კოტ-დ’ივუარი

(გადამისამართდა გვერდიდან კოტ-დ'ივუარი)

კოტ-დ’ივუარი (კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა, ფრანგ. République de Côte d'Ivoire; 1985 წლამდე სპილოს ძვლის ნაპირი) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან მალი და ბურკინა-ფასო, აღმოსავლეთიდანგანა, დასავლეთიდანლიბერია და გვინეა, სამხრეთიდან ატლანტის ოკეანის გვინეის ყურე. საფრანგეთის ყოფილი კოლონია.

კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა
ფრანგ. République de Côte d'Ivoire
კოტ-დ’ივუარი
კოტ-დ’ივუარის
დევიზი: Union, Discipline et travail
(ერთობა, დისციპლინა და შრომა)
ჰიმნი: L'Abidjanaise
კოტ-დ’ივუარის მდებარეობა
დედაქალაქიიამუსუკრო (დე იურე),
აბიჯანი (დე ფაქტო)
41°43′ ჩ. გ. 44°47′ ა. გ. / 41.717° ჩ. გ. 44.783° ა. გ. / 41.717; 44.783
უდიდესი ქალაქი აბიჯანი
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ალასან უატარა
 -  პრემიერ-მინისტრი ამადუ გონ კულიბალი
ფართობი
 -  სულ 322 463 კმ2 (68-ე)
მოსახლეობა
 -  2021 შეფასებით 29,389,150[1] (51-ე)
 -  2014 აღწერა 22 671 331[2][3] 
 -  სიმჭიდროვე 91.1 კაცი/კმ2 (139-ე)
მშპ (მუპ) 2022 შეფასებით
 -  სულ $181.5 მილიარდი [4] (78-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $6,397[4] (138-ე)
აგი (2021) 0.550[5] (დაბალი) (159-ე)
ვალუტა CFA ფრანკი3 (XOF)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი CIV
Internet TLD .ci
სატელეფონო კოდი 225

ქვეყანაში ცხოვრობს 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი. დედაქალაქი — იამუსუკრო (212 ათასი მაცხოვრებელი), ქვეყნის მთავარი ქალაქია — აბიჯანი (ეკონომიკური დედაქალაქი მოსახლეობით დაახლოებით 4,4 მილიონი ადამიანი). ოფიციალური ენაა — ფრანგული, ძირითადი ადგილობრივი ენებია — დიულა, ბაულე, ბეტე. ეროვნული დღესასწაულია — დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე (1960 წლის 7 აგვისტო).

სახელწოდება

რედაქტირება

ქვეყანა წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც სპილოს ძვლის ნაპირი (შესაბამისი თარგმანებით სხვა ენებზე: ინგლ. Ivory Coast; ფრანგ. Côte-d'Ivoire; გერმ. Elfenbeinküste, ესპ. Costa de Marfil; რუს. Берег Слоновой Кости, იტალ. Costa d'Avorio; პორტ. Costa do Marfim და ა. შ.). 1985 წლის ოქტომბერში ქვეყნის მთავრობამ მოითხოვა, რომ მისი სახელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილი ყოფილიყო როგორც კოტ-დ’ივუარი (Côte d'Ivoire) ყველა ენაზე, რის გამოც ეს ფორმა ამჟამად ოფიციალურად ითვლება.

კოლონიამდელი პერიოდი

რედაქტირება

თანამედროვე კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე, განის საზღვრებთან, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში არსებობდა განვითარებული კინტამპოს კულტურა, რომლის შემქმნელები სავარაუდოდ იყვნენ აქ მცხოვრები პიგმეები, რომლებიც დომინირებდნენ ამ ტერიტორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეულის ბოლომდე. მათი ცხოვრების სტილი შეესაბამებოდა ევროპული მეზოლითის ხანის ცხოვრების სტილს, ისინი ქვის ხანის პირობებში დაკავებულები იყვნენ ნადირობით და შემგროვებლობით, თუმცა არსებობდა პრიმიტიული კერამიკა. შემდგომში აქ გადმოსახლდნენ სხვა აფრიკული ტომებიც, მათგან პირველები იყვნენ სენუფოს ხალხი, რომლებიც XI საუკუნეში მოვიდნენ ჩრდილო-დასავლეთიდან.

XV—XVI საუკუნეებში ჩრდილოეთიდან მოვიდნენ მანდეს ენებზე მოლაპარაკე ტომები (მანდინკა, დიულა და სხვა) და შეავიწროვეს სენუფოს ტომი. XVIII საუკუნის დასაწყისში მანდეს ენებზე მოლაპარაკე ტომებმა შექმნეს კონგის სახელმწიფო, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და დასავლეთ აფრიკაში ისლამის გავრცელების მთავარი ცენტრი.

კოლონიალური პერიოდი

რედაქტირება
 
1729 წლის რუკა, რომელზეც აღნიშნულია სპილოს ძვლის ნაპირი

პირველად ევროპელები თანამედროვე კოტ-დ’ივუარის სანაპიროზე გადმოსხდნენ XV საუკუნეში. ესენი იყვნენ პორტუგალიელები, ნიდერლანდელები, დანიელები. პორტუგალიელები პირველები იყვნენ 1460-იან წლებში. ევროპელები აბორიგენებისგან ყიდულობდნენ სპილოს ძვალს, ოქროს, მონებს.

პირველი ევროპელი დამსახლებლები იყვნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ 1637 წელს. მათი პირველი დასახლებული პუნქტი მალევე გაანადგურეს აბორიგენებმა. ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1687 წელს, შედგა ახალი ფრანგული მისია, რომელსაც ამჯერად შეიარაღებული რაზმი იცავდა. XVIII საუკუნის დასაწყისში ფრანგებმა სცადეს სანაპიროზე დაეარსებინათ კიდევ ორი დასახლება, მაგრამ მათ იარსებეს მხოლოდ რამდენიმე წელი.

ფრანგებმა კვლავ განაახლეს სპილოს ძვლის ნაპირის ათვისება 1842 წლიდან. მათ აღადგინეს გრან-ბასამის ფორტი (სანაპიროზე, დღევანდელი აბიჯანის სიახლოვეს), ხოლო 1846 წლისთვის საკუთარი პროტექტორატის ქვეშ შეიყვანეს სანაპიროზე მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ტომი.

ქვეყნის შიგნით შესვლა ფრანგებმა დაიწყეს 1887 წლიდან. ორი წლის განმავლობაში ფრანგებმა შეთანხმებები დადეს ტომების უმრავლესობასთან — სანაპიროდან დაწყებული ქვეყნის თანამედროვე ჩრდილოეთ საზღვრამდე. 1892 წელს დაადგინეს საზღვრები ლიბერიასთან, 1893 წელს — დიდი ბრიტანეთის კოლონია ოქროს ნაპირთან (თანამედროვე განა).

1893 წელს სპილოს ძვლის ნაპირი გამოიყო სენეგალის კოლონიის შემადგენლობიდან, როგორც საფრანგეთის ცალკე კოლონია, ხოლო 1895 წელს სპილოს ძვლის ნაპირი შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში.

კოლონიალურ პერიოდში ფრანგებმა აქ დაიწყეს საექსპორტო კულტურების (ყავა, კაკაო, ბანანი და სხვა) წარმოების განვითარება, ასევე ალმასის, ოქროს, მანგანუმის მადნის მოპოვება, ამუშავებდნენ ტყის სიმდიდრეს. ფრანგებმა ხელი მოჰკიდეს ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ რკინიგზების და საავტომობილო გზების, საზღვაო პორტების მშენებლობას.

1946 წლის ოქტომბერში სპილოს ძვლის ნაპირს მიენიჭა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების სტატუსი, შეიქმნა ტერიტორიის გენერალური საბჭო.

1958 წლის მარტში გამოცხადდა სპილოს ძვლის ნაპირის ავტონომიური რესპუბლიკა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდი

რედაქტირება

1960 წლის 7 აგვისტოს გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომლის პრეზიდენტი გახდა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ფელიქს უფუე-ბუანი. ამასთან დემოკრატიული პარტია გახდა ქვეყნის მმართველი და ერთადერთი პარტია. გამოცხადდა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი. ქვეყანა აგრძელებდა საფრანგეთის აგრარული და ნედლეულის დანამატად დარჩენას, მაგრამ აფრიკული თვალსაზრისით მისი ეკონომიკა იმყოფებოდა კარგ მდგომარეობაში, ეკონომიკური ზრდის ტემპები აღწევდა 11 %-ს წელიწადში. სპილოს ძვლის ნაპირი 1979 წელს გახდა კაკაოს მარცვლების წარმოების მსოფლიო ლიდერი, მაგრამ ამ დარგში წარმატებები ემყარებოდა ხელსაყრელ კონიუნქტურას და კვალიფიციური მენეჯერების რაოდენობას, უცხოურ ინვესტიციებს და დიდი რაოდენობით იაფფასიან მუშახელს, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან.

 
2002 წლის არჩევნების შედეგები
 
ხელისუფლებისა და ამბოხებულების ზონების კონტროლი (2007 წლის გაზაფხული)
 
ხელისუფლებისა და ამბოხებულების ზონების კონტროლი (2011 წლის მარტი)

მაგრამ 1980-იან წლებში მსოფლიო ბაზარზე ყავაზე და კაკაოზე ფასები დაეცა, 1982—1983 წლებში ქვეყანას თავს დაატყდა მკაცრი გვალვა, დაიწყო ეკონომიკური ვარდნა; 1980-იანი წლების ბოლოს საგარეო ვალის მაჩვენებელმა ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბა აფრიკის ყველა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს, ნიგერიის გარდა. საზოგადოების ზეწოლით ფელიქს უფუე-ბუანი წავიდა პოლიტიკურ დათმობებზე, მოახდინა მმართველი პარტიის ალტერნატიული პოლიტიკური ძალების ლეგალიზირება და საარჩევნო პროცესის ინიციირება, რის შემდეგაც 1990 წელს იგი აირჩიეს პრეზიდენტად.

1993 წელს ის გარდაიცვალა და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა დიდი ხნის წინ მის მემკვიდრედ მიჩნეული ჰენრი კონან ბედი. 1995 წელს გაიმართა ფორუმი ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების საკითხებზე. 1990-იანი წლების ბოლოს გაძლიერდა პოლიტიკური არასტაბილურობა, ჰენრი კონან ბედის გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი — ალასან უატარა. ის დაიბადა კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე, ხოლო მისი მშობლები წარმოშობით იყვნენ ბურკინა-ფასოდან, რომლებმაც შემდგომში მიიღეს კოტ-დ’ივუარის მოქალაქეობა. ქვეყნის კონსტიტუციით კი პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზია შეიძლება განაცხადოს მხოლოდ იმ კანდიდატმა, რომელსაც ორივე მშობელი კოტ-დ’ივუარში უნდა ჰყავდეს დაბადებული და არა ნატურალიზებული. შესაბამისად, ყველა შერეული ქორწინებისგან დაბადებული ადამიანი გამოირიცხება პრეზიდენტის პოსტზე ბრძოლის შესაძლებლობისათვის. ამ სიტუაციამ გააღრმავა საზოგადოებაში უკვე დაწყებული განხეთქილება ეთნიკური ნიშნებით. იმ მომენტისათვის ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მესამედიდან ნახევრამდე შეადგენდა უცხოური წარმოშობის პირები, ძირითადად ადრე სოფლის მეურნეობაში მომუშავეები.[6]

1999 წლის 25 დეკემბერს ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომლის ორგანიზატორმა, ჯარის ყოფილმა ოფიცერმა რობერტ გეიმ 2000 წელს ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც აღინიშნა გაყალბებები და მასობრივი არეულობები. ოფიციალურად არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ოპოზიციის ლიდერი ლორან გბაგბო.

2002 წლის 19 სექტემბერს აბიჯანში მის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო პუტჩი, რომლის ორგანიზატორი იყო რობერტ გეი. პუტჩის დროს მოკლეს რობერტ გეი და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ემილ ბოგა დუდუ. პუტჩი ჩაახშეს, მაგრამ მან გამოიწვია სამოქალაქო ომის დაწყება პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთს და სამხრეთს.

ჩრდილოეთის ძირითად ამბოხებულ დაჯგუფებას, რომელიც შესაძლოა დახმარებას ღებულობდა ბურკინა-ფასოს ხელისუფლებისგან, წარმოადგენდა „კოტ-დ’ივუარის პატრიოტულ ძალებს“ გიიომ კიგფაფორი სოროს მეთაურობით. ამას გარდა, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედებდნენ სხვა დაჯგუფებებიც.

2002 წლის ბოლოდან კონფლიქტში ასევე ჩაერთო ლიბერია.

ლორან გბაგბოს მხარე დაიკავა საფრანგეთმა („ოპერაცია ლიკორნი“) (ქვეყნის მრავალრიცხოვანი ევროპელი მაცხოვრებლების დაცვის მიზეზით) და პრეზიდენტს დაეხმარა საკუთარი შეიარაღებული ძალებით.

კოტ-დ’ივუარში ასევე ჯარი გააგზავნეს მეზობელმა აფრიკულმა ქვეყნებმა (მათ შორის ნიგერიამ).

2003 წელს ოფიციალურ ხელისუფლებასა და აჯანყებულებს შორის შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ სიტუაცია მაინც არასტაბილური რჩებოდა: ხელისუფლება აკონტროლებდა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ ნაწილს.

