუმის (დაარსდა 1821 წელს, გაიხსნა 1833 წელს, მოიცავდა სამხატვრო გალერეასაც; ახლანდელ შენობაშია 1929 წლიდან, რომლის ფართობი 8 ათასი მ²-ია; ეროვნული მუზეუმის სტატუსი მიიღო 1961 წელს; წარმოდგენილია დასავლეთევროპული და ირლანდიური ხელოვნების, ბოტანიკური, ზოოლოგიური და ეთნოგრაფიული კოლექციები), ოლსტერის სახალხო შემოქმედებისა და ტრანსპორტის მუზეუმისა (1967) და ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის „ოლსტერ-ამერიკული სახალხო პარკი“ (1976; ქალაქ ომასთან ახლოს) გაერთიანების შედეგად]; თეატრები: ოპერის თეატრი „Grand Opera House“ (1895), დრამატული თეატრი „Lyric Theatre“ (1951); მეტროპოლიტენის ხელოვნების ცენტრი „თეატრი მაკ და გალერეა ბ.“ (2012; მის შემადგენლობაშია 2 თეატრალური დარბაზი, 3 სამხატვრო გალერეა, საცეკვაო სტუდია და სხვ.). ოლსტერის სიმფონიური ორკესტრი (1966). ფილარმონია (1874; გუნდით). საკონცერტო დარბაზი „Ulster Hall“ (1862), კონცერტცენტრი და საკონცერტო დარბაზი „Waterfront Hall“ (1997). მრავალფუნქციური კომლექსები „Kingʼs Hall“ (1934) და „The SSE Arena“ (2000–01; 11 ათასი ადგილი). ყოველწლიურად ტარდება მუსიკალური კონკურს-ფესტივალი (1908 წლიდან) და კინოფესტივალი (1995 წლიდან). ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1828 წელს, ხოლო ზოოპარკი — 1934 წელს.[2]

სპორტირედაქტირება

სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა ფეხბურთი. ბელფასტში ბაზირებულია 4 პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი: „ლინფილდი“ (1886; ჩრდილოეთ ირლანდიის 51-გზის ჩემპიონი; საშინაო სტადიონი — „უინძორ პარკი“, 1905, რეკონსტრუქცია 1996 და 2015 წლებში; 20 ათ. ადგილი), „გლენტორანი“ (1882; ჩრდილოეთ ირლანდიის 23-გზის ჩემპიონი; სტადიონი — „ოვალი“, 1892, რეკონსტრუქცია 2000 წელს; 26,5 ათ. ადგილზე მეტი), „კლიფტონვილი“ (1879; ჩრდილოეთ ირლანდიის 5-გზის ჩემპიონი; სტადიონი — „სოლიტიუდი“, 1890, რეკონსტრუქცია 2000-იან წლებში; 6,2 ათ. ადგილი), „კრუსადერსი“ (1898; ჩრდილოეთ ირლანდიის 5-გზის ჩემპიონი; სტადიონი „სიივიუ“, 1921, რეკონსტრუქცია 2011 წელს; 3,4 ათ. ადგილი). 1982 წლიდან ყოველწლიურად იმართება ბელფასტის მარათონი.[2]

ეკონომიკარედაქტირება

XX საუკუნის მეორე ნახევარში ბელფასტის ეკონომიკა ნელი ტემპებით ვითარდებოდა, მკვეთრი დაჩქარება მოხდა 1998 წელს ბელფასტის შეთანხმებით კონფესიათა შორის დამყარებული მშვიდობის შემდეგ. 2000-იანი წლების შუა ხანებიდან ეკონომიკის ზრდის ტემპით ბელფასტი ბრიტანეთის 30 უმსხვილეს ქალაქს შორისაა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 48,3 ათასი ევროა (2014).[2]

მომსახურების სფერორედაქტირება

 
ტიტანიკის მუზეუმი

ქალაქის ეკონომიკის საფუძველია მომსახურების სფერო; მისი წამყვანი სექტორებია: ადმინისტრაციული, ფინანსური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური და საქმიანი მომსახურებები, ვაჭრობა, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები, განათლება, ჯანდაცვა და ტურისტული ბიზნესი. ბელფასტის საზღვაო პორტის ტვირთბრუნვა 23 მილიონი ტონაა (2014), მგზავრთბრუნვა — 1,5 მილიონი მგზავრი [მათგან დაახლ. 1,4 მილიონი ბორნებით გადაიყვანეს ქალაქებამდე კერნრაიანი და ლივერპული (დიდი ბრიტანეთის კულძული) და კულძულ მენამდე, 112 ათასი — საკრუიზო ხომალდებით]. ბელფასტში გამოიცემა დღეისათვის არსებული მსოფლიოში ყველაზე ძველი ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი The News Letter (1737 წლიდან). ქალაქის უმთავრეს სამუშაოს მიმცემ ორგანიზაციებს შორისაა საავადმყოფოები: დედოფალ ვიქტორიას (1779; ტრავმატოლოგიის, ნეიროქირურგიისა და ოფთალმოლოგიის მსოფლიოში ცნობილი ცენტრი), საქალაქო საავადმყოფო (1841; სისხლისა და ონკოლოგიური დაავადებების, აგრეთვე თირკმლის ტრანსპლანტაციის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში), „Musgrave Park“ (1920; ორთოპედია, რევმატოლოგია და სპორტული მედიცინა; ამავე სახელის პარკის რაიონში, გაიხსნა 1924 წელს). ბელფასტს წელიწადში სტუმრობს 9 მილიონზე მეტი ტურისტი; ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 700 მილიონ დოლარამდეა.[2]

