ტოპონიმიკა
ტოპონიმიკა (ბერძნ. topos — ადგილი და onyma — სახელი) — ონომასტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შეისწავლის ტოპონიმებს ანუ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, მათ მნიშვნელობას, აგებულებას და წარმომავლობას, განსაზღვრავს მათი გავრცელების არეს (ზოგჯერ ასაკსაც). ტოპონიმთა ერთობლიობას ტოპონომია ეწოდება.
კვლევის საგანი
რედაქტირებატოპონიმიკის მონაცემებს ფართოდ იყენებს სხვადასხვა მეცნიერება: ისტორიული გეოგრაფია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ეკონომიკური ისტორია, ენათმეცნიერება, ფოლკლორისტიკა. ტოპონიმები მრავალ სხვადასხვა ინფორმაციას შეიცავს (მაგ.: ტოპონიმმა სარკინეთმა გარკვეული სამსახური გაუწია არქეოლოგებს უძველესი რკინის საბადოს მიკვლევაში დმანისის მახლობლად). ისტორიულ ცნობებთან ერთად ტოპონიმია მნიშვნელოვანი წყაროა ამა თუ იმ ხალხის, ტომის ან სხვა ეთნიკური ჯგუფის პირველსაცხოვრისა და მიგრაციის კვალის დასადგენად.
საქართველოს ტოპონიმიაში დადასტურებული სპარსული, არაბული, თურქული, ოსური და სხვა ფენები ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების მიგრაციაზე მიუთითებს. თავის მხრივ, „მოგზაურობა“ არც ქართული ტოპონიმებისთვისაა უცხო. მაგ.: კახეთის სოფელთა სახელწოდებები (მარტყოფი, ნინოწმინდა და სხვ.) გვხვდება ფერეიდანშიც — ირანის ერთ-ერთ პროვინციაში, სადაც მრავალი საუკუნის წინათ გადაასახლა ქართველები ირანის შაჰმა აბას I-მა. ხშირად ტოპონიმები წერილობით ძეგლებზე უფრო ასაკოვანია. ამ შემთხვევაში ტოპონიმია ისტორიული ლექსიკოლოგიის, ისტორიული ფონეტიკისა და დიალექტოლოგიის კვლევის საგანია.
ტოპონიმები, განსაკუთრებით მთებისა და წყლების სახელები — ყველაზე ძველი და მყარი ერთეულები — შედარებით კარგად ინახავენ არქაიზმებსა და დიალექტიზმებს, რაც ხელს უწყობს კვლევას ამა თუ იმ ენის სუბსტრატის გამოყოფაში, გარკვეულ ტერიტორიაზე ძველი ენის აღდგენასა და მისი გავრცელების არეალის შემოსაზღვრაში.
ტოპონიმიკის პრაქტიკული მხარეა გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელთა შერქმევა-გადარქმევა, ტოპონიმთა ერთიანი დაწერილობის დადგენა, უცხოურ ტოპონიმთა გადმოცემა მშობლიურ ენაზე და სხვა.
საქართველოში ტოპონიმიკური მუშაობის დასაწყისი ვახუშტი ბატონიშვილის სახელთანაა დაკავშირებული.
ტოპონიმიკა ონომასტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გეოგრაფიულ დასახელებებს (ტოპონიმებს), მათ წარმომავლობას, შინაარსობრივ მნიშვნელობას, განვითარებას, თანამედროვე მდგომარეობას, დამწერლობას და მათ წარმოთქმას. ტოპონიმიკა წარმოადგენს ინტეგრალურ სამეცნიერო დისციპლინას, რომელიც გამოიყენება ცოდნის სხვადასხვა სფეროში: ლინგვისტიკა, გეოგრაფია, არქიტექტურა, ისტორია და სხვა.
1960 წლის რუსული ონომასტიკის ტერმინოლოგიაში იყო სიტყვა ტოპონომასტიკა. იგი აღნიშნავდა მეცნიერებას ტოპონომებზე. თუმცა ამ ტერმინმა იარსება ცოტახანი. ტოპონიმიკამ და ტოპონიმიამ მიიღეს კვანძოვანი ტერმინების ზუსტი სტატუსი გეოგრაფიულ დასახელებებზე. ტოპონიმიკა თვით მეცნიერების აღმნიშვნელია, ტოპონომია კი გეოგრაფიული დასახელებების აღმნიშვნელია. მაგალითად, რაღაც ტერიტორიის.
ძირითადი მნიშვნელობა და გეოგრაფიული დასახელებების მთავარი აღმნიშვნელია დედამიწის ზედაპირზე ადგილის ფიქსაცია. 1972 წლის 16 ნოემბერს, იუნესკოს გენერალურ კონფერეციაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება: "არ დაიშვას შემცირება და ისტორიული ტოპონიმების სახელების გადარქმევა."
გამოყენებითი ტოპონიმიკა
რედაქტირებატოპონიმიკის დართული ასპექტი წარმოადგენს, უცხოენოვანი გეოგრაფიული დასახელებების პრაქტიკული ტრანსკრიფცია, რომლის ერთ-ერთი მთავარ ამოცანას წარმოადგენს დამწერლობითი ფორმების ნორმირება და ტოპონიმების წარმოთქმა, მათი უნიფიკაცია და სტანდარტიზაცია.
ცნობილი წარმომადგენლები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 523.
- ბერძენიშვილი ნ, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 8, თბ., 1975;
- ტოპონიმიკა, ტ. 1-2,თბ., 1976-1980.