მყარი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2007 წლის გაზაფხულზე.

2010 წლის ბოლოს კოტ-დ’ივუარში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გადაიზარდა მწვავე პოლიტიკურ კრიზისში და შემდეგ სამოქალაქო ომში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ორივე მხრიდან დააფიქსირეს ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევები, დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი. 2011 წლის მარტში ალასან უატარას ძალებმა დაიწყეს შეტევა ქალაქ აბიჯანზე. გაეროსა და საფრანგეთის ჯარების ერთობლივი ოპერაციის დროს 2011 წლის 11 აპრილს ლორან გბაგბო დააპატიმრეს საკუთარ რეზიდენციაში და 2011 წლის 30 ნოემბერს წარადგინეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა ალასან უატარა.

2012 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ორდერი ყოფილი პირველი ლედის დაპატიმრებაზე მკვლელობებთან მის შესაძლო კავშირების ბრალდებით, ასევე „კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე სხვა ანტიჰუმანურ მოქმედებებთან და ღონისძიებებთან 2010 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 12 აპრილამდე პერიოდში“. მაგრამ 2013 წლის სექტემბერში კოტ-დ’ივუარის ხელისუფლებამ უარი თქვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაეცა სიმონა გბაგბო (Simone Gbagbo) და განაცხადეს, რომ აპირებენ განიხილონ მისი საქმე ეროვნულ სასამართლოში. 2015 წლის 10 მარტს კოტ-დ’ივუარის ყოფილ პირველ ლედის სიმონა გბაგბოს მიუსაჯეს 20 წელი თავისუფლების აღკვეთა „სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობების გამო“.

2013 წლის 1 იანვარს 60 ადამიანი დაიღუპა ჭყლეტვაში ახალი წლის დადგომის დღესასწაულის დროს ქალაქ აბიჯანში, კოტ-დ’ივუარის სამხრეთში. ჭყლეტვა წარმოიქმნა ადამიანების ჯგუფში, რომლებიც შეიკრიბენ ახალი წლის ფეიერვერკების სანახავად აბიჯანის ცენტრში. სხვა მონაცემებით დაიღუპა 61 ადამიანი, ხოლო 48 დაშავდა.

2015 წლის პირველიდან 6 ივნისის ჩათვლით სან-პედროს რაიონში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, მიმდინარეობდა ოპერაცია „აკომა“, რომლის დროსაც თითქმის 50 ბავშვი გაანთავისუფლეს მონობიდან, ხოლო 22 ადამიანი დააპატიმრეს.

2015 წლის 10 სექტემბერს კოტ-დ’ივუარში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად მოხდა საკმაოდ დიდი ავტოსაგზაო ავარია, დაიღუპა სულ ცოტა 19 ადამიანი და კიდევ 37-მა მიიღო ჭრილობა.

2015 წლის 25 ოქტომბერს ქვეყანაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ალასან უატარამ.

2015 წლის 2 დეკემბერს კოტ-დ’ივუარში უცნობი შეიარაღებული ხალხი თავს დაესხა სოფელს, რომელიც მდებარეობს ლიბერიის საზღვრის სიახლოვეს, დაიღუპა სულ ცოტა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ჯარისკაცი.

2015 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო შევიდა ტერორიზმთან ბრძოლის ისლამური სამხედრო კოალიციის შემადგენლობაში.

2016 წლის 6 იანვარს კოტ-დ’ივუარის პრემიერ-მინისტრი დანიელ კაბლან დუნკანი და მისი მთავრობა გადადგა. გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ დანიელ კაბლან დუნკანი ხელახლა დაინიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

2016 წლის 20 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაეროს სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესახებ 5437 სამხედროდან 4000-მდე.[7]

2016 წლის 28 იანვარს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე დაიწყო კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს და მისი თანაშემწის შარლ ბლე გუდეს სასამართლო. ორივე ბრალდებულმა უარი განაცხადა „მასშტაბური მკვლელობების, გაუპატიურობების, დევნის და სხვა არაადამიანური აქტების გამომწვევი საერთო გეგმის“ ორგანიზებაში საკუთარი ბრალეულობის აღიარებაზე. ლორან გბაგბოს და შარლ ბლე გუდეს რამდენიმე ასეული მხარდამჭერი შეიკრიბა სასამართლოს შენობის წინ, რათა გამოეხატათ საკუთარი მხარდაჭერა ექს-პრეზიდენტისათვის.

გეოგრაფია

რედაქტირება

გეოგრაფიული მდებარეობა

რედაქტირება
 
კოტ-დ’ივუარის რუკა
 
კოტ-დ’ივუარის ტოპოგრაფიული რუკა
 
კოტ-დ’ივუარის ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან

კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში. ფართობი: საერთო — 322 463 კმ² (ხმელეთი — 318 003 კმ², წყალი — 4460 კმ²). სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 3110 კმ-ს, აქედან: ბურკინა-ფასოსთან (ჩრდილოეთით) — 584 კმ-ს, მალისთან (ჩრდილოეთით) — 532 კმ-ს, განასთან (აღმოსავლეთით) — 668 კმ-ს, გვინეასთან (ჩრდილო-დასავლეთით) — 610 კმ-ს, ლიბერიასთან (სამხრეთ-დასავლეთით) — 716 კმ-ს.

რელიეფი საკმაოდ მოსწორებულია, მიწის ზედაპირის პროფილი ხასიათდება ვაკეებით და პლატოებით. თუმცა ქვეყნის დასავლეთში არსებობენ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე უფრო მაღალი სიმაღლეები. ამ რეგიონში, პირდაპირ გვინეის სახელმწიფო საზღვარზე აღმართულია ნიმბას მთა — ორივე ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი (1752 მეტრი). კოტ-დ’ივუარის სამხრეთი ნაწილი — დაბლობია, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება და გადადის 400-1800 მეტრი სიმაღლის მაღლობში. უფრო მაღალი პლატოები საფეხუროვანი ფორმისაა და აგებულია მკვრივი ქანებისაგან. უფრო დაბალი სიმაღლის ზეგნები რბილი ფორმისაა და აგებულია არამყარი ქანებისაგან.

გეოლოგია

რედაქტირება

ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მაღლობზეა, მდებარეობს ვრცელ პლატოზე. პლატოს რეგიონი თანდათან გადადის სანაპირო ზონის დაბლობებში. პლატოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მთიანია. სანაპირო ზოლი მდებარეობს ორ გეოლოგიურ ზონაში. პლატოს ფართობი შედგება პრეკემბრიული გვინეის ფარის ნაწილისაგან, ძირითადად აგებულია გრანიტებისაგან. სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მთები აგებულია კრისტალური ქანებისაგან, რომელიც შედგება: კვარციტებისაგან, გნაისებისაგან, გრანიტებისაგან და ზოგან ღია დიაბაზებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უმეტესი ნაწილი მაღლობზე მდებარეობს, პლატოს საშუალო სიმაღლე შეადგენს ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 500 მეტრამდე. მთიანი რეგიონები საკმაო სიმაღლით არ გამოირჩება. ეს ტერიტორია ამაღლებულია ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე. ხოლო გვინეის სახელმწიფო საზღვართან მდებარეობს ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — ნიმბას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1752 მეტრზეა. დაბლობის ალუვიურ რეგიონებს უკავიათ ქვეყნის ფართობის დაახლოებით მეოთხედი და მოიცავს სანაპირო ზონასაც. გამონაკლისს შეადგენს სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, სადაც პლატო საკმაოდ სამხრეთისაკენაა შეჭრილი და ტოვებს სანაპირო დაბლობის ვიწრო ზოლს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სანაპირო ზოლი ცუდადაა დანაწილებული, იქ სჭარბობს ზღვისკენ მიმართული კლდოვანი ნაპირები. სანაპიროს აღმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს უფრო რთულ სანაპირო ზოლს, სადაც დომინირებს ლაგუნის ტიპის ნაპირები.

სასარგებლო წიაღისეული

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარში მოიპოვება შემდეგი სახეობის სასარგებლო წიაღისეულინავთობი, ბუნებრივი აირი, ალმასი, მანგანუმი, რკინის მადანი, კობალტი, ბოქსიტი, სპილენძი, ოქრო, ნიკელი, ტანტალი.

ნიადაგის ფენა საკმაოდ მრავალფეროვანია. სანაპიროს რეგიონი დაფარულია ლამიანი მანგროს ტყეებიანი საფარით, რომლებიც განიცდიან სისტემატიურ ზღვის მოქცევას და აქვთ მარილის დიდი შემცველობა. სანაპიროსპირა ზოლის ტერიტორია დაფარულია ოქსისოლის ნიადაგით, რომელიც წითელ-ყვითელი ფერის ლატერიტული ნიადაგია. პლატოს რეგიონში სჭარბობს წითელი ფერის ნიადაგი. მთიანი რაიონები შედგება მთის ნაირსახეობის ჟანგისფერი ნიადაგისგან.

ჰიდროლოგია

რედაქტირება

მდინარე კავალი მოედინება კოტ-დ’ივუარის დასავლეთით და ლიბერიის აღმოსავლეთით და ქმნის ამ ორი სახელმწიფოს სახელმწიფო საზღვრის სამხრეთი ნაწილის ორ მესამედს.

მდინარე სასანდრა სათავეს იღებს გვინეის მთიანეთში და მიედინება დასავლეთ კოტ-დ’ივუარის უმეტეს ნაწილში მდინარე კავალის აღმოსავლეთით.

მდინარე ბანდამა ქვეყნის ყველაზე უფრო გრძელი მდინარეა, სიგრძით დაახლოებით 800 კმ, მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და ჩაედინება გვინეის ყურეში. 1973 წელს ქალაქ კოსუსთან მდინარე ბანდამაზე შეიქმნა კოსუს ხელოვნური ტბა, სადაც აშენდა კოსუს კაშხალი. დედაქალაქი იამუსუკრო მდებარეობს მდინარის მახლობლად, ტბიდან სამხრეთში. 1980 წელს კი ქალაქ ბუიოსთან მდინარე სასანდრაზე შეიქმნა ბუიოს ხელოვნური ტბა, სადაც ასევე აშენდა ბუიოს კაშხალი.

მდინარე კომოე სათავეს იღებს ბურკინა-ფასოს სიკასოს პლატოზე,[8] მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და მოკლე მანძილზე ქმნის სახელმწიფო საზღვარს ბურკინა-ფასოსა და კოტ-დ’ივუარს შორის, შემდეგ მდინარე ისევ აგრძელებს გზას სამხრეთისაკენ, შედის კოტ-დ’ივუარის აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და გვინეის ყურესთან შეერთებამდე უერთდება ლაგუნა ებრიეს. მდინარე ასევე მიედინება კომოეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[9]

 
კოტ-დ’ივუარის რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით

ქვეყანა იმყოფება ორ კლიმატურ სარტყელში — ჩრდილოეთის სუბეკვატორულ და სამხრეთის ეკვატორულ სარტყელში. თვის საშუალო ტემპერატურა ყველგან შეადგენს +25 °C-დან +30 °C-მდე, მაგრამ ნალექების რაოდენობა და მათი რეჟიმი განსხვავებულია. კლიმატი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ეკვატორული სარტყელის ზონაში, ცხელი და ნოტიოა ძლიერი წვიმებით. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 22 °C-დან 32 °C-მდე, ხოლო ყველაზე უფრო ძლიერი წვიმები მოდის აპრილიდან ივლისის ჩათვლით, ასევე ოქტომბერში და ნოემბერში. აქ მთელი წლის განმავლობაში ბატონობს ოკეანის ჰაერი და არ არსებობს არც ერთი თვე ნალექების გარეშე, რომლის წლიური ჯამი აღწევს 2400 მმ-მდე. ჩრდილოეთში, სუბეკვატორული სარტყელის ზონაში, ტემპერატურებს შორის სხვაობა უფრო მეტად მკვეთრია (იანვარში ღამით ეცემა +12 °C-მდე, ხოლო ზაფხულში აჭარბებს +40 °C-ს), ნალექები შესამჩნევად ნაკლებია (1100—1800 მმ.) და მკვეთრად იკვეთება მშრალი ზამთრის პერიოდი. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ქრის ჰარმატანის ქარი, რომელსაც მოაქვს ცხელი ჰაერი და ქვიშა საჰარის უდაბნოდან, მკვეთრად ზღუდავს მხედველობას და აძნელებს სუნთქვას.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

თავდაპირველად მთელი სანაპირო რეგიონი დაფარული იყო ნოტიო ტროპიკული ტყეებით, მაგრამ დღეისათვის მათ უკავიათ ქვეყნის მცირე ნაწილი და ტყეები სერიოზულად არის დეგრადირებული. მათ ადგილას სადაც ადრე ტყე იზრდებოდა, დღეს მინდვრებს უკავიათ, რომლის დიდი ნაწილიც გამოუყენებელია. ზღვის სანაპიროს რეგიონები, სადაც გვხვდება ჭაობის მარილიანი ზონები – იზრდება მანგროს ტყეები. ჭაობები არ არიან ზედმეტად მარილიანები და იქ იზრდებიან ბალახები, ბუჩქები და პალმები. ძირითადი სახეობაა პალმა რაფია.

მთელ ქვეყანაში იზრდება პალმის სხვადასხვა სახეობები, ხოლო ქოქოსის პალმა და ზეთის პალმა ადამიანის მიერ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ტროპიკული ტყეების რეგიონებში სჭარბობს ხურმა და თამარინდი. ქვეყნის დანარჩენი ორი მესამედი ნაწილი უკავია სავანას. ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დაფარულია მაღალბალახიანი გვინეის ტყე-სავანით, ხოლო ზოგან გვხვდება ფოთლოვანი ტროპიკული ტყეები, რომლებსაც სეზონურად სცვივა ფოთლები. მდინარეების გასწვრივ იზრდება გალერეული ტყეები, რომლებიც მშრალი სეზონის დროს გაყვითლებული სავანებისგან განსხვავებით, მარადმწვანე ტყეებს წარმოადგენენ. საერთო ჯამში ტყეებს უკავიათ ქვეყნის ზედაპირის დაახლოებით 25 %.

ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონები, სადაც მშრალი სეზონი გრძელდება თითქმის ნახევარი წელიწადი, დაფარულია სუდანის სავანით. მშრალი სავანის მონაკვეთს უკავია ჩრდილოეთ კოტ-დ’ივუარის მცირე ნაწილი. აქ ხეების სიმჭიდროვე მცირეა, ხოლო ბალახები დაბალი და მშრალ სეზონში გამხმარია. ასეთი ფორმირების მცენარეულობაში ხეების დამახასიათებელი სახეობებია ბაობაბი, აკაცია და ზეთის ხე.

ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ არც ისეთი მდიდარია, როგორც ეს იყო ХХ საუკუნის დასაწყისში. მცენარეულობის სხვადასხვა ტიპის ფორმირებების გამო (ტყე, სავანა, ჭაობები) აქ ცხოველთა ბევრი სხვადასხვა სახეობებია. სავანებში ბინადრობენ, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია ისეთი ცხოველები, როგორებიცაა სავანის სპილო, გაზელი, ხოლო მდინარეებში ბეჰემოთი. მტაცებელი ცხოველების ძირითადი წარმომადგენლები არიან პანთერები და აფთრები. ლომი იშვიათობაა და გვხვდება მხოლოდ კომოეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ მაიმუნების, გველები და ხვლიკების სხვადასხვა სახეობები. ქვეყანაში მაიმუნების მთავარი წარმომადგენელია შიმპანზე. ჭაობიანი ადგილები, განსაკუთრებით მანგროს ტყეები, სავსეა ყველანაირი ამფიბიებით, ქვეწარმავლებით და კიბოსნაირებით. მდიდარია ფრინველების სამყარო, როგორც მიწის, ასევე წყლის.

ქვეყნის ფართობის 6 %-ს შეადგენენ დაცული ტერიტორიები. ყველაზე დიდი ეროვნული პარკია კომოეს ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 11 672 კმ²-ს. აქ ბინადრობს ცხოველთა ბევრი სახეობა, მათ შორის ლომები, რომლებიც ამ პარკის გარდა ქვეყნის არცერთ სხვა რეგიონში არ გვხვდება. კომოეს ეროვნული პარკი და ასევე ტაის ეროვნული პარკი, შეყვანილები არიან იუნესკოს ბუნების მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

პოლიტიკური მოწყობა

რედაქტირება

2016 წლის 18 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად[15] კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი პარტიაა უფუელების გაერთიანება დემოკრატიისათვის და მშვიდობისათვის (ფრანგ. Rassemblement des houphouëtistes pour la démocratie et la paix, RHDP) (167 დეპუტატი), მეორე — დამოუკიდებელი უპარტიო პოლიტიკოსები (76 დეპუტატი), დანარჩენი 12 ადგილი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გაინაწილა.

შეიარაღებული ძალები

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Force Republicaines de Cote d'Ivoire) — ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაა, რომლის დანიშნულებაა რესპუბლიკის თავდაცვა, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, წარმოადგენს პოლიტიკური ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ იარაღს.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების სახეობებია: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო-საჰაერო ძალები

კოტ-დ’ივუარის შეიარაღებული ძალები დაკომპლექტებულია გაწვევით და კონტრაქტულ საფუძველზე, მამრობითი და მდედრობითი სქესის პირებისაგან, გაწვევის ასაკია 18-დან 25 წლამდე; ყოფილი ბოევიკებისათვის შესაძლებელია საკონტრაქტო სამსახურის ნებაყოფლობითი გავლა, ასაკი 22-დან 29 წლამდე.

სამხედრო ხარჯები 2009 წლის მონაცემებით შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,5 %-ს, რის მიხედვითაც მას მსოფლიოში 95-ე ადგილი უკავია[16]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
კოტ-დ’ივუარის ოლქები

2011 წლიდან დაწყებული, კოტ-დ’ივუარი ადმინისტრაციულად დაყოფილია 12 ოლქად და ორ ავტონომიურ საქალაქო ოლქად. ოლქები იყოფა 31 რეგიონად, ხოლო რეგიონები იყოფა 108 დეპარტამენტად; დეპარტამენტები დაყოფილია 510 სუბპრეფექტურად. ზოგიერთ შემთხვევაში, რამდენიმე სოფელი გაერთიანებულია კომუნებში. ავტონომიური ოლქები არ იყოფიან რაიონებად, მაგრამ ისინი იყოფიან დეპარტამენტებად, სუბპრეფექტურებად, კომუნებად.

ოლქი (ქართ.) ოლქი (ფრ.) ადმ. ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
[2][3] ად. (2014)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1. აბიჯანის ავტონომიური ოლქი District Autonome d’Abidjan აბიჯანი 2150 4 707 404 2189,49
2. იამუსუკროს ავტონომიური ოლქი District Autonome du Yamoussoukro იამუსუკრო 2075 355 573 171,36
3. ქვემო სასანდრა Bas-Sassandra სან-პედრო 28 350 2 280 548 80,44
4. კომოე Comoé აბენგურუ 14 150 1 203 052 85,02
5. დენგელე Denguélé ოდიენე 20 900 289 779 13,87
6. გო-ჯიბუა Gôh-Djiboua გაგნოა 15 700 1 605 286 102,25
7. ტბები Lacs დიმბოკრო 26 100 1 258 604 48,22
8. ლაგუნები Lagunes დაბუ 20 450 1 478 047 72,28
9. მონტანი Montagnes მანი 30 825 2 371 920 76,95
10. სასანდრა-მარაუე Sassandra-Marahoué დალოა 23 950 2 293 304 95,75
11. სავანები Savanes კოროგო 40 200 1 607 497 39,99
12. ვალე-დუ-ბანდამა Vallée du Bandama ბუაკე 28 300 1 440 826 50,91
13. ვორობა Woroba სეგელა 31 100 845 139 27,17
14. ზანზანი Zanzan ბონდუკუ 38 200 934 352 24,46
სულ 322 462 22 671 331 70,31

დემოგრაფია

რედაქტირება
 
კოტ-დ’ივუარის დემოგრაფია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემები, 2005 წელი; მაცხოვრებელთა მონაცემები ათასებში.
  • მოსახლეობა — 22 671 331 ადამიანი (2014 წელი)[2][3]
  • წლიური ზრდა — 1,88 % (2016 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 11 408 413 ადამიანი 50,3 % (2014 წელი).[3]
  • სოფლის მოსახლეობა — 11 262 918 ადამიანი 49,7 % (2014 წელი).[3]
  • შობადობა — 28,2 % (ფერტილობა — 3,46 დაბადებული ერთ ქალზე) (2016 წელი).
  • სიკვდილიანობა — 9,5 % (2016 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 57,2 % (2016 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 57,7 წელი
    • მამაკაცები — 56,2 წელი
    • ქალები — 58,3 წელი (2012).
  • საშუალი ასაკი — 20,8 წელი
    • მამაკაცები — 20,8 წელი
    • ქალები — 20,6 წელი (2016 წელი).
  • ასაკობრივი ჯგუფები:
    • 0-14 წელი: 41,8 %
    • 15-64 წელი: 55,7 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,5 % (2014 წელი).[3]
  • განათლება — 56,2 % (65,2 % მამაკაცებში, 46,6 % ქალებში (2010 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,4 % (2009 წელი).

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება
 
ეთნიკური ჯგუფები
კოტ-დ’ივუარის ეთნიკური ჯგუფები[3]
ეთნიკური ჯგუფები
აკანები
  
38.1%
გური
  
21.3%
ჩრდილოეთის მანდე
  
19.1%
კრუ
  
11.2%
სამხრეთის მანდე
  
9.1%
სხვა ერები
  
2.0%

კოტ-დ’ივუარში ცხოვრობს 60 ეთნიკურ ჯგუფზე მეტი, რომლებიც კლასიფიცირდება 5 ძირითად ჯგუფად: აკანები (ქვეყნის აღმოსავლეთი და ცენტრი, სამხრეთ-აღმოსავლეთში ლაგუნის ტიპის ნაპირებთან მცხოვრები ხალხის ჩათვლით), კრუ (სამხრეთ-დასავლეთი), სამხრეთის მანდე (დასავლეთი), ჩრდილოეთის მანდე (ჩრდილო-დასავლეთი), სენუფო/„ლობი“ (ჩრდილოეთი, ცენტრი და ჩრდილო-აღმოსავლეთი). აკანების ჯგუფში შემავალი ბაულეს ხალხი შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდ ჯგუფს, დაახლოებით 15 %-20 %-ს. ისინი ცხოვრობენ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, ბუაკეს და იამუსუკროს ირგვლივ. კრუს ჯგუფში შემავალი ბეტეს ხალხი, სენუფო ჩრდილოეთით და მანდინკა ჩრდილო-დასავლეთით შეადგენენ მსხვილ დაჯგუფებებს რაოდენობით დაახლოებით მთელი ქვეყნის მოსახლეობის 10 %-15 %. ეთნიკური მოსახლეობის ძირითადი ჯგუფების უმრავლესობას ჰყავს მნიშვნელოვანი რაოდენობა მეზობელ ქვეყნებში.

ქვეყნაში მცხოვრები 5 მილიონზე მეტი აფრიკული მოსახლეობის 30 %-დან 50 %-მდე ბურკინა-ფასოდანაა; დანარჩენი მოსახლეობა ჩამოსულია განიდან, გვინეიდან, მალიდან, ნიგერიიდან, ბენინიდან, სენეგალიდან, ლიბერიიდან და მავრიტანიიდან. არააფრიკელ მოსახლეობას ძირითადად შეადგენენ დაახლოებით 50 000 ფრანგი და 40 000 ლიბანელი.

 
კოტ-დ’ივუარის ეთნიკური და ენობრივი ჯგუფები

კოტ-დ’ივუარი მრავალენობრივი ქვეყანაა. Ethnologue-ის მონაცემებით კოტ-დ’ივუარში ცხოვრობს 80 ენაზე მოლაპარაკე ხალხი.

ოფიციალური ენა — ფრანგული შემოღებული იქნა კოლონიალურ პერიოდში. ამ ენაზე მიმდინარეობს სწავლა ქვეყნის სკოლებში და იხმარება, როგორც ლინგვა ფრანკა. მკვიდრი ერების დაახლოებით 70 ენა შეიძლება დავყოთ ნიგერ-კონგოს ენების ოჯახის 5 მთავარ მიმართულებად. სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში გავრცელებულია კვას ენები, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ბაულე და ანიი (შესაბამისად 2-3 მილიონი და 1 მილიონი ადამიანი) განაში არსებული აკანის ენის დიალექტური კონტინუუმის ნაწილია, ხოლო ატიეს ენასთან (0,5 მილიონი) უფრო დაშორებულია. ბაულეს ენაზე ლაპარაკობენ კოსუს ტბის აღმოსავლეთით და ქვეყნის დედაქალაქ იამუსუკროში, ხოლო ანიის ენაზე განის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. სამხრეთ-დასავლეთ სექტორში გავრცელებულია კრუს ენები, როგორებიცაა ბეტე და ვე (გურე/ვობე), თითოეული ნახევარი მილიონი მოსახლით და დიდა (250 000 ადამიანი), რომელიც მიეკუთვნება ლიბერიის ენებს. ჩრდილო-დასავლეთში, გვინეის სახელმწიფო საზღვართან და კოსუს ტბასთან ქვეყნის ცენტრში, გავრცელებულია მანდეს ენები, როგორებიცაა დანი (მილიონი მოლაპარაკე) და გურო (0,5 მილიონი, ტბასთან). ტბამ და მდინარე ბანდამამ გაყვეს ქვეყნის კვას ენებიანი აღმოსავლეთი კრუს და მანდეს ენებიან დასავლეთისგან. ქვეყნის ცენტრში და ჩრდილოეთში გავრცელებულია სხვადასხვა სენუფოს ენები, როგორიცაა სენარი (მილიონი მოლაპარაკე). ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, კომოეს ეროვნული პარკთან სიახლოვეს, ცხოვრობს დიულას ენაზე მოლაპარაკე მეოთხედი მილიონი ადამიანი, რომელიც წარმოადგენს მეზობელი ბურკინა-ფასოს ლინგვა ფრანკას. კოტ-დ’ივუარის ხალხის ენების დამწერლობაში გამოიყენება 1979 წელს მიღებული პრაქტიკული ორთოგრაფია.

ასევე გავრცელებულია დაახლოებით 3 000 000 ემიგრანტის სალაპარაკო ენა, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან და პირველ რიგში ბურკინა-ფასოდან. ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ეთნიკური დაძაბულობა ემიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ასევე ჩრდილოეთში მანდე სენუფოსა და სამხრეთში კრუსა და კვას შორის რამდენიმეჯერ იყო კოტ-დ’ივუარის სამოქალაქო ომის მიზეზი.

სმენადაქვეითებისათვის ქვეყნის განათლების სისტემაში გამოიყენება ამერიკული ჟესტების ენა, რომელიც შემოიღო სმენადაქვეითებულმა მისიონერმა ენდრიუ ფოსტერმა.

რელიგია კოტ-დ’ივუარში (2014 წელი)[3]
რელიგია პროცენტი
მუსლიმები
  
42.9%
კათოლიკები
  
17.2%
ევანგელისტი ქრისტიანები
  
11.8%
მეთოდისტები
  
1.7%
სხვა ქრისტიანები
  
3.1%
ანიმისტები ან არარელიგიურები
  
22.7%
სხვა რელიგიები/Unspecified
  
0.5%

კოტ-დ’ივუარის ეკონომიკურმა განვითარებმ და შედარებითმა აყვავებამ ხელი შეუწყო დიდ დემოგრაფიულ წინსვლას XX საუკუნის განმავლობაში. „1922 წელს, კოტ-დ’ივუარში დაახლოებით 100 000 ადამიანი 1,6 მილიონიდან (ანუ 6 %) იყო მუსლიმი. ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ (1960 წლიდან) კი პირიქით, მოსახლეობის მათი წილი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და დაიწყო მუსლიმი მოსახლეობის გადაადგილება სამხრეთისკენ, კაკაოს მწარმოებელ რეგიონებში და სამხრეთის ქალაქებში. 1998 წლისთვის, [ ... ] მუსლიმები უმრავლესობას შეადგენდნენ ქვეყნის ჩრდილოეთში და იყვნენ მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 38,6 %. მუსლიმების რაოდენობა უფრო მეტი გახდა ვიდრე მათ შემდეგ მდგარი ქრისტიანების რელიგიური ჯგუფის რაოდენობა, რომლებიც შეადგენდნენ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 29,1 %-ს“[17] შემდეგ ათწლეულებში ეს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მეზობელი ქვეყნებიდან მსხვილმასშტაბიანი იმიგრაციით, რაც გამოწვეული იყო ჯერ კიდევ კოლონიალურ ეპოქაში ამ ქვეყნების შიდა არეულობებით. მეზობელი ქვეყნებიდან მოსახლეობის ნაკადის შემოსვლა მიმდინარეობდა ფელიქს უფუე-ბუანის პრეზიდენტობის ეპოქის განმავლობაში. 1990-იანი წლებიდან შობადობაში სხვაობის ზრდა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ხელს უწყობს დემოგრაფიული ბალანსის მუსლიმების სასარგებლოდ შეცვლას, თუმცა იმიგრაციის ტალღა უკანაკნელ წლებში უფრო შემცირდა.[18]

ეკონომიკა

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარს რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი შემოსავლების დონე გააჩნია (1014,4 აშშ დოლარი 2013 წელს) და სატრანზიტო ვაჭრობაში მთავარ როლს ასრულებს მეზობელი ქვეყნებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ზღვაზე გასასვლელი. ქვეყანას დასავლეთი აფრიკის ეკონომიკურ და სავალუტო კავშირში ყველაზე უფრო მსხვილი ეკონომიკა გააჩნია, რაც შეადგენს ამ კავშირის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტის 40 %-ს. ქვეყანა მსოფლიოში პირველია კაკაოს მარცვლების ექსპორტის მიხედვით და მეოთხეა საექსპორტო საქონლის საერთო მოცულობის მხრივ სუბსაჰარულ აფრიკაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ნიგერიის და ანგოლის შემდეგ).[19]

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ კოტ-დ’ივუარის წიაღი შეიცავს ბევრ სხვადასხვა სახის სასარგებლო წიაღისეულს, ბევრი მათგანის მოპოვება მაღალი თვითღირებულების გამო არ მიმდინარეობს. 1986 წელს სამთომომპოვებელი მრეწველობა შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 1 %-ს.[20]

კოლონიამდელ პერიოდში ოქროს მოიპოვებდნენ მიწაში ან მდინარეების კალაპოტში ამოთხრილი ორმოებიდან და მისით ვაჭრობდნენ ოკეანის სანაპიროზე და საჰარის უდაბნოში. კოლონიალური ადმინისტრაცია ოქროს საბადოების ექსპლოატაციას აწარმოებდა კოკუმბოში ქვეყნის ცენტრში და მცირე შახტებში სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც წამგებიანი აღმოჩნდა. 1984 წელს სახელმწიფო კომპანიამ SODEMI-მა და ფრანგულმა სამთომომპოვებელმა კომპანიამ ქალაქ დანანესთან ახლოს არსებული საბადოს 30 წლით ექსპლოატაციისათვის შექმნეს ერთობლივი სამთო კომპანია (Société Minières d'Ity—SMI). ამ პერიოდში ინვესტიციების საერთო მოცულობა შეფასებული იყო 1,2 მილიარდ CFA ფრანკად. საშუალო ხარისხის ოქროს მადანში ოქროს რაოდენობა იყო 8,5 გრამი ერთ ტონაში. მოპოვება უნდა დაწყებულიყო 1987 წელს და ექსპლოატაციის პირველი ორი წლის განმავლობაში უნდა წარმოებულიყო მოსალოდნელი 700 კგ ოქრო. ერთობლივი სამთო კომპანიის გათვლებით 2,3 მილიარდი CFA ფრანკის დამატებითი ინვესტიციების შემდეგ მოპოვებული იქნებოდა 700 კგ ოქრო წელიწადში. SODEMI ასევე ფლობდა ოქროს საბადოებს ისიას დეპარტამებტში და მდინარე ლობოს აუზში, შესაბამისად 100 კგ და 25 კგ სავარაუდო წლიური შემოსავლით.[20]

1970-იანი წლების შუა პერიოდში, დაბალი ხარისხის (50 %-ზე ნაკლები) რკინის მადნის მარაგი შეფასებული იყო 585 მილიონ ტონად ლიბერიის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბანგოლოსთან. მისი ექსპლოატაციისათვის შეიქმნა კონსორციუმი, რომელიც წარმოადგენდა იაპონიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ნიდერლანდების და კოტ-დ’ივუარის ინტერესებს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე რკინის მადანზე დაბალი ფასების გამო პროექტი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით.[20]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ იმედებს იძლეოდა ალმასის მოპოვება, მაგრამ 1980-იანი წლების შუა პერიოდში ეს იმედებიც გაქრა. 1948 წლიდან ქალაქ ტორტიასთან ახლოს მომუშავე საბადომ თავის პიკს მიაღწია 1972 წელს, როდესაც მოპოვებული იქნა 260 000 კარატი (52 კგ). მაგრამ 1980 წელს საბადო დაიკეტა. ბობის საბადო ქალაქ სეგელას სიახლოვეს 1970-იანი წლების ბოლომდე აწარმოებდა 270 000 კარატს (54 კგ) წელიწადში; იგი დაიხურა 1979 წელს. ტორტიასთან მდებარე საბადოს დარჩენილი მარაგის რაოდენობა შეფასებული იყო 450 000 კარატად (90 კგ); ბობის საბადოსი კი 150 000 კარატად (30 კგ).[20]

1960 და 1966 წლებს შორის სანაპირო ქალაქ გრან-ლაჰუს სიახლოვეს მდებარე მანგანუმის საბადოზე მოპოვებული იქნა 180 000 ტონა მადანი წელიწადში. 1970 წელს, მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბაზარზე ფასები დაეცა, ხოლო მის მოპოვებაზე ხარჯები გაიზარდა, საბადოიც დაიკეტა. გაჩნდა დამატებითი გამოუყენებელი მანგანუმის საბადოები ქალაქ დენგელეს სიახლოვეს. კოტ-დ’ივუარში ასევე არსებობს კოლტანის მადნის, ილმენიტის, კობალტის, სპილენძის, ნიკელის და ბოქსიტის მცირე საბადოები.[20]

ენერგეტიკა

რედაქტირება

ჰიდროენერგეტიკა

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარი იყენებს ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურების მიერ გენერირებულ სიმძლავრეებს, რათა უზრუნველყოს ყველა მისი ელექტროსიმძლავრეები. 2002 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყნის გენერირებული სიმძლავრეები შეადგენდა დაახლოებით 900 მვტ-ს. თუმცა ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის გენერირებული სიმძლავრეების დაახლოებით ორი მესამედი, მის წილზე მოდის გენერირებული სიმძლავრეების ნახევარზე ნაკლები. 2002 წლის შეფასებით გამომუშავებული იქნა 4,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, საიდანაც 38 % ჰიდროელექტროსადგურების მიერ და 62 % თბოელექტროსადგურების მიერ. მხოლოდ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებს გამომუშავებული აქვთ ელექტროენერგიის საერთო მოცულობის ნახევარზე მეტი. კოტ-დ’ივუარის აირზე მომუშავე ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება ექსპორტისათვის. 2002 წელს ელექტროენერგიის ექსპორტმა მეზობელ ქვეყნებში შეადგინა 1,6 მილიარდი კვტ/სთ. ბენინი, განა, ბურკინა-ფასო, მალი და სხვები შედიან იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც მიერთებულები არიან კოტ-დ’ივუარის ენერგოსისტემაზე. 2002 წელს ელექტროენერგიის საერთო შიდა მოხმარებამ შეადგინა 3.109 ტერა ვტ/სთ. Compangnie Ivoirienne d’Electriciti (CIE) ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია და მართავს არა მარტო სახელმწიფო გენერირებულ მოწყობილობებს, არამედ ელექტროენერგიის გამანაწილებელ გადამცემებსაც. მიუხედავად ამისა ოფიციალური შეფასებების თანახმად ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის წილი, რომლებსაც მიეწოდება ელექტროენერგია, შეადგენს 77 %-ს, ხოლო სოფლის მოსახლეობის რაოდენობის წილი 15 %-ზე ნაკლებია. სოფლის მოსახლეობის ელექტროფიკაცია გახდა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ნავთობი და ნავთობპროდუქტები

რედაქტირება

ნავთობის ზღვის საბადოები აღმოჩენილი იქნა 1977 წელს, რომლის მოპოვება დაიწყო 3 წლის შემდეგ. ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ძირითადი საბადოები (86 %) მდებარეობენ ზღვის წყალმეჩხერ რაიონებში, კიდევ 7 % მდებარეობს ღრმა ზღვაში. ქვეყნის საბადოების მხოლოდ 7 % მდებარეობს ხმელეთზე. გაზეთ Oil & Gas Journal-ის შეფასებით 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის აღმოჩენილი მარაგი შეადგენს 100 მილიონ ბარელს (16 000 000 მ³). 2004 წლის შეფასებით წარმოების მოცულობა შეადგენდა 35 541 ათას ბარელს დღე ღამეში (5650.6 მ³/დღ.ღ), აქედან ნავთობის მოპოვება შეადგენდა 35 000 ბარელს დღე ღამეში (5600 მ³/დღ.ღ). მაგრამ უახლოეს პერიოდში სანაპიროს მახლობლად აღმოჩენილია ახალი საბადოები, რის გამოც ქვეყნის ნავთობის მარაგი შესაძლებელია აქამდე ცნობილზე უფრო მეტიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, ესპუარის ვაკეზე, რომლის ექსპლოატაციაც დაიწყო ჯერ კიდევ 2002 წელს, ნავთობის მარაგის რაოდენობა შეფასებულია 93 მილიონ ბარელად (14 800 000 მ³), ხოლო ბუნებრივი აირის 5,1×109 მ³-ად. ასევე, ბლოკში CI-40, რომელსაც ერთობლივად აწარმოებენ კანადური, შვედური და კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო ნავთობის კორპორაცია Société Nationale d'Opérations Pétrolières de la Côte d'Ivoire (Petroci), და რომელიც მდებარეობს 8,0 კმ-ით სამხრეთში ესპუარის ვაკიდან, შეფასებების თანახმად ნავთობის მარაგი შეადგენს 200 მილიონ ბარელს (32 000 000 მ³). ბლოკში CI-112, რომელიც მდებარეობს კოტ-დ’ივუარის დასავლეთ სანაპიროზე, Vanco Energy Company-ის შეფასებით ნავთობის მარაგი შეადგენს 2,7 მილიარდ ბარელს (430 000 000 მ³) და მდებარეობს ქალაქ სან-პედროსთან და სხვა საბადოებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირი კოტ-დ’ივუარში თავდაპირველად აღმოჩენილი იქნა 1980-იან წლებში, მისი მოპოვება მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 2005 წლის 1 იანვრის შეფასებით ქვეყანაში ბუნებრივი აირის მარაგი შეადგენს 1 ტრილიონ კუბურ ფუტს. 2003 წლის შეფასებით ბუნებრივი აირის მოპოვება და შიდა მოხმარება შეადგენდა 46 მილიარდ კუბურ ფუტს. კოტ-დ’ივუარის ნავთობის და ბუნებრივი აირის წარმოებას მართავს 1975 წელს დაარსებული კორპორაცია Petroci. 1998 წელს იგი რეორგანიზებული იქნა ჰოლდინგურ კომპანიად და იწოდება Petroci Holding, რომელსაც ჰყავს სამი შვილობილი კომპანია: Petroci Exploration-Production, რომელიც პასუხისმგებელია ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოების მიმართულებაზე; Petroci Gaz, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი აირის სექტორზე; და Petroci Industries-Services, რომელიც მართავს ყველა სხვა მომსახურებას.