მრეწველობარედაქტირება

 
ხომალდ „ადრიატიკის“ მშენებლობა Harland and Wolff-ის გემთსაშენში

1970-იანი წლებიდან მრეწველობაში 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა. უპირატესი განვითარება ჰპოვა მრეწველობის მაღალტექნოლოგიურმა დარგებმა: ავიასარაკეტო-კოსმოსური [საწარმოები: კანადური კომპანია „Bombardier“ — ავიაძრავებისა და საავიაციო ტექნიკის სხვა კომპონენტების წარმოება (დაახ. 5 ათასი დასაქმებული) და ფრანგული „Thales Group“ — საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რაკეტები (600 დასაქმებული)], ელექტრული (კომპანიები: „Schrader Electronics“, „Andor Technology“, „Kainos Group“ და იაპონური „Fujitsu“; სულ 5 ათასამდე დასაქმებული; პირველის შტაბ-ბიტა განთავსებულია ქალაქ ანტრიმში, დანარჩენისა — ბელფასტში), ფარმაცევტული (ბრიტანულ-შვედური კომპანია „AstraZeneca“, ჰონგ-კონგური „Europharm Laboratories Co.“, „Ivex Pharmaceuticals“, „Kiel Pharma“; ამ უკანასკნელის შტაბ-ბინა მდებარეობს ბელფასტის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბან კარიკფერგუსში), კოსმეტიკური (კომპანია „Caraderm“ — პროდუქცია ხავსებისა და ზღვის წყალმცენარეებისაგან) და ენერგეტიკული მანქანათმშენებლობა (კომპანია „FG Wilson“ — დიზელისა და აირის გენერატორები). განვითარებულია პლასტმასის ნაკეთობების წარმოება (კომპანია „Brett Martin“). ტრადიციული დარგებიდან თავისი მნიშვნელობა შეინარჩუნა გემთმშენებლობამ [ვერფები: Harland and Wolff (1861), მისი სტაპელებიდან „ტიტანიკის“ გარდა ჩაეშვნენ საოკეანო ლაინერები „ოლიმპიკი“ (1911), „ბრიტანიკი“ (1915) და სხვ.; ფუნქციონირებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მშრალი დოკი საზღვაო გემების რემონტისათვის] და კვების პროდუქტების მრეწველობამ (ხორცის გადამუშავება კომპანიების „Hilton Food Group“-ისა და „Moy Park“-ის ქარხნებში; ეს უკანასკნელი შედის ბრაზილიური „Marfrig“-ის სტრუქტურაში). აღსანიშნავია ასევე კომბინირებული საკვებისა და სასუქების (კომპანია „W & R Barnett“; შტაბ-ბინა — ბელფასტში) და საჯიშე თესლების მრეწველობა (კომპანია „Germinal“). საფეიქრო, სამკერვალო და თამბაქოს მრეწველობა დაცემას განიცდის. ბელფასტისა და მისი შემოგარენის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს თბოელექტროსადგური „Kilroot“ (სიმძლავრე 660 მეგავატი; იყენებს ქვანახშირს, მაზუთსა და ბიომასას).[2]

ჰავარედაქტირება

ჰავის მონაცემები — ბელფასტი (ბელფასტის საერთაშორისო აეროპორტი), 1981–2010 წწ. მონაცემები, ექსტრემუმები — 1968 წლიდან
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 14.0 15.6 20.2 21.8 25.0 29.5 30.0 28.0 25.6 21.8 16.4 15.0 30.0
საშუალო მაღალი °C 7.1 7.5 9.5 11.9 15.0 17.4 19.0 18.6 16.4 12.9 9.5 7.4 12.7
საშუალო დღიური °C 4.4 4.6 6.2 8.1 10.9 13.6 15.4 15.0 13.0 9.9 6.8 4.8 9.4
საშუალო დაბალი °C 1.7 1.6 2.9 4.3 6.8 9.7 11.7 11.4 9.5 6.9 4.0 2.1 6.1
რეკორდულად დაბალი °C −12.8 −11.1 −9.9 −5.1 −2.8 −1.2 2.2 2.3 −0.5 −3.0 −8.6 −14.9 −14.9
საშუალო ნალექი (მმ) 80.3 57.7 67.0 58.0 57.3 61.5 71.4 83.8 75.6 89.6 79.7 79.3 861.2
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1,0 მმ) 14.8 12.1 14.0 11.4 11.7 11.3 12.9 13.9 12.6 14.4 14.4 14.0 157.5
თოვლიანი დღეები საშუალოდ 5 5 4 1 0 0 0 0 0 0 1 3 19
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 89 87 88 89 90 90 90 92 92 91 90 89 91
საშუალო თვიური მზიანი საათები 49.7 71.2 102.5 153.3 197.7 167.9 151.3 142.1 119.9 91.2 59.4 46.2 1 352,5
წყარო 1: Met Office,[3] ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (ფარდობითი ტენიანობა და თოვლიანი დღეები, 1961-1990)[4]
წყარო 2: ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტი (KNMI)[5][6]

სქოლიორედაქტირება

  1. Office for National Statistics — 1996.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Сокольский, В. М.; Полякова, Е. Ю.. Белфаст. Большая российская энциклопедия — электронная версия (2018). ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2021
  3. Belfast International Airport 1981-2010 Averages. Met Office. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2017
  4. Belfast International Airport 1961-1990. NOAA. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2017
  5. Belfast International Airpoirt (Aldergrove) extreme values. KNMI. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2011
  6. Belfast International Airpoirt 1981-2010 average extreme values. KNMI. ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2017

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: