ხურმა (ლათ. Diōspyros) — მცენარეთა გვარი აბანოზისებრთა ოჯახისა. სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქებია.

აღმოსავლური ხურმის (Diospyros Kaki) მთლიანი და გაჭრილი ნაყოფი.

ცნობილია 200-მდე სახეობა; ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე — 3: იაპონური, კავკასიური და ვირგინიული ხურმა. მათგან ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ჩვეულებრივი, ანუ კავკასიური ხურმა (ლათ. Diospyros lotus); მაღალი ხეა. მისი ნაყოფი პირველად მოყვითალო-მოწითალო და მწკლარტეა. მწიფეს მოშავო-მურა და ლურჯი ელფერი გადაკრავს, სიმწკლარტე აღარ აქვს.

ჩვენში უფრო დასავლეთ საქართველოს ტყეებში იზრდება. იყენებენ საძირედ. ვირგინიული ხურმის (ლათ. Diospyros virginiana) სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილი. იაპონური, ანუ აღმოსავლური ხურმის (ლათ. Diospyros kaki) სამშობლოა ჩინეთი, გავრცელებულია იაპონიაშიც.

საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. ნაყოფი შეიცავს 25% შაქარს (ჩირი 60%-მდე), ვიტამინებს. იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე.

ლიტერატურა

რედაქტირება