ხე-ტყის მრეწველობა

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარში არსებობს სამი ტიპის ტყე: წვიმის ტყეები, ფოთლოვანი ტყეები და მეორადი ტყეები სავანების რეგიონში. ტყეების საერთო ფართობი 2000 წელს შეადგენდა 7 117 000 ჰა-ს; ბუნებრივი წვიმის ტყეები ქვეყნის ტყის არეალის ძირითადი შემადგენელი ნაწილია და მისი ფართობი შეადგენს 184 000 ჰა-ს. 1983 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყნის ტყის ფართობი, რომელიც 1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებისას შეადგენდა დაახლოებით 16 მილიონი ჰა-ს, შემცირდა დაახლოებით 4 მილიონ ჰა-მდე. მიუხედავად ამისა, ტყის გამეჩხერების ტემპი ისევ საშუალოდ 3,1 %-ს შეადგენდა 1990-2000 წლების განმავლობაში. 2002 წელს დაწყებული საბრძოლო მოქმედებებისგან გამოწვეულმა ხანგრძლივმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ხელი შეუწყო არაკანონიერ ტყის გაჩეხვას და ტყის ფართობის შემცირებას.

ქვეყნის ტყის მასივი დაყოფილია ორ ზონად: მუდმივი დომენი და სასოფლო დომენი. მუდმივი დომენი შედგება კლასიფიცირებული ტყეებისაგან, ეროვნული პარკებისაგან და ტყის მასივებისაგან. ის მოიცავს მსხვილ ტყიან ზონებს და შედგება 231 კლასიფიცირებული ტყის მასივებისაგან, 9 ეროვნული პარკისაგან და 3 ტყის ნაკრძალისაგან, 7 ნახევრადკლასიფიცირებული ტყის მასივებისაგან და 51 არაკლასიფიცირებული ტყის მასივებისაგან. ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების საერთო ფართობი შეადგენს 1 959 203 ჰა-ს. ტყის მასივზე, რომლითაც დაფარულია დაახლოებით 4 196 000 ჰა ფართობი, ხეების მოჭრა და გამოყენება მკაცრად აკრძალულია. მაგრამ ტექნიკური მომსახურეობის ჩატარებისათვის ხეების შეზღუდული ჭრა იშვიათად დასაშვებია ტყის მასივებში, რომლის მოცულობამაც 2003 წელს შეადგინა 148 271 მ³. ეს ტყეები გავრცელებულია მთელი ქვეყანის სამ ზონაში: ქვეყნის სამხრეთით არსებულ ნოტიო დაბურულ ტყეებში 31,8 %, ცენტრში არსებულ ნახევრადფოთლოვან ტყეებში 30,5 % და ჩრდილოეთში არსებულ სავანურ ტყეებში 33,7 %. სასოფლო დომენი, სადაც ხეების მოჭრა დასაშვებია, შეადგენს კოტ-დ’ივუარის მიწის საერთო ფართობის 66 %-ს. მაგრამ ხე-ტყის მეურნეობის წარმოებისათვის სასარგებლო ფართობი შეადგენს 2,9 მილიონ ჰა-ს.

2003 წელს ხე-ტყის პროდუქცია შეადგენდა $269 მილიონს. საექსპორტო შემოსავლების მოცულობაში მას ეკავა მესამე ადგილი კაკაოსა და ნავთობპროდუქტების შემდეგ. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, ირლანდია, სენეგალი და მაროკო. 2003 წელს ხე-ტყის საერთო წარმოება შეადგენდა 11 615 000 მ³-ს. ტროპიკული ხე-ტყის წარმოება ძირითადად შედგებოდა ხის მორებისაგან — 70 %; ხის მასალისაგან — 20 %, ხოლო ფანერებისაგან — 10 %. ერთ დროს ამერიკული წითელი ხე იყო ერთადერთი ექსპლოატაციაში მყოფი ხე, მაგრამ დღეისათვის 25-ზე მეტი ხის სხვადასხვა ჯიში გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის. ქვეყნის ტყეებში ძირითადად იზრდება ხის შემდეგი სახეობები: ტექის ხე, ფრაკე, ფრამირე, ფიჭვი, სამბა, კედარი, გმელინა, ნიანგონი და ბეტე. ტყის რესურსების მზარდი დეფიციტი ნეგატიურად აისახება ამ დარგის ღირებულებაზე, რომელიც ტოვებს ხის მასალების და ფანერების წარმოებას მუდმივი უკანსვლის მდგომარეობაში.

თევზჭერა

რედაქტირება

1964 წელს ქალაქ აბიჯანში გაიხსნა თანამედროვე თევზჭერის ვერფი, რომელიც აფრიკაში თინუსის გადამამუშავებელი უდიდესი პორტია, რომელიც დაახლოებით 100 000 ტონა თევზის ამ სახეობას ამუშავებს წელიწადში. თევზის გადამამუშავებელი დაწესებულებები ასევე მდებარეობენ ბუაკეში, ბამოროში და კოროგოში. თინუსის კომერციული თევზჭერა ხორციელდება გვინეის ყურეში; დაჭერილი თევზების რაოდენობაში ასევე შედის სარდინი. 2004 წელს ამ სახის დაჭერილი თევზის საერთო რაოდენობა შეადგენდა 71 841 ტონას, კომერციულ თევზჭერაზე მოდიოდა 25 %; კუსტარული სახით ჭერაზე 74 %; აკვაკულტურაზე 1 %.

ტრანსპორტი

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაცილებით უფრო განვითარებულია, ვიდრე დასავლეთი აფრიკის სხვა ქვეყნების, მიუხედავად კრიზისისა, რომელიც აფერხებდა მის განვითარებას და გაუმჯობესებას. 1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა სატრანსპორტო ქსელის გაზრდაზე და მოდერნიზაციაზე, როგორც მგზავრთა გადაყვისათვის, ასევე ტვირთების გადაზიდვისათვის. ქვეყანას გააჩნია სხვადასხვა დარგის მსხვილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზები, საავტომობილო გზები, საწყლოსნო გზები და აეროპორტები. კრიზისის მიუხედავად, მეზობელი ქვეყნები (ბურკინა-ფასო, მალი, ნიგერი და გვინეა) საკუთარი პროდუქციის იმპორტისათვის, ექსპორტისათვის და ტრანზიტისათვის დღემდე საკმაოდ დამოკიდებულები არიან კოტ-დ’ივუარის სატრანსპორტო ქსელზე.

რკინიგზები

რედაქტირება
 
კოტ-დ’ივუარსა და ბურკინა-ფასოს ტერიტორიებზე გამავალი სარკინიგზო ხაზის რუკა. (2005 წელი)

კოტ-დ’ივუარის სარკინიგზო სისტემა შეადგენს 1260 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის ნაწილს, რომელიც იწყება კოტ-დ’ივუარის ყველაზე დიდ ქალაქ აბიჯანში, გაივლის ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუს და მთავრდება ნიგერის სახელმწიფო საზღვართან[21]. აქედან კოტ-დ’ივუარის ქალაქ აბიჯანსა და ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუს შორის სარკინიგზო მანძილი შეადგენს 1156 კმ-ს.[22] 2008 წლის მონაცემებით თვითონ კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზების საერთო სიგრძე შეადგენს 660 კმ-ს[23]. მთელ სიგრძეზე ლიანდაგის სიგანე შეადგენს 1000 მმ-ს, ხოლო ელექტროფიცირება არ არსებობს. იგი აშენებულია კოლონიალური ეპოქის დროს კომპანია Abidjan-Niger (RAN)-ის მიერ, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს, როგორებიც არიან ბურკინა-ფასო, ნიგერი და მალი. ეს რკინიგზის ხაზი, რომელსაც კოტ-დ’ივუარის ტერიტორიაზე მართავს კომპანია Sitarail, მთავარ როლს თამაშობს ტვირთების გადაზიდვაში (ძირითადად შინაური პირუტყვის) და მგზავრთა გადაყვანაში კოტ-დ’ივუარსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის: 2006 წელს გადაზიდული იქნა 1 მილიონი ტონა ტვირთი. 2005 წელს, მიუხედავად ამ სექტორზე კრიზისის ნეგატიური გავლენისა, ამ რკინიგზის ხაზით ტვირთების გადატანის და მგზავრთა გადაყვანის შემოსავალმა შეადგინა 837 მილიონი CFA ფრანკი.

2010 წლის ოქტომბერში კოტ-დ’ივუარის ხელისუფლებამ განაცხადა 737 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის გეგმის შესახებ, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს სან-პედროს პორტს ქვეყნის დასავლეთში არსებულ საბადოებთან.[24]

საავტომობილო გზები

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარის საავტომობილო გზების ქსელის საერთო სიგრძე 85 000 კმ-ზე მეტია, საიდანაც 75 000 კმ სასოფლო გზებია, 65 000 კმ გრუნტიანი საფარითაა და 224 კმ ასფალტირებული შოსეა. ეს უზრუნველყოფს ეროვნულ და საერთაშორისო გადაზიდვებს მეზობელ ქვეყნებთან.

ტრანს-დასავლეთაფრიკული სანაპირო შოსე უზრუნველყოფს საიმედო კავშირს განასთან, ტოგოსთან, ბენინთან და ნიგერიასთან, მასთან ასევე მიერთებულია ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისმალის და ბურკინა-ფასოს ავტოგზები. ავტოგზების და ხიდების მშენებლობა ლიბერიაში და სიერა-ლეონეში დამთავრებულია, შოსეს ასევე უერთდება დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კიდევ 7 ქვეყანა. ქვეყანაში ირიცხება დაახლოებით 600 000 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 75 % ეკონომიკური კრიზისის შედეგად არსებული დაბალი მსყიდველობითი უნარის შედეგად დიდი ხნის ნაცვეთი ავტომანქანაა. კრიზისის შემდეგ ყოველ წელს რეგისტრირდება 20 000 ახალი ავტომობილი.[25] მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან ტარდება ავტოგზის ტექნიკური მომსახურეობა და სარემონტო სამუშაოები, კოტ-დ’ივუარის საავტომობილო გზების ქსელის საერთო სიგრძის 80 %-ზე მეტი 20 წელზე უფრო მეტი ხნისაა და შედეგად დაზიანებულია.

ამას გარდა, არსებობს მნიშვნელოვანი მოძრაობა ქვეყნის დედაქალაქ აბიჯანის ქუჩებში. ამ მოძრაობაში მონაწილეობენ ტაქსები, ავტობუსები და მინი-ავტობუსები, რომელსაც ადგილობრივები ეძახიან გბაკას (Gbaka).

ქვეყანაში არსებობს 2 ოთხხაზიანი ავტომაგისტრალი, პირველი მოქმედებს აბიჯანიდან იამუსუკროში 224 კმ სიგრძეზე, ხოლო მეორე აბიჯანიდან გრან-ბასამში, სიგრძით 30 კმ. ისინი ორივე აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

საზღვაო ტრანსპორტი

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარის საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო სანაპიროზე ორი პორტის მშენებლობამ, კერძოდ, აბიჯანის ავტონომიური პორტი, რომელსაც ზოგჯერ ეძახიან „კოტ-დ’ივუარის ეკონომიკის ფილტვებს“ და სან-პედროს პორტს. 2005 წლის გადაზიდვების საერთო მოცულობა, რომელშიც იმპორტის და ექსპორტის მოცულობებიც შედის, აბიჯანის ავტონომიური პორტისათვის შეადგენდა 18 661 784 ტონას, ხოლო სან-პედროს პორტისათვის 1 001 991 ტონას. აბიჯანის ავტონომიური პორტი ფუნქციონირებს ქალაქ აბიჯანში (დასავლეთ აფრიკის ყველაზე უდიდესი საკონტეინერო პორტი), რომელსაც გააჩნია ბევრი სხვადასხვა საშუალებები, თევზსაჭერი პორტის და კონტეინერების დასამუშავებელი მოწყობილობების ჩათვლით. აბიჯანის ავტონომიური პორტი მოიცავს 770 ჰა ფართობს და ნავსაყუდლებს, რომლებიც შეადგენენ ამ დარგში ქვეყნის ტერიტორიის 60 %-ს. ეს თინუსის პირველი თევზსაჭერი პორტია აფრიკაში. ის მოიცავს 6 კმ სანაპირო სიგრძეზე გავრცელებულ 36 სტანდარტულ ნავსაყუდელს, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ 60 კომერციული გემი რამდენიმე სპეციალურ დოკებში, საკონტეინერო ტერმინალში, ასევე რამდენიმე სპეციალიზებულ და სამრეწველო ნავსაყუდლებში.[26] მეორე მსხვილი პორტი — სან-პედროს პორტი მუშაობს 1971 წლიდან და აქვს ორი ნავსაყუდელი, რომელიც მოიცავს 18 727 მ² ფართობს.[27] ამ ორ მსხვილ პორტთან ერთად ასევე არსებობენ მცირე პორტები სასანდრა, აბუასო და დაბუ.

საჰაერო ტრანსპორტი

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარში ფუნქციონირებს სამი საერთაშორისო აეროპორტი, რომლებიც მდებარეობენ აბიჯანში, იამუსუკროში და ბუაკეში. 14 მცირე ქალაქში ასევე მოქმედებს რეგიონალური აეროპორტი, რომელთაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დალოა, კოროგო, მანი, ოდიენე და სან-პედროს აეროპორტები.[28] 27 აეროპორტს ექსპლოატაციას უწევს და ამუშავებს სახელმწიფო დაწესებულება l’Anam (Agence nationale de l’aviation civile et de la météorologie), კომპანია l’Asecna-ს (Agence pour la sécurité de la navigation aérienne en Afrique et à Madagascar) გარდა.

