უაგადუგუ (ფრანგ. Ouagadougou) — ბურკინა-ფასოს დედაქალაქი. გაშენებულია პლატოზე წითელი და თეთრი ვოლტის შუამდინარეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 305 მეტრ სიმაღლეზე. იგი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია.

დედაქალაქი
უაგადუგუ
ფრანგ. Ouagadougou
ქვეყანა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
რეგიონი (ბურკინა-ფასო)|ბურკინა-ფასოს რეგიონები|რეგიონი ცენტრალური
კოორდინატები 12°21′26″ ჩ. გ. 1°32′07″ დ. გ. / 12.35722° ჩ. გ. 1.53528° დ. გ. / 12.35722; -1.53528
პირველი ხსენება XV საუკუნე
ფართობი 219,3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 305
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 1 181 702 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 5388,52 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1 523 980
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი +226 50
ოფიციალური საიტი mairie-ouaga.bf
უაგადუგუ — ბურკინა-ფასო
უაგადუგუ

2006 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 181 702 ადამიანს შეადგენს,[1] რის გამოც უაგადუგუ ქვეყნის ყველაზე დასახლებული ქალაქია. ხშირად ხმარობენ ქალაქის შემოკლებულ დასახელებას - „უაგას“.

ქალაქში მდებარეობს საკვებისა და საფეიქრო მრეწველობის დაწესებულებები. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზა. კულტურული ცხოვრება წარმოჩენილია კინოთეატრებით, ღამის კლუბებით, ფრანგული და ამერიკული კულტურული ცენტრებით. ადრე უაგადუგუში მდებარეობდა დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი, რომელიც 2003 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ დაიხურა. ქალაქის ღირსშესანიშნაობებია: ბურკინა-ფასოს ეროვნული მუზეუმი, მორო-ნაბას სასახლე, მუსიკის ეროვნული მუზეუმი და ტრადიციული ხელსაქმეობის ნამუშევრებით მოვაჭრე რამდენიმე დაწესებულება.

მნიშვენელობა

რედაქტირება
 
უაგადუგუს სამეფო და მისი მეზობლები 1200 წლისთვის

ტოპონიმი „უაგადუგუ“ გაჩნდა XV საუკუნეში, როდესაც ამ ადგილებში მომთაბარეობდნენ ნინსის ტომის მეჯოგეები. ისინი 1441 წლამდე იმყოფებოდნენ მუდმივი სამოქალაქო ომის მდგომარეობაში, როდესაც ბურკინა-ფასოს ისტორიის მთავარმა ფიგურა ვუბრიმ (ინგლ. Wubri) თავისი ტომი გამარჯვებამდე მიიყვანა. მან ამ ადგილის ძველი დასახელება „კამბი-ტენგა“ შეცვალა და უწოდა „ვუგუდუგუ“, რაც ნიშნავს ადგილს, სადაც ხალხმა მოიპოვა დიდება და ღირსება. თვითონ სიტყვა უაგადუგუ (ფრანგ. Ouagadougou) გაჩნდა ფრანგული ორთოგრაფიის გავლენის შედეგად, რომელიც გავრცელდა ჩრდილოეთი აფრიკის საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში.

უაგადუგუ დაარსდა XV საუკუნეში. ქალაქი მოსის სამეფოს დედაქალაქი გახდა 1441 წელს, ხოლო მოსის ტომის ხალხის მეფეების (მორო-ნააბა) მუდმივი დედაქალაქი იყო 1681 წლიდან XIX საუკუნემდე. მორო-ნააბას ცერემონიას ყოველ პარასკევს დღემდე ატარებს მეფე. 1919-1932 და 1947-1960 წლებში იყო საფრანგეთის სამფლობელო, ზემო ვოლტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1954 წელს ქალაქი რკინიგზით დაუკავშირდა კოტ-დ’ივუარს. 1954 წლიდან 1960 წლამდე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა გაორმაგდა და მას შემდეგ ორმაგდება თითოეულ ათწლეულში. 1960 წლის აგვისტოდან ზემო ვოლტის (1984 წლიდან ბურკინა-ფასოს) რესპუბლიკის დედაქალაქია.

გეოგრაფია

რედაქტირება

პლატოზე მდებარე ქალაქი უაგადუგუ გაშენდა მორო-ნააბას სასახლის ირგვლივ. მდებარეობს ცენტრალური რეგიონისა და მასში შემავალი კადიოგოს პროვინციის ცენტრში. ქალაქი მათი ადმინისტრაციული ცენტრია.

რკინიგზა ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი, სადაც განლაგებულია ძველი აფრიკული კვარტლები, და სამხრეთი, სადაც განლაგებულია ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობები.

 

ქალაქში არის სუბეკვატორული კლიმატი, მოკლე, ნოტიო სეზონითა და ხანგრძლივად მშრალი პერიოდით, რომელიც მთელი წელი გრძელდება. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა 750 მმ-ს შეადგენს. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურა 284 °C-ია და მერყეობს 24,7 °C-დან (იანვარი) 32,8 °C-მდე (აპრილი).

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურაა, რაც დაფიქსირებულა 48 °C-ს შეადგენდა, ცოლო ყველაზე დაბალი 9 °C-ს. კლიმატზე ყველაზე მეტ გავლენას ჰარმატანი და მუსონები ახდენს. მთელი წლის განმავლობაში ცხელი ამინდებია. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 30 °C- 40 °C დიაპაზონში, ამასთან ყველაზე უფრო დაბალ მაჩვენებელს აღწევს ნოტიო სეზონზე (ივლისი), ხოლო ყველაზე უფრო მაღალს - აპრილში.

პოლიტიკა

რედაქტირება

2014 წლის 28 ოქტომბერს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. ქუჩებში გამოვიდა ახალი საკონსტიტუციო რეფორმებით უკმაყოფილო ასობით ათასი ადამიანი.[2] მათ გადაკეტეს ქალაქის მთავარი ქუჩა, ხოლო არეულობების გამო დაიკეტა ყველა მაღაზია, სკოლა და უნივერსიტეტი. რამდენიმე ადამიანმა სცადა ბარიკადების გარღვევა და პარლამენტში შეჭრა, რის შედეგადაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ხალხის ძირითადი ნაწილი დღის მეორე ნახევარში სახლებში დაბრუნდა. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ქვეყნის ქალაქების უმრავლესობაში, მაგრამ ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა მმართველი პარტიის შტაბ-ბინას, სადაც არავინ არ დაშავებულა.[3] 2014 წლის 31 ოქტომბერს ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ეკავა 27 წლის განმავლობაში, გადადგა, დატოვა ქვეყანა და თავშესაფარი მიიღო კოტ-დ’ივუარში. 2015 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით ბურკინა-ფასოში ბრიგადის გენერალ ჟილბერ დენდრეს ხელმძღვანელობით სცადეს სამხედრო გადატრიალება, რის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ კაფანდო დროებით ჩამოაშორეს თავის საქმიანობას. 2015 წლის 21 დეკემბერს ბურკინა-ფასოს სამხედრო იუსტიციამ გასცა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ბლეზ კომპაორეს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის, რევოლუციური რეჟიმის ლიდერ თომას სანკარას, მკვლელობასთან კავშირში. 2015 წლის 29 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა როკ მარკ კრისტიან კაბორემ. მან გაიმარჯვა 29 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში, სადაც მან მიიღო ამომრჩევლების ხმების 53 %-ზე მეტი. ახალი ლიდერის არჩევით ბურკინა-ფასოში დამთავრდა გარდამავალი პერიოდი, რომელიც დამყარდა 2014 წლის ნოემბერში ბლეზ კომპაორეს რეჟიმის დამხობის შემდეგ.

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება
 
უაგადუგუს ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან

პირველი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 1956 წელს. ქალაქის მეთაურია 5 წელიწადში ერთჯერ არჩეული მერი. ქალაქის საბჭო შედგება 92 წევრისაგან.

უაგადუგუ დაყოფილია 30 სექტორისგან შემდგარ 5 რაიონად. სექტორები თავის მხრივ იყოფიან ოლქებად. 219,3 კმ² ფართობის მქონე უაგადუგუს ურბანიზებულ არეალში შედის 17 სოფელი. 2006 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობა 1 181 702 ადამიანს აღწევდა, რომლის 48 %-ს მამაკაცი, ხოლო 52 %-ს ქალები შეადგენენ. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 5388,52 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე (2006 წელი). ქალაქის საბჭომ კულტურის ცენტრის სტატუსის მხარდასაჭერად მიიღო გადაწყვეტილება ქალაქში მაღალი შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით. ამას გარდა, მეზობელი სოფლებიდან მოსახლეობის სწრაფი მიგრაცია მოითხოვს საცხოვრებელი სახლებისმშენებლობას[4].

უაგადუგუს რაიონები
რაიონი მოსახლეობა
(2006 წლის აღწერა)
ბასკაი 180 512
ბოგოდოგო 374 473
ბულმიუგუ 366 182
ნონგრემასომი 188 329
სიგ-ნოგინი 163 859

ეკონომიკა

რედაქტირება

ეროვნული ავიაგადამყვანი „Air Burkina“ ბაზირებულია უაგადუგუს აეროპორტში.[5][6]

ფუნქციონირებს ბამბის, ბრინჯისა, ხორცის, არაქისისა და შიის გადამამუშავებელი საწარმოები, აგრეთვე ფეხსაცმლის ფაბრიკა, საბურავებისა და ცემენტის ქარხნები, ველოსიპედის და მოტოციკლის ამწყობი ქარხნები და სხვა.

უაგადუგუს თბოელექტროსადგური გამოიმუშავებს ქვეყნის დადგენილი სიმძლავრეების 60 %-ს. ქალაქი მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონის სავაჭრო ცენტრია. ერთ-ერთი ტრადიციული დარგია ხალიჩების ქარგვა.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ქალაქელთა დიდი რაოდენობა გადაადგილდება მოპედებითა და მოტოციკლებით. კომპანია „JC Megamonde “ წელიწადში ყიდის დაახლოებით 50 000 მოპედსა და მოტოციკლს.

ქალაქში ასევე შესაძლებელია ტაქსით გადაადგილება (ტრადიციულად შეღებილია მწვანე ფერში). ფასი შეადგენს 200-400 აფრიკულს ფრანკს, 22:00 საათის შემდეგ ფასი იზრდება, ზოგჯერ 1000 ფრანკამდეც კი.

უაგადუგუს აეროპორტი (კოდი:OUA) ახორციელებს ფრენებს დასავლეთი აფრიკის ქვეყნებსა და ევროპაში. ეროვნული ავიაგადამყვანი კომპანიაა „Air Burkina“.

ქალაქი უაგადუგუ შეერთებულია კოტ-დ’ივუარის რკინიგზებთან და ქალაქ კაიასთან ქვეყნის ჩრდილოეთში.

ტურიზმი და ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქის პარკი ბანგრ-ვეუგუ (ფართობი - 2,63 კმ²) კოლონიამდელ პერიოდში ეკუთვნოდა მოსის ტომის ხალხის ბელადებს. ტყე იყო სალოცავი ადგილი, სადაც სრულდებოდა ინიციაციის წესი. 1930-იან წლებში ფრანგმა კოლონისტებმა, რომლებიც ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს არაფრად აგდებდნენ, ამ ადგილას შექმნეს პარკი. 1985 წელს პარკს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, ხოლო 2001 წლის იანვარში პარკს სახელად დაერქვა „Parc Urbain Bangr-Weoogo“.

უაგადუგუს მეორე ღირსშესანიშნავ პარკს ჰქვია „L’Unité Pédagogique“; მის ტერიტორიაზე (უკავია 8 ჰექტარი) ბინადრობენ ნახევრადველური ცხოველები. აქ ასევე მდებარეობს ქვეყნის ისტორიის მუზეუმი.

 
გაერთიანებული ერების გზაჯვარედინი

„უაგა-ლუდიონის მეგობრობის ბაღი“ გაშენდა 1996 წელს, რომელიც წარმოადგენს უაგადუგუსა და საფრანგეთში მყოფ ქალაქ ლუდიონს შორის მეგობრობის სიმბოლოს. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში, გაერთიანებული ერების გზაჯვარედინის სიახლოვეს.

სხვა ღირსშესანიშნაობებია: „ნააბა კუმი“ - ქალის ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 6 მეტრია და მიმართულია ქალაქის რკინიგზის ვაგზლისკენ და ესალმება უაგადუგუში ჩამოსულ სტუმრებს. ქანდაკების სახელწოდება დაკავშირებულია ბელადთან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ისტორიაში; „ლაიონგო“ - ქალაქიდან დაშორებული აღმოსავლეთით 30 კმ-ით;[4] „La Place du Grand Lyon“ - ბურკინა-ფასოს დედაქალაქისა და საფრანგეთის ლიონის მეგობრობის მონუმენტი, მდებარეობს ჟორჟ მელიესის სახელობის საფრანგეთის კულტურის ცენტრის გვერდით. წარმოადგენს მრისხანე ლომის სკულპტურულ გამოსახულებას (გარკვეულწილად დაკავშირებულია ლიონთან); ზოოპარკი „Parc Animalier de Ziniaré“ მდებარეობს ქალაქიდან აღმოსავლეთით 30 კმ-ში; „მუსიკის ეროვნული მუზეუმი“ წარმოადგენს ქვეყნის ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტების კრებულს; „Musée de Manega“ - ქვეყნის ეროვნული მუზეუმი, მდებარეობს ქალაქიდან 55 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით.

სოციალური სფერო

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

მიუხედავად მოსახლეობის განათლების დაბალი დონისა, ქალაქში არის 10 უნივერსიტეტი. უაგადუგუს უნივერსიტეტი დაარსდა 1974 წელს. სწავლა მიმდინარეობს ფრანგულ და ადგილობრივ ენაზე. ორენოვანი სწავლის სისტემა (ფრანგული და ადგილობრივი) სკოლებში შემოღებულია 1994 წლიდან[4].

ჯანდაცვა

რედაქტირება

უაგადუგუში არსებობს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საავადმყოფოები. სახელმწიფო საავადმყოფოებია: ცენტრალური ეროვნული ჰოსპიტალი (CHNYO) და შარლ დე გოლის სახელობის ცენტრალური საბავშვო საავადმყოფო (CHNP-CDG). მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ტრადიციულ მედიცინას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს და დასახმარებლად შამანებსა და ექიმბაშებს მიმართავენ.[4]

ქალაქში ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორებიცაა „Maison du Peuple“ და „Salle des Banquets“. ასევე ტარდება სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლების მრავალრიცხოვანი მუსიკალური კონცერტები - ტრადიციული მუსიკიდან რეპამდე.[4]

ხელოვნება

რედაქტირება

ქალაქში იმართება სხვადასხვა სახის ფესტივალები: „პანაფრიკული კინოსა და ტელევიზიის ფესტივალი“ (FESPACO), რომელიც ამ სახის ყველაზე მასშტაბური ფესტივალია აფრიკაში, „ხელოვნებისა და ხელნაკეთების საერთაშორისო ფესტივალი“ (SIAO ), „პანაფრიკული მუსიკალური ფესტივალი“ (FESPAM ), „თეატრისა და მარიონეტული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი“ (FITMO) და „FESTIVO“[4][7].

ქალაქში, პოპულარული სპორტის სახეობებია: ფეხბურთი, ფრენბურთი და კალათბურთი. შეჯიბრებები ტარდება ადგილობრივი გაერთიანებების ეგიდით.

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Elliott Percival Skinner (1974). African Urban Life: the Transformation of Ouagadougou. Princeton University Press. ISBN 978-0-691-03095-1. 
  • Sylvy Jaglin (1994). „Why Mobilize Town Dwellers?: Joint Management in Ouagadougou, 1983-1990“. Environment and Urbanization. 6.
  • (2003) „Ouagadougou, Burkina Faso“, Encyclopedia of Twentieth-Century African History. Routledge. ISBN 0415234794. 
  • David P. Johnson, Jr. (2010). „Ouagadougou, Burkina Faso“, Encyclopedia of Africa. Oxford University Press. ISBN 9780195337709. 
  • Stephanie Dos Santos; Thomas LeGrand (2013). „Is the Tap Locked? An Event History Analysis of Piped Water Access in Ouagadougou, Burkina Faso“. Urban Studies. 50 (6): 1292. doi:10.1177/0042098012462613.
  • (2017) Beeker Method: planning and working on the redevelopment of the African City. African Studies Centre Leiden. ISBN 9789054481607. 
  • R. Deniel (1969). „Croyances religieuses en milieu urbain: Ouagadougou“. Social Compass (ფრანგული). 16: 101–108. doi:10.1177/003776866901600108.
  • J. Tezanou; et al. (2001). „Caractérisation des déchets dans la ville de Ouagadougou“. Déchets Sciences et Techniques (ფრანგული). ISSN 2268-7289.
  • Alexandra Biehler (2006). „Renouveau urbain et marginalisation: Le cas du centre-ville de Ouagadougou, Burkina-Faso“. Revue Tiers Monde (ფრანგული). 47 – წარმოდგენილია Persee.fr-ის მიერ.
  • Julie Vallée; et al. (2006). „Stratification de la ville de Ouagadougou (Burkina Faso) à partir d'une image panchromatique Spot 5: Une première étape à la mise en place d'une enquête de santé“ [Stratification of Ouagadougou (Burkina Faso) from a Panchromatic Image (Spot 5): a First Step for Health Survey]. Espace populations sociétés (ფრანგული) (2–3): 393. doi:10.4000/eps.1851 – წარმოდგენილია Revues.org-ის მიერ.
  • (2007) Profil Urbain de Ouagadougou (fr). United Nations Human Settlements Programme. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. National 2006 census final results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-21. ციტირების თარიღი: 2017-09-29.
  2. Burkina Faso cancels vote as protesters set parliament on fire. France 24 (30 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2014.
  3. Rally Protests Another Term for Burkina Faso Prez. ABC News (28 ოქტომბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2014.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Commune Ouagadougou (2005). Mairie de Ouagadougou. Retrieved March 19, 2006 from Mairie de Ouagadougou დაარქივებული 2011-06-29 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
  5. «Contact-us დაარქივებული 2009-12-05 საიტზე Wayback Machine. .» Air Burkina. Retrieved on 19 October 2009.
  6. «Contactez-nous დაარქივებული 2009-10-16 საიტზე Wayback Machine. .» Air Burkina. Retrieved on 19 October 2009
  7. La Girafe (2004). Ouaga-ca-bouge. Retrieved March 19, 2006 from Ouagadougou au Burkina Faso დაარქივებული 2010-08-20 საიტზე Wayback Machine.
  8. Partner Cities of Lyon and Greater Lyon. © 2008 Mairie de Lyon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 2009-07-17.
  9. Ouagadougou and Taipei establish sister cities link
  10. Sister city list დაარქივებული 2014-04-10 საიტზე Wayback Machine. (.DOC)