კრიზისის დაწყებიდან ამ აეროპორტებიდან მხოლოდ ხუთი ფუნქციონირებდა: აბიჯანის, სან-პედროს, იამუსუკროს, დალოა და ტუბა. რაც შეეხება აბიჯანის საერთაშორისო აეროპორტს, 2005 წლის ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით შესრულდა 14 257 კომერციული გადაყვანა (გაგზავნა და მიღება); 745 180 მგზავრის გადაყვანა (გაფრენა, მოფრენა და ტრანზიტი) და 12 552 ტონა ტვირთის გადაზიდვა. აბიჯანის აეროპორტი მოიცავს კოტ-დ’ივუარის საჰაერო გადაყვანების 90 %-ს და ამ დარგის საერთო შემოსავლების 95 %-ს.

აბიჯანის აეროპორტი იმართება კერძო კომპანია Aeria-ს მიერ, რომელიც შექმნილია მარსელის კომერციული პალატის ასოციაციის მიერ, მგზავრების გადაყვანას ძირითადად ახორციელებენ ევროპული საავიაციო კომპანიები (Air France, Brussels Airlines) და ზოგიერთი აფრიკული ფირმები (South African Airways, Kenya Airways, Air Sénégal International).[29]

კოტ-დ’ივუარის ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა 1970-იანი წლების დასაწყისში. ქვეყნის სასტუმროებს საერთო ჯამში გააჩნიათ 11 374 საწოლი და 7786 ნომერი, ხოლო 1997 წლის მონაცემებით მათი შევსების რაოდენობა განისაზღვრება 70 %-ით. 1998 წლის მონაცემებით ქვეყანას ესტუმრა 301 039 ჩამოსული ტურისტი, მათ შორის 73 000-ზე მეტი გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. პლაჟები, ტურისტული სოფლები და ფოტო საფარები ნაკრძალების შიგნით ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობებია.[30]

კოტ-დ’ივუარში გასამგზავრებლად აუცილებელია პასპორტები. ვიზები არ არის აუცილებელი ქვეყანაში 91 დღეზე უფრო მეტი ხნით დარჩენის შემთხვევაში, თუმცა ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერთიფიკატი აუცილებელია ყველა უცხოელი ტურისტისათვის. 2002 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით აბიჯანში ყოფნის საშუალო ღირებულება $160 დღე-ღამეში, ხოლო დედაქალაქ იამუსუკროში $98.[30]

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

სოფლის მეურნეობა კოტ-დ’ივუარის ეკონომიკის საფუძველი და განვითარების ძირითადი წყაროა. 1987 წელს აგრარული სექტორიდან შემოვიდა მთლიანი შიდა პროდუქტის 35 % და საექსპორტო შემოსავლების 66 %, უზრუნველყოფს ქვეყნის მუშა ძალის ორი მესამედის ამ დარგში დაკავებას, ასევე შემოაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი, მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე ყავაზე და კაკაოზე ფასების ვარდნისა. 1965 წლიდან 1980 წლის ჩათვლით, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში საშუალოდ გაიზარდა 4,6 %-ით წელიწადში. სოფლის მეურნეობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ყავის, კაკაოს და ხე-ტყის მასალების მეშვეობით, შეადგინა კოტ-დ’ივუარის საექსპორტო შემოსავლების თითქმის 50 %, ხოლო საშუალოდ 7 % წელიწადში 1965 წლიდან 1980 წლის ჩათვლით.

კოტ-დ’ივუარის მიწების 64,8 % სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და შესაბამისად მისი ეკონომიკის საფუძველი ძირითადად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე. მისი შემოსავლების 55 % შემოდის ყავის და კაკაოს ექსპორტისგან, რომლებიც ორივე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციაა.

ამ წარმატებული ნაბიჯების მიზეზებია უხვი ნაყოფიერი მიწები, იაფი მუშა ძალა, ბევრი ფერმერული მეურნეობის კოლექტიური ძალისხმევა, რომლებიც ამუშავებენ მცირე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მონაკვეთებს, ნედლეულის შედარებით ხელსაყრელი ფასები, ასევე სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობ.

1960-იანი და 1970-იანი წლების წარმატებებმა დაჩრდილა აგრარული სექტორის განვითარების მთავარი პრობლემები. 1980-იანი წლების ბოლოს, მიუხედავად ნათესების დივერსიფიკაციის გაძლიერებისა, კოტ-დ’ივუარის საექსპორტო შემოსავლების 55 % ისევ მოდიოდა ყავაზე და კაკაოზე. ამას გარდა, ნედლეულ პროდუქტებზე საკმაოდ არამდგრადმა მსოფლიო ბაზარმა გამოიწვია სახელმწიფო შემოსავლების დიდი რყევა და გაართულა განვითარების დაგეგმარება. ამას გარდა, კოტ-დ’ივუარი ჯერ კიდევ არ იყო თვითდაკმაყოფილებული კვების პროდუქტების წარმოებაში და აწარმოებდა ბრინჯის, ხორბლის, თევზის და ხორცის იმპორტის მნიშვნელოვან რაოდენობას. და ბოლოს, მიუხედავად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების მოცულობის დიდი ზრდისა, სოფლის მეურნეობაში აღინიშნა შრომის ნაყოფიერების მცირე გაუმჯობესება. უფრო მაღალი საწარმოო მაჩვენებლების მისაღწევად, ადგილობრივი ფერმერები იყენებდნენ ტრადიციულ ტექნოლოგიას და უბრალოდ ახალ მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა მცენარეებისგან და ქვებისგან ასუფთავებდნენ მოსავლის მისაღებად.

კოტ-დ’ივუარის ყავაზე, კაკაოზე (რომლებზეც ფასები დადგენილი იქნა მომხმარებლების მიხედვით), ხე-ტყეზე (რომლის მოპოვება თითქმის გამოილია) და იმპორტულ საკვებ პროდუქტებზე საკმაოდ დიდი დამოკიდებულების გადასალახავად ხელისუფლება 1970-იანი წლების შუა პერიოდში შეუდგა სასოფლო-სამეურნეო წარმოების და რეგიონალური განვითარების პროექტების დივერსიფიკაციის სერიებს, იმ იმედით, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაიზრდებოდა 4 %-ით წელიწადში. გეგმა, რომლის ღირებულება შეფასებულია 100 მილიარდ CFA ფრანკად წელიწადში (50 %-ზე ცოტათი მეტი, რომელიც შემოსულია უცხოელი კრედიტორებისაგან), ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გახდეს თვითდაკმაყოფილებული საკვებ პროდუქტებში (ხორბლის გარდა) და გააფართოვოს რეზინის, ბამბის, შაქრის, ბანანის, ანანასის და ტროპიკული ზეთის წარმოება.

ამ ძალისხმევების მიუხედავად, აგრარული სექტორი უძლური აღმოჩნდა შეცვლილი პირობებისადმი ადაპტირების მიმართ. სტიმულაციის სისტემაში გადახრებმა შეამცირა ალტერნატიული კულტურების შედარებითი უპირატესობა. CSSPPA-ს მიერ დაგროვებული უზარმაზარი შემოსავლები ხშირად დაიხარჯა მცირე შემოსავლების მქონე ინვესტიციებზე, როგორებიცაა ძვირადღირებული შაქრის კომპლექსური წარმოება ან მიწის გაწმენდის პროგრამები. და ბოლოს, ისეთი კულტურების დივერსიფიკაციის დროს, როგორებიცაა ქოქოსის ზეთი და პალმის ზეთი, იქმნება ახალი საფრთხეები, კერძოდ მომხმარებლების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად აშშ-ში და ევროპაში უარი განაცხადეს ტროპიკული ზეთების მოხმარებაზე. შესაბამისად, კოტ-დ’ივუარის სოფლის მეურნეობის მომავალი გადაუწყვეტელია.

მეცხოველეობა

რედაქტირება

ქვეყნის დიდი ნაწილი მდებარეობს ცეცე ბუზის გავრცელების არეალში და შესაბამისად მსხვილი რქოსანი საქონელი თავმოყრილია ჩრდილოეთის რეგიონებში. 2004 წელს აღრიცხული იყო დაახლოებით 1 460 000 სული ძროხა (შედარებისათვის 383 000 სული 1968 წელს), 1 192 000 თხა, 1 523 000 ცხვარი და 342 700 ღორი. ასევე 33 მილიონი ქათამი; 31 214 ტონა კვერცხი იქნა ნაწარმოები 2004 წელს. მცირეა რძის წარმოება და არ არსებობს მისი გადამამუშავებელი საწარმოები, შედეგად რძეს იყენებენ პირუტყვის მოწველვის თანავე; 2004 წელს ნაწარმოები იქნა მხოლოდ 25 912 ტონა რძე.

2004 წელს ხორცის წარმოება შეადგენდა (ტონებში): ძროხის ხორცი — 52 200; ფრინველი — 69 300; ღორის ხორცი — 11 760; ცხვარი და თხა — 9429. მომთაბარე მეჯოგეობაზე მოდის მსხვილი რქოსანი საქონლის რაოდენობის დაახლოებით ნახევარი და ამ საქმით ძირითადად დაკავებულები არიან არაადგილობრივი მწყემსები. ადგილზე დამაგრებული მწყემსები თავმოყრილები არიან მშრალ ჩრდილოეთში, ძირითადად კოროგოში, ფერკესედუგუში, ბუნაში, ბუნდიალში, ოდიენეში და დაბაკალაში. ბევრი მწყემსისთვის ცხვრების და თხების მოვლა მეორადი საქმიანობაა. ღორის ხორცის წარმოება პერიოდულია, რადგანაც მათ ზოგჯერ ემართებათ ღორის აფრიკული ჭირი; პოტენციური ზრდა შეზღუდულია იმითაც, რომ მუსლიმები (რომლებიც არ იკვებებიან ღორის ხორცით და რომლებსაც ისინი უწმინდურებად თვლიან) მოსახლეობის 40 %-ს შეადგენენ.

საგარეო ვაჭრობა

რედაქტირება

სოციალური სფერო

რედაქტირება

ჯანდაცვა

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარში სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო ექიმების და კლინიკების მცირე რაოდენობა. 2004 წლის მონაცემების შედეგად გაკეთებული შეფასებით ყოველ 100 000 ათას მაცხოვრებელზე მოდიოდა 9 ექიმი, 31 მედდა და 15 ექთანი. 2000 წელს მოსახლეობის დაახლოებით 77 %-ს შეეძლო ესარგებლა სუფთა წყლით. ჯანდაცვაზე საერთო ხარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,7 %-ს.

მალარია, ყვითელი ციებ-ცხელება, აფრიკული ტრიპანოსომოზი, ფრამბეზია, კეთრი, ტრაქომა და მენინგიტი ენდემურია. ამ და სხვა დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველი ფართე პროგრამა ქვეყანაში შეიქმნა 1961. სავალდებულო ვაქცინაცია ყვავილისა და ყვითელი ციებ-ცხელების წინააღმდეგ დაიწყო მობილური სამედიცინო ქვედანაყოფების შექმნით, რამაც დააჩქარა დაავადების გამოვლენის მიზეზები და მისი ეფექტური განკურნების საშუალებები. შედეგად ჯანდაცვის ღონისიებების საერთო მდგომარეობა გამკაცრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებზეც. 1999 წელს კოტ-დ’ივუარში იმუნიზირებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა დაავადებების მიხედვით შეადგენს: დიფტერია, ყივანახველა და ტეტანუსი 62 %, ხოლო წითელა 62 %. შიმშილისგან დაავადებულია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 24 %.

2010 წელს კოტ-დ’ივუარში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 დაბადებულზე შეადგენს 470-ს, მაშინ როდესაც 2008 წელს იგი შეადგენდა 944,1-ს, ხოლო 1990 წელს 580,3-ს. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 1000 დაბადებულზე შეადგენს 121 ბავშვს, ხოლო ნეონატალური სიკვდილიანობა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 33 %-ს. კოტ-დ’ივუარში ექთნების რაოდენობა ყოველ 1000 დაბადებულზე შეადგენს 4-ს, ხოლო ყოველი 44 ორსული ქალიდან კვდება 1.[32]

2006 წლის მდგომარეობით ქალების დაახლოებით 36 %-ს ჩაუტარდათ ქალთა წინადაცვეთა.[33] 1999 წელს შობადობის დონე ყოველ 1000 ადამიანზე შეადგენდა 41,8 ბავშვს. 2005 წლის მონაცემებით ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 1000 დაბადებულზე შეადგენდა 90,83 ბავშვს, ხოლო ახალდაბადებულთა 14 % აღმოჩნდა მცირეწონიანი. 2005 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კოტ-დ’ივუარში შეადგენდა 48,62 წელს.

2003 წელს კოტ-დ’ივუარში ყოველ 100 მოზრდილ ადამიანზე შიდსის დაავადება შეადგენს 0,60-ს. 2004 წლის მდგომარეობით ქვეყანაში ცხოვრობდა დაახლოებით 570 000 შიდსით დაავადებული ადამიანი. 2003 წელს ქვეყანაში აღირიცხა დაახლოებით 47 000 შიდსისაგან გარდაცვლილი ადამიანი.

CIA World Factbook დაარქივებული 2020-08-31 საიტზე Wayback Machine. -ის მონაცემებით 2014 წლის მდგომარეობით კოტ-დ’ივუარში საერთო ჯამში ცხოვრობდა 460 100 შიდსით დაავადებული ადამიანი.

შიდსით დაავადების მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველი პროგრამების არარსებობით.

განათლება

რედაქტირება

განათლება კოტ-დ’ივუარში ჯერ კიდევ განიცდის ბევრ პრობლემას. განათლების მაჩვენებელი ზრდასრულ მოსახლეობას შორის ისევ დაბალი რჩება: 2000 წლის აღრიცხვით ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 48,7 %-მა იცის წერა-კითხვა (60,8 % მამაკაცები და 38,6 % ქალები).[34] ბევრი ბავშვი 6-დან 10 წლამდე ასაკში სკოლაში საერთოდ არ დადის, ძირითადად ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან.[35] საშუალო სკოლების მოსწავლეების უმრავლესობა მამრობითი სქესისაა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ ჩააბარონ გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლესი სასწავლებლები არსებობენ ქვეყნის სხვადასხვა დიდ ქალაქებში, კერძოდ აბიჯანში (ფელიქს უფუე-ბუანის სახელობის უნივერსიტეტი), ბუაკეში (ალასან უატარას სახელობის უნივერსიტეტი) და იამუსუკროში (ფელიქს უფუე-ბუანის სახელობის ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი).

ქვეყნის განათლების სისტემა მოიცავს სამ ეტაპს: დაწყებითი სკოლა გრძელდება 6 წელი, რომლის დამთავრების შემდეგ იგი იძლევა მოწმობას დაწყებითი განათლების მიღების შესახებ; საშუალო სკოლა გრძელდება 7 წელი, რომლის დამთავრების შემდეგ იგი იძლევა სერთიფიკატს ან ბაკალავრის დიპლომს. საუნივერსიტეტო განათლება არსებობს მხოლოდ აბიჯანში და ბუაკეში. ტექნიკური და პედაგოგიური ინსტიტუტების დიდი რაოდენობა ასევე სპეციალისტებით ამარაგებს დაწყებით და საშუალო სკოლებს.

სახელმწიფო სკოლების უმრავლესობაში განათლების მიღება უფასოა, თუმცა მოსწავლეები იხდიან სკოლაში შესვლის საფასურს და ფორმის ფულს. ზოგიერთი მოსწავლე იღებს სახელმწიფო სტიპენდიას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო სტუდენტებს გარკვეული ვადით სამუშაოთი უზრუნველყოფს.

1980 წელს დაწყებითი სკოლების დაახლოებით 14 % და საშუალო სკოლების 29 % კერძო იყო. მათი უმრავლესობა კათოლიკური იყო, სადაც მუშაობდნენ რელიგიური და საერო მასწავლებლები, რომელთა ხელფასს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებდა. კათოლიკური სკოლები ძირითადად მუშაობდნენ ქვეყნის სამხრეთში და აღმოსავლეთში, მაგრამ ისინი სხვა რეგიონებშიც მდებარეობდნენ. მუსულმანური სკოლები გავრცელებული იყო ჩრდილოეთში და ისინი ტოლერანტულები იყვნენ, მაგრამ მათ ხელისუფლება არ ეხმარებოდა. ზოგიერთი მოსწავლე სწავლობდა როგორც სახელმწიფო, ასევე მუსულმანურ სკოლებში. რელიგიური სწავლება სახელმწიფო სკოლებში აკრძალული იყო.

სასწავლო წელიწადი დაყოფილია სამ სემესტრად, რომელიც იწყება სექტემბერში საშობაო და სააღდგომო მოკლე არდადაგებით და სრულდება ორთვიანი საზაფხულო არდადაგებით. საშუალო კვირა შედგება დაახლოებით 30 საათისაგან, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ინსტრუქციების უმრავლესობით რეკომენდებულია მენტალური დისციპლინა უფრო მეტი ანალიტიკური აზროვნებით ან შემოქმედებით, რომელიც ხაზს უსვავს ზეპირად სწავლას და მოყოლას.

2009 წელს ბავშვთა 79,6 % სწავლობდა დაწყებით სკოლებში. 2012 წლისთვის ეს ციფრი გაიზარდა 94,2 %-მდე, რაც ნიშნავს, რომ კოტ-დ’ივუარი დაწყებითი განათლების განვითარების ყველა სფეროში დგას ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.[36] 2013 წელს ბავშვთა 39,08 % სწავლობდა საშუალო სკოლებში.[36] 2012 წელს საშუალო სპეციალურ განათლებას იღებდა 57 541 სტუდენტი, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მისაღებად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობდა 23 008 სტუდენტი, ხოლო ასპირანტის 269 სტუდენტი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების მიღება მკვეთრად შემცირდა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც 2009-2012 წლებში 18-25 წლის სტუდენტთა რაოდენობა 9,03 %-დან შემცირდა 4,46 %-მდე. 2007 წელს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდა 156 772 სტუდენტი, ხოლო 2012 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა ორჯერ — 80 818 სტუდენტამდე. ყველაზე უფრო დიდი ვარდნა იყო იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც სწავლობდნენ ბაკალავრის, მაგისტრის ან მეცნიერების კანდიდატის ხარისხის მისაღებად, სადაც 2007 წელს არსებული 95 944 სტუდენტიდან 2012 წელს რაოდენობა შემცირდა 23 277 სტუდენტამდე.[36]

მასმედია

რედაქტირება

მასმედია კოტ-დ’ივუარში იმყოფება ხელისუფლების კონტროლქვეშ. აუდიოვიზუალური მედია რეგულირდება აუდიოვიზუალური კომუნიკაციების ეროვნული საბჭოს მიერ (ფრანგ. Haute Autorité de la communication audiovisuelle (HACA)), რომელიც ქვეყნის ხელისუფლების ადმინისტრაციის ხელში იმყოფება.

2002 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცემა ყოველდღიური გაზეთები Fraternité Matin, ტირაჟით 80 000; Ivoir’Soir (50 000); Le Jour (16 000); და Notre Voie.

კოტ-დ’ივუარში გამოიცემა რამდენიმე ათეული ყოველდღიური, ყოველკვირეული და სხვა პერიოდული გამოცემები, რომლებიც რეგულარულად გამოდის. ხელისუფლება და ასევე მისი მომხრეები გამოცემენ რამდენიმე ჟურნალებს: Femme d'Afrique, Spécial Auto და Guido.

ქვეყანაში ასევე გამოიცემა სხვადასხვა დარგის გამოცემები: Top Visages (მუსიკალური სტატიები, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ტირაჟი (50 000), Gbich (იუმორისტული სტატიები, ტირაჟი 40 000 ეგზ.), Mimosas (სპორტი), Mousso (ქალებისთვის) და სხვა. გაზეთების უმრავლესობა ტაბლოიდური ფორმატისაა.

კოტ-დ’ივუარის სახელმწიფო რადიო და სატელევიზიო კომპანია (ფრანგ. Radiodiffusion Television Ivoirienne (RTI)) ასევე მართავს ორ რადიოსადგურს: Radio Côte d'Ivoire (ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე) და Fréquence 2 (ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე), რომელიც თავდაპირველად მაუწყებლობდა მხოლოდ აბიჯანის რაიონში. რადიოსადგურები მაუწყებლობენ FM დიაპაზონში და მიეკუთვნებიან სამიდან ერთ-ერთ კატეგორიას: ერთმანეთთან ახლო მდებარე რადიოსადგურებს, კომერციულ რადიოსადგურებს და უცხოურ რადიოსადგურებს.

ერთმანეთთან ახლო მდებარე რადიოსადგურები წარმოადგენენ ადგილობრივ ინტერესებს და მათი გადაცემები ორიენტირებულები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, როგორებიცაა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროგრამები. ისინი მდებარეობენ 10 კმ-ის მაუწყებლობის ზონაში. 1995 წლის 13 სექტემბრის ბრძანების თანახმად რადიოსადგურებმა მაუწყებლობა დაიწყეს 1998 წლის ივნისიდან.

მაუწყებლობს 52 ერთმანეთთან ახლო მდებარე რადიოსადგურ. ისინი ყველა მაუწყებლობს ლიცენზიის საფუძველზე (26 ლიცენზია გაცემულია კომპანიაზე და 26 ფიზიკურ პირზე). ამ რადიოსადგურებმა აკრძალეს რაიმე პოლიტიკური ხასიათის პროგრამების გადაცემები და პოლიტიკური რეკლამა. ზოგჯერ მათ პროგრამებში შედის რომის კათოლიკური ეკლესიის ტრანსლიაციები.

სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს Radiodiffusion Television Ivoirienne (RTI), რომელიც აკონტროლებს ორ არხს: La Première (RTI 1), რომელიც მაუწყებლობს ეროვნული მასშტაბით, და TV2 (RTI 2), რომელიც თავისი მაუწყებლობის დასაწყისიდანვე ეთერში გადის მხოლოდ აბიჯანში და მის შემოგარენში. მათი პროგრამები ეთერში გადის ყოველდღე თითოეული შესაბამისად საშუალოდ 10-დან 13 საათამდე და 6-დან 8 საათამდე. RTI 1-ის გადაცემების მთავარი საკითხებია ახალი ამბები და სახელმწიფოებრივი საკითხების განხილვა. RTI 2-ის პროგრამების მიზანია ახალგაზრდული აუდიტორია, სადაც აქცენტი ძირითადად გადატანილია გართობაზე.

Canal+ Horizons ერთადერთი კერძო ტელეკომპანიაა, რომელიც მაუწყებლობს აბიჯანში 1994 წლის 21 იანვრიდან. ეს არხი ფრანგული კერძო არხის — Canal+-ის პროექტია და მიმართულია ფრანგულენოვანი აფრიკელი აუდიტორიისკენ. Canal+ Horizons გადმოსცემს იმავე პროგრამებს, რასაც Canal+. ის არ გადმოსცემს კომერციულ რეკლამებს და ადგილზე შექმნილ პროგრამებს.

Canal+ Horizons-ის მაყურებელთა რაოდენობა აღწევს 40 000 ოჯახს.

TV5 Monde საფრანგეთის კუთვნილი საერთაშორისო მაუწყებელია, რომელიც მოიცავს ყველა ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებს და ჰყავს უფრო ბევრი აბონენტი, ვიდრე Canal+ Horizons-ს, თუმცა მისი ყურება შესაძლებელია პირდაპირ, როგორც CFI-TV-ის, ხელოვნური თანამგზავრებით. Canal+ Vert ასევე ხელმისაწვდომია გამოწერით.

სატელევიზიო არხების, რომლებსაც წარმოადგენს სატელიტური სერვისის პროვაიდერი Le Sat (100 000 აბონენტი მთელ ტერიტორიაზე), რომელიც ყოფილი მაუწყებლობის ფინანსური კორპორაციის — Sofirad-ის (ფრანგ. Société financière de radiodiffusion) საკუთრებაა, შეძენა შესაძლებელია აბიჯანში MMDS ანტენით: TV5 Afrique, RTL9, Festival, TiJi, Mangas, Trace TV (MCM-ის ფილიალი), Euronews, Planète და სხვა.

ქვეყნის ბიზნესის ზოგიერთმა პრომოუტერმა აუდიოვიზუალური კომუნიკაციების ეროვნული საბჭოში წარმოადგინა კერძო სატელევიზიო მაუწყებლობისკენ მიმართული სხვადასხვა პროექტი. მაგალითად: Afric Channel-მა მაუწყებლობის დაწყებამდე, 2002 წლის იანვარში გააკეთა განცხადება. კომერციული მიმართულების წარმოდგენილი თანამგზავრული არხი Afric Channel, რომელიც გადმოცემული იქნება იტალიის ქალაქ მილანიდან, მიმართული უნდა იყოს მრავალმხრივი აუდიტორიისთვის: კონკრეტულად კოტ-დ’ივუარელებისათვის, ასევე ევროპაში მცხოვრები 8 215 000 აფრიკელისათვის.

სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურება სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. 2003 წელს ყოველ 1000 ადამიანზე მოდიოდა 14 სატელეფონო ნომერი; ტელეფონის დადგმის რიგში იმყოფებოდა დაახლოებით 3400 ადამიანი. იმავე წელს ყოველ 1000 ადამიანზე მოხმარებაში იყო 77 მობილური ტელეფონი. აფრიკული საზომებით კარგად განვითარებული ტელესაკომუნიკაციო სექტორი პრივატიზირებულია 1990-იანი წლების ბოლოს და ოპერატიული ფიქსირებული ხაზები იმ დროიდან გაიზარდა ორი ფიქსირებული ოპერატორით, რომლებიც მუშაობენ მიკროტალღური რადიოსარელეო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ღია-გამტარი ხაზებით; აქედან 90 % ციფრული; ბაზარზე კონკურირებადი რამდენიმე მობილური პროვაიდერი.[37]

ინტერნეტზე ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანწილად განუვითარებელია საერთაშორისო გამტარუნარიანობის მაღალი ფასების გამო, რაც გამოწვეულია ქვეყანაზე მომუშავე საერთაშორისო ოპტიკურ-ბოჭკოვან წყალქვეშა კაბელზე წვდომის შეზღუდვით. მეორე მიწისქვეშა კაბელი ჩაიდო 2011 წლის ნოემბერში. ფასების შემცირება ასიმეტრიულ ციფრულ სააბონენტო ხაზზე (ADSL), WiMAX-ის და EV-DO-ის ქსელების უგამტარო ფართომასშტაბიანი მომსახურების მხარდაჭერით მოხდა მეორე კაბელის ჩადების შემდეგ. პირველი 3G ლიცენზიები მინიჭებული იქნა 2012 წლის მარტში და პირველი 3.5G მობილური ფართომასშტაბიანი სერვისი გაშვებული იქნა HSPA+-ს ტექნოლოგიის გამოყენებით.[38]

კოტ-დ’ივუარის თითოეულ ეთნოსს აქვს საკუთარი მუსიკალური ჟანრი, რომელიც ნათლად აჩვენებს ძლიერ ვოკალურ პოლიფონიას. ასევე გავრცელებულია მოლაპარაკე ბარაბნები, განსაკუთრებით ნზემას ტომის ხალხში, და პოლირიტმია, რომელიც მეორე აფრიკული დამახასიათებელი თვისებაა, გვხვდება მთელ ქვეყანაში და განსაკუთრებით გავრცელებულია მის სამხრეთ-დასავლეთში.

კოტ-დ’ივუარის პოპულარული მუსიკალური ჟანრები მოიცავს Zoblazo-ს, Zouglou-ს და Coupé-Décalé. რამდენიმე კოტ-დ’ივუარელი არტისტი, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო წარმატება არიან: ჯგუფი Magic System, მომღერლები ალფა ბლონდი, Frederic Desire Ehui (Meiway), დობეტ გნაორე, ტიკენ ჯა ფაკოლი და კოტ-დ’ივუარელი წარმოშობის კრისტინა გოჰი.

სამზარეულო

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარის ტრადიციული სამზარეულო საკმაოდ ჰგავს დასავლეთ აფრიკის მეზობელი ქვეყნების სამზარეულოს, რომელიც დამოკიდებულია მარცვლებზე და გორგლზე. მანიჰოტი და ბანანი კოტ-დ’ივუარის სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. სიმინდის პასტის ტიპს ჰქვია „aitiu“ და გამოიყენება სიმინდის შემწვარი „ბურთების“ მოსამზადებლად, ხოლო არაქისი ფართედ გამოიყენება ბევრ კერძებში. „Attiéké“ პოპულარული გარნირია კოტ-დ’ივუარში, რომელიც დამზადებულია გახეხილი მანიჰოტისაგან და კუსკუსისაგან. ქუჩაში ჩვეულებრივი საჭმელია „alloco“, რომელიც დამზადებულია პალმის ზეთში შემწვარი მწიფე ბანანისაგან, რომელსაც სანელებლების სახით დამატებული აქვს შემწვარი ხახვი და წიწაკა. მას ან პირდაპირ, ან შემწვარ თევზთან ერთად. ქათამი ჩვეულებრივ გამოიყენება და აქვს უნიკალური გემო მისი გამხდარი სახით გამოყენების გამო, რომელსაც გააჩნია ცხიმის დაბალი შემცველობა. ზღვის პროდუქტებიდან გამოიყენება თინუსი, სარდინი, კიბორჩხალა და ბონიტო, რომელიც თინუსის მსგავსია. „Mafé“ გავრცელებული კერძია, რომელიც შედგება ნიგვზის სოუზში შემწვარი ხორცისაგან.[39]

ნელ ცეცხლზე სხვადასხვა ინგრედიენტებისაგან დამზადებული რაგუ კიდევ ერთი გავრცელებული კვების პროდუქტია კოტ-დ’ივუარში.[39] „Kedjenou“ - კერძია, რომელიც შედგება ქათმისა და ბოსტნეული კულტურებისაგან, რომელსაც ამზადებენ ნელ ცეცხლზე მდგარ დახურულ ქვაბში მცირე ცხიმით, ან საერთოდ უცხიმოდ, სადაც თავმოყრილია ქათმის და ბოსტნეულის გემო, ხოლო ქათამი დარბილებულია.[39] ეს კერძები, როგორც წესი, დამზადებულია თიხის ჭურჭელში ნელ ცეცხლზე, ან ღუმელში.[39] „Bangui“ პალმის ადგილობრივი ღვინოა.

ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად სარგებლობს გარკვეული სახის მცირე რესტორნებით ღია სივრცეში, რომელსაც ეძახიან „maquis“-ის და რომელიც რეგიონისათვის უნიკალურ სახეს წარმოადგენს. „maquis“-ში, როგორც წესი, ამზადებენ ჩაშუშულ ქათმებს, ხოლო თევზეულობა დაფარულია ხახვით და პომიდორით და მათ მომხმარებლებს მიართმევენ „attiéké“-ს ან „kedjenou“-ს სახით.

ქვეყანაში ფართედ გამოიყენება სხვადასხვა სახეობის ხილი: მანდარინი, მანგო, პასიფლორა, ანონა და ქოქოსი. ბადრიჯანი ბევრ კერძებში ფართოდ გამოიყენება, როგორც ბოსტნეული.[39] ფუფუ — არის კერძი, რომელიც შედგება ბანანის პიურესაგან და პალმის ზეთისაგან, მაშინ როდესაც „foutou“ იწარმოება მრავალძარღვას და იამსის პიურესაგან.[39]

ქვეყანაში ჩატარდა რამდენიმე დიდი აფრიკული სპორტული ღონისძიება, ყველაზე ბოლოს 2013 წლის აფრიკის ჩემპიონატი კალათბურთში. უფრო ადრე ქვეყანაში გაიმართა 1984 წლის აფრიკის ერთა თასი, სადაც კოტ-დ’ივუარის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დაიკავა მეხუთე ადგილი, ხოლო 1985 წლის აფრიკის საკალათბურთო ჩემპიონატში კოტ-დ’ივუარის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მოიპოვა ოქროს მედლები.

კოტ-დ’ივუარში ყველაზე უფრო პოპულარული სპორტის სახეობაა ფეხბურთი. კოტ-დ’ივუარის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე სამჯერ ითამაშა: გერმანიაში 2006 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 2010 წელს და ბრაზილიაში 2014 წელს. ქვეყნის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 2015 წლის ქალთა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე კანადაში. კოტ-დ’ივუარის ცნობილი ფეხბურთელები არიან დიდიე დროგბა, იაია ტურე, ერიკ ბაიი და ჟერვინიო. ასევე პოპულარული სპორტის სახეობაა რაგბი, ხოლო კოტ-დ’ივუარის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშა 1995 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

კოტ-დ’ივუარელმა სპოტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 13 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. მათი დებიუტი შედგა 1964 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. მას შემდეგ კოტ-დ’ივუარი მონაწილეობდა ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, გარდა მათ მიერ ბოიკოტირებული 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კოტ-დ’ივუარელ სპოტსმენებს მონაწილეობა არასდროს არ მიუღიათ.

კოტ-დ’ივუარელმა სპოტსმენებმა მოიპოვეს 3 ოლიმპიური მედალი: 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსნობაში გაბრიელ ტიაკომ ვერცხლის მედალი მოიპოვა კაცთა 400 მეტრიან გარბენში, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჩეიკ სალაჰ სისემ ოქროს მედალი მოიპოვა ტაეკვონდოს კაცთა შეჯიბრში (80 კგ-მდე), ხოლო რუტ გბაგბიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ასევე ტაეკვონდოს ქალთა შეჯიბრში (67 კგ-მდე).

დღესასწაულები

რედაქტირება

კოტ-დ’ივუარში სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი ქართული სახელწოდება ინგლისური სახელწოდება
1 იანვარი ახალი წელი New Year's Day
ცვალებადი ნათელი ორშაბათი Easter Monday
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე Labour Day
ცვალებადი აღდგომა Ascension of Jesus
ცვალებადი სულიწმინდის დღე Whit Monday
7 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე Independence Day
15 აგვისტო ღვთისმშობლის აღდგომა Assumption of Mary
1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღე All Saints Day
15 ნოემბერი მშვიდობის ეროვნული დღე National Peace Day
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day
ცვალებადი მუსლიმური მავლიდი Mawlid
ცვალებადი მუსლიმური ალ-ყადრის ღამე Lailat al Qadr
ცვალებადი მუსლიმური ურაზა-ბაირამი Eid ul-Fitr
ცვალებადი მუსლიმური ყურბან-ბაირამი Eid al-Adha

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Institut National de la Statistique de Côte d'Ivoire. RGPH 2021 Résultats globaux. ციტირების თარიღი: 2022-08-09
  2. 2.0 2.1 2.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (citypopulation)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (Recensement Général de la Population et de l’Habitat)
  4. 4.0 4.1 World Economic Outlook Database, October 2022. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (October 2022). ციტირების თარიღი: October 11, 2022
  5. Human Development Report 2021/2022 en. გაეროს განვითარების პროგრამა (8 September 2022). ციტირების თარიღი: 8 September 2022
  6. Africa South of the Sahara. 1992, 2004; Defence and foreign affairs Handbook. 1978, 1985, 1990
  7. ODS Team. ODS HOME PAGE. daccess-dds-ny.un.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-27. ციტირების თარიღი: 2016-01-22.
  8. Rupley, Lawrence A.; Bangali, Lamissa; Diamitani, Boureima (2013). „Sikasso Plateau“. Historical Dictionary of Burkina Faso. Lanham, Maryland: Scarecrow Press. p. 197. ISBN 978-0-8108-6770-3.
  9. Mepham, Robert (1991). IUCN Directory of African Wetlands. Pinter Pub. Ltd.. ISBN 2-88032-949-3. 
  10. Ivory Coast votes in favor of new constitution: elections commission.
  11. „Ivory Coast's Ouattara enacts new constitution as 'promise of peace'.
  12. „Cote d'Ivoire voters support new constitution in landslide amid low turnout“.
  13. 13.0 13.1 „Innovations of the Draft Constitution of Cote d’Ivoire: Towards hyper-presidentialism?“.
  14. Tout savoir sur la Creaction du SÉNAT: Decouvrez le nombre Sénateurs par région en Côte d’Ivoire. AbidjanTV (February 25, 2017).
  15. „Législatives ivoiriennes: les forces politiques en ordre de marche, ou presque“ (ფრანგული). 15 November 2016.
  16. COTE D'IVOIRE ranking. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-22. ციტირების თარიღი: 2017-10-19.
  17. Nordås, Ragnhild (2012) „The Devil in the Demography?“, Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics. New York: Oxford University Press, გვ. 256. 
  18. Nordås, Ragnhild (2012) „The Devil in the Demography?“, Political Demography. How Population Changes Are Reshaping International Security and National Politics. New York: Oxford University Press, გვ. 257 f.. 
  19. Côte d'Ivoire: Financial Sector Profile. MFW4A.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2010. ციტირების თარიღი: 6 December 2010.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 Handloff, Robert E. & Judith Timyan. "Other Minerals". Cote d'Ivoire country study. კონგრესის ბიბლიოთეკის ფედერალური კვლევის განყოფილება (ნოემბერი, 1988). არტიკლი შეიცავს ტექსტს წყაროდა, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო საკუთრებას.
  21. Abidjan – Ouagadougou enhancement launched. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-03.
  22. (2006) African Economic Outlook 2006. OECD, African Development Bank, გვ. 241. ISBN 9264022449. 
  23. Ivory Coast ინგლ.. The World Factbook. Washington, D.C.: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2017 წელი. (ინგლისური)
  24. Ivory Coast to Build Railway to Boost Output From Western Mines - Bloomberg. ციტირების თარიღი: 2010-10-06.
  25. Côte d'Ivoire | izf.net | Transport routiers ferroviaires et maitimes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-26. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
  26. 2.1.1 Cote D'Ivoire Port Autonome d'Abijan - Logistics Capacity Assessment - Wiki - Digital Logistics Capacity Assessments. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-26. ციტირების თარიღი: 2016-01-08.
  27. Port de pêche.
  28. Airports in Ivory Coast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-01-12
  29. Ivory Coast, country Profile. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2018-01-21.
  30. 30.0 30.1 Tourism, travel, and recreation - Côte D'ivoire.
  31. 31.0 31.1 The Observatory of Economic Complexity: Cote d'Ivoire Exports, Imports and Trade Partners (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2016-10-30.
  32. The State Of The World's Midwifery. United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: August 2011.
  33. http://www.who.int/reproductivehealth/topics/fgm/prevalence/en/
  34. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-24. ციტირების თარიღი: 2018-01-23.
  35. Earthtrends.wri.org (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-11. ციტირების თარიღი: 2010-12-06.
  36. 36.0 36.1 36.2 Essegbey, George; Diaby, Nouhou; Konté, Almamy (2015). West Africa. In: UNESCO Science Report: towards 2030. Paris: UNESCO, გვ. 498–533. ISBN 978-92-3-100129-1. 
  37. "Communications: Cote d'Ivoire" დაარქივებული 2020-08-31 საიტზე Wayback Machine. , World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, 28 January 2014. Retrieved 12 February 2014.
  38. "Cote d Ivoire (Ivory Coast) - Telecoms, Mobile, Broadband and Forecasts", BuddeComm, 6 February 2014. Retrieved 12 February 2014.
  39. 39.0 39.1 39.2 39.3 39.4 39.5 "Ivory Coast, Côte d'Ivoire: Cuisine and Recipes." Whats4eats.com. Retrieved June 2011.